Facebook Twitter
საქმე #ბს-748(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 ივლისს დ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის #MES ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დ. ბ-ის სახელზე გაცემული ATSU #... ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო #...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 25 აპრილს იგი ჩაირიცხა სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. 2009 წელს დაასრულა სწავლა, ხოლო 2010 წლის 16 დეკემბერს მის მიმართ გაიცა დიპლომი, რომლითაც მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. სარჩელის თანახმად, დიპლომის აღების შემდეგ, მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა ძალოვან სტრუქტურებში და ჩვეულებრივ სარგებლობდა აღნიშნული დიპლომით. 2018 წლის მაისის თვეში მოსარჩელე დააწინაურეს, რისთვისაც მიმართა მოპასუხეს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით, რაზეც ეთქვა უარი.
სარჩელის თანახმად, სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე თანამდებობის დაკავებისას დ. ბ-ეს წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული დიპლომი. ამასთან, მას გააჩნია კანონიერი ნდობა დიპლომის მიმართ, რასაც ადასტურებს მისი კარიერული მიღწევები სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პირნათლად აბარებდა კურსიდან კურსზე გადასასვლელ გამოცდებს. ასევე, ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა, შესაბამისად, სრულად გაიარა და დაძლია უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც აიღო დიპლომი. დ. ბ-ის მითითებით, დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშნელობის ქმედებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES ... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დ. ბ-ის სახელზე გაცემული ATSU #... ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო #...) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, წარმოების ფარგლებში, გამოკვლეული იყო იმ დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი, რომელიც დაასრულა მოსარჩელემ. დადგინდა, რომ უშუალოდ დაწესებულება საქმიანობას ახორციელებდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ რეჟიმში. ამასთან, მოცემულ დავასთან მიმართებით, მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ავალებდა ცენტრს გამოეკვლია განმცხადებლის მიერ სტუდენტის სტატუსი იყო თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით (რანჟირების კოეფიციენტი), რომლის შედეგადაც აბიტურიენტები ნაწილდებოდნენ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შემდეგ 2005-2006 სასწავლო წლიდან (დღემდე) აბიტურიენტთა მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული #1012042 წერილის მიხედვით, დ. ბ-ე არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის, ანუ მას არც უცდია სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა/არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მითითებით, ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შეუძლებელია, სადავო აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მისთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის გადაწყვეტილებაში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.
კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ პირი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვების კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გვერდის ავლით. მაშინ, როცა დაცული არ იყო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ცენტრი ვერ აღიარებდა ამგვარი წინაპირობების არარსებობისას მიღებულ განათლებას, თანასწორობის კონსტიტუციურ სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე. ზოგადად, არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია მოსარჩელისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს დ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ATSU #... (სარეგისტრაციო #...) ნამდვილობის დადასტურება, რაზეც მას სადავო 2018 წლის 25 ივნისის #MES ... გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.
უდავოა, რომ დ. ბ-ე 1999 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის აგრობიზნესის ფაკულტეტზე და მან აღნიშნული ფაკულტეტის სრული კურსი დაამთავრა 2005 წელს, ფერმერული მეურნეობის სპეციალობით. კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ეს მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და ფერმერული მეურნეობის მენეჯერის კვალიფიკაცია. 2006 წლის 21 მარტს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ დ. ბ-ის სახელზე გაცემულია დიპლომი სსმსუ #... (სარეგისტრაციო #...). ასევე დადგენილია, რომ 2005 წლის 25 აპრილს დ. ბ-ე ჩაირიცხა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მე-2 კურსზე და 2010 წლის 16 დეკემბერს მასზე გაცემულ იქნა დიპლომი ATSU #... (სარეგისტრაციო #...), რომლის თანახმად, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009 წლის 17 ივლისის #1 გადაწყვეტილებით დ. ბ-ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მოსარჩელე სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ იქნა 2005 წლის 25 აპრილს. ამასთან, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დ. ბ-ე 25.04.2005 წლის #68 §8 ბრძანებით მეორე სპეციალობის მიღების მიზნით ჩარიცხულ იქნა დაუსწრებელი სწავლების სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსზე. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიას აქვს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის, რამეთუ მოსარჩელე ჯერ ჩარიცხულ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო ამის შემდგომ ჩატარდა საქართველოში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ დ. ბ-ემ მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა, არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 15.11.2019წ. #11719 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.11.2019წ. #11719 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე