საქმე #ბს-1177(კ-20) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „ე...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 7 ივლისს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
2017 წლის 8 აგვისტოს შპს „...ომ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის გაერთიანდა ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმეები #3/4773-17 (მოსარჩელე - შპს „...ო“, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა), #3/5521-17 (მოსარჩელე - შპს „...ო“, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა); გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა საქმის #3/4773-17.
საბოლოოდ, მოსარჩელემ ნ. ღ-ისა და ნ. მ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის #04/23807 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის #04/39668 გადაწყვეტილების, თ. ს-ის, ა. ხ-ის, ლ. კ-ის, ი. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. ზ-ის, თ. თ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 მარტის #04/17406 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის #04/47492 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სადავო შემთხვევების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის #04/23807 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ოს“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების - ნ. ღ-ისა (პ/ნ ...) და ნ. მ-ის (პ/ნ ...) სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ასევე 2017 წლის 22 მარტის #04/17406 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „...ოს“ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტების - თ. ს-ის (პ/ნ ...), ა. ხ-ის (პ/ნ ...), ლ. კ-ის (პ/ნ ...), ი. მ-ის (პ/ნ ...), ლ. გ-ის (პ/ნ ...), ნ. ზ-ისა (პ/ნ ...) და თ. თ-ის (პ/ნ ...) სამედიცინო შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის #04/23807 გადაწყვეტილება და 2017 წლის 22 მარტის #04/17406 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს სამედიცინო დაწესებულების კანონიერ უფლებას, მიიღოს ანაზღაურება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ომ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა სს „ე...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „...ოს“ უფლებამონაცვლე სს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა გაზრდილი სამედიცინო ღირებულებების ანაზღაურების მოთხოვნას მიმწოდებლის მხრიდან, ხოლო სხვა შემთხვევებში, არ დგინდებოდა გადაუდებელი სტაციონარიზაციის აუცილებლობა. აპელანტის მიერ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ზემოაღნიშნული დადგენილების მიზანს წარმოადგენდა იმ ხარჯების ანაზღაურება, რა სამედიცინო ჩარევაც განახორციელა მიმწოდებელმა პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევაზე და დაუშვებელი იყო სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც არ არსებობდა შპს „...ოს“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე...მა“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლემ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პაციენტების - ნ. ღ-ის, ნ. მ-ის, თ. ს-ის, ი. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. ზ-ის და თ. თ-ის შემთხვევებთან მიმართებით, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ სჭირდებოდათ ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მათ ჩაუტარდათ. კასატორის მოსაზრებით, ყველა ექიმი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი. შესაბამისად, ყველა პაციენტი საჭიროებდა ამ ტიპის მომსახურებას, რადგან სხვა შემთხვევაში, გარდაუვალი გახდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
კასატორის მითითებით, უდავოა, რომ ზემოაღნიშნული პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მოსარგებლეებს. მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე დადგენილების #1.3 დანართი, რომლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტითაც განმარტებულია, რომ ამ დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: გ) სტაციონარული მომსახურება: გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება: გ.ა.ა) #1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები; გ.ა.ბ) სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია.
კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, კანონმდებლის ნებით პროგრამა ითვალისწინებს დადგენილების დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის ყველა ტიპის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების დაფინანსებას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ჩარევა არ არის განსაზღვრული #1.2 დანართით.
რაც შეეხება პაციენტ ა. ხ-ს, კასატორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო გადამწყვეტი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ის, რომ პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის ფარგლებში. კასატორი მიუთითებს 2015 წლის 30 დეკემბრის #660 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების #17 დანართის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრული მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, ასევე არის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება, რომელიც მოიცავს პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის მართვასა და ინტენსიურ თერაპიას და რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილება, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების ფარგლებში.
კასატორის მითითებით, პაციენტთან დასმული დიაგნოზი - D69.3 იდიოპათიკური თრომბოციტოპენიური პურპურა, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1.2 დანართით და პაციენტს ჩაუტარდა I დონის ინტენსიური მკურნალობა და მოვლა, რაც ფინანსდება ამ დადგენილებით და არა სხვა პროგრამით.
ამასთან, პაციენტ ლ. კ-ის შემთხვევასთან მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ კალკუკაციით განსაზღვრული ხარჯი შეადგენდა 2880.94 ლარს. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია კალკულაციაში მითითებული ფასი - 2069.10 ლარი (და არა ფაქტობრივი ხარჯი), რისი შესაბამისი წილის დაფინანსებაც იქნა მოთხოვნილი. კერძოდ, კალკულაციაში მითითებულია, რომ პაციენტის მიერ ასანაზღაურებელია 2069.10 ლარი, ფასი, რომელიც 2016 წლის 21 ივნისიდან მოქმედებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის და რომელიც შესაბამისი წესით ფიქსირდება ელ. პორტალზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ე...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. ღ-ისა და ნ. მ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის #04/23807 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის #04/39668 გადაწყვეტილების, თ. ს-ის, ა. ხ-ის, ლ. კ-ის, ი. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. ზ-ის, თ. თ-ის შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 22 მარტის #04/17406 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 ივლისის #04/47492 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის სადავო შემთხვევების ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობების დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევებიდან ოთხს პაციენტს - ი. მ-ს, ლ. გ-ეს, ნ. ზ-ესა და თ. თ-ეს დაესვათ დიაგნოზი - M31.9. ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი, ხოლო ორი პაციენტი - ნ. ღ-ე და ნ. მ-ი მკურნალობდნენ თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომების გამო (დიაგნოზი - G44.8). გარდა ამისა, ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ შემდეგ შემთხვევებს: პაციენტ თ. ს-ის შემთხვევას, რომლის მიმართ დაისვა კლინიკური დიაგნოზი: K52.9. არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი; პაციენტი ა. ხ-ი კლინიკაში მოთავსდა დიაგნოზით - D69.3. იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა, ხოლო პაციენტ ლ. კ-ის დიაგნოზს წარმოადგენდა R09.1. პლევრიტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურება გაწეულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის აღნიშვნას, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით მოცემული დიაგნოზების (K52.9. არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი, დაუზუსტებელი და M31.9. ნეკროზული ვასკულოპათია, დაუზუსტებელი) შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურება გაწეული უნდა იყოს ჯანდაცვის პირველადი რგოლის მეშვეობით და არა სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო კლასიფიკატორების მიხედვით, განსაზღვრულია, რომ K.52.9 - გასტროენეტერიტი არის ქრონიკული არაინფექციური დაავადება, რის გამოც არ არსებობს დიაგნოზის სტაციონარიზაციის ფაქტობრივი შემადგენლობა, ხოლო M31.9. - ნეკროზული ვასკულოპათიის მართვა დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, ასევე არ საჭიროებს გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას.
რაც შეეხებათ ნ. ღ-ისა და ნ. მ-ის შემთხვევებს, რომლებიც მკურნალობდნენ - თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომების გამო (დიაგნოზი - G44.8), წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მათ მიმართ, ძირითადად ჩატარებულია გეგმიური დიაგნოსტიკური კვლევები. ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჩამოთვლილი მდგომარეობები განეკუთვნება ამბულატორიულ დონეზე მართვად მდგომარეობებს, რომლის მართვა უნდა განხორციელდეს პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პაციენტების - თ. ს-ის, ი. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. ზ-ის, თ. თ-ის, ნ. ღ-ისა და ნ. მ-ის მიმართ სათანადო საფუძვლების გარეშე განხორციელდა სამედიცინო მომსახურება გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტით, რის გამოც არსებობდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების 22-ე მუხლზე, რომელიც ეხება დაფინანსების მეთოდოლოგიასა და ანაზღაურების წესს. მითითებული მუხლის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, 21-ე მუხლის (მომსახურების მოცულობა) პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი #1.1-ით, დანართი #1.2-ით, დანართი #1.3-ით და დანართი #1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.
საკასაციო სასამართლო პაციენტების - ა. ხ-ისა და ლ. კ-ის საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ერთ შემთხვევაში, ნოზოლოგიისთვის (D69.3. იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა) სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი გაცილებით ნაკლები იყო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წარდგენილი ინტენსიური მკურნალობისას სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელ თანხასთან შედარებით, ამასთან, ამავე შემთხვევაში, აღნიშნული დიაგნოზი ანაზღაურდებოდა სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც სახეზე იყო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება პლევრიტის R09.1. დიაგნოზის დასმისას, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი პროგრამული შემთხვევის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა არა მარტო ისტორიულ სადაზღვევო მინიმუმს, არამედ პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებულ მინიმალურ ღირებულებასაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „ე...ს“ საკასაციო საჩივარზე 16.10.2020წ. #920 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „ე...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე...ის“ (შპს „...ოს“ უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. სს „ე...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2020წ. #920 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე