საქმე #ბს-791(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 24 თებერვალს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „...ის“ მარნეულის ფილიალის (მის.: ქ. მარნეული, ... ...ის ქუჩა) მიერ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდამდე დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმება, რაზეც 2016 წლის 28 აგვისტოს შედგა #7 შერჩევითი შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტი შპს „...ის“ მიერ 2016 წლის 27 სექტემბრის #100322 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რასთან დაკავშირებითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ მიღებულ იქნა 2016 წლის 10 ნოემბრის #22 საოქმო გადაწყვეტილება და 2016 წლის 22 დეკემბრის #22/1 საოქმო გადაწყვეტილება. მოსარჩელე არ ეთანხმება #22 საოქმო გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტებს, ასევე, #22/1 საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 10 ნოემბერის #22 საოქმო გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 პუნქტებისა და 2016 წლის 22 დეკემბრის #22/1 საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილველი კომისიის 26.01.2016წ. #04/4554 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2016 წლის 10 ნოემბრის #22 საოქმო გადაწყვეტილება) და 26.01.2017წ. #04/4553 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (2016 წლის 22 დეკემბრის #22/1 საოქმო გადაწყვეტილება) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „...ის“ 2016 წლის 27 სექტემბრის #100322 ადმინისტრაციული საჩივარი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოფილიყო კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობა იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, მსჯელობიდან არ დგინდება სააპელაციო სასამართლომ რა მიზეზით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, გასაჩივრებული ყველა შემთხვევის განხილვისას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მითითებული იყო არგუმენტირებულად, ამომწურავი დასაბუთებით. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი კომისიის 2016 წლის 10 ნოემბერის #22 საოქმო გადაწყვეტილების მე-3, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 პუნქტებისა და 2016 წლის 22 დეკემბრის #22/1 საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს #7 შერჩევითი შემოწმების აქტით მოსარჩელე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-19 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით დაჯარიმდა იმ საფუძვლით, რომ კლინიკა სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწარმოებდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რის გამოც არასწორად ხდებოდა ანგარიშსწორება, არ გაიცემოდა სალაროს შემოსავლის ორდერი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
იმავე პროგრამის #1 დანართის მე-16 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. არაგეგმური რევიზია ხორციელდება სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის ან ობიექტური გარემოების არსებობისას, სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. რევიზიის შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს რეგულირების სააგენტო. რევიზიის პროცესში აღმოჩენილ/გამოვლენილ იმ გარემოებებს, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებლის კომპეტენციას, რეგულირების სააგენტო ატყობინებს პროგრამის განმახორციელებელს. რეგულირების სააგენტო თავისუფლდება რევიზიის ჩატარების ვალდებულებისაგან იმ შემთხვევებზე, რომლებიც უკვე დაექვემდებარა პროგრამის განმახორციელებლის მხრიდან კონტროლს და კონტროლის პროცესში არ იყო გამოკვეთილი რევიზიის ჩატარების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.
ამასთან, ამავე დადგენილების 21-ე მუხლი განსაზღვრავს მომსახურების მოცულობას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის სამედიცინო მომსახურებას დანართი #1.1-ის და #1.2-ის შესაბამისად.
დანართი #1.2-ის შესაბამისად, დგინდება პირველი, მე-2 და მე-3 დონეების განმარტებები პაციენტის საჭიროებების მიხედვით. პროგრამის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნების შემთხვევაში მომსახურება ანაზღაურდება ქვემოთ მოყვანილი წესით: ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დონეების ცვლილების ან/და პაციენტის სხვა განყოფილებაში გადაყვანისას - დღის მომსახურების ღირებულების გადაანგარიშება მოხდება პროგრამული შემთხვევის ფარგლებში გატარებული სრული საათის რაოდენობის მიხედვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების საჭიროებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2021 წლის 26 იანვარს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რის გამოც სააგენტოს სათანადო მოპასუხით შეცვლის საკითხის განხილვა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს: 2020 წლის 1 სექტემბრამდე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; 2020 წლის 1 სექტემბრიდან: სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მე-2 პუნქტისა; ბ.ბ) 1.8 დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ამასთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის #487 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
მოხმობილი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიმართულებით მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით დაევალა. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლებით და სადავო შემთხვევებთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებისამებრ განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (საქმე #ბს-1122(კ-20)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04425 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 08.12.2020წ. #07996 საგადახდო მოთხოვნით - 438.95 ლარის ოდენობით, ჯამში - 738.95 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 517.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04425 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 08.12.2020წ. #07996 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 438.95 ლარის, ჯამში - 738.95 ლარის 70 პროცენტი - 517.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე