საქმე №ბს-627(კ-20) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ი-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. მ. ი-მა 2018 წლის 24 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1927 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ) გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დევნილის ყოველთვიური კომპენსაციის - 45 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1927 ბრძანება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ი-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის კუთვნილი ყოველთვიური კომპენსაციის - 45 ლარის ანაზღაურება 2017 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მ. ი-მა 2017 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;
4.2. მ. ი-ს 2017 წლის 3 აგვისტოს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში გასაუბრება ჩაუტარდა. გასაუბრების დროს მან აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ...ში, 1985 წელს დაამთავრა სოფელ ...ს საშუალო სკოლა, 1987 წელს დაოჯახდა ...ში, ხოლო -... წელს შეეძინა შვილი - ი. ო-ე, დაოჯახების შემდეგ - 1987-1993 წლებში ცხოვრობდა ...ში. მ. ი-მა, ასევე, აღნიშნა, რომ 1992 წელს, ომის დაწყების დროს ცხოვრობდა ...ში, მეუღლესთან და ომის პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა მამასთან, სოფელ ...ში, ხოლო განქორწინება დაარეგისტრირა 1993 წლის ზაფხულში. ის ...ის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრობდა შვილთან, მშობლებთან და ძმებთან ერთად, აფხაზეთის დატოვების შემდეგ კი - ოჯახთან ერთად ...ში, შემდეგ - ...ში, ...ში და შემდეგ - თბილისში. მისივე განმარტებით, შემდეგ იტალიაში იმყოფებოდა სამუშაოდ;
4.3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს №258 ცნობით დგინდება, რომ მ. ი-ი არის დევნილი ზემო აფხაზეთის სოფელ ...იდან. იგი მიეკუთვნება 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა კატეგორიას;
4.4. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს №259 ცნობით დგინდება, რომ მ. ი-ი არის დევნილი ზემო აფხაზეთიდან, 1993 წლამდე - მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში;
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 7 სექტემბრის №MIA01702153718 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მ. ი-ი 1988 წლის ჩათვლით ცხოვრობდა ...ში, ე. ...ის ... ...ის N...-ში, ხოლო 1989 წლიდან - აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, ასევე, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი უცნობია;
4.6. მ. ი-თან ჩატარებული გასაუბრების შედეგად გაიცა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ მ. ი-ი 1987 წელს დაოჯახდა ...ში და მისივე განცხადებით 1993 წლამდე ცხოვრობდა ...ში, 1989 წელს შვილი ...ში შეეძინა. განმცხადებლის მიერ გასაუბრებისას დასახელებული განქორწინების რეგისტრაციის თარიღი კი განსხვავდება მის მიერ წარდგენილი, სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენის თარიღისგან. სამინისტრომ მიიჩნია, რომ მ. ი-ი 1987 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული სოფელ ...თან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მ. ი-თან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო;
4.7. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 9 ოქტომბრის №01-02/06-10384 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1927 ბრძანებით მ. ი-ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6, მე-8 მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირის დევნილად მიჩნევისთვის, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის (სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა) დატოვება. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება, პირს შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გააჩნდეს, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. მ. ი-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ გასაუბრებისას მითითებულ გარემეობებზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 7 სექტემბრის წერილზე და მიიჩნია, რომ დასახელებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა 1993 წლამდე მოსარჩელის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. შედეგად, სასამართლომ მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უკანონოდ მიიჩნია, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნო და მოპასუხეს დაავალა მ. ი-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა.
7. მოსარჩელისთვის ყოველთვიური კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-12, მე-16 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნა ამავე შემწეობის გაუცემლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ვინაიდან მოსარჩელეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უკანონოდ ეთქვა უარი, რის გამოც მან შემწეობა ვერ მიიღო, ზიანის ანაზღაურების შესახებ მ. ი-ის მოთხოვნა საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. ამასთან, რადგან მოსარჩელემ სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 3 აგვისტოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მ. ი-ი ამ დროიდან იყო უფლებამოსილი, მიეღო დევნილთათვის განკუთვნილი კომპენსაცია. შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის ყოველთვიური კომპენსაციის სახით 45 ლარის ანაზღაურება 2017 წლის 3 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-6 მუხლებიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა 1993 წლამდე მოსარჩელის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენას. აღნიშნული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობებზე, რომლებითაც გამგეობამ დაადასტურა მოსარჩელის ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დაზუსტდა, რომ მოსარჩელე 1988 წლის ჩათვლით ცხოვრობდა ...ში, რასაც არც მოსარჩელე ხდიდა სადავოდ, მიუთითებდა რა, რომ ქორწინების პერიოდში მცირე ხნით ცხოვრობდა ...ში, თუმცა შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდა. სააპელაციო სასამართლომ დასახელებული მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ განიხილა და დადასტურებულად მიიჩნია 1993 წლამდე მ. ი-ის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
12. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-2 მუხლის მე-14 პუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. კასატორი, საქმის გარემოებებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ მ. ი-ი 1987 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული სოფელ ...თან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ამასთან, გასაუბრებისას მ. ი-ი თავად მიუთითა 1987-1993 წლებში ...ში ცხოვრების ფაქტზე.
15. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონმდებლობის მოთხოვნებით. განსახილველ შემთხვევაში, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გამოსცა კანონიერი აქტი, ვინაიდან მოსარჩელე არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ წინაპირობებს. დევნილის სტატუსის არასწორად მინიჭებამ კი შეიძლება სახელმწიფოს ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვაც კი გამოიწვიოს, რაც, ასევე, უნდა იქნეს გათვალისწინებული დავის სწორად გადაწყვეტისთვის.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ი-ისთვის, აფხაზეთში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს და ადგენს პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და წესს. დასახელებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
20. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად: 1. ზუსტად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; 2. შესწავლილ უნდა იქნეს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზები. სტატუსის მინიჭების წინაპირობას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლით დატოვება ქმნის. უფრო მეტიც, დევნილის სამართლებრივი მდგომარეობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობა დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას პირდაპირ და უშუალოდ უკავშირებს მისი დატოვების მიზეზებსა და იმავე მიზეზით უკან დაბრუნების შეუძლებლობას, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთან, საცხოვრებელი ადგილის ცნების განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)). დამატებით, დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის დადგენასთან ერთად, სტატუსის მისანიჭებლად, უნდა შეფასდეს პირის მიერ ამავე ადგილის დატოვების (სხვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევის) მიზეზები - პირს საცხოვრებელი ადგილი დატოვებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ნების გარეშე, იძულებით, ტერიტორიაზე მიმდინარე იმ მოვლენათა შედეგად, რომლებიც პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. ამრიგად, ხსენებული წინაპირობების გამო ტერიტორიის იძულებით დატოვების საკითხის შესწავლისას, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად პირის ძირითადი უფლებების დარღვევების პერიოდსა და განმცხადებლის მიერ ტერიტორიის დატოვების დროს და უნდა მოხდეს აღნიშნული პერიოდების ურთიერთშედარება.
21. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ი-მა 2017 წლის 3 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. იგი დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლად მიუთითებდა 1993 წელს სოფელ ...ის იძულებით დატოვებაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1927 ბრძანებით კი მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ სოფელი ...ი 1987 წლიდან აღარ წარმოადგენდა მ. ი-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
22. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს №258 ცნობა, რომლის თანახმადაც, მ. ი-ი არის დევნილი ზემო აფხაზეთის სოფელ ...იდან. იგი მიეკუთვნება 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა კატეგორიას; იმავე გამგეობის 2017 წლის 4 აგვისტოს №259 ცნობის მიხედვით კი, მ. ი-ი არის დევნილი ზემო აფხაზეთიდან, 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ისე თავად მოსარჩელის განმარტებებით, მ. ი-ი სოფელ ...ში ცხოვრობდა 1993 წლამდე, თუმცა ამავდროულად აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 3 აგვისტოს №258 ცნობაში მითითებულია მოსარჩელის 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, მართალია, იხელმძღვანელა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობებით, მაგრამ არ შეუფასებია ცნობაში 2008 წლის საომარ მოქმედებებზე მითითების საკითხი. დასახელებული გარემოების გამოკვლევას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის მართებულად გადაწყვეტისთვის - დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის და მისი დატოვების მიზეზების სწორად განსაზღვრისთვის, კერძოდ, უნდა შეფასდეს სოფელ ...ში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი - მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, თავისუფლების დაცვის მიზნით დატოვების წინაპირობები როდის წარმოიშვა და როდემდე გრძელდებოდა. თუკი 2008 წლამდე სოფელი ...ი არ ექცეოდა ოკუპირებულ ტერიტორიაში, ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები კი მოსახლეობას უსაფრთხოდ ცხოვრებაში ხელს არ უშლიდა, მოსარჩელისთვის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა დადასტურდეს მისი სოფელ ...ში არა 1993 წლამდე, არამედ 2008 წლამდე ცხოვრების ფაქტი. მხოლოდ დასახელებულ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და სწორად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი, შეფასდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასახელებული საკითხი სააპელაციო პალატის მიერ გამოკვლეული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმების საფუძველი და საქმე, იმავე კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე