Facebook Twitter
საქმე #ბს-945(2კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 30 აპრილს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #QN1524376 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „...ის“ წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქალაქ თბილისში, ...ის I მ/რ, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრით სამუშაოების განხორციელებისათვის, #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვითა და #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული #2 დანართის მე-11 პუნქტის თანახმად, ...ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოწყობილიყო ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი ყოფილიყო არსებული ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. ამავე პუნქტით განისაზღვრა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული უნდა განხორციელებულიყო არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში, წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #QN1524376 გადაწყვეტილება და შესაბამისად #2 დანართი მიღებულია სააგენტოს მიერ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
მოსარჩელის მითითებით, დასახელებული ნორმები ცხადყოფს, რომ კანონის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ასევე სხვა სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონის თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მოსაზრებით, გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს „...ის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ინტერესს და ზიანს აყენებს მას, კერძოდ, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუკი ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში, როგორც ეს გათვალისწინებული იყო კანონით.
მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტი გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის #246 ბრძანებით სს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #QN1524376 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-11 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის #246 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #QN1524376 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-11 პუნქტი; ბათილად ცნობილ ნაწილში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრა მისი ბათილად ცნობის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის #246 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რომელმაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს „...ისათვის“) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა). საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, სადავო აქტებში არ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების არგუმენტაცია იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის საჭირო გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის მასალებში წარმოდგენილი საპროექტო მონაკვეთის ამსახველი ფოტომასალა, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ საპროექტო მონაკვეთზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარზე არსებობს უმეტესწილად კარგ მდგომარეობაში მყოფი ასფალტის საფარი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საჯარო ინტერესი, კერძოდ, გათხრითი სამუშაოების შედეგად საპროექტო მონაკვეთის ნაწილში არსებული ასფალტის საფარის დაზიანების შემდეგ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალება გამომდინარეობს ხაზობრივი ნაგებობის იმგვარად განთავსების მიზნიდან, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საზოგადოების წევრთა ინტერესებს, რამეთუ სწორედ ისინი სარგებლობენ ტროტუარით. ამდენად, კასატორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს სამუშაოების წარმოების შედეგად მისი დაზიანების შემდგომ ხსენებული ასფალტის საფარის მხოლოდ თხრილის ფარგლებში აღდგენას.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხემ მაქსიმალურად გაითვალისწინა ის საჯარო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიდგომოდა ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. კასატორის მითითებით, აღნიშნული ბიუჯეტიდან ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად ყოველწლიურად გამოიყოფა შესაბამისი თანხები, რომლის რაციონალურ ხარჯვაზე პასუხისმგებელნი არიან მუნიციპალიტეტის ორგანოები. ამდენად, გასათვალისწინებელი იყო მოქალაქეთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები რაციონალურად დახარჯვის აუცილებლობა, რათა ადგილი არ ჰქონოდა ახალმოწყობილი/დაუზიანებელი ასფალტის საფარის ხელოვნურად დაზიანების შედეგად ხელმეორედ მოწყობას და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად მოხმარებოდა ქალაქში არსებულ უკვე დაზიანებული/განადგურებული ასფალტის საფარის კეთილმოწყობას. კასატორის მითითებით, ასევე აუცილებელი იყო საზოგადოების წევრებს შექმნოდათ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გადაადგილების პირობები. ამასთან, მეორე მხრივ, სახეზეა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც წარმოეშობა შედარებით მეტი ფინანსური დანახარჯი ტროტუარის იმ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად.
კასატორის განმარტებით, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ ეკისრებათ და ადმინისტრაციული ორგანო მათ ვერც დააკისრებს ქალაქში არსებულ ტერიტორიებზე დაზიანებული საფარის სრულად აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას, ხოლო ახალმოწყობილი და დაუზიანებელი ტერიტორიის შემთხვევაში კი, სააგენტომ მოითხოვა სანებართვო ობიექტზე ასფალტის საფარის მთლიან ფართზე აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 6 სექტემბრის #QN1524376 გადაწყვეტილების #2 დანართის მე-11 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის #246 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული სამართლებრივი საფუძვლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მართალია, კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქალაქ თბილისში, ...ის I მ/რ-ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, ელექტრონული მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე #1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, #2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, #3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად თანხმობის გაცემის მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს „...ი“) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, კონკრეტულად რა აუცილებლობა არსებობდა, რომელმაც გამოიწვია განმცხადებლისათვის კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.04.2020წ. #01322 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/კ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.04.2020წ. #01322 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე