საქმე #ბს-1292(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 დეკემბერს გ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ზედდების ნაწილში #... საკადასტრო კოდის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში აქვს 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საყანე ფართობი), რომელიც რეესტრში დაირეგისტრირა 13.08.2007წ. შემდგომ კი, გადაწყვიტა განეახლებინა რეგისტრაცია და დაერეგისტრირებინა ელექტრონული ვერსიით. შესაბამისად, რეესტრში წარადგინა ნახაზი, თუმცა შეჩერებულ იქნა წარმოება იმ საფუძვლით, რომ ზედდებაში მოდიოდა მოპასუხეების სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის დროებითი განჩინებით გ. ა-ას წარმომადგენლის ე. უ-ის განცხადება დროებითი განჩინების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავი ნივთების, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., საკადასტრო კოდები: ... და ..., გასხვისებისა და სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია აეკრძალა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის დროებითი განჩინება, რომლითაც დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რიცხული სადავო უძრავი ნივთების, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ..., საკადასტრო კოდები: ... და ..., გასხვისებისა და სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნებით მოსარჩელემ სარჩელით თავდაპირველად წარდგენილ მოთხოვნებთან ერთად, ზედდების ნაწილში თ. მ-ის სახელზე 4392,07 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების (07.04.2008წ.; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...), 4392,07 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების (11.12.2016წ.; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...; 13.06.2016წ.; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...) და 3392 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ...) და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) თ., მ. და თ. მ-ების სახელზე განხორციელებული უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.05.2019წ. გადაწყვეტილების (27.05.2019წ.; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...; 07.05.2019წ.; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტზე აღნიშნული ნაკვეთი #3 (დაფიქსირებული სიტყვა - „იქვე“) აღნიშნავს იმ ნაკვეთის ადგილმდებარეობას, სადაც მას მოზომილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტზე დაფიქსირებული ნაკვეთი #2 კაპროვანში და არა სხვაგან. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე დაფიქსირებული მოსაზღვრეთა მონაცემები ნადირაძე, მ-ი, გზა და არხი არ იძლევა ნაკვეთის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. კასატორის მითითებით, როგორც გ. ა-ას, ისე მ-ების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემები იძლევა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, რომ ორივე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ერთსა და იმავე კოდზე, სექტორსა და კვარტალში, რა თქმა უნდა, ნაკვეთის ნომრების სხვადასხვა გახლავთ.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოები არასწორად დაეყრდნენ მოპასუხეების მიერ წარდგენილ 2000 წელს სისტემური რეგისტრაციით განხორციელებულ სქემას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარწმუნოდ, რადგან თუ აღნიშნულ სქემაზე განხორციელებულ ნაკვეთებს გადავხედავთ, ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არ არის დარჩენილი თავისუფალი სივრცე, ხოლო გ. ა-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი თავდაპირველად ზედდებაში მოვიდა ორ მიწის ნაკვეთთან, რომლის მესაკუთრეები გახლავთ ღელეყვები და მ-ები.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ შეუფასებია, რის საფუძველზე დაურეგისტრირდათ მოპასუხეებს საკუთრებაში 4392 კვ.მ მიწის ნაკვეთი მაშინ, როდესაც აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს საკუთრებაში გადაეცათ 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ას საკასაციო საჩივარი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოში 2021 წლის 18 იანვარს წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით თ. მ-მა, მ. მ-მა და თ. მ-მა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მათ მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გ. ა-ასთვის დაკისრების თაობაზე იშუამდგომლეს. შესაგებელს თან ერთვის საგადახდო დავალება კ. ჩ-ისთვის 800 ლარის გადარიცხვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ზედდების ნაწილში #... საკადასტრო კოდის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ზედდების ნაწილში), რომელიც შეეხება მ-ების ოჯახზე 4392.07 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და აღნიშნულთან მიმართებით განხორციელებულ ცვლილებებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დანიშნული მედიაცია შეწყდა მისი უშედეგოდ დამთავრების მოტივით, ასევე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის გ. ა-ას მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. იმ პირობებში კი, როდესაც არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, აღნიშნული გამორიცხავს თანმდევი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებას.
დანარჩენ მოთხოვნებთან მიმართებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალსწინებით, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო უძრავ ნივთზე (ს/კ #...) განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლის გაუქმებასაც მოითხოვს მოსარჩელე, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე არ დასტურდება აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ მხარემ დაასაბუთოს ნამდვილი იურიდიული ინტერსის არსებობა და ის ფაქტი, რომ სადავო მიწა უტყუარად წარმოადგენს მის და არა მოპასუხეთა საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის რწმუნებულის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემულ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00451 ოქმს, რაც მოპასუხე მხარის საჩივრის გაზიარების გამო ბათილად იქნა ცნობილი თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 18 თებერვლის #1009 ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. ა-ამ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 3000 კვ.მ, 3 ნაწილად დაყოფილი ნაკვეთი სამ სხვადასხვა პირზე. ამასთან, მის მიერ #..., #... და #... საკადასტრო კოდებით გასხვისებული ნაკვეთები სისტემური რეგისტრაციით 2011 წლამდე საჯარო რეესტრის ბადეზე მდებარეობდნენ მ-ების ნაკვეთის ჩრდილოეთით, რადგანაც ამ მესაკუთრეებს ახალი მარეგულირებლებით რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ. აღნიშნულთაგან მხოლოდ ერთი ნაკვეთი (ს/კ #... ფართით 500 კვ.მ) დაარეგისტრირა უტმ სისტემაში მესაკუთრემ 2011 წლის 21 ივნისს, ხსენებული ნაკვეთი დარეგისტრირდა ნადირიძის ნაკვეთის ჩრდილოეთით. ხოლო დანარჩენი ორი ნაკვეთი ს/კ #... და ს/კ #... ამჟამადაც ძველი სისტემური რეგისტრაციითა რეგისტრირებული და ისინი მდებრეობენ მ-ების ნაკვეთის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ამჟამად აცხადებს ნაკვეთზე პრეტენზიას გ. ა-ა. ამდენად, გ. ა-ას განმარტებით, იმავე ადგილზე, სადაც მის საკუთრებაში 2000 წლიდან რეგისტრირებული იყო ნაკვეთი #... საკადასტრო კოდით (შემდგომში #..., #... და #... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთები) 2007 წელს კვლავ დაარეგისტრირა ნაკვეთი საკადასტრო კოდით #..., ფართით 2000 კვ.მ, რაც მოკლებულია დასაბუთებას, რადგან შეუძლებელია პირს ერთი და იმავე ადგილზე ჰქონდეს განხორციელებული ორი სხვადასხვა ნაკვეთის რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, მოქმედი სისტემური რეგისტრაციის მქონე ნაკვეთები ს/კ #... და #... რეგისტრირებულია მ-ების ჩრდილოეთით, ანუ იმავე ადგილზე, სადაც გ. ა-ას განცხადებით მისი სხვა ნაკვეთი - #... მდებარეობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ გ. ა-ას 2007 წელს #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციისას არ წარუდგენია დაზუსტებული ნახაზი, ნაკვეთი რეგისტრირებულია ე.წ. სპორადული რეგისტრაციით და საკადასტრო რუკაზე ხელითაა გადატანილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნახაზი და მონაცემები. ამასთან, არც მიღება-ჩაბარების აქტში და არც 2007 წლის სპორადული რეგისტრაციის საკადასტრო ნახაზში მონაცემები სრულად არ არის მითითებული. მაგალითად, მითითებულია მოსაზღვრედ მ-ი, მაგრამ არა არის მითითებული სახელი. ანალოგიურად ფიქსირება ნადირიძესთან მიმართებითაც. შესაბამისად, არც სპორადული რეგისტრაციიდან დგინდება უტყუარად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი მდებარეობს იქ, სადაც გ. ა-ა ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ნივთზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნასთან მიმართებით, მხარემ ვერ დაასაბუთა მისი ნამდვილი იურიდიული ინტერსის არსებობა და ის ფაქტი, რომ სადავო მიწა უტყუარად წარმოადგენს მის და არა მოპასუხედ მითითებულ პირთა საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნული სარეგისტრაციო ჩანაწერი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე არ დასტურდება სადავო აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ა-ას საკასაციო საჩივარზე ე. უ-ეს 24.11.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ა-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში 2021 წლის 18 იანვარს წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით თ. მ-მა, მ. მ-მა და თ. მ-მა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მათ მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გ. ა-ასთვის დაკისრების თაობაზე იშუამდგომლეს. შესაგებელს თან ერთვის საგადახდო დავალება კ. ჩ-ისთვის 800 ლარის გადარიცხვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოპასუხეების - თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ისათვის ადვოკატ კ. ჩ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, მიმდინარე დავის ფარგლებში ადვოკატი მათ წარმომადგენლობას ახორციელებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, შესაგებელს თან ერთვის საგადახდო დავალება კ. ჩ-ისთვის 800 ლარის გადარიცხვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, გ. ა-ას თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. გ. ა-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. უ-ის მიერ 24.11.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. გ. ა-ას თ. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ საკასაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე