Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-146(კ-20) 18 მარტი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...ა“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს „...ამ“ 2017 წლის 15 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მიმართ და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობისა და სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „...ა“;
3.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს „...ა“ წარმოადგენს რეგისტრირებულ სუბიექტს და მისი დირექტორია გ. გ-ი;
3.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2014 წლის 1 სექტემბერს შპს „...ის“ სახელზე (მისამართი - თბილისი, ...ის ქ. ... (ნაკვეთი №...)) გასცა სტაციონარული დაწესებულების საქმიანობის ნებართვა. მითითებული ნებართვის დანართებით დგინდება, რომ შპს „...ას“ შეეძლო, განეხორციელებინა სამედიცინო საქმიანობის შემდეგი სახეები: რეანიმაცია, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობა -გინეკოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, ონკოლოგია, რადიოლოგიური საქმიანობა - რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ინტერვენციული კარდიოლოგია;
3.4. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა, ამავე სამსახურის უფროსის 2017 წლის 1 ივნისის №193 განკარგულების საფუძველზე, ჩაატარა თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე, შპს „...ის“ შენობა-ნაგებობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმება;
3.5. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობით, შემოწმების დროს გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით, შპს „...ას“ დაევალა განსაზღვრულ ვადაში, სავალდებულოდ, შეესრულებინა შემდეგი ღონისძიებები: 1. 2017 წლის 1 აგვისტომდე - კლინიკის თანამშრომლებისთვის ჩაეტარებინა სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით; 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე - შეეკეთებინა და უზრუნველეყო კლინიკის შენობა-ნაგებობებში სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებელი სისტემის გამართული მუშაობა; 3. 2017 წლის 1 სექტემბრამდე - არსებული ცეცხლმაქრები გადაემუხტა; 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე - კლინიკის მთელი შენობისათვის შეედგინა ევაკუაციის გეგმები, ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართის - „ევაკუაციის გეგმის შედგენის წესის“ მოთხოვნების მიხედვით; 5. 2018 წლის 1 ივნისამდე - დაემონტაჟებინა სახანძრო ავტომატური სიგნალიზაცია კლინიკის სხვენსა და სარდაფში; 6. 2017 წლის 1 ნოემბრამდე - კლინიკის შენობა-ნაგებობების სხვენის კონსტრუქციები დაემუშავებინა ცეცხლგამძლე ხსნარით; 7. 2018 წლის 1 მარტამდე - კლინიკის შენობის ორივე სართულისათვის მოეწყო საევაკუაციო გასასვლელი; 8. 2017 წლის 1 დეკემბრამდე - კლინიკის შენობაში არსებული ჟანგბადის ბალონები გაეტანა შენობის გარეთ და განეთავსებინა უწვ კედელთან, ფანჯრისა და კარების ღიობიდან არანაკლებ 4 მეტრის მანძილზე მოწყობილ კარადაში ან უწვი მასალის ერთსართულიან მინაშენში; 9. 2017 წლის 1 აგვისტომდე - კლინიკის შენობის სხვენიდან და სარდაფიდან გაეტანა წვადი სამშენებლო ნარჩენები;
3.6. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობა შესასრულებლად მიიღო გ. გ-მა, 2017 წლის 14 ივნისს;
3.7. სამედიცინო დაწესებულებამ 2017 წლის 14 ივლისს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობა ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა. კლინიკამ 2017 წლის 14 აგვისტოს განცხადებით დამატებით წარადგინა ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები და ფოტომასალა, რომლებითაც დასტურდება, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი 2015 წლის 14-20 ოქტომბერს ჩაუტარდა კლინიკაში დასაქმებულ 44 პირს და 2016 წლის 15-18 დეკემბერს - 18 პირს;
3.8. შპს „...ის“ 2017 წლის 14 ივლისის საჩივართან დაკავშირებით, 2017 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
3.9. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანებით შპს „...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 48-ე, 50-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების“ მე-3, მე-5, მე-11, მე-13, 24-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე.
5. დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება, რომ ნორმატიული აქტების მოქმედება არ ვრცელდება 2015 წლის 23 ივლისამდე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა არა კონკრეტული კანონმდებლობის მოქმედების პერიოდში, არამედ მუდმივად, როგორც ობიექტის უშუალოდ მშენებლობის პროცესში, ასევე, ამ ობიექტის არსებობის დროსაც. სახანძრო მოთხოვნები უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა და მით უმეტეს, სამედიცინო დაწესებულების მესაკუთრემ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იქ დასაქმებული პირებისა და იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომელთა ჯანმრთელობასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ასეთი დაწესებულებების მიმართ მაღალი სტანდარტების დაწესება და კანონმდებლობის მეტი სიზუსტით შესრულების მოთხოვნა არ წარმოადგენს მათი უფლებების დარღვევას. თუკი უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების დროს შენობა-ნაგებობა არსებული სახით არ შეესაბამება სახანძრო მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, იგი აშენებულია თუ არა მშენებლობის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესაკუთრე ვალდებულია, გამოასწოროს გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, ობიექტის რეკონსტრუქციის გზით და სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უსაფრთხოების ნორმებთან, რათა უზრუნველყოს იქ მყოფ პირთა უსაფრთხოების დაცვა. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა გასაჩივრებულ მიწერილობაში მითითებული დარღვევების უშუალოდ შემოწმების დროს არარსებობის ფაქტი. კონკრეტულ მისამართზე სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაცემა ავტომატურად არ გულისხმობს კლინიკის მიერ ამ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვას. მოსარჩელე კი დარღვევების ნაწილის გამოსწორების მიზანშეუწონლობას ფინანსური ხარჯებითა და შენობა-ნაგებობების ვიზუალურად დამახინჯებით ხსნის.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიწერილობა კანონიერად მიიჩნია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის, 185-ე, 201-ე მუხლების საფუძველზე, კანონიერად იქნა მიჩნეული „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანებაც.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება შპს „...ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, კერძოდ, პალატამ მიუთითა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ დებულებაზე და აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანად და დასაბუთებულად მიიჩნია.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 სადავო მიწერილობის შედგენის შემდგომ, 2017 წლის 14 აგვისტოს კლინიკამ წარადგინა ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები და ფოტომასალა. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი დაადასტურა სწავლების ჩატარების ფაქტი. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ის“ თანამშრომლებს ჩაუტარდათ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით.
12. რაც შეეხება სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობაში მითითებულ გარემოებას, რომ უნდა გადამუხტულიყო არსებული ცეცხლმაქრები და კლინიკის მთელი შენობისათვის შედგენილიყო ევაკუაციის გეგმები, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალასა და „ფაქტების კონსტანტაციის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის №F19000213 ოქმზე და დადგენილად მიიჩნია, რომ კლინიკაში საევაკუაციო გასასვლელებთან გამოკრულია ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, არსებული ცეცხლმაქრები კი გადამუხტულია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით ცეცხლმაქრების გადამუხტვის თარიღად მითითებულია 2018 წლის 13 დეკემბერი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სადავო პერიოდში საევაკუაციო გასასვლელებთან არ ყოფილა გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა და შემოწმების დროს ცეცლმაქრები არ ყოფილა გადამუხტული.
13. კლინიკის სხვენსა და სარდაფში სახანძრო ავტომატური სიგნალიზაციის დამონტაჟების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებული „დებულების“ მე-11, 24-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი წესების გავრცელებისთვის, შენობა დაპროექტებული და აშენებული უნდა იყოს 2015 წლის 23 ივლისის შემდეგ, ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას და დებულებების შესრულებით არ უნდა იქნეს გამოწვეული მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობა, სხვა შემთხვევაში ახალ რეგულაციებს უკუძალა არ აქვთ. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე კი, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კლინიკა დაპროექტებული და აშენებულია 2014 წელს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი შენობა ქმნიდა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს, შენობაზე მშენებლობის ნებართვა არ/ვერ გაიცემოდა, ასევე, არ გაიცემოდა ექსპლუატაციის ნებართვა და შესაბამისად ვერ/არ გაიცემოდა სამედიცინო საქმიანობის ნებართვები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების ახალი წესები ვერ გავრცელდებოდა.
14. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის №F19000213 ოქმზე, რომელიც შეეხება კლინიკის საევაკუაციო გასასვლელის არსებობის ფაქტის კონსტანტაციას. გარდა ამისა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის საინჟინრო ექსპერტიზის №001890819 დასკვნით დგინდება კლინიკის შენობაში, ორივე სართულზე საევაკუაციო გასასვლელის არსებობა. ექსპერტიზისთვის დამატებით წარდგენილ იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სანებართვო მოწმობები, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №16/142954 ბრძანება. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შენობა წარმოადგენს სამსართულიან კაპიტალურ ნაგებობას, რომელსაც გააჩნია ორი შესასვლელი/გასასვლელი, ერთი შესასვლელი/გასასვლელი წარმოადგენს ცენტრალურს და მოწყობილია ეზოს ცენტრალური შესასვლელიდან შენობის მეორე სართულზე, ხოლო მეორე შესასვლელი/გასასვლელი განთავსებულია შენობის ეზოს გვერდით, პირველ სართულზე, შენობას გააჩნია ორი დამოუკიდებელი კიბე, რომლებითაც ხდება როგორც სართულებთან, ისე ერთმანეთთან გამავალ დერეფნებთან და ოთახებთან დაკავშირება, ამასთან, შენობას მეორე სართულზე გააჩნია ტერასაზე გასასვლელი, შენობის ყველა სართულზე კედელზე მოწყობილია საევაკუაციო გეგმის აღმნიშვნელი ბანერები. შენობის სართულებს გააჩნია საევაკუაციო გასასვლელი. დასკვნას თან ერთვის ფოტომასალა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები. შესაბამისად, პალატამ უკანონოდ მიიჩნია „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანებაც.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებას არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
17. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „რეგლამენტი“ არ ვრცელდება მხოლოდ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც ხსენებული დადგენილების ამოქმედებამდე „არსებული სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად არის აშენებული“. თუკი შენობა აშენებულია დადგენილების ამოქმედებამდე, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს, შეესაბამება თუ არა იგი სადავო პერიოდში მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების წესებს და თუ ეს წესები დარღვეულია, უნდა შეფასდეს, დადგენილების ობიექტის მიმართ გავრცელება გამოიწვევს თუ არა მშენებლობას, რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს.
18. საკასაციო საჩივრის თანახმად, კლინიკის მშენებლობის ნებართვა გაიცა რამდენჯერმე, კერძოდ, მართალია, პირველი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2014 წლის 27 აგვისტოს, თუმცა ახალი მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2016 წლის 3 თებერვალს, ე.ი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების ამოქმედების შემდეგ. ამასთანავე, განხორციელებული შემოწმება გამომდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების სფეროდან და დაკავშირებული არ არის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო არ არის სადავო საკითხის შეფასებასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
19. კასატორი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში კლინიკამ ვერ წარადგინა თანამშრომლებისთვის სწავლების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გადასამუხტი იყო ცეცხლმაქრები და ევაკუაციის გეგმა შესაბამისობაში იყო მოსაყვანი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან. საჩივრის განხილვის ეტაპზე დასაქმებულთა სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და შემდგომში ცეცხლმაქრების დამუხტვა კი არ შეიძლება სადავო მიწერილობის გაუქმების წინაპირობა გახდეს, რადგან ხსენებული დარღვევები არსებობდა აქტის მომზადებისა და გამოცემის დროს. გარდა ამისა, საევაკუაციო გეგმის არსებობა არ გამორიცხავს დარღვევის არსებობას, ვინაიდან შეფასებული არ არის გეგმის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილულ იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

21. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებისთვის 2015 წლიდან მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევების აღმოფხვრის მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელების დავალების კანონიერება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის - მიწერილობის ბათილად ცნობილი პუნქტების კანონიერება.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2018 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოება არის დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასაც მოიცავს. იმავე მუხლის 37-ე პუნქტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოება გულისხმობს ფიზიკური პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების, აგრეთვე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტისა და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან დაცვას, ხოლო 42-ე პუნქტის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები არის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სოციალური ან/და ტექნიკური ხასიათის სპეციალური პირობები. ამრიგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა სამოქალაქო უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება კი, კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 51-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოსახლეობის, მეწარმე სუბიექტებისა თუ არასამეწარმეო იურიდიული პირების ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების წინაპირობას ქმნის, კერძოდ, დასახელებული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის ან მათი შესრულების თაობაზე. მიწერილობის შესრულება, კანონის 27-ე და 51-ე მუხლებიდან გამომდინარე, სავალდებულოა.
24. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულებაზე“, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პირობებს. „დებულების“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დგება ობიექტის თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები, რომელიც მიწერილობის სახით ეგზავნება (ბარდება) კონტროლის ობიექტს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს სახელით. ამრიგად, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილ პირს შეუძლია, შეამოწმოს ობიექტი და შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში წარუდგინოს დამრღვევს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობა.
25. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „დებულების“ 24-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწერილობის შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შენობებსა და ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია მათი დაპროექტების და მშენებლობის პერიოდში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების ან/და სტანდარტების ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობებსა და ნაგებობებში მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობების და ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
26. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებულ „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მეორე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც დაპროექტებულია და აშენებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლამდე მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, არ ვრცელდება წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის იმ დებულებების მოთხოვნები, რომელთა შესრულება იწვევს შენობა-ნაგებობებში „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის №57 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული მშენებლობის, რეკონსტრუქციის და დემონტაჟის ჩატარების აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული შენობა-ნაგებობების არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
27. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი წესების დარღვევის გამოვლენა მიწერილობის შედგენის უპირობო საფუძველს არ წარმოადგენს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. შენობის დაპროექტებისა და აშენების პერიოდი (2015 წლის 23 ივლისამდეა ობიექტი აშენებული თუ შემდგომ); 2. თუკი შენობა აშენებული და დაპროექტებულია 2015 წლის 23 ივლისამდე, უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა შენობა მისი აშენებისას მოქმედ და არა დღეის მდგომარეობით არსებულ კანონმდებლობას; 3. 2015 წლამდე აშენებული შენობის მისი მშენებლობისას მოქმედ ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა გამორიცხავს ობიექტის მიმართ მშენებლობის/რეკონსტრუქციის/დემონტაჟის განხორციელების აუცილებლობის წარმომშობი ახალი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების გავრცელებას; 4. გამონაკლისი დასახელებული ზოგადი წესიდან არის შემთხვევა, როდესაც ასეთი შენობა-ნაგებობის არსებულ პირობებში შემდგომი ექსპლუატაცია აშკარა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის პირის უფლებებს - სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას, ასეთ დროს უპირატესობა სწორედ ჩამოთვლილ უფლებებს უნდა მიენიჭოს. ამრიგად, 2015 წლის 23 ივლისის დადგენილებების გამოყენებისთვის ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს შენობის აშენების პერიოდი და მისი შესაბამისობა აშენებისას მოქმედ ნორმატიულ აქტებთან, შეაფასოს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებების განხორციელების შედეგები და ობიექტის არსებული მდგომარეობით დატოვების საფრთხეები.
28. განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ის“ ობიექტის დაპროექტებისა და აშენების პერიოდის დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საავადმყოფოს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 28 აგვისტოდან 2014 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით (ტ. II, ს.ფ. 30-32). 2014 წელსვე, იმავე მისამართზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემულია სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ნებართვები (ტ. I, ს.ფ. 63-69). ამასთან, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, თბილისში, ...ის ქ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საავადმყოფოს მშენებლობის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა (ტ. II, ს.ფ. 25-27). ამრიგად, მშენებლობის ნებართვების 2014 და 2016 წლებში გაცემიდან გამომდინარე, გამოსაკვლევია თითოეული აქტის საფუძველზე რა სამშენებლო მოქმედებები განახორციელა სამედიცინო დაწესებულებამ და შესაფასებელია მათი სწორედ ობიექტის აშენების მომენტისთვის მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობა. თუკი ობიექტი აშენებულია 2015 წლის შემდგომ, ან აშენებულია 2015 წლამდე, მაგრამ აშენების მომენტისთვის მოქმედი წესების დარღვევით, კასატორი უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს სახანძრო უსაფრთხოების ახალი წესები. შენობის 2015 წლის 23 ივლისამდე, იმავე პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აშენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს მიწერილობის შესრულება იწვევს თუ არა ობიექტის მშენებლობას/დემონტაჟს/რეკონსტრუქციას, რაც გამორიცხავს 2015 წლიდან მოქმედი დადგენილებების გამოყენებას. აღნიშნული გარემოების გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიწერილობის იმ პუნქტების კანონიერების შეფასებისას, რომლებითაც სამედიცინო დაწესებულებას საევაკუაციო გასასვლელების მოწყობა და სიგნალიზაციის დამონტაჟება დაევალა. ამასთანავე, გამონაკლისის სახით, თუ შენობა შეიცავს საფრთხეს პირის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, საკუთრებისთვის, სახანძრო უსაფრთხოების ახალი წესები გამოყენებულ უნდა იქნეს. მსგავსი საფრთხეების არსებობის საკითხის შეფასებისას კი, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს და კლინიკაში შესაძლებელია იმყოფებოდნენ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას, დაცვასა და დახმარებას საჭიროებენ. შესაბამისად, სახანძრო წესები უნდა იყოს იმგვარად დაცული, რომ ხანძრის შემთხვევაში, პაციენტების დროულად გადაადგილებასა ან შენობიდან გაყვანას უზრუნველყოფდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო საკითხის სასამართლოს მიერ დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, კასატორმა, როგორც შესაბამისი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტმა, უნდა უზრუნველყოს საკითხის შემდგომი შესწავლა, სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება, რათა ზუსტად განსაზღვროს გამოსაყენებელი კანონმდებლობა.
30. ვინაიდან შესაძლებელია, სამომავლო გამოკვლევის შემდგომ, დადასტურდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 და №371 დადგენილებების გამოყენების უფლებამოსილება, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით ყურადღება გაამახვილოს გამოვლენილი დარღვევების ფაქტობრივ შემადგენლობაზეც.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს 2018 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მეწარმე სუბიექტები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ თავიანთი თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება დადგენილი წესის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, კლინიკას დაევალა 2017 წლის 1 აგვისტომდე თანამშრომლებისთვის ჩაეტარებინა სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით. ამასთან, დადგენილია, რომ კლინიკამ 2017 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის აღრიცხვის ჟურნალები და ფოტომასალა, რომლებითაც დასტურდება, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი 2015 წლის 14-20 ოქტომბერს ჩაუტარდა კლინიკაში დასაქმებულ 44 პირს და 2016 წლის 15-18 დეკემბერს - 18 პირს. მართალია, მტკიცებულებები სამედიცინო დაწესებულებამ წარადგინა მიწერილობის შედგენის შემდგომ, მაგრამ ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია მიეკუთვნება მიწერილობამდე არსებულ პერიოდს, შესამოწმებელია, ჩაუტარდა თუ არა ინსტრუქტაჟი იქ დასაქმებულ ყველა პირს, ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, რაც მიწერილობის სადავო პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველს შექმნის.
32. რაც შეეხება ცეცხლმაქრების გადამუხტვის, ევაკუაციის გეგმის შედგენისა და ორივე სართულისთვის საევაკუაციო გასასვლელების მოწყობის დავალებას, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის“ მე-14 მუხლით განსაზღვრულია ობიექტის ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით უზრუნველყოფის ვალდებულება; მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანხმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და უშუალოდ პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებისა) და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა; მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საევაკუაციო გზების და გასასვლელების ექსპლუატაციისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საევაკუაციო გზების და გასასვლელების რაოდენობის, ზომების, განათების და გეგმარებით-მოცულობითი გადაწყვეტების დაცვა, აგრეთვე ამ გზებზე სახანძრო უსაფრთხოების ნიშნების არსებობა.
33. სადავო შემთხვევაში, როგორც სააპელაციო პალატამ, ფოტომასალის, „ფაქტების კონსტანტაციის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის №F19000213 ოქმისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მარტის №001890819 დასკვნის საფუძველზე, დაადგინა, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში საევაკუაციო გასასვლელებთან გამოკრულია ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა; არსებული ცეცხლმაქრები გადამუხტულია; კლინიკის შენობაში, ორივე სართულზე არსებობს საევაკუაციო გასასვლელი. ამრიგად, შესაფასებელია, როდის მოხდა განსახილველი დარღვევების აღმოფხვრა, ასევე, რამდენად მიზანშეწონილია დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებისთვის იმავე ქმედებების განხორციელების დავალება.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
35. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანება 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტებთან მიმართებაში, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს/თანამდებობის პირს წარმოეშვება საკითხის კიდევ უფრო სრულად და დეტალურად შესწავლის ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში ჯეროვნად არ შესრულებულა.
36. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის განაწილებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამრიგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ანაზღაურება.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტები და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 15 აგვისტოს №85 ბრძანება, ამავე სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №23/8/4-193 მიწერილობის პირველ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტებთან მიმართებაში;
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „...ის“ (ს/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ა. წულაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. ქადაგიძე