Facebook Twitter
საქმე #ბს-1168(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 21 თებერვალს სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის #664/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს მიმართა კვალიფიციურმა წინასაარჩევნო სუბიექტმა - პოლიტიკურმა პარტიამ „...ამ“ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისათვის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით. აღნიშნული წინასაარჩევნო რეკლამა წარმოადგენდა ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის - ს. ზ-ის არჩევისათვის ხელისშემშლელ რეკლამას, რაც დაშვებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით. რეკლამაში კანდიდატი მოხსენიებული იყო სიტყვით - „მოღალატე“. მაუწყებელმა იხელმძღვანელა რა საარჩევნო კოდექსისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებით, სატელევიზიო ეთერში განათავსა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერის სხდომაზე განხილულ იქნა მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, კერძოდ, 2018 წლის 17-20 ნოემბერს წინასაარჩევნო ეთერში განთავსების საკითხი და სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1 და 63.2 მუხლების საფუძველზე (არაეთიკური რეკლამა) და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან (ვინაიდან ეს იყო პირველი დარღვევა წლის განმავლობაში).
მოსარჩელის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე, შესაბამისად, სადავო წინასაარჩევნო რეკლამის ტექსტის განხილვა და კონკრეტული სიტყვების შეფასება, არის თუ არა ის არაეთიკური, წარმოადგენს რეკლამის შინაარსში შესვლას, რაც მაუწყებელს ეკრძალება კანონით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის #664/18 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელი არ არის პასუხისმგებელი წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე, მაგრამ კანონმდებლობა აქვე ადგენს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან. ამავე კანონით იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
მართალია, „რეკლამის შესახებ“ კანონის თანახმად, ეს კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე, თუმცა ამავე კანონის 2.8 მუხლის განსაზღვრავს, რომ რეკლამის ისეთი სპეციფიკური სახის, როგორიც არის სამაუწყებლო რეკლამა, მიმართ ვრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ კანონს და აწესრიგებს სწორედ სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს, თავის მხრივ, განსაზღვრავს, რომ რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ კანონი.
კასატორის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63.3 მუხლი გამორიცხავს პოლიტიკური რეკლამის შინაარსისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავ ნორმას და იგი არავითარ შემთხვევაში არ უკრძალავს კომისიას, როგორც დარგის მარეგულირებელ ორგანოს, თავად შევიდეს რეკლამის შინაარსში, გააკეთოს მისი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, მაუწყებელს დაუდგინოს რეგულაცია კონკრეტული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით (რეკლამის განთავსება-განუთავსებლობა, იმ მოცემულობაში, როცა მას კომისია არ აკისრებს პასუხისმგებლობას, არანაირად არ ზღუდავს მაუწყებლის კანონიერ ინტერესს და თუ ასეთი რეკლამის არგანთავსებით ვინმეს სამართლებრივი ინტერესი შეიძლება შეილახოს, არის კონკრეტული საარჩევნო სუბიექტი და არა მაუწყებელი.).
რაც შეეხება რეკლამის შინაარსს, კომისიის მიერ არ მომხდარა (მიუხედავად იმისა, რომ კომისიას აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია) რეკლამის შინაარსში შესვლა, არამედ შეფასდა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მხოლოდ ექსპლიციტური, გამომსახველობითი მხარე, რომელიც შეიცავდა არაეთიკურ გამონათქვამს და რომლის შემჩნევა ადვილად შეეძლო თავად მაუწყებელსაც. ის, რომ მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე, არ ნიშნავს, რომ მაუწყებელმა ეთერში უნდა განათავსოს კანონით აკრძალული რეკლამა, მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც დარგის მარეგულირებელი ორგანო თავად აკეთებს კონკრეტული რეკლამის შეფასებას და სთხოვს რეგულირებად სუბიექტს, არ განათავსოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო რეკლამა.
საკითხის შეფასებისას კომისიამ იხელმძღვანელა კანონმდებლობით გათვალისიწინებული არაეთიკური რეკლამის განმარტებით და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ განთავსებულ რეკლამაში პრეზიდენტობის კანდიდატის ს. ზ-ის მოღალატედ მოხსენიება შეურაცხყოფს, აკნინებს და ბღალავს მას და არღვევს ზნეობრივ ნორმებს.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის არ დაუკისრებია პასუხისმგებლობის არც ერთი სახე. კომისიამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებით მხოლოდ ხელი შეუწყო საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ...ის 2018 წლის 16 ნოემბრის #874/01 წერილით სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს ეთხოვა ...ის საპრეზიდენტო კანდიდატის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება.
ასევე დადგენილია, რომ მაუწყებლის მიერ მოცემული რეკლამის ეთერში განთავსებამდე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის წერილით მაუწყებლებს, მათ შორის, სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიოს სსიპ ... ...ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან ერთად წარდგენილ ვიდეორგოლების სამაუწყებლო ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, განემარტა შემდეგი: „...2. ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი და შედარება და ის მოხსენიებულია, როგორც მოღალატე, რაც არღვევს ზნეობრივ ნორმებისა და ბღალავს ფიზიკურ პირს. აღნიშნული სარეკლამო რგოლი წარმოადგენს არაეთიკურ და, შესაბამისად, არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსება აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით...“.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის #664/18 გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ... ...ის ...ის ტელევიზია და რადიო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
აღსანიშნავია, რომ არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განმარტება მოცემულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63.1 მუხლზე, რომლის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საყურადღებოა, რომ თავად „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე (2.5 მუხლი). ამასთანავე, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.8 მუხლის მიხედვით, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონით.
რაც შეეხება პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, მას არეგულირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ მაუწყებელი არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.
მოცემულ ნორმასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი უპირობოდ არ გამორიცხავს მაუწყებლის წინდახედულობას ეთერში განათავსოს ნებისმიერი შინაარსის პოლიტიკური რეკლამა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მაუწყებელმა ეთერში არ უნდა განათავსოს ისეთი შინაარსის პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებსა და პრინციპებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი მოთხოვნები და პრინციპები ასახულია მოცემული საკითხის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავი, რომელიც შედგება 48-ე-591-ე მუხლებისგან, შეეხება ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებსა და შინაარსობრივ მოთხოვნებს. მაგალითისთვის, მოცემული კანონის 56-ე მუხლი (პროგრამული შეზღუდვა) კრძალავს ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდას (56.1 მუხლი); იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას (56.4 მუხლი). ასევე გასათვალისწინებელია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რომელიც შეეხება რეკლამისადმი დადგენილ ზოგად მოთხოვნებს და რომლის მე-8 პუნქტი კრძალავს არასათანადო რეკლამის განთავსებასა და გავრცელებას. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისაკენ, არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისაკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას. ასევე საყურადღებოა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, რომელიც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას (აგიტაციას). მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. შესაბამისად, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული ზოგადი დანაწესები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარს, დავის სხვაგვარად გადაწყვეტისთვის, არ გააჩნია სამართლებრივი პერპექტივა, ვინაიდან მოცემული შემთხვევა არ შეიძლება მოიაზრებოდეს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი მოთხოვნებისა და პრინციპების საწინააღმდეგოდ, რის გამოც არ არსებობდა მაუწყებლის სამართალდამრღვევად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საკასაციო საჩივარზე 19.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ს/კ 204953050) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და




დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ს/კ 204953050) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე