საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1102(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ბ-ემ, მ. ვ-ემ, ნ. ვ-ემ, ხ. ვ-ემ და გ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელ ჯ. ძ-ის, ა. უ-ისა და დ. მ-ას მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 19 დეკემბერს მისი მეუღლე - ჯ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ჯ. ვ-ეს დაეკისრა ც. კ-ისა და ა. უ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება. ჯ. ვ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 27 მარტს. მისი უფლებამონაცვლეები გახდნენ პირველი რიგის მემკვიდრეები - დ. ბ-ე, მ. ვ-ე, ნ. ვ-ე და გ. ვ-ე, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ქ. ბათუმში, ...ის ქ. №7-ში მდებარე ჯ. ვ-ის დანაშთი ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 25 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება (2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე), რომლის თანახმად, სასამართლომ მოსარჩელეები ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნო, რაც თავისი შინაარსით არის მხარეთა შეცვლა იმ პირებით, რომლებზედაც მათი უფლებები და მოვალეობები გადავა.
2014 წლის 15 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა აუქციონი ქ. ბათუმში, ...ი №7-ში მდებარე ქონების გაყიდვის მიზნით, ქონება იძულებითი აუქციონით გასხვისდა და მოხდა ვალის ნაწილის დაფარვა. კერძოდ, დაკმაყოფილდა კრედიტორი ც. კ-ი, ხოლო ა. უ-ე - არა, ვინაიდან, ჯ. ვ-ეს მის სახელზე რიცხული სხვა ქონება არ გააჩნდა, ხოლო იმ ქონებით (ქ. ბათუმში, ...ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონება), რაც მემკვიდრეობით მიიღეს მოსარჩელეებმა, ჯ. ვ-ის ვალი იქნა დაფარული.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფაქტობრივად, მთელი სამკვიდროს აქტივებით მოხდა სამკვიდროს პასივების შესრულება, ხოლო მემკვიდრეებს აღარაფერი დარჩათ. შესაბამისად, ისინი ჯ. ვ-ის ვალდებულების გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ ისინი დღესაც ირიცხებიან მოვალეთა რეესტრში, რამაც გამოიწვია შემდეგი არაკანონიერი მოქმედებები.
2016 წლის 7 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 25 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ეყრდნობა 2009 წლის 27 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც მოსარჩელე მხარეს უკანონოდ მიაჩნია, რადგანაც გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეებს, რომლებიც ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლეები არიან, დაეკისრათ ა. უ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, თუმცა გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული, რომ უფლებამონაცვლეებს მამკვიდრებლის, ჯ. ვ-ის ქონებიდან (აქტივებიდან) არაფერი დარჩათ, ჯ. ვ-ის ვალის გამო იძულებითი აღსრულების შედეგად უკვე გასხვისდა სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და სრულად მოხდა მათი გადაცემა კრედიტორ ც. კ-ზე.
ამ პერიოდში ა. უ-ეს არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის, შესაბამისად, მისი, როგორც ჯ. ვ-ის კრედიტორის ვალდებულება შეუსრულებელი (განუხორციელებელი) დარჩა, რადგანაც აღარ არსებობდა ჯ. ვ-ის მიერ დატოვებული აქტივები, რომელზედაც მემკვიდრეები (უფლებამონაცვლეები) შეძლებდნენ სამკვიდრო პასივის განხორციელებას.
2015 წლის 6 ოქტომბერს დ. ბ-ემ მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ. №30-ში მდებარე ბინა №21-ზე ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრება საჯარო რეესტრში. როდესაც მოპასუხე ა. უ-ემ საჯაროდ შეიტყო დ. ბ-ის საკუთრების შესახებ, 2016 წლის 25 იანვარს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე მიიღო სააღსრულებლო ფურცელი. მან 2016 წლის 7 მარტსაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, იმავე საფუძვლით. მართალია, ა. უ-ეს გააჩნდა სააღსრულებო ფურლის მოთხოვნის უფლება, მაგრამ ვინაიდან მისი მოვალის, ჯ. ვ-ის გარდაცვალების შემდეგ მის უფლებამონაცვლეებზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) ამ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა (რადგანაც მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება გადაეცა ჯ. ვ-ის ერთ-ერთ კრედიტორს), ამიტომ ა. უ-ის მიერ დ. ბ-ის ქონების მიმართ განხორციელებული ღონისძიებები, მისი ქონების იძულებით აუქციონზე გატანა და გაყიდვა, უკანონო და უსამართლოა. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ დ. ბ-ეს ჩაბარდა 2016 წლის 12 აპრილს, რის შემდეგ მან მიმართა ადვოკატს და განახორციელა რიგი სახის ღონისძიებები, თუმცა დაგვიანებით. აუქციონი მაინც შესდგა, დ. ბ-ის ქონება უკანონოდ გასხვისდა მინიმალურ ფასად, 2500 ლარად, რის შედეგად დ. ბ-ე უკანონოდ დაზარალდა და ვერც მოვალე დაკმაყოფილდა.
ამასთან, რადგანაც მოსარჩელეებს ჯ. ვ-ის ქონებიდან არაფერი გააჩნიათ, მათი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არის უკანონო და უსამართლო. ამიტომაც, ჩატარებული აუქციონის შედეგები უნდა გაბათილდეს და მოსარჩელეები უნდა ამოირიცხონ მოვალეთა რეესტრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ა. უ-ის დავალდებულება, საააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, დ. ბ-ის, მ. ვ-ის, ნ. ვ-ის, ხ. ვ-ის და გ. ვ-ის მიმართ; ასევე მოითხოვეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსარჩელეები ამოერიცხა მოვალეთა რეესტრიდან.
2017 წლის 10 მარტს დ. ბ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის - დ. მ-ას საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, ...ის ქ. N125-ში/ქ. ბათუმში, ...ის ქ. N30-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადება ან/და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა (უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვის აკრძალვა).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით დ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო დ. მ-ას საკუთრებაში რიცხულ ქ. ბათუმში, ქ. ...ის ქ. N125-ში/ქ. ბათუმში, ...ის ქ. N30-ში მდებარე 857 კვ.მ. ფართის უძრავ ქონებას (ს/კ ...) დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.2 მუხლის თანახმად, განმცხადებელი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად. მითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აპრილის განჩინებით დ. მ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად; საჩივარი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით დ. მ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის სხდომაზე მოსარჩელემ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაცია და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების ბათილად ცნობა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალდებულება მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის, მ. ვ-ის, ნ. ვ-ის, ხ. ვ-ისა და გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №125-ში, ...ის ქუჩა №30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: ...) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დ. მ-ას გამოცხადებასთან დაკავშირებით და აუქციონის შედეგები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელეების მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-ემ, მ. ვ-ემ, ნ. ვ-ემ, ხ. ვ-ემ და გ. ვ-ემ, რომლითაც აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით დ. ბ-ის, მ., ნ., ხ., გ. ვ-ეების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებლის უფლებამოსილებებს, რომელიც ამ საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ კანონის 147 მუხლით განისაზღვრება კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია, ხოლო აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს ადგენს ამავე კანონის მე-17 მუხლი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლით განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის ჩატარების პირობები, რომლის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამავე კანონის 71-ე მუხლის მიხედვით, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით ა. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, 2006 წლის 19 დეკემბრის განაჩენით და მის საფუძველზე, 2008 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებაზე, რომლის თანახმად ჯ. ვ-ეს დაზარალებულ ა. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25600 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის და 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნენ: დ. ბ-ე, მ., ხ., ნ. და გ. ვ-ეები.
2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებაზე გაცემულ იქნა №2-659/2009 სააღსრულებო ფურცელი და ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ა. უ-ის მოთხოვნით დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ, როდესაც გაეცნო სააღსრულებო წარმოების მასალებს, კერძო აღმასრულებელს აცნობა იმის თაობაზე, რომ დ. ბ-ის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე - ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ.№30-ში მდებარე მშენებარე სახლში 92.40 კვ.მ.ფართის ბინა №21-ზე, დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს და ამ უძრავ ქონებასთან გარდაცვლილ ჯ. ვ-ეს რაიმე კავშირი არ გააჩნდა. ბინა დ. ბ-ემ საკუთარი სახსრებით შეიძინა რის გამოც ა. უ-ის ვალის გამო აღმასრულებელს ბინა აუქციონზე არ უნდა გაეტანა. მიუხედავას აღნიშნულისა კერძო აღმასრულებელმა განაგრძო კრედიტორ ა. უ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მოსარჩელეებისაგან ფულადი თანხის გადახდევინების საქმეზე. საჯარო რესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ. ბ-ის საკუთრების უფლება, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125/...ის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე სახლში, 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე (ს/კ ...) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 6 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა - 2016 წლის 16 აპრილი.
დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა ჯ. ძ-ემ ჩათვალა, რამდენადაც 2016 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლით დ. ბ-ე მიჩნეული იყო გარდაცვლილი მოვალის, ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ, ეს აღმასრულებელს აძლევდა შესაძლებლობას, აღსრულება მიექცია დ. ბ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.
შპს „...-ის“ მიერ კერძო აღმასრულებელ ჯ. ძ-ის მოთხოვნით ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ. №30-ში ბინა №21-ის საბაზრო ღირებულება შეფასებული იქნა 50 000 ლარად.
აღნიშნული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, წწწ.ეაუცტიონ.გე. ელექტრონულ იძულებით საჯარო აუქციონში გაიმარჯვა დ. მ-ამ, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 2500 ლარად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულებით, ქ.ბათუმში, ...ის ქუჩა №125/...ის ქუჩა N30-ში მდებარე №21 ბინის (საკადასტრო კოდი: ...) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად გამოცხადებულ იქნა დ. მ-ა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოებისა და სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში აღმასრულებელი ვალდებულია, შეამოწმოს აღსრულების სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის სრულფასოვნად გააანალიზოს სააღსრულებო ფურცლის შინაარსი. იგივე ვალდებულება გააჩნია აღსრულების ეროვნულ სააგენტოსაც.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებელ ჯ. ძ-ისა და შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სწორად არ იქნა შეფასებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 07 მარტს გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის შინაარსი, მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობის ფარგლებთან დაკავშირებით, რამაც მისი არასწორი აღსრულება გამოიწვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლით კი განსაზღვრულია, მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე, რომლის შესაბამისად: 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც გარდაცვლილი მოვალის, ჯ. ვ-ის ვალისა და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მიმართ არსებობს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბერის გადაწყვეტილებით მოსარჩელეები დ. ბ-ე, მ., ხ., ნ. და გ. ვ-ეები ცნობილ იქნენ ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლეებად, მხოლოდ ჯ. ვ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, ანუ მიღებული აქტივის ფარგლებში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია აღმასრულებელს აძლევს შესაძლებლობას, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებისათვის: აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არის ბუნდოვანი და ამის გამო მისი აღსრულების შესახებ მხარეებს გააჩნიათ არაერთგვაროვანი შეხედულება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე და განმარტა, აღმასრულებელს ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ან თვითონ უნდა გაეკეთებინა სწორი სამართლებრივი ანალიზი და ამ ქონებაზე არ უნდა მიექცია აღსრულება, ან მას შეეძლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის მიემართა განმარტებისათვის, რამდენადაც აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება, თავისი შინაარსის გათვალისწინებით მისი აღსრულების შესახებ იწვევდა მხარეების განსხვავებულ შეხედულებას. აღმასრულებელსა და სააღსრულებო სამსახურს სამართლებრივად უნდა შეეფასებინათ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ დ. ბ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ. №30-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა შეძენილ იქნა იმ დროს, როდესაც მასზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) უკვე აღარ არსებობდა, რადგანაც მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება მანამდე გადაეცა ჯ. ვ-ის ერთ-ერთ კრედიტორს. ამასთან, ამ უძრავ ქონებასთან აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები შემხებლობაში არ იყო. შესაბამისად, მასზე არ უნდა განხორციელებულიყო სააღსრულებო წარმოება.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში /...ის ქ. №30-ში მდებარე მშენებარე 92.40 კვ.მ. ფართის N21 ბინის იძულებით, აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სააღსრულებო მოქმედებები ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება დ. მ-ას მიმართ აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმდ, არსებობს საგამონაკლისო წესიც, იმ შემთხვევისათვის, როდესაც ასეთ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების შედეგად არსებითად დაირღვა მოსარჩელე დ. ბ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი, მისი კუთვნილი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოპასუხე მხარის უკანონო ქმედებისა და სადავო განკარგულების შედეგად, მას წაერთვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, აღიარებულ და ხელშეუვალ უფლებას წარმოადგენს. ამდენად, სწორად იქნა ბათილად ცნობილი 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №125-ში, ...ის ქუჩა N30-ში მდებარე ბინა №21-ის (საკადასტრო კოდი: ...) საჯარო აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ქონების შემძენად დ. მ-ას გამოცხადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოვალეთა რეესტრიდან მოსარჩელეთა ამორიცხვას, პალატამ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონში 2008 წლის 15 ივლისის №210–რს საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილება (ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან), რომლის მიხედვით კანონს დაემატა IV1 თავი მოვალეთა რეესტრის შესახებ.
მითითებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მოვალეთა რეესტრი განიმარტებოდა როგორც მონაცემთა სისტემატიზებული ბაზა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შესახებ, რომელთა მიმართაც გასული იყო ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა (მუხლი 1911). ამ ნორმის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, მოვალეთა რეესტრი არის სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 01 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოვალეთა რეესტრს აწარმოებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ,,მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის N234 ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით, რეესტრის წარმოების მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კანონით დადგენილ ფარგლებში აღსრულების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედობის დამატებითი გარანტიების შექმნა. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად - რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია/რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლების წარმოშობისას, იმავე სამუშაო დღეს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის“ 25-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 მარტს ა. უ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის სააღსრულებო ფურცელი წარუდგინა კერძო აღმასრულებელ ჯ. ძ-ეს და მოითხოვა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება, იძულებითი აღსრულების მიზნით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელ ჯ. ძ-ის მიერ დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოება.
ამის პარალელურად, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოსარჩელეები, დ. ბ-ე, მ., ნ., ხ. და გ. ვ-ეები შეყვანილ იქნენ მოვალეთა რეესტრში, რამდენადაც მათ მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის IV1 თავის მიხედვით, რეესტრის მონაცემები საჯაროა, ამასთან რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კრედიტორის თანხმობის გარეშე ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, ასევე საბანკო დაწესებულების მიერ ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ვრცელდება ყადაღა აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 194 მუხლი განსაზღვრავს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და რეესტრიდან ამორიცხვის წესს და საფუძვლებს: 1. რეესტრში რეგისტრირებულ პირზე დაწესებული შეზღუდვები მთლიანად იხსნება რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. 2. პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია: ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება; ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა; გ) ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები; დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები არ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ დაფარული აქვთ კრედიტორ ა. უ-ის მიმართ ვალდებულება, რომელიც ეკისრება №2-659 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ სააგენტოში არ მოუთხოვიათ მათ მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, მოვალის უფლებამონაცვლე პირები არ უნდა ამოირიცხონ მოვალეთა რეესტრიდან, სანამდე მოსარჩელეთა მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ამდენად არ არსებობს მოსარჩელეების - დ. ბ-ის, მ., ნ., ხ. და გ. ვ-ეების მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა კანონს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შემდეგი დებულებები.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით, სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტი. სწორედ მისი შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები. მოცემულ შეთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილება და განჩინება, რომლის მიხედვითაც დადგინდა ძირითად გადაწყვეტილებაში მითითებული მოვალის უფლებამონაცვლეები და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება, მოვალის უფლებამონაცვლეების მიმართ. მითითებული სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო იძულებით აღსრულება მოსარჩელეთა, როგორც სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის მოვალეების მიმართ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. რაც შეხება სასამართლოთა მითითებას, იმის თაობაზე, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არასწორად მოხდა აღსრულების წესის განსაზღვრა, კასატორის მოსაზრებით მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, ვინიდან: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. მითითებული მუხლის მიხედვით, უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. საპროცესო უფლებამონაცვლეობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა ეს არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლება-მოვალეობები გადავიდა. იგი მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლება-მოვალეობების სუბიექტის შეცვლა, მაშინ დაიშვება საპროცესო უფლებამონაცვლეობაც, რა დროსაც მხარის საპროცესო სტატუსი გადადის სხვა პირზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, აღნიშნული გამორიცხავს საპროცესო უფლებამონაცვლეობასაც. საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოდგენს დავის მონაწილე ფიზიკური პირის გარდაცვალება. ამ შემთხვევაში მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის ფარგლებს და წესს განსაზღვრას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მემკვიდრეობითი სამართლის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. მითითებული მუხლის ნორმატიული შინაარსის, სამართლის ნორმათა განმარტების როგორც გრამატიკული, ასევე ლოგიკური მეთოდის გამოყენებისას, ცალსახაა, რომ მემკვიდრეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მიღებული აქტივის ღირებულების ფარგლებში და არა აქტივში შემავალი კონკრეტული ნივთებითა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით, ვინაიდან; კანონმდებელი იყენებს ტერმინს - „მიღებული აქტივის ფარგლებში“ და არა მიღებული აქტივით; ნორმის შინაარსის იმგვარი გაგება, რომ მემკვიდრე პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივით (კონკრეტული ქონებით) ზიანს აყენებს მამკვიდრებელის კრედიტორებს და არათანაბარ მდგომარეობაში აქცევს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, ასევე, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებას დამოკიდებულს ხდის მემკვიდრის კეთილსინდისიერებაზე, ვინაიდან, სამკვიდრო მასაში შემავალი პასივის აღსასრულებელ მოთხოვნად ტრანსფორმირების შემთხვევაში მისი აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, ამ დროისათვის კვლავ მემკვიდრის საკუთრებაში ირიცხება თუ არა მიღებულ აქტივში შემავალი კონკრეტული ქონება ან შესაძლებელია თუ არა მისი მოძიება. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის ასეთივე გაგებას ავითარებს უზანაესის სასამართლო 2016 წლის 30 აგვისტოს No: ას-461-435-2014 გადაწყვეტილებაში. ზემოაღნიშნული კანონების შინაარსის გათვალისწინებით, უფლებამონაცვლეობის საფუძვლის არსებობას და ფარგლებს ადგენს დავის განხილვასა და მის საფუძველზე აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების მიმღების უფლებამოსილების მქონე ორგანო და არა აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი იკვლიოს, რამდენად სწორად შეაფასა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა და დაადგინა საპროცესო უფლებამონაცვლეობა სააღსრულებო აქტის მიმღებმა ორგანომ. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოდგენად სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით დადგენილი ყველა აუცილებელი რეკვიზიტი, მათ შორის მოვალეთა ვინაობა და აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა აღსასრულებელი აქტი ეხება არაუზრუნველყოფილ მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი და ვალდებულია კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებზე აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში.
აღსრულების ეროვნული ბიურო არ წარმოდგენს უფლებამონაცვლეობის დამდგენ ან/და აღსრულების წესის განსაზღვრის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი კანონისმიერი ვალდებულებაა აღასრულოს კრედიტორის დადასტურებული მოთხოვნა აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მოცემულ ფარგლებში და წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აუქციონის შედეგებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 ნოემბრის №A16025317-015/001 განკარგულების კანონიერების შემოწმება, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონზე რეალიზაციას დაექვემდებარა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ. №30-ში მდებარე ბინა №21 (ს/კ: ...). მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ იძულებითი აღსრულების ღონისძიება განხორციელდა იმ უძრავ ნივთზე, რომლიც არ შედიოდა კრედიტორის სამკვიდრო მასაში, რაც წარმოადგენს სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანს.
საკასაციო პალატა, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებისა და წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს კერძო აღმასრულების უფლება-მოვალეობაზე, რომელიც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-17 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში; აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, კერძო აღმასრულებლის ვალდებულებებზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მხარეთა, მათ შორის, მოვალის უფლებების დაცვა, იმ მხრივ, რომ მას დროულად და ამომწურავი სახით მიეწოდოს ინფორმაცია, განსახორციელებელი სააღსრულებო პროცედურების და სააღსრულებო მოქმედებებით მოსალოდნელი შედეგის შესახებ. გადაამოწმოს აღსრულების სამართლებრივი საფუძველი და ა.შ. იძულებითი აღსრულების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი ღირებულება, რაც უკავშირდება პირის საკუთრების უფლების დაცულობას, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცედურის შინაარსობრივი მხარეც, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად, სერიოზული საფრთხის ქვეშ არ დადგეს მოვალის ქონებრივი უფლებები.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ კერძო აღმასრულებელმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არასწორად მოახდინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №2-659/2009 სააღსრულებო ფურცლის შინაარსის შეფასება, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.წ. გარდაცვლილი ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ არიან დ. ბ-ე, მ., ხ., ნ. და გ. ვ-ეები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურის მიერ 2014 წლის 15 მაისს ჩატარებულ იძულებით აქუციონზე რეალიზაციას დაექვემდებარა მოსარჩელეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ...ის ქ.№7-ში. რის შედეგადაც დაკმაყოფილდა ა.წ. გარდაცვლილი ჯ. ვ-ის ერთ-ერთი კრედიტორის ც. კ-ის მოთხოვნა, ხოლო მეორე კრედიტორის - ა. უ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მამკვიდრებლის სახელზე სხვა ქონება არ ირიცხებოდა. შესაბამისად, დადგენილია, რომ სამკვიდრო მასაში ქ. ბათუმში, ...ის ქ.№7-ის გარდა, სხვა ქონება შესული არ არის.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დ. ბ-ის საკუთრების უფლება აღსრულების საგანზე, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125/...ის ქ.№30-ში მდებარე მშენებარე 92.40 კვ.მ. ფართის ბინა №21-ზე, დარეგისტრირდა 2015 წლის 12 ოქტომბერს. უძრავი ქონება შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ქონების ა.წ. გარდაცვლილ ჯ. ვ-ის ქონებასთან კავშირი არ დასტურდება.
კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო როგორც მოვალეების, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის №... წერილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს სამემკვიდრეო ურთიერთობა, რა პირობებშიც უფლებამონაცვლეობის მოცულობის დადგენის თვალსაზრისით განმსაზღვრელია სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს მემკვიდრეობით-სამართლებრივ ურთიერთობებს.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი ადგენს: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მითითებული მუხლის საფუძველზე სამკვიდროში შედის და სამკვიდრო აქტივს წარმოადგენს, როგორც მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები, ასევე ქონებრივი მოვალეობები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა და სიცოცხლეში არ შეუსრულებია.
სწორედ მითითებული ნორმის დანაწესი ქმნის მამკვიდრებლის ქონებრივი ვალდებულებების მის მემკვიდრეებზე გადაკისრების საფუძველს. რაც შეეხება მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლებს განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რომელიც ადგენს: მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და არსებითად მიიჩნევს ნორმის დანაწესს, რომელშიც საუბარია მემკვიდრეების პასუხისმგებლობაზე მიღებული აქტივის ფარგლებში. ამავე ნორმაში საგულისხმოა, რომ სამკვიდროს ღირებულება, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს კრედიტორის დაკმაყოფილება, განისაზღვრება სამკვიდროს განხსნის მომენტისთვის. ამასთან, მემკვიდრეთა სიჭარბის პირობებში, რასათანაც წარმომდგენილ შემთხვევაში გავქვს საქმე, თითოეულის პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორია თითოეული მათგანის წილის პროპორცია სამკვიდროს ღირებულებასთან და თითოეული პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ სადავო განკარგულებით გასხვისებული ქონება მოვალის - ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლის მიერ შეძენილია 2015 წლის 6 ოქტომბერს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ. ამდენად, შეძენილი ქონების სამართლებრივი ან ფაქტობრივი კავშირი სამკვიდრო მასასთან არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მითითებულ უძრავ ნივთზე მამკვიდრებლის ქონებრივი მოვალეობების გავრცელების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმასრულებელს სამართლებრივად უნდა შეეფასებინა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ დ. ბ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქ. №125-ში/...ის ქ. №30-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა შეძენილ იქნა იმ დროს, როდესაც მასზე გადაცემული სამკვიდროს აქტივები (ქონებაზე უფლებები) უკვე აღარ არსებობდა და მთელი აქტივებიდან მიღებული ქონება რეალიზებული იყო ჯ. ვ-ის ერთ-ერთი კრედიტორის სასარგებლოდ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 18.07.2019 საგადახდო მოთხოვნით №11780 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2019 საგადახდო მოთხოვნით №11780 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება;
3.კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს 18.07.19 №11780 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე