საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1312(კ-19) 28 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...-ის" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 6 დეკემბერს შპს ,,...-მა’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 8 აგვისტოს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-180 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ი/მ ,,ვ. უ-ას’’ საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად შპს ,,...-ის’’ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,...-ს’’ შეძენილი ჰქონდა ი/მ ,,ვ. უ-ას’’ საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონება. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 11 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-180/1 აქტით ყადაღა დაედო შპს ,,...-ის’’ 23 კუბ.მ. დახერხილ ხის მასალას, რომელიც მიღებულ იქნა ი/მ ,,ვ. უ-ასგან’’ სასაქონლო ზედნადებებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე, შეძენილი ხის მორების გადამუშავებით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, თუმცა 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანებით შპს ,,...-ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც სადავო აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახურს დაევალა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება საქონლის მოსარჩელისათვის მიწოდების მომენტში გამყიდველის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გასხვისების მომენტში საქონელი დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით.
მოსარჩელის განმარტები, იგი იყო კეთილსინდისიერი შემძენი და მისთვის უცნობი იყო ი/მ ,,ვ. უ-ას’’ მიმართ დაწყებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და მისი მთელი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ, შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო ადმინისტრირება იმისა, რომ ი/მ. ,,ვ. უ-ას’’ მხრიდან არ მომხდარიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და შემძენის მიერ მის წარმოებაში ჩართვა/გადამუშავება.
მოსარჩელის წარმომადგენელი საგადასახადო ტვირთის/სიმძიმის საქონლის კეთილსინდისიერ შემძენზე გადატანას არასამართლიანად მიიჩნევს. ამასთან აღნიშნავს, რომ შპს ,,...-მა’’ ი/მ ,,ვ. უ-ასგან’’ შეძენილი ნედლეული (მრგვალი ხის მორი) გადაამუშავა და აწარმოა ახალი პროდუქტი - დახერხილი ხის მასალა. შესაბამისად, მოსარჩელე არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,...-ის“ მიერ გადამუშავებულ და წარმოებულ ქონებაზე ყადაღის დადებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 აპრილის №022-180 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №022-180/1 აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით შპს ,,...-ის’’ სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...-მა’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს ,,...-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, კერძოდ, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: 1. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; 2. გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე; 3. საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სამართლებრივი რეალობის წინაშე აყენებს ახალ მესაკუთრეს (მფლობელს, შემძენს), კერძოდ, 1. იცოდა თუ არა ახალმა მესაკუთრემ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის ანუ უფლებრივი შეზღუდვის შესახებ, 2. უნდა სცოდნოდა თუ არა აღნიშნული გარემოებების თაობაზე, 3. რა წყაროებიდან და რა ფარგლებში ავალდებულებს კანონი ახალ მესაკუთრეს ფლობდეს და მოიპოვებდეს ინფორმაციას შეძენილი ნივთის უფლებრივი შეზღუდვის არსებობა/არარსებობის თაობაზე.
საქმეში დაცული 2014 წლის 26 თებერვლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ი/მ ,,ვ. უ-ას“ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული შეზღუდვა გავრცელებულია და რეგისტრირებულია დროში უფრო ადრე, ვიდრე შპს ,,...“ შეიძენდა საქონელს ი/მ ,,ვ. უ-ასგან“ (2015 წლის ივლისი, სექტემბერი).
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დარეგულირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თავისი სამართლებრივი ბუნებით შეეხება ქონების განკარგვის შეზღუდვა/აკრძალვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ უზღუდავს ნივთის მესაკუთრეს ქონების განკარგვას, მხოლოდ მიუთითებს ასეთი გასხვისების შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გადაყოლის იმპერატიულ დათქმას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მიერ სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლზე მითითება და პოზიცია, რომ შემძენზე უფლებრივად დაუტვირთავი ქონება უნდა გადავიდეს და პირველ რიგში აღნიშნა, რომ ი/მ ,,ვ. უ-ასა’’ და შპს ,,...“-ის ურთიერთობა დამყარებულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპზე, რომლის დროსაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გირავნობის ნორმები ვრცელდება ორი კერძო სუბიექტის მიერ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების პირობებისა და შესასრულებელი ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სადაც მხარეები თავისი სურვილით და ნამდვილი ნების გათვალისწინებით შედიან სამართლებრივ ურთიერთობაში. რაც შეეხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, აღნიშნული ინსტიტუტი ვრცელდება და მოქმედებას იწყებს არა ორ თანაბარ სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შესაბამისად, იგი რომელიმე მხარის ნებაზე არ არის დამოკიდებული და საჯარო კანონმდებლობის ნორმებს და მოთხოვნებს ეფუძნება.
სააპელაციო სასამართლომ ისევე, როგორც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა მეწარმისათვის დამახასიათებელი გულისხმიერება, რომელიც მოითხოვს მომეტებულ სიფრთხილეს გარიგების დადებისას. მხოლოდ ის არგუმენტაცია, რომ შპს ,,...-მა“ არ იცოდა და არ უნდა სცოდნოდა, ი/მ ,,ვ. უ-ას’’ საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ რადგან ამას კანონი არ ავალდებულებს, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აქტების ბათილობის საფუძველს არ წარმოდგენს.
ამდენად, დადასტურებულია, რომ ი/მ ,,ვ. უ-ას’’ სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (N...; N...; N...; N...; N...; N...; N...; N...), რომლითაც მან მოიპოვა ხე-ტყის მასალა - წიწვოვანი ჯიშის მრგვალი მორები, რომელიც შემდგომ, ამავე სახით ი/მ ,,ვ. უ-ასაგან’’ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეიძინა შპს ,,...-მა’’. დადასტურებულია, რომ კონკრეტული მრგვალი მორების დამუშავების შედეგად, დახერხილი ხის მასალა (ფიცარი, კოჭი, ძელაკი) შპს ,,...“-ს მიერ რეალიზებული იქნა შპს ,,ტ...-ზე“. ამდენად, თავად ნივთი მისი წარმოშობის მომენტიდან იდენტიფიცირებულია, სადავოა მხოლოდ შპს ,,...“-ის მიერ დამუშავებული მასალის განმარტება, ანუ შეიძლება თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მრგვალ მორებიდან ახალი მფლობელის საკუთრებაში დახერხილი ფორმის ხის მასალაზე (ფიცარი, კოჭი, ძელაკი) გავრცელდეს საგადასახადო უზრუნველყოფა გირავნობა/იპოთეკის სახით.
საგადასახადო კოდექსის 239.5 მუხლში გადმოცემულ სიტყვა ,,ამ ქონებაზე“ ზუსტადაც იმ მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გამოყენებული რა მნიშვნელობითაც, ფაქტობრივად შესაძლებელია ამ მასალის, გირავნობა/იპოთეკის გავრცელების დროს არსებული ფორმით, სუბსტანციით, დანიშნულებით, შემადგენლობით, მისი პირვანდელ მდგომარეობასთან იდენტიფიცირება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,...-ის“ მიერ დამუშავებული ხის მასალა არ არის სხვა მოძრავ თუ უძრავ ნივთებთან ისე დაკავშირებული/გაერთიანებული, რომ ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქნეს მიჩნეული, ან/და შეუძლებელი იყოს მისი თავდაპირველ მდგომარეობასთან იდენტიფიცირება. მას არ განუცდია ისეთის სახის მექანიკური დამუშავება/ ზემოქმედება, რომელიც შეცვლიდა
ნივთის სუბსტანციას, რაც შეუძლებელს გახდიდა მისი სხვა ნივთის შემადგენლობისგან გამოყოფა/იდენტიფიცირებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,...-ის’’ საკუთრებაში არსებული ქონება (23 კბ.მ დახერხილი ხის მასალა) გასხვისების პერიოდში დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და არ მომხდარა მისი გაუქმება, იგი კვლავ გავრცელდება ახალი მფლობელის მიმართ.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ- მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, ,,თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად".
საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,...-მა“ მრგვალი ხე-ტყის მასალა (მორები) შეიძინა ი/მ ,,ვ. უ-ასგან“, რომლის მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შპს ,,...-მა“ განახორციელა ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, ტრანსპორტირება და დასაწყობება. გადამუშავებულ პროდუქტებზე საგადასახადო ორგანომ ი/მ ,,ვ. უ-ას“ საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად დაადო ყადაღა.
კასატორის მტკიცებით, მართალია, სსკ-ის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონების გასხვისების შემთხვევაში ,,ამ ქონებაზე“ ახალი მესაკუთრის მიმართ კვლავ გავრცელდება საგადასახადო გირავნობა, მაგრამ ყადაღის დადება დასაშვებია სწორედ ,,აღნიშნულ ქონებაზე“ (იმავე ქონებაზე) და არა ქონებაზე, რომელიც მიღებულია ,,ამ ქონების“ გადამუშავებით და რომელიც ფაქტობრივადაც სხვა ქონებაა და ,,იურიდიულადაც“ (შეცვლილი აქვს სასაქონლო კოდი).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.07.2012 წ. N241 ბრძანებით დამტკიცებულია "საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)", რომელშიც თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი. ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის თანახმად, დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალას მინიჭებული აქვს კოდი 4403, დახერხილ ხე-ტყეს - 4409 და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 22.12.2004 წ. N1-1/282 ბრძანებით დამტკიცებულია ,,საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - ეკონომიკური საქმიანობის სახეები - სეკ 001-2004" (ძალადაკარგულია, მაგრამ საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გამოყენება დასაშვებია), რომლითაც საქმიანობის თითოეულ სახეს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი. ეროვნული კლასიფიკატორის თანახმად, ხე-ტყის დამზადება (მათ შორის ხე-ტყის ჭრა) სატყეო მეურნეობის დარგს განეკუთვნება და მინიჭებული აქვს კოდი 02.01.2, ხოლო მერქნის ხერხვა ხე-ტყის დამუშავებისა და ხის ნაწარმის დარგს განეკუთვნება და მინიჭებული აქვს კოდი 20.10.1.
კასატორის მოსაზრებით, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო გირავნობით დატვირთული მრგვალი ხე-ტყე (მორი) არ არის ყადაღადადებული დახერხილი ხის მასალა. შესაბამისად, სახეზე არაა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონება ("აღნიშნული ქონება"), რომელზეც დასაშვები იქნებოდა ყადაღის დადება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ გირავნობის საგანი გასხვისებულია ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, მყიდველმა არ იცოდა საგადასახადო გირავნობის შესახებ, ანუ ის მოქმედებდა კეთილსინდისიერად. ამასთან, მყიდველს არც შეიძლებოდა სცოდნოდა საგადასახადო გირავნობის შესახებ, ვინაიდან ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებს არ ჰქონია გრაფა, რომელიც საგადასახადო გირავნობის არსებობას აფიქსირებდა. აქედან გამომდინარე, მითითებული ნორმის საფუძველზე გადასახადის გადამხდელზე (შემძენზე) გადავიდა დაუტვირთავი საკუთრება.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, გამყიდველის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საგანზე „მთელი ქონება“. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ თავისი ქმედებით (გამყიდველის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდულ და მყიდველის მიერ შეძენილ ქონებაზე ყადაღის დადება) მიიჩნია, რომ მყიდველს შეეძლო დაედგინა, რომ გამყიდველის მთელ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით, მყიდველის მიმართ დამდგარი ზიანი მის გაუფრთხილებელ ქმედებას უკავშირდება.
ვინაიდან სავალდებულო არ არის მოძრავი ქონება საჯარო რეესტრში იყოს რეგისტრირებული და არც ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში არ ფიქსირდება საგადასახადო გირავნობის არსებობის შესახებ ინფორმაცია, არც იმის ვალდებულება არსებობს, რომ მოძრავი ნივთის შეძენისას შემოწმდეს მასზე რაიმე უფლების რეგისტრაციის არსებობა. ამის გარდა, მყიდველს რომც გაერკვია, რომ გამყიდველის „მთელ ქონებაზე“ რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, იგი იმას მაინც ვერ გაარკვევდა, მოცემულ კონკრეტულ ნივთზე ვრცელდებოდა თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ვინაიდან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
ამის გარდა, ვინაიდან გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგება შედგა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მყიდველი მიიჩნევდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით მყიდველზე დაუტვირთავი საკუთრება გადადის და, შესაბამისად, მყიდველს არ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაყიდულ მოძრავ ქონებაზე გირავნობის არსებობის შემოწმების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...-ის" საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...-ის" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 აპრილის №022-180 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №022-180/1 აქტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების შეძენის დროს მისთვის უცნობი იყო ი/მ ,,ვ. უ-ას’’ მიმართ საგადასახადო ვალდებულების გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებისა და მთელი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შეიძლება გავრცელდეს ახალი მფლობელის/მესაკუთრის მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ქონება იმავე სახით გადავიდა რა სახითაც იყო გამყიდველთან, რადგან სახეცვლილი ქონება (მორის დამუშავებიდან მიღებული ნივთები) აღარ წარმოადგეს საგადასახადო კოდექსის 239.5 მუხლით განსაზღვრულ ,,იმავე ქონებას“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსი, ისევე, როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის ფაქტს უკავშირებს მარეგისტრირებელ ორგანოში შეზღუდვის რეგისტრაციის მომენტს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი/მ ,,ვ. უ-ას“ მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული შეზღუდვა ინდმეწარმის ქონებაზე გავრცელებული და რეგისტრირებულია შპს ,,...“-ის მიერ საქონლის შეძენამდე. ამდენად, შეზღუდვის რეგისტრაცია წინ უსწრებს ქონების გასხვისების ფაქტს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შპს ,,...-ს“ ჰქონდა შესაძლებლობა, საქონლის შეძენამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაემოწმებინა ი/მ ,,ვ. უ-ას“ ქონებაზე ვალდებულების არსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო, საგადასახადო კოდექსისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე დაყრდნობით თვლის, რომ ახალ მესაკუთრეზე (შემძენზე) გირავნობა/იპოთეკის უფლება ვრცელდება იმ პირობებში, თუ ქონების შეძენის მომენტში, ქონებაზე არსებობდა რეგისტრირებული შეზღუდვა, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის და დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი/მ ,,ვ. უ-ასაგან’’ შეძენილი მრგვალი მორის დამუშავების შედეგად, საქონელმა დაკარგა იმავე ქონების სტატუსი, რაც განმსაზღვრელია საგადასახადო კოდექსის 239.5 მუხლის შემადგენლობისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ მორის დამუშავების შედეგად მიღებულ ხე-მასალას არ განუცდია იმ სახის მექანიკური დამუშავება, რაც მას გარდაქმნიდა სხვა ქონებად. ის კვლავ დარჩა იმავე სუბსტანციის მასალად და მისი სხვა ნივთისგან ან საქონლისგან გამოყოფა შესაძლებელია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ხე-ტყის დამზადება (დაჭრა) და მისი დამუშავება სხვადასხვა საქმიანობაა, აღნიშნული სადავო არ არის და არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ საქონელი რომელიც გასხვისდა, იდენტიფიცირებადია და ამ საქონლის მიმართ მოქმედებს უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო ასევე არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა არა სამოქალაქო სამართლებრივი იპოთეკა/გირავნობა, რომლის დროსაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გირავნობის ნორმები ვრცელდება ორი კერძო სუბიექტის მიერ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების პირობებისა და შესასრულებელი ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად, არამედ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელსაც სახელმწიფო იყენებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. კასატორის საყურადღებოდ უნდა აღინიშნოს, რომ თეორიაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გათანაბრებულია დაუძლეველ ძალასთან (ფორს-მაჟორთან), რომელსაც მხარეები უაპელაციოდ უნდა შეეგუონ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...-ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. კასატორის - შპს ,,...-ის" წარმომადგენელს გ. ფ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 07.02.2020წ. №9037586736 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე