საქმე #ბს-753(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 14 ივნისს ნ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 მარტის #... გადაწყვეტილების არარად აღიარება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მესამე პირის - მ. გ-ის საკუთრების უფლება, აქტის აღსრულებით განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დანაშაული - თაღლითობა. საჯარო რეესტრმა კი, მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, სრულყოფილად არ გამოიკვლია საკითხი და არ მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, არარად არ ცნო სადავო აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. გ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გაყალბებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის აღსრულებამ, ანუ საჯარო რეესტრის მიერ გამყრელიძის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის გაცემამ, გამოიწვია ახალი დანაშაული - თაღლითობა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, აქტის არარად ცნობისთვის არსებობს საფუძველი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ყველა შემდგომი საკუთრების უფლების არარად აღიარებას. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღდგება ნ. დ-ის დარღვეული უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 მარტის #...-03 გადაწყვეტილების არარად აღიარება, რომლითაც ნ. დ-ის კუთვნილ 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საკუთრების უფლება დაირეგისტრირა მ. გ-ემ.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 7 მარტის #...-03 გადაწყვეტილებით, ნ. დ-ის კუთვნილ 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საკუთრების უფლება დაირეგისტრირა მ. გ-ემ. ნ. დ-მა სადავო გახადა რეგისტრაციის შესახებ მოცემული გადაწყვეტილება მისი არარად აღიარების მოთხოვნით.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები 2011 წლის 7 მარტის #...-03 გადაწყვეტილების არარად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ემსჯელა ......ში მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ #... (ძველი ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 აგვისტოს #1/921-12 (007111431) განაჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 7 მარტის #...-03 გადაწყვეტილების არარად აღიარებაზე და 2017 წლის 22 მაისის #... გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2011 წლის 7 მარტის #...-03 აქტის არარად აღიარების საფუძველი, რამეთუ მითითებული აქტის აღსრულებას არ გამოუწვევია სისხლის-სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
დადგენილია, რომ დანაშაული - დოკუმენტების გაყალბება და მათი გამოყენებით, თაღლითურად ნ. დ-ის ქონების მითვისება, განხორციელდა მ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებით. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება არის ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების არაკანონიერება, დამოუკიდებლად დგება დღის წესრიგში და ფაქტობრივად გამორიცხავს ასეთი აქტისათვის სამართლებრივი ძალის შენარჩუნების შესაძლებლობას, თუმცა, მოცემული ტიპის აქტის სადავოობის პირობებში, უფლების დაცვის საშუალებას ქმნის არა აღიარებითი, არამედ შეცილებითი სარჩელი, რამეთუ დანაშაულებრივ შედეგს იწვევს არა სადავო აქტი, არამედ თვითონ ეს აქტია დანაშაულის შედეგი.
საკასაციო სასამართლო საკითხის ამგვარი გადაწყვეტის პროცესში, აცნობიერებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რაც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლების ხელყოფას, რის შედეგადაც მოსარჩელემ დაკარგა ქონებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება, ქონებას მიმდინარე ეტაპზე ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი, რაც ნებისმიერი სარჩელის პირობებში გამორიცხავს ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების შესაძლებლობას, რითიც უპირობოდ შელახულია მხარის ქონებრივი უფლება, თუმცა, რეალურად ქონების არარსებობის პირობებში, უფლება რეგისტრირებული სახით კვლავ რჩება მოსარჩელის სახელზე, რაც მოსარჩელეს აძლევს საშუალებას იზრუნოს უფლების დაცვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. დ-ს საკასაციო საჩივარზე 12.01.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. დ-ს (პ/ნ ......) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. ნ. დ-ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.01.2021წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე