საქმე #ბს-714(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ტ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 27 იანვარს ტ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა საქართველოში. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ჯერ ...ში, შემდეგ ...ში და ბოლოს - ...ში. 1980 წელს საქართველოში მან დაამთავრა საქართველოს ... ...ის ..., ... ...ის სპეციალობით. ჰყავს მეუღლე - ფ. ფ-ა, ორი სრულწლოვანი შვილი - რ. და ა. ა-ები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. მოსარჩელის მითითებით, საქართველოში მის ოჯახს აქვს უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ... “...“ მრ-ში, კოპ. N...-ში ბინა, სადაც იგი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტ. ა-ის მეუღლის სახელზე.
მოსარჩელის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ვინაიდან მისი ოჯახი ცხოვრობს საქართველოში და საქართველოსთან აქვს მჭიდრო კავშირი, 2015 წლის 12 ოქტომბერს ტ. ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 დასკვნით, „მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ტ. ა-ისათვის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მოსარჩელე ტ. ა-ისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 დასკვნა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლიდან ერთი თვის ვადაში, ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის ინფორმაცია, რის გამოც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესით საკითხის გადაწყვეტის მიზნით დადებითი დასკვნის გაცემა. შესაბამისად, 2014 წლის 10 ივნისის #237 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტომ მოამზადა უარყოფითი დასკვნა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა იმავე დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის დასკვნა ტ. ა-ის მიმართ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის შინაარის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სააგენტო, როგორც წესი, წერილით მიმართავს შსს-ს კონტრდაზვერვის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) და სამსახურიდან მიღებული ფორმალური პასუხის შემდეგ (სადაც მიეთითება მხოლოდ მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ), ხდება უარყოფითი დასკვნის გაცემა. თუმცა, კასატორის მითითებით, მის შემთხვევაში, არ ყოფილა დაკონკრეტებული და დასაბუთებული, თუ რა მიზეზით ან რომელი საფუძვლით ეთქვა მას უარი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რომელმა კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს კონკრეტულ დასაბუთებას და არ აკონკრეტებს, თუ რაში იქნა გამოხატული მისი მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უშიშროებისათვის საფრთხის შექმნა. კასატორის მოსაზრებით, ყურადსაღებია ისიც, რომ იგი დაიბადა საქართველოში, სადაც ცხოვრობს მისი ოჯახი, ამასთან, იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და დანაშაული. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენს იგი საშიშროებას საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მოსარჩელე ტ. ა-ისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. ა-ე დაიბადა ... წლის ... ოქტომბერს ...ში. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა #..., პ/ნ ..., რეგიტრაციის მისამართი: ქ. ..., ...ს ქ. #..., გაიცა ... წელს გაგრის შს სამ. მიერ (გაუქმდა 19.11.2008წ); არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (მოწმობა #... ), ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით და შეღავათებით. არის აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრი. მისი მეუღლე - ფატმა ფირცხალავა, შვილები, ა. და რ. ა-ები, არიან საქართველოს მოქალაქეები. მეუღლეს, ფ. კ-ას, საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ორი საცხოვრენბელი ბინა ქ. თბილისში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისიტროს მომსახურების სააგენტოს 25.01.2016 წლის #... ცნობის თანახმად, ტ. ა-ე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. მოსარჩელე ტ. ა-ე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - რუსეთის ფედერაციის პასპორტი RUS N..., გაცემის თარიღი 03.07.2015 წელი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს ტ. ა-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 15 ოქტომბერს #1000451099/1 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის MIA 1 15 02506421 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ტ. ა-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომის #6947 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა და შეაფასა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ტ. ა-ის (საქმის #1000451099) მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის #237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 20.4. მუხლის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ტ. ა-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის დადგენის შესახებ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ „ტ. ა-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 (თარიღი 21.12.2015) დასკვნის თანახმად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი არ იყო გაცემულიყო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ტ. ა-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის #237 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად სააგენტო ვალდებულია დაინტერესებული პირის/განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.
2021 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 6 იანვრის #1000451099 დასკვნით სააგენტომ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი არ იყო გაცემულიყო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ტ. ა-ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის MIA 1 15 02506421 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ტ. ა-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2015 წლის 11 ნოემბრის MIA 1 15 02506421 წერილის გაცემას, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე