Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-199(კ-21) 7 ივნისი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ. წ-ი, ნ. წ-ი, ა. ჯ-ა, ნ. ჯ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. წ-მა, ნ. წ-მა, ა. ჯ-ამ და ნ. ჯ-ამ 2018 წლის 26 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და ამავე სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის №01-1128/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ლ. წ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაცვლად მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის, ნ. წ-ის, ა. ჯ-ას და ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის №01-1128/ო ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ლ. წ-ის ოჯახი უზრუნველყოფილ იქნება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. წ-ის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არასაკმარისი ქულათა ოდენობა. კერძოდ, ოჯახს დააკლდა 2 ქულა მძიმე საცხოვრებელი პირობებისთვის დადგენილ კრიტერიუმში, ხოლო 3 ქულა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ფართში მცხოვრებ დევნილ ოჯახს, რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. შესაბამისად, დარჩენილი 5 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მოსარჩელეთა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად. ამასთან, სხვა დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართებით 6.5 ქულის არსებობის პირობებში დაკმაყოფილდნენ.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად, საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართი, თავისი მდგომარეობით, არის საცხოვრებელი, რომელიც არ შეესაბამება მითითებული ნორმით დადგენილ „მძიმე საცხოვრებელ პირობებს“. საქმეზე წარდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ შენობა არის ოდა სახლის ტიპის, რომელიც მეტნაკლებად კეთილმოწყობილია კონსტრუქციული თვისებებით, ტიხრებით, ჭერით, იატაკით. მართალია, ის არ წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობას, თუმცა ვარგისია საცხოვრებლად.
ამდენად, კასატორის აზრით, სააგენტოს გადაწყვეტილება მოცემულ აპლიკანტთან მიმართებით „მძიმე საცხოვრებლის“ კატეგორიაში მინიჭებული 2 ქულის გაუქმების თაობაზე მართებული იყო, რაც სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, არასაკმარისი ქულათა ოდენობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. წ-ის ოჯახის მდგომარეობა, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეფასდა 10 ქულით, ვინაიდან მისი საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს; იგი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში; ცხოვრობს ქირის გარეშე სხვის საკუთრებაში; ოჯახში 18 წლამდე ასაკის ორი წევრია; რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში 65001-100000 შორის სარეიტინგო ქულით და არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ივნისს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას, აპლიკანტს შეუმცირდა ოჯახის მდგომარეობისათვის მინიჭებული 10 ქულა, კერძოდ, 2 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში, ხოლო 3 ქულა კრიტერიუმში - ოჯახი არ ცხოვრობს ობიექტში, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული შეფასება კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 ოქტომბრის №01-1128/ო ბრძანებით მოსარჩელის ოჯახისთვის, ქულათა არასაკმარისი ოდენობის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელეები არიან დევნილები, ისინი ფაქტობრივად ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში, რომლის მესაკუთრეც განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის ავარიულობის გამო, იძულებულია ლ. წ-ის ოჯახი გამოასახლოს აღნიშნული სახლიდან. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით, ასევე, დასტურდება, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ თვითნაკეთ ფიცრულ შენობაში, რომელშიც მძიმე საცხოვრებელი პირობებია. საქმეში წარმოდგენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 თებერვლის №02/1269 წერილის მიხედვით კი, ლ. წ-ის ოჯახს მძიმე სოციალური და საცხოვრებელი პირობები აქვს. კერძოდ, მათი საცხოვრებელი ფართი ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში (ყოფილი სანერგე მეურნეობისა და ყოფილი სასადილოს შენობა) ავარიულ მდგომარეობაშია და სახიფათოა საცხოვრებლად, რის გამოც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეთხოვა, კომპეტენციის ფარგლებში, წერილში მითითებულ პირებს გამოყოფოდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. ამრიგად, დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - კრიტერიუმის მიხედვით, მოსარჩელე ლ. წ-ის ოჯახისთვის 2 ქულის დაკლება არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ წესს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მისთვის მინიჭებული 7 ქულის ფარგლებში უნდა ემსჯელა. ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის №22 ოქმის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ 6.5 ქულის მქონე დევნილი ოჯახები, 7 ქულა სრულიად საკმარისია მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად. მოცემულ პირობებში კი, მოსარჩელის მძიმე საცხოვრებელი პირობების არსებობის გათვალისწინებით, იგი აკმაყოფილებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს. ამდენად, ლ. წ-ის ოჯახს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ა. წულაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. ქადაგიძე