Facebook Twitter
ბს-227(კ-21) 08 ივნისი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე



საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინებაზე.




ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


თ. კ-ამ 28.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მესამე პირის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 21.10.2019წ. N04/54821 წერილის ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც თ. კ-ას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონით დადგენილი ოდენობით, მის მიერ განცხადებით მიმართვის დღიდან- 2019 წლის სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.2020წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 21.10.2019წ. N04/54821 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე თ. კ-ას დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია ‘’სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით 2019 წლის სექტემბრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერების და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კანონის 12.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი, კომპენსაციის ოდენობა უფლებამოსილებადამთავრებული/უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის არის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი. სააპელაციო პალატამ თ. კ-ა მიიჩნია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის 12.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნტით გათვალისწინებულ სუბიექტად, ვინაიდან იგი განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 29.11.2005წ. N972 ბრძანებულებით, სასამართლოს ლიკვიდაციის გამო. პალატამ აღნიშნა, რომ კანონი ითვალისწინებს, როგორც უფლებამოსილებადამთავრებული (ანუ 10 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ განთავისუფლებული), ასევე უფლებამოსილებაშეწყვეტილი (თ. კ-ას შემთხვევაში სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძველზე განთავისუფლებული) მოსამართლისთვის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კომპენსაციის დანიშვნის ვალდებულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს,რომ თ. კ-ას არ უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია, ვინაიდან არ ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის 10 წლის სტაჟი. კასატორი მიუთითებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 77.2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით თუ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 13.06.1997წ. ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’, ,,ო’’ ან ,,ჟ’’ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სასამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლედ მუშაობის 10 წლის სტაჟი, სასამართლოდან მსგავსი საფუძვლით (ლიკვიდაცია) განთავისუფლებული მოსამართლეებისთვის წარმოადგენს კანონის იმპერატიულ დანაწესს, შესაბამისად სააგენტოს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში სადავოა თ. კ-ასთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 07.05.1999წ. N242 ბრძანებულებით, თ. კ-ა 10 წლის ვადით დაინიშნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ. ამავე ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე თ. კ-ა სამოსამართლო უფლებამოსილებას განახორციელებდა თბილისის საოლქო სასამართლოში 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 29.11.2005წ N972 ბრძანებულებით, მოსამართლე თ. კ-ა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო’’ ქვეპუნქტის და 541 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაცია), განთავისუფლდა თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოსამართლეთა რეზერვში. საქართველოს პრეზიდენტის 27.06.2007წ. N393 ბრძანებულებით თ. კ-ა ამოირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე. .„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში.
,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 77.2 მუხლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ 13.06.1997წ საქართველოს ორგანული კანონის ა) 46-49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სასამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში; გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’, ,,ო’’ ან ,,ჟ’’ ქვეპუნქტის , ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის 77.2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომელიც მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის ითვალისწინებს ორ სავალდებულო კუმულატიურ წინაპირობას, კერძოდ 10 წლიან სამოსამართლო სტაჟს და კონკრეტული თარიღიდან (1999 წლის 15 მაისიდან) სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც არეგულირებს 1999 წლის 15 მაისიდან უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლეებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კონკრეტულ საფუძვლებს. მოსამართლედ დანიშვნის ახალი მოთხოვნების შემოღებასთან დაკავშირებით, რასაც თან სდევდა მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა იმ პირებისთვის, რომლებიც ახალ მოთხოვნებს არ პასუხობდნენ, დადგინდა, რომ 1999 წლის 15 მაისიდან 10 წლის სტაჟის მქონე, უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლეებს დაენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ თ. კ-ას სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძვლით (საქართველოს პრეზიდენტის 29.11.2005წ ბრძანებულებით) შეუწყდა უფლებამოსილება, თუმცა არა 1999 წლის 15 მაისიდან. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ არ ვრცელდება ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ კანონის 77.2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის დანაწესი. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 12.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი ზოგადი ხასიათისაა და ადგენს 65 წლის ასაკის მიღწევისას ლიკვიდაციის გამო უფლებამოსილებაშეწყვეტილი მოსამართლის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ვინაიდან თ. კ-ა საქართველოს პრეზიდენტის 29.11.2019 წ. N972 ბრძანებულებით სასამართლო ლიკვიდაციის (,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54.1 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნტის და 541.2 პუნქტი) საფუძვლით განთავისუფლდა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან (ს.ფ 18, ტ.1), მასზე უნდა გავრცელდეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის მე-12 მუხლი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს ნორმათა კოლიზიას. კოლიზია სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იმავე შემთხვევის, ერთი და იმავე ურთიერთობის რეგულირება გათვალისწინებულია ორი ან რამოდენიმე ნორმით, რომლებიც თავისი შინაარსით არ შეესაბამება ერთმანეთს და განსხავავებულად წყვეტენ ერთსა და იმავე საკითხს (სუსგ 31.10.2005წ. Nბს-1081-661 (კ-05)). ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის 12.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი დამოუკიდებლად წარმოშობს სასამართლო ლიკვიდაციის საფუძვლით უფლებამოსილებაშეწყვეტილი, საპენსიო ასაკს მიღწეული მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის უფლებას. რაც შეეხება ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 77.2 ,,გ’’ ქვეპუნქტის დანაწესს, აღნიშნული განეკუთვნება სპეციალურ ნორმათა რიგს, რომელიც კონკრეტულად მხოლოდ 1999 წლის 15 მაისიდან უფლებამოსილებაშეწყვეტილი (მათ შორის სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძვლით), საპენსიო ასაკს მიღწეული მოსამართლის მიერ კომპენსაციის მიღების უფლებას განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა (1999 წლის 15 მაისიდან უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სადავო აქტის ბათილად ცნობის და თ. კ-ას მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის თარიღიდან-2019 წლის სექტემბრიდან, ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ქ.ცინცაძე