Facebook Twitter
საქმე #ბს-1104(2კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 თებერვალს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 10.01.2019წ. #08-1კ განკარგულების საფუძველზე, კომპანიას გადასახდელად დაეკისრა ფულადი ჯარიმები. კასატორი მიიჩნევს, რომ ფულადი ჯარიმების დაკისრება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტის (რეგისტრაციის #...) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულების პირველი პუნქტი იმ ნაწილში, რითაც შპს „...ს“ (რეგისტრაციის #...) შემოწმების აქტის საფუძველზე (დანართი #1, ფაქტი 50-ე) გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 10 იანვრის #08- 1კ განკარგულების მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რითაც შპს „...ს“ (რეგისტრაციის #...) შემოწმების აქტის საფუძველზე (დანართი #1, ფაქტი 50-ე) გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 და 51 მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; შპს „...ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციისგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელე ახორციელებდა ერთი ოპერაციის იმგვარად დანაწილებას, რომ განხორციელებული ოპერაციის თანხა არ აღმატებოდა 3000 ლარიან ზღვარს. ამდენად, შპს „...ის“ მხრიდან შემოწმების აქტში დაფიქსირებული 84 შემთხვევიდან 83 შემთხვევაში (გარდა 50-ე ფაქტისა), ადგილი ჰქონდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ აღნიშნულ 83 შემთხვევასთან მიმართებით, არსებობდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულების გამოცემისა და შპს „...ის“ დაჯარიმების საფუძველი.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულების კანონიერებას შპს „...ის“ შემოწმების აქტის დანართი #1-ში მითითებული #50 ეპიზოდის ნაწილში, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ პირველი გადაცვლა დაფიქსირებული იყო 28.03.2018 წელს 15:10:56 სთ-ზე,გადასაცვლელი ვალუტა - 1000 USA, გადაცვლილი ვალუტა - 2420.00 GEL, ხოლო შემდეგი გადაცვლა ფიქსირდება დაახლოებით 8 საათისა და 40 წუთის შემდგომ პერიოდში, 28.03.2018 წელს 23:51:45 სთ-ზე, გადასაცვლელი ვალუტა - 1010 USA, გადაცვლილი ვალუტა - 2444.20 GEL.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუ ზემოაღნიშნულ 83 შემთხვევაში ოპერაციის დანაწევრების შესახებ გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს აღძრავდა სწორედ დროის მცირე მონაკვეთებში განხორციელებული ოპერაციების თანხის ოდენობა და ვალუტის ტიპის იდენტურობა, შემოწმების აქტში მითითებული #50 ფაქტის შემთხვევაში, იმისათვის, რათა დროის სხვადასხვა შუალედში განხორციელებული კონვერტაციები მიჩნეული ყოფილიყო დანაწევრებულ ოპერაციებად, აუცილებელი იყო დადასტურებულიყო აღნიშნული გარიგებების ერთი და იმავე პირის მიერ განხორციელების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებულ #50 შემთხვევაში გარიგებები განხორციელებული იყო ერთი და იმავე პირის მიერ. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, გარიგებების თანხის ოდენობა არ იყო იდენტური და კონვერტაციის თანხა არ აღემატებოდა 3000 ლარს. ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, #50 შემთხვევასთან მიმართებით, თუნდაც გონივრული ეჭვის სტანდარტით, არ დასტურდებოდა მოსარჩელე შპს „...ის“ მიერ იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არაა გარიგების, მათ შორის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევის კონკრეტული კრიტერიუმები და მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ან/და იდენტური თანხებით განხორციელებული გარიგებები არ მიიჩნევა დანაწევრების მიზნით შესრულებულ გარიგებად. კასატორი მიუთითებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ერთი და იმავე პირის მიერ განხორციელებული გარიგებები დროის სხვადასხვა შუალედში (დღე, კვირა, თვე). შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სრულიად ლეგიტიმურად შესაძლებელია დანაწევრებად ჩაითვალოს დილით და შემდგომ საღამოს ერთი და იმავე პირის მიერ განხორციელებული კონვერტაციის ოპერაციები.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკურ მაჩვენებლებზე და განმარტავს, რომ #50 გარიგება (2 ოპერაცია) განხორციელებულია 2018 წლის 28 მარტს. ამ თარიღში მოსარჩელის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მითითებული 2 ოპერაციის გარდა სხვა გარიგება არ განხორციელებულა.
ამასთან, კასატორი მიუთითებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
კასატორის - შპს „...ის“ მოსაზრებით, სასამართლო არასწორად აღნიშნავს, რომ ოპერაციის განხორციელებისათვის სავალდებულო მოქმედებების შესრულება შეუძლებელი იყო, ვინაიდან სადავო აქტის მიხედვით განხორციელებული ოპერაციები არ მოითხოვს გადაწყვეტილებაში აღწერილი მოქმედებების შესრულებას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ორი ოპერატორის შემთხვევაში მუშაობის სპეციფიკაზე და განმარტავს, რომ ერთი ოპერატორის თანხის გადახურდავება არანაირ შემხებლობაში არ არის მეორე ოპერატორის მუშაობასთან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისინი 3 000 ლარამდე თანხის გადახურდავების შემთხვევაში, არ ახორციელებენ იმ კომპლექსურ მოქმედებებს, რაც 3000 ლარს ზევით თანხის გადახურდავებისას არის საჭირო. შესაბამისად, ისინი არ იყენებენ იმ პროგრამას, რომელზეც სასამართლო მიუთითებს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს სანქცირების მეთოდის ალოგიკურობაზე და განმარტავს, რომ დებულების მე-5, 51 მუხლებისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება ერთდროულად ნიშნავს იმას, რომ პირი ერთი და იმავე ქმედებისათვის ისჯება ორი სხვადასხვა სანქციით, რაც, კასატორის მოსაზრებით, არ არის კანონიერი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტის (რეგისტრაციის #...) კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის #25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, 1) შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის 84 ფაქტის გამო (ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა) შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი; 2) შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 და 51 მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობის 84 ფაქტის გამო (იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენა) შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 42000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი; 3) შპს „...ის“ (რეგისტრაციის #...) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 84 000 (ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-5 პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). იმავე დებულების 51 მუხლით კი დადგენილია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული და გამარტივებული პროცედურები.
დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვაგაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა- გაყიდვის ოპერაციას სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო 84 ოპერაციიდან 83 ოპერაციას (გარდა #50 შემთხვევისა) შორის არსებულ დროის შეუსაბამოდ მცირე ინტერვალზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვალუტის კონვერტირების პროცესი მოიცავს ერთმანეთისაგან განსხვავებულ რამდენიმე ეტაპს. ამასთან, თითოეული მოქმედების განხორციელება საჭიროებს დროის გარკვეულ პერიოდს, კერძოდ: 1. უცხოური/ეროვნული ვალუტის მიღება კლიენტისგან, 2. მიღებული თანხის გადათვლა მექანიკური ან ტექნიკური საშუალებით, 3. ბანკნოტების შემოწმება ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით ან/და ვიზუალური დაკვირვებით, 4. კონვერტაციის ოპერაციის პროგრამაში შეყვანა 5. მიღებული თანხის კონვერტირება, გადათვლა 6. ქვითრის ამობეჭდვა 7. ქვითარზე კლიენტისა და ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა 8. ქვითრის ერთი პირის კლიენტისათვის გადაცემა.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნულ 83 შემთხვევაში, დროის ისეთ მცირე მონაკვეთებში, როგორც ეს შემოწმების აქტშია მითითებული (ერთეულ წამებში), მოლარეთა პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებითაც კი, ობიექტურად შეუძლებელია ზემოხსენებულ ეტაპთაგან რამდენიმე, მათ შორის, თუნდაც ორი ოპერაციის განხორციელება - მისი პროგრამული აღრიცხვა და ქვითრის ამობეჭდვა, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „სოფტის“ დირექტორის 2019 წლის 22 მაისის წერილით დადგენილია და ასევე, მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სავალუტო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამა ჩაწერილი იყო შპს „...ის“ მხოლოდ ერთ კომპიუტერზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სავალუტო ოპერაციების აღრიცხვის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი კომპიუტერის გამოყენებით, საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსგავსად შეუძლებლად მიიჩნევს მოლარე ოპერატორთა ურთიერთდახმარების გათვალისწინებითაც კონვერტაციის ყველა ეტაპის ერთეული წამების განმავლობაში განხორციელებას.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 10 იანვრის #08-1კ განკარგულების კანონიერებას შპს „...ის“ შემოწმების აქტის დანართი #1-ში მითითებული #50 ეპიზოდის ნაწილში, საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი გადაცვლა დაფიქსირებულია 28.03.2018 წელს 15:10:56 სთ-ზე, გადასაცვლელი ვალუტა - 1000 USA, გადაცვლილი ვალუტა - 2420.00 GEL, ხოლო შემდეგი გადაცვლა ფიქსირდება დაახლოებით 8 საათისა და 40 წუთის შემდგომ, 28.03.2018 წელს 23:51:45 სთ-ზე, გადასაცვლელი ვალუტა - 1010 USA, გადაცვლილი ვალუტა - 2444.20 GEL.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ზემოაღნიშნულ 83 შემთხვევაში ოპერაციის დანაწევრების შესახებ გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს აღძრავდა სწორედ დროის მცირე მონაკვეთებში განხორციელებული ოპერაციების თანხის ოდენობა და ვალუტის ტიპის იდენტურობა, ხოლო შემოწმების აქტში მითითებული #50 ფაქტის შემთხვევაში, იმისათვის რათა დროის სხვადასხვა შუალედში განხორციელებული კონვერტაციები მიჩნეულ იქნეს დანაწევრებულ ოპერაციებად, აუცილებელია დადასტურდეს აღნიშნული გარიგებების ერთი და იმავე პირის მიერ განხორციელების ფაქტი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებულ #50 შემთხვევაში გარიგებები განხორციელებულია ერთი და იმავე პირის მიერ. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში გარიგებების თანხის ოდენობა არ არის იდენტური და კონვერტაციის თანხა არ აღემატება 3000 ლარს. შესაბამისად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, #50 შემთხვევასთან მიმართებით არ დასტურდება მოსარჩელე შპს „...ის“ მიერ იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ჩ-ს (პ/ნ ...) შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე სს „...ის“ სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით 16.12.2020წ. გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ლ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე სს „...ის“ სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით 16.12.2020წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე