Facebook Twitter
საქმე №ბს-328(კ-20) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ი

მესამე პირი - შპს „...ი“

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. გ. ბ-მა 2018 წლის 27 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.
3. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის მესამე პირის - შპს „...ის“ მიმართ თანხმობის გაცემის დავალება, რათა მესამე პირმა მოსარჩელეს მიაწოდოს მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (...) დეტალური ამონაწერი, 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვით, მომსახურე ანძების, ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით, ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მესამე პირის - შპს „...ის“ მიმართ თანხმობის გაცემა, რათა მან მოსარჩელე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (...) დეტალური ამონაწერის, 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე, ესემეს შეტყობინებების მიხედვით მომსახურე ანძების, ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით, ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2013 წლის 5-7 დეკემბრის მდგომარეობით, გ. ბ-ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა დროსაც მასზე, როგორც ამ უწყების სხვა თანამშრომლებზე, განპიროვნებული იყო შპს „...ში“ ჩართული მობილური ტელეფონის ნომერი - ...;
5.2. 2018 წლის 1 ოქტომბერს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიუთითა, რომ 2013 წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა სამინისტროში და მასზე განპიროვნებული იყო შპს „...ის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი - .... განმცხადებელს, პირადი მიზნებიდან გამომდინარე, სურდა 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2013 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში დასახელებულ ნომერზე განხორციელებული აქტივობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება;
5.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ. ბ-ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მიუთითა, რომ 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში სატელეფონო ნომერი - ... სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განპიროვნებული იყო გ. ბ-ის სახელზე და ირიცხებოდა სამინისტროს ბალანსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სატელეფონო ნომერი წარმოადგენდა სამინისტროს საკუთრებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მითითებული სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული ზარების შესახებ დეტალური ამონაწერი არ წარმოადგენდა მხოლოდ გ. ბ-ის შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავდა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებსაც. ამასთან, 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში გ. ბ-ს სატელეფონო ნომრით შეეძლო ესარგებლა როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების, ასევე, პირადი მიზნებისთვისაც, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერიდან მითითებული გარემოების იდენტიფიცირება/სორტირება (მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გამომრიცხავი ფორმით ინფორმაციის გაცემა);
5.4. 2018 წლის 22 ნოემბერს გ. ბ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა განცხადებით, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა 2013 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში მასზე განპიროვნებულ, შპს „...ის“ ქსელში ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერზე (...) შესული და გასული ზარებისა და შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შპს „...იდან“, კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით, ხანგრძლივობის, მომსახურე ანძის დასახელებისა და ადგილმდებარეობის მითითებით;
5.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 22 ნოემბრის №MIA51802846434 წერილით გ. ბ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას 2018 წლის 19 ნოემბერს ანალოგიური შინაარსის წერილზე უკვე გაეცა პასუხი.
6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-18 მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 42-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაში არის დაშვებული, როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ან როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
7. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
8. სადავო შემთხვევასთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ. ბ-ისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში გამჟღავნდებოდა სხვა პირთა პერსონალური მონაცემები, ვინაიდან მოსარჩელე არ მოითხოვდა კომუნიკაციის მეორე მხარის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამასთან, შპს „...ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მოთხოვნილი ფორმით ისე, რომ არ მოხდეს კომუნიკაციის მეორე მხარის პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირება.
9. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემით კონკრეტულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალების გამჟღავნების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურებდა, რომ გ. ბ-ი 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ოპერატიულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, მესამე პირმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციით შესაძლებელია პირის დაახლოებითი ადგილსამყოფლის და არა ზუსტი მისამართის დადგენა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ოპერატიული ინფორმაციის არსებობა და მისი გამჟღავნების რეალური საფრთხე დადგენილი არ იყო.
10. საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ ეკისრება ინფორმაციის მოთხოვნის მოტივაციის დასაბუთების ვალდებულება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის გაცემა ვერ გამოიწვევდა მესამე პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას, რადგან გ. ბ-ი არ მოითხოვდა კომუნიკაციის მეორე მხარის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. რაც შეეხება ნომრის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გამოყენებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოპერატიული ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება და გონივრული არგუმენტაციით დაუსაბუთებელი შესაძლო საფრთხე ვერ გახდება პირისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციის შეზღუდვის საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სამინისტროს პოზიცია, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს მისთვის ინფორმაციის გაცემით ზიანის მიყენებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირი არ არის ვალდებული, დაასახელოს საჯარო ინფორმაციის მიღების მიზეზი და მიზანი.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
17. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მოსარჩელის უფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ ნამდვილი, კანონიერი ინტერესის მქონე პირი. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-18 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გ. ბ-ი ვერ ასაბუთებს მის იურიდიულ ინტერესს, რა ზიანს აყენებს მოთხოვნილი ინფორმაციის არცოდნა, ვერ ასახელებს ინფორმაციის მიღების საჭიროების გამომწვევ მიზეზებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
18. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ იგი არ არის ვალდებული, გამოითხოვოს ინფორმაცია და მიაწოდოს გ. ბ-ს, რადგან სამინისტროს საკუთრებას წარმოადგენს მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მოსარჩელეს გადაცემული ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამდენად, საკასაციო საჩივრის თანახმად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

20. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანხმობის გაცემის დავალება, რათა გ. ბ-მა შპს „...ისგან“ მიიღოს მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის ამონაწერი.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მე-18 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
23. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
24. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, გარდა საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებისა, ყველა პირს აქვს უფლება, მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. თავის მხრივ, საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მასთან დაცული ინფორმაციის დადგენილი წესითა და ფარგლებში მხარისთვის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის მიღების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს იურიდიული ინტერესის არსებობა, რადგან ინფორმაციის მიღება ყველა პირის უფლებასა და კანონით დაცულ ინტერესს წარმოადგენს. თუკი პირი ითხოვს საჯარო ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე არის მისთვის ხელმისაწვდომი, მას არ უნდა მოეთხოვოს კონკრეტული ინფორმაციის მიმართ მისი პირდაპირი ინტერესის არსებობის დამოუკიდებლად დასაბუთება, ინფორმაციის მიღების მიზნებისა და მოტივების განმარტება. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მართალია, საქართველოს კანონმდებლობა იცავს და აღიარებს ინფორმაციის მიღების უფლებას, თუმცა კონსტიტუციითვე არის დასაშვები სათანადო საფუძვლის არსებობისას აღნიშნული უფლების შეზღუდვა, მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია კომერციული, პროფესიული, სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.
25. სადავო შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მესამე პირის - შპს „...ის“ მიმართ თანხმობის გაცემის დავალებას, რათა მესამე პირმა მოსარჩელეს მიაწოდოს მის მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომრის (...) დეტალური ამონაწერი, 2013 წლის 5-7 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო საუბრების დროისა და ხანგრძლივობის, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვით, მომსახურე ანძების, ანძების დასახელებისა და მდებარეობის მითითებითა და ბე ნომრების გამორიცხვით, ანუ კომუნიკაციის მეორე მხარის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით. დადგენილია, რომ დასახელებულ პერიოდში მითითებული ტელეფონის ნომერი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებას, თუმცა განპიროვნებული იყო მოსარჩელეზე, როგორც ამავე უწყების თანამშრომელზე.
26. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გ. ბ-ი არ ითხოვს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის გაცემას, რამეთუ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროში დაცული არ არის. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვს მხოლოდ თანხმობის გაცემას, ვინაიდან ასეთი თანხმობის მიღების გარეშე შპს „...ი“ სამინისტროს კუთვნილი ტელეფონის ნომრის ამონაწერს არ გასცემს. ამდენად, იმისთვის, რომ მოსარჩელემ მიიღოს სასურველი ინფორმაცია, საჭიროებს კასატორის თანხმობას, მოთხოვნილი ინფორმაცია კი წარმოადგენს გ. ბ-ის შესახებ ინფორმაციას, რადგან ტელეფონის ნომერს სადავო პერიოდში სწორედ ის ფლობდა და იყენებდა, ის იყო სატელეფონო კომუნიკაციის ერთ-ერთი მხარე. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ინფორმაციის მიღება სწორედ სამინისტროს ქმედებაზე - მესამე პირისგან ინფორმაციის მიღების თაობაზე თანხმობის გაცხადებაზე არის დამოკიდებული, ასეთი თანხმობის გაცემისას სამინისტრომ უნდა იმოქმედოს ინფორმაციის ხელმისაწვდომის პრინციპის დაცვით და უსაფუძლოდ არ უნდა შეუზღუდოს მხარეს მის შესახებ არსებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, თუკი აღნიშნული არ გამოიწვევს საიდუმლო ინფორმაციისა ან სხვა პირთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებას.
27. მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციის ისეთი სახით მიღებას, რომ არ მოხდეს კომუნიკაციის მეორე მხარის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაცემა. ამასთანავე, შპს „...ის“ წარმომადგენელმა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დავის განხილვისას დაადასტურა, რომ მოსარჩელისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია მოთხოვნილი ფორმით ისე, რომ არ მოხდეს კომუნიკაციის მეორე მხარის პერსონალური მონაცემების გაცემა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით, მოსარჩელის უფლებების დასაცავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს მოსარჩელეს, მიიღოს სასურველი ინფორმაცია, რომელიც შეეხება უშუალოდ გ. ბ-ს და რომლის გაცემაც სხვა პირთა უფლებებს არ ხელყოფს.
28. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემით შესაძლებელია გამჟღავნდეს კონკრეტულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები, ვინაიდან გ. ბ-ი მასზე განპიროვნებულ ტელეფონის ნომერს იყენებდა ოპერატიული მიზნებისთვისაც. საკასაციო პალატა მიუთითებს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. იმავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ იმ პირის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი ცნობების გახმაურება, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურებრივ ან სხვა მოვალეობასთან დაკავშირებით, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებისათვის. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე.
29. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომლის მიმართაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ მოქმედებს ჩვეულებრივი სახით. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „ზოგადად, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და გამოძიების მიმდინარეობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომლის განმავლობაშიც გამოძიების ინტერესების დაცვა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. გამოძიების ინტერესებსა და სათანადოდ წარმართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გამოძიების შედეგად შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და დაცვა... იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია შესაძლოა, მრავალი კრიტერიუმითა თუ მახასიათებლით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. შესაბამისად, გარემოებებისა თუ ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, პიროვნების შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცემისა და გამოძიების ინტერესების დაცვის აუცილებლობა, ინდივიდუალურ შემთხვევაში, იქნება განსხვავებული. ამგვარად, ღირებულებათა კონფლიქტები გამოძიების ინტერესების დაცვისა და საჯარო დაწესებულებაში პირის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინტერესებს შორის იქნება განსხვავებული, რომელმაც სხვადასხვა შემთხვევაში ამ ინტერესების ინდივიდუალური დაბალანსების საჭიროება შეიძლება წარმოშვას. კერძოდ, იმის გადაწყვეტა, თუ რა სახის ინფორმაცია აზიანებს ან მომავალში დააზიანებს გამოძიებას, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაფასებელი მოცემულობაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, ცხადია, რომ აღნიშნული შეფასებისას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო, იგი უპირობოდ მოითხოვს საკითხის კეთილგონივრულ გადაწყვეტას და ყველა ჩართული კანონიერი ინტერესის შესაბამისად გათვალისწინებას. მართალია, საგამოძიებო პროცესში მოპოვებული, გამოძიების მიმდინარეობისათვის რელევანტური, გამოძიებასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს საგამოძიებო ინფორმაციას, თუმცა მისი (ინფორმაციის) ამგვარი ბუნება გამჟღავნების შემთხვევაში, თავისთავად, ყოველთვის არ იწვევს კონკრეტული საფრთხის წარმოშობას გამოძიებისთვის... ცალსახაა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ ყველა სახის დოკუმენტი თუ ინფორმაცია, მათი გამჟღავნების/გაცემის შემთხვევაში არ იქნება გამოძიებისათვის ერთნაირად საფრთხის შემცველი. უფრო მეტიც, შესაძლოა, ცალკეული ინფორმაცია გარკვეულ ეტაპზე საერთოდ აღარ იყოს იმ მნიშვნელობის მატარებელი, რაც მისი შემცველი დოკუმენტის ასლის დაზარალებულისათვის გადაცემაზე ანდა მის გასაჯაროებაზე უარს გაამართლებდა. ამასთან, შესაძლებელია, მოვლენების გარკვეულმა განვითარებამ სრულიად გააქარწყლოს ინფორმაციის გამჟღავნებით სავარაუდო ზიანის დადგომის რისკები. მაგალითად, მასალების დაცვის ინტერესი საერთოდ არ იარსებებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოძიების ორგანო თავად ახდენს მათ გასაჯაროებას ან ინფორმაცია საჯარო ხდება სხვა წყაროების (მასმედიის, დაცვის მხარის) მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/3/1312 გადაწყვეტილება საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34, 45-47).
30. საკასაციო პალატა, გ. ბ-ის საქმიანობის სფეროსა და კასატორის პოზიციის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ შესაფასებელი და შესამოწმებელია მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემით სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების რისკები, მათ შორის, შესასწავლია, ნამდვილად ასრულებდა თუ არა სადავო პერიოდში გ. ბ-ი საგამოძიებო მოქმედებს, რომელთა ფარგლებშიც იყენებდა მობილურ ტელეფონს; რამდენად არის ეს ინფორმაცია დღესაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი; შესაძლებელია, თუ არა ინფორმაციის გაცემა საიდუმლო ინფორმაციის გამორიცხვით.
31. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ზემოაღნიშნული საკითხი სრულყოფილად არ არის შესწავლილი, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენასა და შეფასებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის. ფაქტის სწორად დასადგენად სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მხარეთა განმარტებებზე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლებით მინიჭებული, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესაძლებლობა. ვინაიდან სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ საკითხის დადგენაზე, ინფორმაცია შეიცავს თუ არა სახელმწიფო საიდუმლოებას, ან შესაძლებელი იქნება თუ არა მისი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე გაცემა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმების საფუძველი და საქმე, იმავე კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ა. წულაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. ქადაგიძე