Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-355(კ-20) 6 ივლისი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - რ. ნ-ა, ნ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ზ. ნ-ა, ლ. თ-ა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური

თავდაპირველი მოპასუხე - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ნ-ამ და ნ. კ-ამ 2016 წლის 16 თებერვალს სარჩელით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ზ. ნ-ას, ლ. თ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მარეგისტრირებელი ორგანოს 2014 წლის 25 აპრილის №..., 2015 წლის 7 დეკემბრის №..., 2015 წლის 10 დეკემბრის №..., 2016 წლის 11 იანვრის №... და 2016 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2016 წლის 25 აგვისტოს ზ. ნ-ამაც მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით, მოპასუხეების - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და რ. ნ-ას მიმართ და მოითხოვა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 30 ივნისის №15 საკუთრების უფლების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერების ბათილად ცნობა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ნ-ასა და ნ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ზ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და ამავე ორგანოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში რ. ნ-ასა და ნ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით ზ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ნ-ამ და ლ. თ-ამ. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ნ-ასა და ნ. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ასა და ლ. თ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება რ. ნ-ასა და ნ. კ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ნ-ასა და ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ზ. ნ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება კი უცვლელი დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ნ-ამ და ნ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. შესაბამისად, ზ. ნ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორთა განმარტებით, ზ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკანონოდ არის განხორციელებული და იწვევს კასატორთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვას, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას და რეგისტრირებული და ფაქტობრივი მონაცემების თანხვედრაში მოყვანას. საკასაციო საჩივრის თანახმად, დასახელებულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები და მოწმეთა ჩვენებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ასა და ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ზ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელეების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განსახორციელებლად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება ან შეიტანოს ცვლილება უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012-2014 წლებში ზ. ნ-ამ, საარქივო ცნობის საფუძველზე, საკუთრებაში დაირეგისტრირა მარტვილში, სოფელ ...ში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული მონაცემებით. მიწის ნაკვეთების ფართობი საერთო ჯამში 9000 მ2 იყო. აღნიშნული, თავდაპირველი, დაზუსტებული რეგისტრაციები გასაჩივრებული არ არის.
ასევე, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ოთხი მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ ნაკვეთად და ზ. ნ-ას საკუთრება დარეგისტრირდა გაერთიანებულ, 9000 მ2 ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე. სწორედ აღნიშნულ რეგისტრაციას ხდიან კასატორები სადავოდ, მათი საკუთრების უფლების ხელყოფაზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოხდა მხოლოდ ცვლილების რეგისტრაცია, რომელიც გამოიხატა ზ. ნ-ას სახელზე უკვე რეგისტრირებული ობიექტების ერთ ობიექტად აღრიცხვაში ისე, რომ საერთო ჯამში ნივთის ფართობის ან კონფიგურაციის ცვლილება/გაზრდა არც კი განხორციელებულა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პირველადი რეგისტრაციები ძალაშია და არ არის გასაჩივრებული, ისინი განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, დაზუსტებული მონაცემებით, ხოლო გასაჩივრებული აქტი უფლებამოსილმა პირმა მესაკუთრის განცხადების საფუძველზე გამოსცა, უკვე რეგისტრირებული და ძალაში მყოფი მონაცემების შესაბამისად, არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის უკანონობა და მის საფუძველზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორები მიუთითებენ გასაჩივრებული აქტით არა მათი რეგისტრირებული მონაცემების გადაფარვაზე, არამედ რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შეუძლებლობაზე - მათ ახალი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად სურთ საკუთრების უფლების აღრიცხვა, რომელიც ზედდებას იწვევს. ამ თვალსაზრისით კი აღსანიშნავია, რომ რ. ნ-ას დაზუსტებული მონაცემებით აქვს რეგისტრირებული ნივთზე საკუთრების უფლება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტის საფუძველზე. ამდენად, კასატორის თავდაპირველ, დაზუსტებულ რეგისტრაციასთან გადაფარვა არ ხდება. გარდა ამისა, რ. ნ-ას საკუთრებაში ასევე იყო რეგისტრირებული მარტვილში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთები, საკომლო ჩანაწერების საფუძველზე, თუმცა ეს რეგისტრაციები თავად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა 2015 წელს იმ საფუძვლით, რომ კომლის წევრების შემადგენლობისა და მიწის ფართის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია არ ასახავდა რეფორმის წლების ამსახველ პერიოდს (1992–1999წწ.). შესაბამისად, კასატორები ვერ ადასტურებენ მათი საკუთრების უფლების არსებობას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზ. ნ-ას საკუთრებად არის რეგისტრირებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა მოსარჩელეებს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ნ-ასა და ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ნ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ხ-ას (პ/ნ ...) მიერ 2020 წლის 8 ივლისის №0 საგადასახადო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ა. წულაძე




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. ქადაგიძე