საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-194(2კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მ. კ-ე
კასატორი (მესამე პირი) - ე. მ-ე
წარმომადგენელი - ნინო კორძაძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ი
წარმომადგენელი - ე. ა-ე
მესამე პირი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ. კ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. გ. გ-მა 2017 წლის 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ამავე კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის №186 საოქმო გადაწყვეტილებისა და 9 ოქტომბრის №869 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. მ-ე. იმავე სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. გ-ს ე. მ-ის სასარგებლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის - 250 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ე. მ-ემ 2012 წლის 6 სექტემბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის სარგებლობაში არსებულ, 19 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განმცხადებელმა კომისიაში წარადგინა გ. გ-ისა და ზ. ბ-ის ერთობლივი განცხადება, რომლითაც დასახელებული პირები ადასტურებენ, რომ ე. მ-ე (მცხოვრები ბორჯომში, ...ის ჩიხი №4) 1985 წლიდან ფლობს და სარგებლობს ბორჯომში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 მ2 მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიულად;
4.2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2012 წლის 26 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ე. მ-ის განცხადების დაკმაყოფილების - 19 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
4.3. ე. მ-ის მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურის - 136,8 ლარის გადახდის შემდეგ, 2012 წლის 9 ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცა №869 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ე. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა 19 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა. შედეგად, უძრავი ნივთი დარეგისტრირდა ე. მ-ის საკუთრებად;
4.4. გ. გ-ი ცხოვრობს ბორჯომში, ...ოს ქ. №6-ში (ყოფილი ...ის ქ. №6). 2013 წლის 7 მარტს მის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. „ხანძრის შესახებ“ აქტით დადგენილია, რომ ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა; სახანძრო სამსახურის მისვლის მომენტში სახლი სრულად იწვოდა, გამოყენებულ იქნა ხანძარსაწინააღმდეგო ძალები და საშუალებები, მათ შორის, დაახლოებით, 50 ტონა წყალი;
4.5. გ. გ-მა 2017 წლის 2 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას №5454/02 განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ ბორჯომში, ...ის ქ. №6-ში მდებარე ჩიხში, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი საავტომობილო გზის ტერიტორიაზე განთავსებულია უნებართვო შენობა-ნაგებობები, რაც მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოებას უშლის ხელს. განცხადებით მოთხოვნილ იქნა საკითხზე რეაგირება;
4.6. 2017 წლის 8 ივნისს მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მიიღო №02/4104 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მცხოვრებლებს, რომელთაც უკანონოდ აქვთ აშენებული სათავსოები, მიეცათ წინადადებები, წარედგინათ მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან 20 დღის ვადაში განეხორციელებინათ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი;
4.7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 20 ივნისის №021137, №021141, №021140, №021138, №021139 და 2017 წლის 27 ივლისის №021492 ბრძანებებით სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეებზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული სამართალწარმოებები;
4.8. 2017 წლის 25 ივლისს გ. გ-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა, რომ ე. მ-ეს 19 მ2 მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით დარეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 ოქტომბრის №869 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე;
4.9. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის №186 სხდომის ოქმის ასლი;
4.10. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის მიმართვით შპს „...ის“ დირექტორს, 2018 წლის 19 მაისის №18ა/018 წერილის პასუხად, ეცნობა, რომ არსებობს №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ობიექტთან მისასვლელი ორი ქუჩა/გზა. ერთი მათგანი წარმოადგენს გამჭოლ საფეხმავლო გზას (ბილიკს), მეორე ქუჩა/გზა კი სავტომობილო გზაა, რომელიც წარმოადგენს ...ს სახელობის ქუჩის გაგრძელებას და მთავრდება ჩიხით. ...ოს ქ. №6-თან მიმავალი აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი - ჩიხოვანი გზა-გასასვლელი წარმოადგენს რამდენიმე ოჯახის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულებთან მისასვლელ საავტომობილო გზას;
4.11. ა(ა)იპ ...ის დირექტორის მიმართვის თანახმად, მათ ბალანსზე რიცხული სპეციალური მანქანები ვერ მოემსახურება სადავო ტერიტორიას, რადგან ჩიხში არსებული ავტოფარეხების გამო გზა არის ვიწრო და სპეციალური ნაგავმზიდი ვერ მობრუნდება;
4.12. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მიმართვის მიხედვით, ბორჯომში, ...ოს ქ. №6-მდე მისასვლელი გზის მონაკვეთში სახანძრო ავტომანქანის გადაადგილება შესაძლებელია;
4.13. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: ა) ბორჯომში, ...ოს ქ. №6-ის ჩიხში არსებული გზა შეესაბამება თუ არა ამ კატეგორიისათვის დადგენილ სტანდარტებს; ბ) ე. მ-ის აღიარებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ზღუდავს თუ არა აღნიშნული გზის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ პარამეტრებს; გ) აღნიშნულ ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა შეესაბამება თუ არა ბორჯომის განაშენიანების გეგმას;
4.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001461118 დასკვნაში ექსპერტი კვლევით ნაწილში განმარტავს, რომ ა) ბორჯომში, ...ოს ქ. №6-ის (ყოფილი ...ის ჩიხი №6) ჩიხში არსებული გზა ადგილზე შეისწავლა, გ. გ-ისა და ე. მ-ის წარმომადგენლების მითითებითა და თანდასწრებით. სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით, ქალაქმშენებლობაში მანქანის სავალი გზის სიგანედ მეორეხარისხოვანი გზებისთვის განსაზღვრულია 3,5 მეტრი, ერთი მოძრაობის ზოლი და ფეხით მოსიარულეებისათვის ტროტუარის სიგანე უნდა შეადგენდეს 0,75 მეტრს. აზომვითი სამუშაოებით დადგინდა, რომ გზის სიგანე მერყეობს 4,5 მეტრიდან 5,8 მეტრამდე. შესაბამისად, ბორჯომში ...ოს ქ. №6-ის ჩიხში არსებული გზის პარამეტრები აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებში მითითებულ მოთხოვნებს; ბ) კვლევის პროცესში აზომვითი სამუშაოებით დადგინდა, რომ ჩიხში არსებული გზა არ იზღუდება ე. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) არსებული შენობა-ნაგებობით. ე. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობის სიმაღლე 2,7 მეტრამდეა და შენობის სახურავის ფენილის შეჭრა სავალ გზაზე არ უნდა აღემატებოდეს 0,3 მეტრს. აზომვებით დადგინდა, რომ ფენილის შეჭრა სავალ გზაზე მერყეობს 0,25 მეტრიდან 0,27 მეტრამდე. შესაბამისად, არ არის დარღვეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 ივნისის №14-39 დადგენილების 33-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაცია; გ) ექსპერტიზისათვის მიუწვდომელია ბორჯომის განაშენიანების გეგმა. გეგმის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, დადგინდეს, ე. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა შეესაბამება თუ არა ბორჯომის განაშენიანების გეგმას.
დასკვნით დადგენილია, რომ ბორჯომში, ...ოს ქ. №6-ის (ყოფილი ...ის ჩიხი №6) ჩიხში არსებული გზა შეესაბამება ამ კატეგორიისათვის დადგენილ სტანდარტებს; ე. მ-ის მიწის ნაკვეთი არ ზღუდავს გზის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ პირობებს; ექსპერტიზისათვის მიუწვდომელია ბორჯომის განაშენიანების გეგმა. გეგმის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დადგინდეს, ე. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა შეესაბამება თუ არა ბორჯომის განაშენიანების გეგმას;
4.15. გ. გ-მა 2018 წლის 7 ივნისს სასამართლოში წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის - შპს „...ის“ №18/018 დასკვნა. ექსპერტის განმარტებით, ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით, ...ოს ქ. №6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი-გამოსასვლელი გზის შესაბამის მონაკვეთებზე გამტარუნარიანობა, მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნების თვალსაზრისით, არადამაკმაყოფილებელია, დასაშვებ ზღვრულ ოდენობაზე დაბალია. ავტომობილების გადაადგილება საფრთხის შემცველია, ადგილი აქვს მოძრაობის უსაფრთხოების გაუარესებას. გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების (სახანძრო, სასწრაფო და სხვა) მოძრაობა შეუძლებელი იქნება. სავალი გზის საშუალო ეფექტური სიგანე ცვალებადი სიდიდისაა (შემცირებულია, კრიტიკული 3,2 მეტრია). აღნიშნული გზის მონაკვეთზე, №6-ის მიმართულებით მარჯვნივ, არასწორხაზობრივად გავლებულია მაცხოვრებელთა ეზოების საზღვრები, ხოლო მარცხენა მხარეს უსისტემოდ განლაგებულია ბარაკული ტიპის ნაგებობები. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზღუდავს ავტომობილთა მოძრაობის პირობებს და აუარესებს ქუჩის მოცემული მონაკვეთის გამტარუნარიანობას. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ ჩიხში არსებობს თავისუფალი სივრცე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩიხში მოძრავი ავტომობილების მობრუნების სივრცედ. ასევე, მითითებულია, რომ გზის ეფექტური სიგანე მინიმუმ 3,2 მეტრია.
5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და მიიჩნია, რომ ე. მ-ე აკმაყოფილებდა მითითებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ, საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელ წინაპირობებს.
6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნებზე და მიუთითა, რომ, მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი იყენებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილებას, მაგრამ წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ იგი ეწინააღმდეგება ბორჯომში შესაბამისი დადგენილებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დარეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობას. შპს „...ის“ დასკვნაში მითითებული სავალი გზის შემცირებული მონაკვეთი კი მდებარეობს არა სადავო ნაკვეთთან, არამედ - მოსარჩელის ტერიტორიაზე შესასვლელ ჭიშკართან, რაც დადასტურებულია მხარეთა განმარტებებით. გარდა ამისა, ამავე დასკვნაში მითითებულია ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიაზე მისვლის სირთულესთან დაკავშირებით, თუმცა „ხანძრის შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის აქტითა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მიმართვით საწინააღმდეგო მტკიცდება.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, თავად გ. გ-ის მიერ 2008 წელს ე. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემის ფაქტზე მითითებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო აქტებით არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება გ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის №186 ოქმი და 2012 წლის 9 ოქტომბრის №869 საკუთრების უფლების მოწმობა.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამატებით შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
10.1. ე. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №00017 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, იმ საფუძვლით, რომ ის წლების განმავლობაში უნებართვოდ იკავებს და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, მიუხედავად მუნიციპალიტეტის არაერთი გაფრთხილებისა. აღნიშნული ოქმი ეხება იმავე ტერიტორიაზე სხვა მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაკავების ფაქტს;
10.2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 ივნისის №021141 ბრძანებით ე. მ-ის მიმართ დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ბორჯომში ...ს ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით;
10.3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის №7 მითითებით ე. მ-ეს ეცნობა გამოსწორების მიზნით მისაღები ზომების თაობაზე;
10.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით ე. მ-ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისთვის და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ, სადავო აქტის მიღების დროს მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება აღიარდება თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რაც საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას საჭიროებს. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია, აკმაყოფილებდა თუ არა სამშენებლო კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. მიუხედავად ამისა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ მოუთხოვია და არ გაურკვევია შენობა-ნაგებობის სტატუსი და მხარეს დაუკანონა უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობა. სამშენებლო სამუშაოებისათვის კანონიერი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი კი მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტია.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ე. მ-ემ, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
13. კასატორი - საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნავს, რომ სადავო განკარგულების მიღებისას სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნები. რაც შეეხება შენობა-ნაგებობის აშენების კანონიერებას, ე. მ-ეს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მასზე ვერ განხორციელდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემა და განმცხადებელს არ მოეთხოვება სამშენებლო სტანდარტებისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა. მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გაცემის შემთხვევაში კი, საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხი განიხილებოდა არა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებიდან, არამედ მართლზომიერი მფლობელობიდან გამომდინარე, რომლის დროსაც მხარე მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
14. კასატორი - ე. მ-ე მიუთითებს, რომ კანონით არ არის შეზღუდული იმ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზეც არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა ან არ არის ლეგალიზებული. უფრო მეტიც, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიუხედავად, ნაგებობა საჭიროებს აუცილებელ ლეგალიზაციას.
15. კასატორი (მესამე პირი) აღნიშნავს, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შეესაბამება გზის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ პერიმეტრებს. მოსარჩელის წარდგენილი დასკვნა კი არ ასახავს ჩიხში არსებულ ვითარებას - ექსპერტმა მიუთითა, რომ გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების (სახანძრო, სასწრაფო და სხვა) ჩიხში მოძრაობა შეუძლებელი იქნება, თუმცა 2013 წლის 7 მარტის აქტით დასტურდება, რომ სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე 6 წუთში მივიდა. მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების არსებობასთან დაკავშირებით კი, კასატორი მიუთითებს, რომ ხაზები მრავალი წელია არ ფუნქციონირებს და დღეის მდგომარეობით, აღარ გადის სადავო ტერიტორიაზე.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული.
II სამოტივაციო ნაწილი:
17. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე. მ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების კანონიერება.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. ამავე კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამრიგად, თუკი დაინტერესებული პირი, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს და საკითხი არ ეხება მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, მან უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.) მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, არამედ უნდა დაადასტუროს, რომ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი შენობა (დღეს მოქმედი რეგულაციით, ორივე მათგანი შეიძლება იყოს აშენებული, მშენებარე ან დანგრეული).
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. მ-ემ 2012 წლის 6 სექტემბერს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის სარგებლობაში არსებულ, 19 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიამ 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის განცხადება - 19 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე დააკმაყოფილა. შედეგად, 2012 წლის 9 ოქტომბერს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცა №869 საკუთრების უფლების მოწმობა, რომელშიც მითითებულია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მონაცემები.
21. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ე. მ-ე ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე და ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია თავად გ. გ-ის 2012 წლის განცხადებითაც, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ ე. მ-ე 1985 წლიდან ფლობს და სარგებლობს ბორჯომში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 მ2 მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარების კანონიერებას გ. გ-ი სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ნაგებობა აშენებულია სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და ხელს უშლის მოსარჩელის საცხოვრებელ სახლამდე თავისუფლად გადაადგილებას.
22. საკასაციო სასამართლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შენობის აშენების კანონიერების საკითხის შეფასებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული პირის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა შეაფასოს ნაკვეთზე შენობის განთავსების, შენობის სახისა (საცხოვრებელია თუ არასაცხოვრებელი) და მდგომარეობის (აშენებული, მშენებარე, დანგრეული) საკითხები, თუმცა მისი აშენების კანონიერების გამოკვლევა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვა მიზნად ისახავს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ასეთ ნაკვეთზე კი პირს შეუძლებელია კანონიერად ჰქონდეს აშენებული ნაგებობა. შესაბამისად, კომისიისთვის ნაგებობის აშენების კანონიერების გამოკვლევის დავალება გამოიწვევს საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობას. ამასთან, მართალია, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა, თუმცა მითითებული საკითხის გამოკვლევა მიზნად ისახავს, გამოირიცხოს საკუთრების უფლების აღიარება ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ ექვემდებარება აღიარებას და ეს მოთხოვნა ვერ იქნება გაიგივებული ნაგებობის კანონიერად აშენების საკითხის გამოკვლევასთან.
24. სწორედ საკითხთა (საკუთრების უფლების აღიარება და მშენებლობის კანონიერება) და მათ გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, „არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან მიწის ნაკვეთის დაკანონება და შენობა-ნაგებობის ლეგალიზება. კერძოდ, პირი, რომელიც აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, უფლება აქვს მოიპოვოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაში, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ თანახმად, იგულისხმება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით მოწყობილი ობიექტის ლეგალიზება (დაკანონება)... ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ამრიგად, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების აღიარებისას შენობა-ნაგებობის აშენების უკანონობა გავლენას ვერ მოახდენს საკითხის გადაწყვეტაზე, მეორე მხრივ კი, ვერც საკუთრების უფლების აღიარება იქნება განხილული უკანონოდ აშენებული ნაგებობის დაკანონებად - ლეგალიზებად.
25. რაც შეეხება საკუთრების უფლების მოწმობაში ნაგებობის მონაცემების მითითებას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემას. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2016 წლის 31 ივლისამდე მოქმედ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საკუთრების უფლების მოწმობის ფორმაზე“ (დანართი №2). დასახელებული ფორმა შეიცავს მონაცემებს როგორც მიწის ნაკვეთის, ისე შენობა-ნაგებობის შესახებ და მითითებულია, რომ იგი გაიცემა მასზედ, რომ პირს საკუთრებაში გადაეცა კონკრეტული მახასიათებლების მქონე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. ამდენად, სადავო საკუთრების უფლების მოწმობა გამოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით, ყველა რეკვიზიტის (მათ შორის ნაგებობის მახასიათებლების) მითითებით.
26. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ სადავო ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობით იზღუდება ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001461118 დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ბორჯომში, ...ოს ქ. №6-ის (ყოფილი ...ის ჩიხი №6) ჩიხში არსებული გზა შეესაბამება ამ კატეგორიისათვის დადგენილ სტანდარტებს; ე. მ-ის მიწის ნაკვეთი არ ზღუდავს გზის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ პირობებს. მართალია, შპს „...ის“ №18/018 დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ გაუთვალისწინებელ ექსტრემალურ სიტუაციებში ტერიტორიაზე სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების (სახანძრო, სასწრაფო და სხვა) მოძრაობა შეუძლებელი იქნება, თუმცა აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო გარემოებებს ადასტურებს „ხანძრის შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის აქტი, რომლის თანახმადაც, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მიმართვის მიხედვით, ბორჯომში, ...ოს ქ. №6-მდე მისასვლელი გზის მონაკვეთში სახანძრო ავტომანქანის გადაადგილება შესაძლებელია. შესაბამისად, ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება, რომ მესამე პირის საკუთრება ხელს უშლის მოსარჩელის საცხოვრებელ სახლამდე თავისუფლად მისვლას.
27. საყურადღებოა მოსარჩელის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გაკეთებული განმარტებაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მართალია, სადავო მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზობრივი ნაგებობის არსებობა გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სადავო შემთხვევაში გასაჩივრებულია აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
28. კონკრეტულ შემთხვევაში, ე. მ-ეს გააჩნდა კანონიერი ნდობა სადავო აღმჭურველი აქტის მიმართ, რადგან მის საფუძველზე წლების განმავლობაში ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრების უფლება, ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ნივთით. ამდენად, სადავო აქტის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ პირობებში იქნება შესაძლებელი, თუკი დადგინდება, რომ ის არსებითად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესსა და უფლებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მსგავს კანონიერ ინტერესად ვერ იქნება განხილული სადავო ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზების არსებობა, რადგან ე. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, სს „ბ...ის“ წერილებით დადასტურებულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზობრივი ნაგებობა გათიშულ იქნა ქსელიდან 2019 წლის 21 მაისს და მოხდა მისი დემონტაჟი.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
30. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები - სასამართლოს გარეშე ხარჯებს. კოდექსის 44-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯიც საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯს წარმოადგენს.
31. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, გ. გ-ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ამასთან, მასვე ე. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, ჯამში - 1250 ლარის ანაზღაურება.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ. გ-ის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გ. გ-ს (პ/ნ ...) ე. მ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
6. გ. გ-ს (პ/ნ ...) ე. მ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე