ბს-901(კ-19) 20 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ემ 20.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.2017წ. განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
ნ. ა-ემ 16.05.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 17.03.2017წ. გადაწყვეტილების და ნ. ა-ის უძრავ ქონებაზე ს/კ ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის 21.03.2017წ. გადაწყვეტილების, ნ. ა-ის უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შესახებ 21.03.2017წ. გადაწყვეტილების და ნ. ა-ის უძრავ ქონებაზე ს/კ ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 21.03.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ტ-ე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 14.03.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საქმის მასალებში დაცული ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის 17.02.2017წ. N10 ცნობით გ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები და უფლებადამადასტურებელი დოკუმენტით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები შეესაბამება ადგილზე არსებულ სიტუაციას. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამგებლის წარმომადგენელის 17.02.2017წ. N10 ცნობა აპელანტს არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, მასში მითითებული გარემოებები წარმოადგენს უდავო მტკიცებულებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავდაპირველად, აპელანტის განცხადების საფუძველზე საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე გ. ს-ის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაზე დაარეგისტრირა აპელანტის საკუთრების უფლება, ანუ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც შემდგომში აღმოფხვრილი იქნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს 16.01.2018წ. N5000292218 დასკვნა, რომლის თანახმად გ. ს-ის 01.08.2000წ. საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში აღნიშნული 1162.07 კვ.მ. და 4684.72 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობები შეესაბამება გ. ს-ის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ (ს/კ ... და ს/კ ...) მიწის ნაკვეთების ფართობებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება გ. ს-ის სახელზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებში მითითებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, ხოლო ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავოა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტითა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა და არა გ. ს-ის სახელზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული. საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ადგილზე დათვალირების ოქმს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამგებლის წარმომადგენლის მ. გ-ის მითითებით, მის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ეყრდნობა კ. ს-ის ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა ამ მიწის ნაკვეთების, კერძოდ, ...ის ტერიტორიის ისტორიულად გ. ს-ის ოჯახისადმი კუთვნილება. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი დაეყრდნო სწორედ გამგებლის წარმომადგენლის ცნობას, რომელშიც მითითებული გარემოებები გაქარწყლდა თავად წარმომადგენლის ჩვენებით. კასატორმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომაზე მის განმარტებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ განუცხადებია და არ უღიარებია ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის არქივის 25.08.2015წ. საარქივო ცნობის თანახმად ზესტაფონის არქივში დაცული თერჯოლის რაიონის გამგეობის 2004წ. მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ავთო ს-ე ირიცხება 991 ნომრად, რომელიც გადასახადს იხდიდა 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. 24.09.2013წ. სამკვიდრო მოწმობის (ნოტარიუსი მ. ფ-ა) თანახმად ნ. ა-ე არის გარდაცვლილი ა. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობის (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 02.09.2015წ. გადაწყვეტილებებით თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3342კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 246,20კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) და 1244კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ნ. ა-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამის გრაფაში მითითებულია შემდეგი დოკუმენტები: ,,სანოტარო აქტი, სამკვიდრო მოწმობა N..., დამოწმების თარიღი: 24.09.2013წ. ნოტარიუსი მ. ფ-ა; საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“; საარქივო ცნობა NAA2015061455-04, დამოწმების თარიღი: 25.08.2015წ. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის არქივი". მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის 08.10.2015წ. N25 საკუთრების უფლების მოწმობით ნ. ა-ეს საკუთრებაში გადაეცა თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3233,394 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტარციო სამსახურის 16.10.2015წ. გადაწყვეტილებით თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 3233კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 08.10.2015წ. N25 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. ა-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული 01.08.2000წ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების თანახმად თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1162,07 კვ.მ. (ს/კ ...) და 4684,72კვ.მ. (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულია გ. ს-ის ოჯახის საკუთრების უფლება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის არქივის 22.11.2016წ. საარქივო ცნობის თანახმად ზესტაფონის არქივში დაცული თერჯოლის რაიონის, ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში და 1992 წლის სესიის ოქმის ამონაწერში მიწის გამოყოფის შესახებ გ. კ. ს-ის კომლი არ ირიცხება. 2002, 2004 წლის მიწის საგადასახდო სიებში გ. ს-ე (მამის სახელი მითითებული არ არის) ირიცხება 1059 ნომრად, რომელიც ფლობდა და გადასახადს იხდიდა 3300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს 09.08.2016წ. სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართა გ. ს-ემ და მოითხოვა თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1162 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) და 4685 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით 25.10.2016წ. და 28.10.2016წ. იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერსებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენია კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით დაინიშნა სანოტარო მედიაცია და იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ დანიშნული იქნა მედიატორი ნოტარიუსი. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო სანოტარო მედიაცია შეწყდა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო იმერეთის რეგიონულმა ოფისის 27.12.2016წ. და 14.12.2016წ. გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 10.01.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გ. ს-ემ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 27.12.2016წ. და 14.12.2016წ. გადაწყვეტილებების და ნ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 02.09.2015წ. და 16.10.2015წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, რომლის თანახმად N1911 მიწის საგადასახადო სიის საფუძველზე გ. ს-ის ოჯახის საკუთრების უფლება აღრიცხულია თერჯოლის სარეგისტრაციო ზონაში სოფ. ...ში დაუზუსტებელი მონაცემებით 1162,07კვ.მ. (ს/კ ...) და 4684,72 კვ.მ. (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ ნ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 02.09.2015წ. გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს წარმოადგენს ნოტარიუს მ. ფ-ას მიერ გაცემული 24.09.2013წ. სამკვიდრო მოწმობა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის არქივის 25.08.2015წ. საარქივო ცნობა, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა საარქივო ცნობით გათვალისწინებული უძრავი ნივთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის იდენტურობა. გ. ს-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 09.02.2017წ. წერილით გამოითხოვა ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რომლის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 15.02.2017წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალირების ოქმი და 17.02.2017წ. ცნობა, რომლის თანახმად გ. ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთები და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სარეგისტრაციო მოწმობებით წარდგენილი მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: ... და ...) შეესაბამება ადგილზე არსებულ სიტუაციას და იდენტურია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.03.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ის 10.01.17წ. ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 02.09.2015წ. და 16.10.2015წ. გადაწყვეტილებები, ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 02.09.2015წ. გადაწყვეტილება და იმერეთის რეგიონული ოფისის 27.12.2016წ. და 14.12.2016წ. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები, იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა გ. ს-ის სარეგისტრაციო წარმოებებთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში. სააგენტომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 16.02.2017წ. დაინიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ნ. ა-ემ დაადასტურა, რომ გ. ს-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომელიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ნ. ა-ის სახელზე ნამდვილად ეკუთვნოდა გ. ს-ეს და მის ოჯახს. ნ. ა-ემ ასევე აღნიშნა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.10.15წ. N25 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენდა გ. ს-ის ოჯახის საკუთრებას და ამ უძრავი ნივთის მის საკუთრებაში რეგისტრაცია იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ ვინმე სხვა პირს არ მოეხდინა შეცდომით აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რადგან შემდგომ ნ. ა-ე აპირებდა ამ მიწის ნაკვეთის გ. ს-ისათვის გადაფორმებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 17.03.2017წ. გადაწყვეტილების საფუძველზე იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 21.03.2017წ. მიიღო გადაწყვეტილებები ნ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თერჯოლის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1244კვ.მ. (ს/კ ...) და 3233კვ.მ. (ს/კ ...) მიწის ნაკვეთებზე, ხოლო უძრავ ნივთზე ს/კ ... რეგისტრაცია გაუქმდა ნაწილობრივ და ნ. ა-ის საკუთრების უფლება განისაზღვრა 1655 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს 2000 წელს მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე კანონის 2.4 მუხლის მიხედვით მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულებით დამტკიცდა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ფორმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. N153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით) 11.7 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების საფუძველზე უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანიში დაცული საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების საფუძველზე შედგენილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, რომლის თანახმად გ. ს-ის ოჯახის საკუთრების უფლება აღრიცხულია თერჯოლის სარეგისტრაციო ზონაში სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, ითვლება გ. ს-ის ოჯახის საკუთრებად რეგისტრირებულად.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლზე, რომლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 6.2 მუხლის მიხედვით სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. იმავე კანონის 16.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონის მითითებული დანაწესის საფუძველზე გამოითხოვა ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან. ამ წერილზე პასუხი სააგენტოს ეცნობა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 15.02.2017წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით და 17.02.2017წ. ცნობით, რომლის თანახმად გ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთები და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - სარეგისტრაციო მოწმობებით წარდგენილი მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: ... და ...) შეესაბამება ადგილზე არსებულ სიტუაციას და იდენტურია. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული დოკუმენტები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმები ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ნ. ა-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომელთა საკუთრებაში არსებობა გ. ს-ეს დაუდასტურდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ 16.01.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის სათანადოდ შეუფასებლობის და გამგებლის წარმომადგენლის ცნობაში მითითებული გარემოებების უსწორობის თაობაზე. პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომაზე ნ. ა-ის განმარტებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებში დაცული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სარეგისტრაციო მოწმობებში მითითებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის მითითებული კოორდინატები. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლიდან გამომდინარე ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს (იხ. სუს.28.02.13წ. Nბს-367-363 (კ-12) განჩინება). სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მიერ დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა. საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულება, ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოა. მის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მოწესრიგებული და საიმედო სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებაა. სწორედ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირებით პირს უჩნდება კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გარანტია, რაც იმავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან, მისი ამ უფლების დაცვის ვალდებულებაცაა. ამასთან, უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამის შემდეგ მოქმედებს სახელმწიფოს ქმედების კეთილსინდისიერებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია, კანონი არ ითვალისწინებს, მესაკუთრის ინფორმირების გარეშე, მისი ქონების გასხვისების შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. №3/1/531 გადაწყვეტილება). ამდენად, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნის სათანადოდ შეუფასებლობის თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტი მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის დადგენას კოორდინატების არსებობას უკავშირებს. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 15.02.2017წ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით და 17.02.2017წ. ცნობით დადგენილია გ. ს-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთებისა და სარეგისტრაციო მოწმობებით წარდგენილი მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) იდენტურობა. ამასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი მოსმენის სხდომაზე ნ. ა-ის განმარტების თაობაზე საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების პირობას არ ქმნის.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში ნ. ა-ის მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორი არ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმსა და ცნობაში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას, რაც წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს, რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან, დაადგინოს მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინება;
3. ი. მ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.07.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე