საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-532(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თავდაპირველი მოსარჩელეები - შპს „ტე...ი“, შპს „ტ...ო“, შპს „ე...ი“, შპს „ქ...ო“, შპს „ს...ო“, ა(ა)იპ „სა...ი“, სამაუწყებლო კომპანია „ტ...ა“
მესამე პირები - შპს „მ...ი“, შპს „ი...ი“
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...-მა“, შპს „ტე...მა“, შპს „ტ...ომ“, შპს „ე...მა“, შპს „ქართულმა რადიომ“, შპს „ს...ომ“, ა(ა)იპ „სა...მა“ და სამაუწყებლო კომპანია „ტ...ამ“ 2016 წლის 24 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვეს „ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმების დამტკიცების შესახებ“ ამავე კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ (1.3, 1.4, 1.5, 1.6 და 1.7 ფორმების) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით შეჩერდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილების მოქმედება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „მ...ი“ და შპს „ი...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“, შპს „ტე...ის“, შპს „ტ...ოს“, შპს „ე...ის“, შპს „ქ...ოს“, შპს „ს...ოს“, ა(ა)იპ „სა...ისა“ და სამაუწყებლო კომპანია „ტ...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...-მა“, შპს „მ...მა“ და შპს „ი...მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „...-ის“, შპს „მ...ისა“ და შპს „ი...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „...-მა“, შპს „მ...მა“ და შპს „ი...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისისა და 20 ოქტომბრის განჩინებებით შპს „...-ის“, შპს „მ...ისა“ და შპს „ი...ის“ საკასაციო საჩივარი შპს „...-ის“ ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო შპს „მ...ისა“ და შპს „ი...ის“ ნაწილში - დარჩა განუხილველად.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული აქტის 1.3 და 1.5 ფორმებთან დაკავშირებით სასამართლოები მიუთითებენ, რომ ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გათვალისწინებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტითაც, თუმცა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ კომისიამ გამოიყენა „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონი, რომელიც მაუწყებლებზე არ ვრცელდება, ასევე, კომისიამ უსაფუძვლოდ მიუთითა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემუშავებულ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაანგარიშების მოკლე მეთოდოლოგიასა და პრაქტიკაზე“.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტის 1.4 ფორმის მე-2 კლასიფიკატორის მე-5 პუნქტით კომისიამ მაუწყებელს ინფორმაციის წარდგენის ახალი ვადა და ფორმა დაუწესა, რაც ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო აქტის 1.7 ფორმა ლახავს პირთა კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან კანონით სავალდებულოა შესაბამისი მონაცემებით 7000 ლარზე მეტი შემოსავლის დეკლარირება, ხოლო გასაჩივრებული ფორმით გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა იქნეს წარდგენილი. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა გამოიწვევს სარეკლამო ბაზარზე კონკურენციის რღვევას, ვინაიდან იდენტიფიცირებადი ხდება სააგენტოების, კონკრეტული კლიენტებისა და გაყიდვების სახლების სამეწარმეო საიდუმლოებები და მათი კომერციული გარიგებების დეტალები.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტის 1.5, 1.6 და 1.7 ფორმების ძველ პერიოდზე გავრცელებით დარღვეულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების პრინციპი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმების კანონშესაბამისობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კი, კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სამართლებრივი აქტების მიღება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის №95/19 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი №1).
მოსარჩელე დასახელებული ფორმების ნაწილს ასაჩივრებს, მათ შორის, იგი ითხოვს 1.3 ფორმის ბათილად ცნობას, რომელიც ივსება წელიწადში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა. ფორმის შევსების ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 1000000 ლარს და მითითებული ფორმით წარდგენილ უნდა იქნეს ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია. საკასაციო პალატა, მოცემული ფორმის კანონიერების შემოწმებისას, მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის 31 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ. ამრიგად, გასაჩივრებული ფორმით მოთხოვნილია სწორედ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა.
სარჩელით, ასევე, სადავოდაა ქცეული 1.4 ფორმის მე-2 კლასიფიკატორის მე-5 პუნქტი. აღნიშნული ფორმა ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა. ფორმას ავსებენ მხოლოდ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და წარდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლობისა და თვითრეგულირების მექანიზმის თაობაზე შეტანილი საჩივრების შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც ადგენს კომისიის უფლებამოსილებასა და მაუწყებლის ვალდებულებას, სრულად და მოთხოვნილ ვადაში წარადგინოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მიერ გასაჩივრებული ფორმით მოთხოვნილია იმ ინფორმაციის წარდგენა, რომლის წარდგენის ვალდებულებაც კანონით არის დადგენილი. ამასთან, ასეთი ინფორმაციის წარდგენის ვადის განსაზღვრის უფლებამოსილება სწორედ კომისიას აქვს მინიჭებული.
რაც შეეხება 1.5 და 1.6 ფორმებს, მათ საფუძველზე მაუწყებლებმა უნდა წარადგინონ დაფინანსების წყაროებისა (სახეობების მიხედვით) და გაწეული სასყიდლიანი ან უსასყიდლო მომსახურების (თვეების მიხედვით) შესახებ ინფორმაცია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინფორმაცია მოთხოვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. მართალია, ინფორმაციის თვეების მიხედვით წარდგენაზე ნორმაში პირდაპირი მითითება არ არის გაკეთებული, მაგრამ ინფორმაციის მსგავსი ფორმით წარდგენა დაფინანსებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ზოგადი ვალდებულების უკეთ შესრულების მიზანს ემსახურება. ამასთან, ინფორმაციის თვეების მიხედვით წარდგენა არ გულისხმობს ფორმის ყოველთვიურად შევსებას. ფორმები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კვარტალში ერთხელ ივსება. გარდა ამისა, კასატორი დაფინანსების წყაროების სახეობების გასაჯაროებასაც არ ეთანხმება, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის 41 პუნქტით არის დადგენილი, რომ კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ, მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს.
მოსარჩელე არ ეთანხმება 1.7 ფორმასაც, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა სიის წარდგენის ვალდებულებას, რომელთა გაწეულმა დაფინანსებამაც კვარტალურად 7000 ლარს გადააჭარბა. მითითებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კი ემსახურება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლის 42 პუნქტის აღსრულებას, რომლის თანახმადაც, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა კანონმდებლობის შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებად. კანონის მართლზომიერებას კი სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს, აღნიშნული შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის საფუძველი, თუკი კასატორი მიიჩნევს, რომ ირღვევა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 2019 წლის 24 მაისის №1558687505 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე