№ბს-63(კ-21) 7 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 21 თებერვალს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურსათვის მ. მ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (დაბადების თარიღში ... წლის ნაცვლად, მიეთითოს ... წელი) შესწორების შეტანის დავალების თაობაზე. (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. 13.05.2020 წლის დისტანციური სასამართლო სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა მ. მ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა და დაბადების თარიღში ... წლის ნაცვლად, ... წლის მითითება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი №... დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, მ. მ-ი (მამა - ი. მ-ი, დედა - ნ. მ-ი), დაიბადა ... წლის ... ... .
დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია ... წლის ... ...ს.
2019 წლის 4 ნოემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა მ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული დაბადების თარიღის - ...წ, თარიღით - ...წ, შესწორება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, მ. მ-ის წარმომადგენლის მოთხოვნა, დაბადების აქტში დაფიქსირებული მონაცემის შესწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 2 დეკემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა მ. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. საჩივარში მიუთითა, რომ ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილებას და ითხოვა მ. მ-ის დაბადების თარიღად დადგენილ იქნეს ... ..., ... წელი. 2019 წლის 11 დეკემბერს მ. მ-ის წარმომადგენელმა მ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2019 წლის 2 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული დაბადების თარიღის - ...წ. თარიღით - ...წ. შესწორება.
მ. მ-ის წარმომადგენლის 2019 წლის 2 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც სააგენტომ 2019 წლის 16 დეკემბერს, №... წერილით მიმართა შპს „...ს“ (...ი) და ითხოვა შემჭიდროვებულ ვადაში ...ის სამშობიარო სახლის მასალაში ბავშვის დაბადების შესახებ ... წლის სამედიცინო ცნობის მოძიება, შედგენილი დედის - ნ. მ-ის (ბ-ას) მიმართ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ცენტრს ასევე ეთხოვა აღნიშნული ჩანაწერის ასლის სააგენტოსთვის მიწოდება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №... წერილის პასუხად, შპს „...ის“ (...ი) აღმასრულებელმა მენეჯერმა 2019 წლის 26 დეკემბერს მიმართა სააგენტოს და აცნობა, რომ ...ის სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვის დაბადების სამედიცინო ცნობის შესახებ, ... წელს დედის - ნ. მ- (ბ-ას) მიმართ, მონაცემები არ იძებნება. 2019 წლის 16 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ასევე წერილით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივს, რომელსაც ეთხოვა შემჭიდროვებულ ვადაში ...ისა და ...ის სამშობიარო სახლის მასალაში მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის მოძიება, შედგენილი ... წელს დედის - ნ. მ-ის (ბ-ას) მიმართ და დადებითი პასუხის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერის ასლის სააგენტოსთვის მიწოდება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის წერილის პასუხად, საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის რეგიონული არქივის დირექტორმა 2019 წლის 17 დეკემბერს, №... წერილით მიმართა სააგენტოს და აცნობა, რომ ...ისა და ...ის სამშობიარო სახლის დოკუმენტები ზესტაფონის არქივში დასაცავად არ შესულა, რის გამოც ვერ იქნებოდა წარდგენილი ცნობა ბავშვის დაბადების შესახებ.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით, მ. მ-ის წარმომადგენლის მ. გ-ის 2019 წლის 2 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - მ. ბ-ამ განმარტა, რომ მ. მ-ი არის მისი ბიძაშვილის შვილი, იგივე დისშვილი. მან აღნიშნა, რომ მ. მ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, ...ის სამშობიაროში და მისი დაბადება პირველმა მან შეიტყო, ვინაიდან იგი იმ დღეს ...ში იმყოფებოდა დასთან სტუმრად, სადაც უთხრეს, რომ მისმა ბიძაშვილმა იმშობიარა და ეყოლა გოგო. მოწმის განმარტებით, იგი შემდგომ დაბრუნდა თავის სოფელში, სადაც დახვდა სიძე, რომელსაც მიულოცა და უთხრა, რომ გოგო ეყოლა და ბავშვს დაარქვეს. ამდენად, მოწმის თქმით, მ. მ-ს სახელი სწორედ მისი შერჩევით დაარქვეს და ამის გამო ძალიან კარგად ახსოვს მისი დაბადების თარიღი - ... წლის ... ... .
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერს საფუძვლად უდევს სამედიცინო ცნობა, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა მოსარჩელის დაბადების ზუსტი თარიღი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული. აღნიშნული ცნობა დაცული უნდა ყოფილიყო თვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და უნდა ინახებოდეს მოსარჩელესთან, რადგან წარმოადგენდა დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველს.
საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მართლია მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მოცემული მონაცემის უტყუარობა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ცალსახად არ დასტურდება, თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილია მ. მ-ის სახელზე სხვა დაბადების თარიღის (... წელი) შემცველი მონაცემით არაერთი დოკუმენტის გაცემის მტკიცებულება და მოწმის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა მ. მ-ის ... წლის ... ...ს დაბადების ფაქტი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დაბადების შესახებ აქტის ჩანაწერი არ ემყარება სარწმუნო დოკუმენტებს და ამასთან, არსებობს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სააქტო ჩანაწერი, როგორც მოსარჩელის დაბადების თვედ ივლისის დადასტურების უდავო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. ამასთან, მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერი განხორციელებულია ... წლის ... ...ს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის ... წლის ... ...ს დაბადების ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ზე გაცემულია პირადობის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი და პასპორტი, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია ... წელი, კერძოდ: დადგენილია, რომ მ. მ-ზე ... წლის ... ...ს გაცემულია პასპორტი №..., 2004 წლის 30 ივნისს გაცემულია პირადობის მოწმობა №..., 2004 წლის 14 სექტემბერს გაცემულია პასპორტი №..., ხოლო 2009 წლის 04 აგვისტოს ასევე გაცემულია პასპორტი №... . ყველა აღნიშნულ დოკუმენტში მ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია: ... წელი. ამასთან სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფორმა №1, რომელიც დათარიღებულია ... წლით და მ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია: ... ... ... წელი (ს.ფ. 24; 56). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტებში მ. მ-ის დაბადების თარიღად ... წელის მითითება არ არის გამოწვეული მოსარჩელე მხარის უკანონო ქმედებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. მ-ის დაბადების აქტში დაბადების თარიღად ... მიუთითებლობა, გამოიწვევს ყველაზემოაღნიშნული აქტების გაუქმებას, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში „... წლის ... ...ი“ მითითება გამოწვეულია თვით ადმინისტრაციული ორგანოს დაშვებული შეცდომით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წ. მითითება არსებითად არ დაარღვევს არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი სამართლებრივი დაცვის მყარ გარანტიებს უქმნის აღმჭურველ აქტს იმ მიზნით, რომ დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს და არ დაკარგოს ის სამართლებრივი სიკეთე, რაც ასეთ აღმჭურველ აქტშია დადგენილი. აღმჭურველი აქტით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის მიღება განსაკუთრებით დაცული და უზრუნველყოფილია მაშინ, როდესაც დაინტერესებულ მხარეს აქვს კანონიერი ნდობა და ასეთმა მხარემ აღმჭურველი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აქტით, საქართველოს მოქალაქის პასპორტით, სადაც მ. მ-ის დაბადების თარიღი მითითებულია ... წელი იმყოფება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ-იტალიაში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წელის მიუთითებლობის შემთხვევაში არსებითი ზიანი მიადგება მოსარჩელე მხარეს, რადგან აღნიშნული გამოიწვევს ყველა დოკუმენტაციის გაუქმებას, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის გაუქმებას, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია ... წელი, ასევე გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგება ყველა ის იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, რომელიც მ. მ-ს განხორციელებული აქვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების, მ. მ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღში ... წლის ნაცვლად ... წლის მითითების, დავალებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ „სამოქალაქო აქტების შსახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში (№..., ...წ.) გადასწორების გარეშე დაბადების თარიღი მითითებულია – ... წელი და აქტის რეგისტრაციის თარიღი - ... წელი. ასევე, სააგენტოს ზესტაფონის სრ სამსახურისა და სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის ინფორმაციით, მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერის წინა და შემდეგი აქტი რეგისტრირებულია თანმიმდევრულად, კერძოდ: ... წლის ... ...სა და ... ...ს, რაც, კასატორების მითითებით, გამორიცხავს აქტის რეგისტრაციის თარიღის არასწორად მითითების ფაქტს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მ. მ-ის ... წლის ... ...ს დაბადების ფაქტს. თუმცა, კასატორების მითითებით, ... წლის ... ...ს დაბადებული ბაშვის დაბადების რეგისტრაცია ... წლის 6 ...ს ვერ განხორციელდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ რომ არ დგინდება მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ნოემბრის №... და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურსათვის მ. მ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (დაბადების თარიღში ... წლის ნაცვლად, მიეთითოს ... წელი) შესწორების შეტანის დავალების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო „ვ“ პუნქტის შესაბამისად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია.
აღნიშნული კანონის IX თავი არეგულირებს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის წესსა და საფუძვლებს. რომლის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა, ხოლო იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, განსაზღვრავს ამავე კანონის 79-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია მოსარჩელე - მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მოცემული მონაცემების უტყუარობა საქმეზე დაცული მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება, თუმცა საქმეში დაცულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც გაცემულია დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის შემდგომ, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია - ... წელი. კერძოდ: მ. მ-ზე ... წლის ... ...ს გაცემულია პასპორტი №..., 2004 წლის 30 ივნისს გაცემულია პირადობის მოწმობა №..., 2004 წლის 14 სექტემბერს გაცემულია პასპორტი №..., ხოლო 2009 წლის 04 აგვისტოს ასევე გაცემულია პასპორტი №.... ყველა აღნიშნულ დოკუმენტში მ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია: ... წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე ფორმა №1, სადაც ასევე, მ. მ-ის დაბადების თარიღად მითითებულია - ... წელი (იხ. ს.ფ. 24; 56) და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - მ. ბ-ას ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა მ. მ-ის ... წლის ... ...ს დაბადების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერს საფუძვლად უდევს სამედიცინო ცნობა, რომლითაც უდავოდ დადასტურდებოდა მოსარჩელის დაბადების ზუსტი თარიღი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული, რომელიც დაცული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ ორგანოში, რადგან წარმოადგენდა დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან, მ. მ-ის დაბადების აქტის ჩანაწერი განხორციელებულია ... წლის ... ...ს, მ. მ-ი ვერ იქნება დაბადებული ... წლის ... ...ს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის დაბადების შესახებ აქტის ჩანაწერი არ ემყარება სარწმუნო დოკუმენტებს და ამასთან, არსებობს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, აღნიშნული სააქტო ჩანაწერი, როგორც მოსარჩელის დაბადების თვედ ივლისის დადასტურების უდავო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თვის შესწორებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით დაკავშირებულია მ. მ-ის მიერ მოპოვებული სამართლებრივი დოკუმენტების (პირადობის მოწმობა; პასპორტი და სხვა) გაუქმებასთან, შესამისად, მის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია კანონიერების პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოხდეს ამ ორი პრინციპის შეპირისპირების გზით თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. მ-ის სახელზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პასპორტში, დაბადების თარიღად მითითებულია - ... წელი. ამასთან, მ. მ-ი იმყოფება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ - იტალიაში, შესაბამისად, დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... ...ს მიუთითებლობის შემთხვევაში არსებითი ზიანი მიადგება მოსარჩელის ინტერესებს, რადგან აღნიშნული გამოიწვევს მის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ა.შ. გაუქმებას (სადაც დაბადების თარიღად მითითებულია - ... წელი). ასევე გაუქმების საფრთხის ქვეშ დადგება ყველა ის იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, რომელიც მ. მ-ს განხორციელებული აქვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე მ. მ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღად ... წლის ნაცვლად ... წლის მითითება, არსებითად არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) საკასაციო საჩივარზე 20.01.2021წ. საგადახდო მოთხოვნით №00282 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.01.2021წ. საგადახდო მოთხოვნით №00282 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე