Facebook Twitter
ბს-913(3კ-19) 20 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებაზე და 18.02.19წ. დამატებით განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. გ-ემ 25.09.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ,,ქ. თბილისში, ...ში, ...ის გამზირზე, I და II მ/რ-ის მიმდებარედ არსებული 765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ 07.10.2016წ. №1/1-3392 ბრძანების და ო. გ-ის 20.01.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობა, აგრეთვე, ო. გ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის - 9000 (ცხრა ათასი) ლარის უკან დაბრუნების შესახებ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2017წ. გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.10.2016წ. N1/1-3392 ბრძანება ,,ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის გამზირზე, I და II მ/რ-ის მიმდებარედ არსებული 765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, ბათილად იქნა ცნობილი ო. გ-ის 20.01.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი, მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ო. გ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის 9 000 (ცხრა ათასი) ლარის უკან დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავოა სააუქციონო განცხადებაში ქალაქგეგმარებითი და ქალაქმშენებლობითი შეზღუდვების ან/და ვალდებულებების მიუთითებლობის საფუძვლით. ო. გ-ემ მხოლოდ ქონების შესყიდვის შემდეგ შემთხვევით შეიტყო შეძენილი ქონების სასურველი მიზნით - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისთვის გამოყენების შეუძლებლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა მიეთითებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი არ აკმაყოფილებდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლზე, რომლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, ხოლო 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს მყიდველისთვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ გამყიდველმა არაკეთილსინდისიერად, წინასწარი განზრახვით არ უნდა დაუმალოს მყიდველს ნივთის ნაკლის შესახებ და ნივთის თაობაზე უნდა მიაწოდოს სრული და დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების შესრულებას მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მყიდველი განსაკუთრებულად ენდობა გამყიდველს, როდესაც ხელშეკრულების მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს. შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტს წარმოეშობა ნდობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სახით წარმოდგენილი კონტრაჰენტი იმოქმედებს კეთილსინდისიერად, გულისხმიერად, კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ აუქციონის პირობებში არ მიუთითა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ცალსახად უკავშირდება ნივთის არსებით მახასიათებელს და პირდაპირ გავლენას ახდენს ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე. სადავო ქონება არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, შესაბამისად, ასეთი მიწის ნაკვეთის შეძენა უმრავლეს შემთხვევაში, მაღალი ალბათობით სამშენებლო მიზნებს ემსახურება. მოპასუხისთვის აუქციონის ჩატარებამდე იყო ცნობილი სადავო ქონების სამშენებლო განვითარებისთვის გამოყენების შეუძლებლობაზე და ასეთი ინფორმაცია სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე იქნა მოპოვებული. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შესაბამისი ფორმით, პირისთვის თვალსაჩინოდ და გასაგებად მიეთითებინა მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ, რომლის გაცნობის შემთხვევაშიც მოსარჩელე არ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას და არ შეიძენდა უძრავ ნივთს, რადგან ო. გ-ე მოქმედებდა კონკრეტული მიზნის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო არ მოქმედებდა კანონიერების, პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, არ უზრუნველყო აუცილებელი ინფორმაციის გამოქვეყნება, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსარჩელე, რომელიც ენდობოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. ო გ-ემ კონკრეტული მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი, თუმცა ამ მიზნის განხორციელებას ვერ შეძლებდა ქონებაზე არსებული შეზღუდვების გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება - ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოდ იქნა მიჩნეული იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო აუქციონის შესაბამისი წესით წარმართვა, სააუქციონო პირობებში ნივთის შესახებ სრული, დეტალური და საჭირო ინფორმაციის მითითება, რითიც დაარღვია ო. გ-ის უფლებები და კანონიერი ინტერესი, შესაბამისად უნდა გაუქმდეს მოცემული აუქციონის ფარგლებში განხორციელებული ყველა ქმედება და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა. ო. გ-ის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.10.2016წ. ჩატარებული აუქციონის შემადგენელ ნაწილს და მის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც მას უკან უნდა დაუბრუნდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. დამატებითი განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანაბარწილად დაეკისრათ მოწინააღმდეგე მხარის ო. გ-ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული მომსახურების საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო რა გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე, არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, რის გამოც სააპელაციო პალატა სსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე თავისი ინიციატივით უფლებამოსილია გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის ო. გ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის სააპელაციო საჩივრის ავტორებისათვის დაკისრება. საქმეში დაცული სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით ირკვევა, რომ ო. გ-ემ გ. კ-ს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. იურიდიული მომსახურების გაწევის ხელშეკრულება დაიდო ო. გ-ესა და შპს ,,...ის“ ერთ-ერთ დირექტორს გ. კ-ს შორის. სალაროს შემოსავლის ორდერებით ასევე დასტურდება, რომ ო. გ-ეს ადვოკატის მომსახურეობის საფასური 1000 ლარი გადახდილი აქვს შპს ,,...ისათვის“. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები, შესაბამისად, აპელანტებს უნდა დაეკისროთ მოწინააღმდეგე მხარის ო. გ-ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული მომსახურეობის საფასური 1000 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება და 18.02.2019წ. დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.10.2016წ. N1/1-3392 ბრძანება წარმოადგენს სააგენტოს სრულ კომპეტენციას მიკუთვნებულ, სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. კასატორის მითითებით აუქციონის პირობებში ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უარყოფითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის მიუთითებლობა სააგენტოს ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი ინფორმაციის სავალდებულო წესით აუქციონის პირობებში მითითებას. კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ბეს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანების 4.93 მუხლის თანახმად ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური, დაარღვია აუქციონში მონაწილეობის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული პირობები.
კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განსახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო უფლებით გადასაცემ სახელმწიფო ქონებას. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე ჰქონდა შესაძლებლობა დაეთვალირებინა და გამოეთხოვა მისთვის საჭირო ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის საჯაროობა უზრუნველყოფილია და მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის ნებართვასთან, ლეგალიზაციასთან, განაშენიანების რეგულირების გეგმასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ 4.93 მუხლის თანახმად აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგების გაუქმება იწვევს ბეს ჩარიცხვას შესაბამის ბიუჯეტში. ამდენად, კასატორის აზრით დაუსაბუთებელია სასამართლოს დავალება ო. გ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...ში, ...ის გამზ. I და II მ/რ-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 765 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ N1 შენობა-ნაგებობაზე (13,5კვ.მ.) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ ...). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 05.09.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და წარდგენილი ესკიზის მიხედვით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 765 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ორი ან მეტი ფუნქციის მქონე ობიექტის განთავსების შესახებ მოითხოვა არქიტექტურულ-გეგმარებითი დასკვნის გაცემა. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.09.2016წ. N2832918 გადაწყვეტილების თანახმად მოცემულ მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1). მიწის ნაკვეთისათვის განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენა ხდება საკადასტრო ერთეულის საზოგადოებრივი სივრცით (ქუჩის მხრიდან), ამდენად, მოცემული ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ სამშენებლო მიწის ნაკვეთის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.10.2016წ. №1/1-3392 ბრძანებით განისაზღვრა ქ. თბილისში, ...ში, ...ის გამზ. I და II მ/რ-ის მიმდებარედ არსებული 765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობის პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 90 000 ლარის ოდენობით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა - 9 000 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა - 1000 ლარით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ქალაქგეგმარებითი და ქალაქმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები სააუქციონო განცხადებაში მითითებული არ იყო და ო. გ-ემ მხოლოდ ქონების შესყიდვის შემდეგ, შემთხვევით შეიტყო, რომ შეძენილ ქონებას სასურველი მიზნით - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისთვის ვერ გამოიყენებდა. 20.01.17წ. ო. გ-ემ №783/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.10.16წ. №1/1-3392 ბრძანების ბათილად ცნობა და გადახდილი ბეს თანხის (9 000 ლარი) უკან დაბრუნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 23.02.2017წ. №1-1/54 ბრძანებით ო. გ-ის 20.01.2017წ. №783/21 ადმინისტრაციული საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში ო. გ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის წესი“ არ ითვალისწინებს არქიტექტურის სამსახურის უარყოფითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის სააუქციონო პირობებში მითითებას. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. იმავე კოდექსის 488.1 მუხლის მიხედვით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, ხოლო 489.1 მუხლის მიხედვით ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა. შემძენი მესამე პირთან მიმართებაში იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და მითითებული ნორმებიდან გამომდინარე უფლებრივი ნაკლის თაობაზე მყიდველს პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს გამყიდველის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 14.09.2016წ. N2832918 გადაწყვეტილების თანახმად ქ. თბილისში, ...ში, ...ის გამზ. I და II მ/რ-ის მიმდებარედ დანიშნულების 765 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო მიწის ნაკვეთის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს, ხოლო შპს ,,ჯ...ის’’ 17.11.2016წ. წერილით ო. გ-ეს ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაედინება კომპანიის ბალანსზე რიცხული წყალსადენები, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნებისა და წესების დაცვის გათვალისწინების გარეშე გამორიცხავს მასზე რაიმე მშენებლობის განხორციელებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის წესის“ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება და კასატორებიც არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ქონების მიმართ არსებული ქალაქგეგმარებითი და ქალაქმშენებლობითი შეზღუდვები ან/და ვალდებულებები სააუქციონო განცხადებაში მითითებული არ იყო. აუქციონში გაიმარჯვა ო. გ-ემ, რომელმაც გადაიხადა ბე - 9000 ლარი. ამასთან, ო. გ-ის განმარტებით მის მიზანს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება წარმოადგენდა. ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგებიდან გამომდინარე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეთითებინა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი ქალაქგეგმარებითი დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ სამშენებლო მიწის ნაკვეთის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის პირობებში არ მიუთითა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ცალსახად უკავშირდება ნივთის არსებით მახასიათებელს და პირდაპირ გავლენას ახდენს ნივთის ღირებულებაზე, დანიშნულებაზე, შეძენის სურვილსა და მიზნებზე. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის აუქციონის ჩატარებამდე იყო ცნობილი სადავო ქონების სამშენებლო განვითარებისთვის გამოყენების შეუძლებლობაზე, ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, შესაბამისი ფორმით, პირისთვის თვალსაჩინოდ და გასაგებად მიეთითებინა მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო არ მოქმედებდა კანონიერების, პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლზე, რომლის თანახმად ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამდენად, ბე წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას, რომელიც ამავდროულად უზრუნველყოფს ძირითადი ვალდებულების შესრულებას. ბე დამატებითი აქცესორული ხელშეკრულება არის, რომელიც არ არსებობს ძირითადი ვალდებულების გარეშე და არამარტო ადასტურებს მხარეთა შორის ძირითადი უფლება-ვალდებულებების არსებობის ფაქტს, არამედ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალების თანახმად ო. გ-ემ მონაწილეობა მიიღო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 07.10.16წ. №1/1-3392 ბრძანებით გამოცხადებულ აუქციონში, გადაიხადა ბეს თანხა 9 000 (ცხრა ათასი) ლარი და გაიმარჯვა, ანუ ო. გ-ის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით წარმოადგენს 24.10.2016წ. ჩატარებული აქუციონის შემადგენელ ნაწილს და მის მიერ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებას. დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ო. გ-ის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი ბეს თანხის 9 000 (ცხრა ათასი) ლარის უკან დაბრუნების შესახებ მოპასუხის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დავალდებულების თაობაზე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 07.10.2016წ. №1/1-3392 ბრძანება ,,ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის გამზ. I და II მ/რ-ის მიმდებარედ არსებული 765 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე №1 შენობა-ნაგებობის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო აუქციონის შესაბამისი წესით წარმართვა, სააუქციონო პირობებში ნივთის შესახებ სრული, დეტალური და საჭირო ინფორმაციის მითითება, დაარღვია ო. გ-ის უფლებები და კანონიერი ინტერესი, რის გამოც უნდა გაუქმდეს მოცემული აუქციონის ფარგლებში განხორციელებული ყველა ქმედება და ო. გ-ის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა 9 000 (ცხრა ათასი) ლარი მას უკან უნდა დაუბრუნდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე 12.02.2019წ. მიიღო განჩინება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2017წ. გადაწყვეტილება, თუმცა არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის ო. გ-ის მიერ ადვოკატის მომსახურეობისთვის გადახდილი თანხის სააპელაციო საჩივრის ავტორებისათვის დაკისრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქმის მასალებში დაცული სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით, ო. გ-ემ გ. კ-ს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 15.09.2017წ. იურიდიული მომხარების გაწევის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ო. გ-ესა და შპს ,,...ის“ დირექტორს გ. კ-ს შორის. საგადახადო დავალების თანახმად ო. გ-ეს საადავოკატო მომსახურების შპს ,,...ისთვის“ გადახდილი აქვს 1000 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის გადახდა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. დამატებითი განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანაბარწილად დაეკისრათ მოწინააღმდეგე მხარის ო. გ-ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული მომსახურეობის საფასური 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდა. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. დამატებითი განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება და 18.02.2019წ. დამატებითი განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე


მ. ვაჩაძე