Facebook Twitter
ბს-410(კ-19) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - ე. ფ-ი, წარმომადგენელი მ. წ-ი (08.08.2017წ. №... მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი მ. თ-ა (06.10.2017წ. №... მინდობილობა)

მესამე პირი - დ. ც-ი, წარმომადგენელი დ. ქ-ი (01.05.2018წ. №... მინდობილობა)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ფ-მა 06.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.04.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 11.08.2017წ. მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდება უძრავი ნივთის ს/კ ... საკადასტრო მონაცემებთან, რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს დ. ც-ი, უკანასკნელის სახელზე სადავო უძრავი ნივთი დარეგისტრირდა რეგისტრაციის შესახებ 04.04.2015წ. №... გადაწყვეტილებით. აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა დ. ც-ის განცხადების საფუძველზე, განმცხადებელი მოითხოვდა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, კერძოდ, აწგარდაცვლილი დედის - მ. ც-ის კუთვნილ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ორსართულიან 143,66 კვ.მ. საცხოვრებელ სახლზე. მოსარჩელის მოსაზრებით დ. ც-მა საჯარო რეესტრში, დედის - მ. ც-ის კუთვნილი უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზის ნაცვლად, წარადგინა დეიდის - მოსარჩელე ე. ფ-ის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი. დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 101 კვ.მ. ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ნ. გ-ს (მოსარჩელის დედას), ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (1985წ.) შვილს - ე. ფ-ს. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით მარეგისტრირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო არასწორი აზომვითი ნახაზის საფუძველზე და დ. ც-ის სახელზე დარეგისტრირდა სხვა 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული 101 კვ.მ. ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლით და არა სამკვიდრო მოწმობაში მითითებული დ. ც-ის დედის დანაშთი ქონება - 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 143,66 კვ.მ. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 04.04.2015წ. №... გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ შეაფასა მასთან არსებული და წარდგენილი დოკუმენტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.09.2017წ. განჩინებით ე. ფ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. დავის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ც-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით ე. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. 31.03.2015წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ. ც-მა და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაინტერესებულმა პირმა დაურთო: მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება (საქმე №2/163-14 (30.12.2014წ.)), აგრეთვე, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მამკვიდრებლის მ. ც-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა - დ. ც-მა სრულად მიიღო სამკვიდრო, მათ შორის დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 143,66 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2012წ. №... წერილის თანახმად ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მ. გ-ი-ც-ის სახელზე აღრიცხულია 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართობი არის 143,66 კვ.მ.. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 29.11.2012წ. გაცემული №... წერილი - ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით დუშეთის რაიონის, სოფ. ...ში 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართობი 143.66კვ.მ.) მ. გ-ი-ც-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ ეკუთვნის განმცხადებლის დედას - 05.07.2012წ. გარდაცვლილ მ. ც-ს (გარდაცვალების რეგ. თარიღი - 06.07.2012წ. აქტის ჩანაწერის №...).
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 11.08.2017წ. ე. ფ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 17.08.2017წ. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 17.08.2017წ. №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ე. ფ-ის/გ-ის და მ. ფ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ ზედდება დაფიქსირდა ს/კ ... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (მესაკუთრე დ. ც-ი), ამდენად, 30 (ოცდაათ) დღეში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი ან ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ, რათა დანიშნულიყო მედიაცია. 18.09.2017წ. დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მედიაცია შეწყდა და წარსადგენი იყო მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრებოდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო რეგისტრაციის შესახებ 04.04.2015წ. №... გადაწყვეტილება. საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მესამე პირს დ. ც-ს უძრავი ქონება საკუთრებაში გააჩნია რეგისტრაციის განხორციელებით და დაუშვებელია ამ რეგისტრაციის დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. უძრავ ნივთზე რეგისტრაცია განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა უფლების დამდგენი დოკუმენტები (სამკვიდრო მოწმობა №..., ცნობა-დახასიათება №... და 30.12.2014წ. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. დავის სწორად გადაწყვეტისთვის გამოსაკვლევ ძირითად გარემოებას წარმოადგენს სადაო უძრავი ნივთის მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობასა და საკუთრებაში არსებობის დადგენა, რის დამადასტურებლადაც მხარე მტკიცებულების სახით მიუთითებს მის მიერ 22.06.2018წ. კანცელარიის მეშვეობით წარდგენილ მტკიცებულებებზე. მოსარჩელე უთითებს ე. ფ-ის (გ-ის) და ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი ბინის გეგმა-ნახაზებზე, თუმცა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში არ არის მითითებული მოსარჩელის და მისი დედის რეკვიზიტები. საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ე. ფ-ი და კომლს საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1985 წელს, მიწა არ აწერია. საარქივო ცნობის თანახმად კომლის ერთადერთ წევრად და უფროსად ჩაწერილია ნ. გ-ი, 1980-82 წწ. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1939წ. აგებული საცხოვრებელი სახლი, აწერია მიწა სულ 0,37ჰა, მათ შორის შენობის ქვეშ 0,1ჰა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული მტკიცებულებები არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობებით უტყუარად დასტურდება, რომ ე. ფ-ი და ნ. გ-ი წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე კომლს, მათ ერიცხებათ სხვადასხვა წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი. აზომვითი ნახაზით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, ხოლო 22.06.2018წ. კანცელარიის მეშვეობით წარდგენილი მტკიცებულებებით გაუგებარია აღნიშნული გეგმა-ნახაზების კონკრეტული პირისადმი კუთვნილება. მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტებით (სამკვიდრო მოწმობა №..., ცნობა-დახასიათება №... და 30.12.2014წ. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება) მესამე პირის საკუთრების უფლება ფართით, ადგილმდებარეობით, მისამართით და სააღრიცხვო მასალების მონაცემებით დგინდება სადავო უძრავ ქონებაზე, რაც მოსარჩელესთან მიმართებით არ დადასტურდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას, შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა ამ აქტით. როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ფ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს შეულია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა სწორად გადაწყვიტა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული უფლებით ე. ფ-ის საკუთრების უფლების შელახვის ფაქტის დადგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს 31.03.2015წ. №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ. ც-მა და მოითხოვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავ ნივთზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაინტერესებულმა პირმა დაურთო უფლების დამდგენი დოკუმენტაცია. სამკვიდრო მოწმობის თანახმად დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მ. ც-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - დ. ც-მა სრულად მიიღო სამკვიდრო, მათ შორის 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი (საერთო ფართობით 143,66 კვ.მ.), რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2012წ. №... წერილის თანახმად ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მ. გ-ი-ც-ის სახელზე აღრიცხულია 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 143,66 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2012წ. №... წერილი, რომლის თანახმად ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით დუშეთის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი (საერთო ფართობი 143.66 კვ.მ.) აღრიცხულია მ. გ-ი-ც-ის სახელზე, ეკუთვნის განმცხადებლის დედას - 05.07.2012წ. გარდაცვლილ მ. ც-ს (გარდაცვალების რეგ. თარიღი - 06.07.2012წ. აქტის ჩანაწერის №...). სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნა მიღებული რეგისტრაციის შესახებ 04.04.2015წ. №... გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. ც-ის უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საქმეში არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ დ. ც-ის სახელზე აღრიცხული საკუთრების ობიექტი არ წარმოადგენდა მის ქონებას ან/და მასზე უფლება გააჩნდა ე. ფ-ს. მოსარჩელე რაიმე სახის მტკიცებულებით ვერ ადასტურებს, რომ სადავო რეგისტრაციით მესამე პირმა სწორედ მის საკუთრებაში არსებულ საკუთრების ობიექტის დარეგისტრირება განახორციელა. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ მის განმარტებებს, რაც ვერ გახდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების გაუქმების საკმარისი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო აქტით მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და რეალური ზიანის მიყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ფ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას დ. ც-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობის თაობაზე. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ. ც-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული არის 101 კვ.მ. ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, ხოლო დ. ც-მა მემკვიდრეობით მიიღო 143.66 კვ.მ. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე ე. ფ-ი 1985 წლიდან დღემდე ცხოვრობს დუშეთის რაიონის, სოფ. ...ში ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში. საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად ე. ფ-ი კომლის ერთადერთი წევრია და მის სახელზე ირიცხება 1985 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, სასამართლოს წარედგინა ტექ.ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტაცია ე. ფ-ის 1985 წელს აგებულ სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით. ეს ნახაზები არსებითად განსხვავდება დ. ც-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ორსართულიანი შენობის ნახაზებისაგან, რომელიც ასევე 1985 წელს არის აგებული. ე. ფ-ის დედა - ნ. გ-ი იყო კომლის ერთადერთი წევრი და მის სახელზე 1983-1984 წლებში სოფ. ...ში ირიცხებოდა 1939 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ,,...ის“ მშენებლობის გამო ამ სახლის აღების შედეგად აშენდა ცალკ-ცალკე ორსართულიანი და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც გადაეცათ ნ. გ-ის შვილებს - მ. ც-ს და ე. ფ-ს, ვინაიდან ნ. გ-ი 1985 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. ე. ფ-ი და ნ. გ-ი წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე კომლს. დ. ც-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული 143,66 კვ.მ. ორსართულიანი შენობა-ნაგებობა არ იყო ასახული დ. ც-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ეს გარემოება გარკვევას საჭიროებდა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 და 21-ე მუხლების შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი. გასაჩივრებული აქტის კანონიერებაზე მსჯელობის ნაცვლად სასამართლომ იმსჯელა ე. ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. კასატორის მოსაზრებით უგულებელყოფილია სასკ-ის მე-17 მუხლი, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დ. ც-მა რეგისტრაციის მიზნით დედის დანაშთი ქონების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზის ნაცვლად წარადგინა ე. ფ-ის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი, შესაბამისად, დ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ილახება ე. ფ-ის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. მესამე პირის - დ. ც-ის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს საქმის ფაქტობრივი გარემოებების საკმარის შეფასებას, არ არის შეფასებული დ. ც-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა, არ შეფასებულა ამონაწერი საკომლო წიგნიდან, რომლის თანახმად ე. ფ-ი წარმოადგენს კომლის ერთადერთ წევრს და კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინების კანონიერებას არ ადასტურებს მასში „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ („Hirvisaari v. Finland“, §32) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დებულებაზე მითითება, რომლის მიხედვით დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოიცავს ზედა ინსტანციაში ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში თავის მხრივ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ სადავო 04.04.2015წ. გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ №1, №2 შენობა-ნაგებობებზე დარეგისტრირდა დ. ც-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). საჯარო რეესტრიდან ამონაწერში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია: №... სამკვიდრო მოწმობა, 24.10.2014წ. №... ცნობა-დახასიათება, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 30.12.2014წ. გადაწყვეტილება (საქმე №2/163/14წ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 11.08.2017წ. განცხადებით მიმართა ე. ფ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა უძრავი ნივთის ს/კ ... (მესაკუთრე დ. ც-ი) საკადასტრო მონაცემებთან. დავის გადასაწყვეტად დაინიშნა სანოტარო მედიაცია, რომელიც ვერ შედგა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო. მედიაციის შეწყვეტის შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ფ-ის უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას დ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების არსებობა წარმოადგენდა (ტ.1, ს.ფ. 132, 165).
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2012წ. №... წერილის თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებით დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მ. გ-ი-ც-ის სახელზე აღრიცხულია 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართი არის 143,66 კვ.მ.. 16.01.2013წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - დ. ც-მა მიიღო 05.07.2012წ. გარდაცვლილი მ. ც-ის სამკვიდრო, რომელიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა დუშეთში, სოფ. ...ში. დ. ც-მა სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო ქონება შედგება დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ საცხოვრებელი სახლისაგან (საერთო ფართობით 143,66 კვ.მ.), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 29.11.2012წ. გაცემული №... ინფორმაციით მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 30.12.2014წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/163/14წ.) დ. ც-ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი, - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 29.11.2012წ. გაცემული №... წერილი, ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებით დუშეთის რაიონის, სოფ. ...ში 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართობი 143.66კვ.მ.) მ. გ-ი-ც-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ, ეკუთვნის განმცხადებლის დედას - 05.07.2012წ. გარდაცვლილ მ. ც-ს (გარდაცვალების რეგ. თარიღი - 06.07.2012წ. აქტის ჩანაწერის №...). დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ც-ის დაკვეთით შპს ,,...ის“ მიერ 15.01.2015წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ხელმოწერილია/დამოწმებულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ.
სსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. მართალია სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), თუმცა სასამართლო ახდენს მტკიცებულებათა შეფასებას საკმარისობისა და სათანადოობის თვალსაზრისით, ამასთანავე, სასამართლო აღჭურვილია შესაძლებლობით შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა (სსკ-ის 103.1 მუხ.), გარდა ამისა ინკვიზიციურ საწყისებზე აგებულ ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ (სასკ-ის მე-4 მუხ.). მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, უკეთუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ დ. ც-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორესა და ტექაღრიცხვის მონაცემებთან შესაბამისობის საკითხზე, არ შეუფასებიათ დ. ც-ის მიერ საკუთრების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ აზომვით ნახაზზე არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი - 101 კვ.მ.), ხოლო დ. ც-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული 143,66 კვ.მ. სახლი დ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებაში (ტ.1, ს.ფ. 114), საჯარო რეესტრის 29.11.2012წ. N... წერილში (ტ.1, ს.ფ. 84), მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 30.12.2014წ. გადაწყვეტილებაში, ტექაღრიცხვის ბიუროს მასალებში (ტ.1, ს.ფ. 187-192) მითითებულია 143,66 კვ.მ. ფართი, ამასთანავე, ტექაღრიცხვის ბიუროს სახლთმფლობელობის გეგმის (ტ.1, ს.ფ. 28) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასითების მიხედვით სახლი შედგება ორი საცხოვრებელი სართულისგან. ამდენად, დ. ც-ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში, ცნობა-დასახიათებაში, საჯარო რეესტრის 29.11.2012წ. წერილში, 30.12.2014წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ტექნიკური აღრცხვის არქივის მასალებში მითითებული სახლის 143,66 კვ.მ. შედგება ორი სართულისგან, მიუხედავად ამისა ორსართულიანი შენობა-ნაგებობა არ იყო ასახული დ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ აზომვით ნახაზზე. მოსარჩელის მითითებით სასამართლოს წარედგინა ე. ფ-ის სახელზე ტექნიკური აღრცხივის არქივში დაცული დოკუმენტაცია (ნახაზი) 1985 წელს აგებულ სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად განსხვავდება დ. ც-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობისაგან, რომელიც ასევე 1985 წელს არის აგებული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებდა ამ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევას. მართალია, სხვაობა სართულიანობაში იმთავითვე ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს რეგისტრაციის უკანონობაზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის იდენტურობას უკავშირდება. მოსარჩელე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებსა, აგრეთვე 16.01.2013წ. სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნული უძრავი ნივთი და სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ არის ერთიდაიგივე, ამასთანავე საგულისხმოა, რომ სადავო რეგისტრაციამდე დ. ც-ის სახელზე უძრავი ქონების რეგსიტრაცია ერთხელ უკვე განხორციელდა, კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.05.2017წ. გადაწყვეტილებით სადავო სახლთმფლობელობის სიახლოვეს მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ №1 შენობა-ნაგებობაზე რეგისტრაციაში გატარდა დ. ც-ის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). რეგისტრაციის საფუძველი არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 08.05.2017წ. დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისათვის სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ და საქმეში დაცული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება მ. გ-ი-ც-ის სახელზე არსებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერების, აგრეთვე 16.01.2013წ. სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ უძრავ ნივთთან იდენტურობა. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 8.3 მუხლის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 3.62 მუხლის ე. ფ-ის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. საქმის მასალებით არ დასტურდება დ. ც-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის 18.1 მუხლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა დ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან უარის თქმის საფუძვლების არარსებობის თაობაზე.
დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1201 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე ე. ფ-ის 11.08.2017წ. განცხადების განხილვის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ე. ფ-ის/გ-ის და მ. ფ-ის (მოსარჩელის მეუღლის) კომლის შემადგენლობის, 2007 წლამდე მდგომარეობით რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, ასევე მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელს აცნობა, რომ უძრავი ნივთის ს/კ ... საკადასტრო მონაცემებთან ზედდების დადგენის გამო წარსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი ან მედიაციის დანიშვნის მიზნით ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18.08.2017წ. წერილის თანახმად სოფ. ...ის მიწის საგადასახადო და მიწის განაწილების სიები დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ინახება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის რეგიონული არქივის 01.09.2017წ. წერილების მიხედვით დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული დუშეთის რაიონის ...ის სადაბო საბჭო-საკრებულოს სოფ. ...ის 2001-2005წ.წ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ე. ფ-ი (გ-ი), კომლს 2001წ. მონაცემებით პირად საკუთრებაში ერიცხება 1985 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები მითითებული არ არის. სოფ. ...ის 1986-2000წ.წ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ჩანაწერი ე. ფ-ის/გ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2006-2007წ.წ. საკომლო წიგნები და 1992-2007წ.წ. მიწის ნაკვეთების განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტები და სარეგისტრაციო მოწმობები დასაცავად არქივში არ შესულა. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით დაინიშნა სანოტარო მედიაცია, ნოტარიუს ც. ლ-ას სანოტარო მედიაციის შეწყვეტის ოქმის თანახმად სანოტარო ბიუროში გამოცხადდა ორივე მხარე, მაგრამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო მედიაციის პროცესი ვერ შედგა. საჯარო რეესტრის 18.09.2017წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარმოსადგენია მიწის ნაკვეთის კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ვინაიდან მედიაცია შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 22.08.2017წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ე. ფ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა დ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 04.04.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.08.2017წ. №... გადაწყვეტილებით ე. ფ-ის წარმომადგენელს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს არა ე. ფ-ის განცხადებაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ საჯარო რეესტრის 04.04.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ც-ის სახელზე აღირიცხა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს 04.04.2015წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების, რომელიც თავისი ბუნებით არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნულის მიუხედავად ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირითადი ყურადღება გამახვილდა საჯარო რეესტრის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ე. ფ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის მოთხოვნის შესახებ ვერ იქნებოდა შესრულებული ე. ფ-ის მიერ, ვინაიდან ამ უძრავ ნივთზე სხვა პირის - დ. ც-ის საკუთრება არის რეგისტრირებული, შესაბამისად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების და არა ე. ფ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება/შეწყვეტის გადაწყვეტილების კანონიერების დადგენას. გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას არ ადასტურებს აგრეთვე დ. ც-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული 16.01.2013წ. №... სამკვიდრო მოწმობა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 30.12.2014წ. გადაწყვეტილება (საქმე №2/163/14წ.), ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაცის იმ უძრავ ნივთთან შემხებლობა, რომელიც სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით იქნა რეგისტრირებული, სადავოდ არის გამხდარი. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ხსენებულ დოკუმენტაციაში მითითებული პარამეტრებისა და რეგისტრირებული ობიექტების მონაცემების იდენტიფიცირების დადგენის გარეშე უარი თქვეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი მიუთითებს დედის, ნ. გ-ის სახელზე 1939წ. აგებული სახლის დემონტაჟის შემდგომ 1985 წელს ორი საცხოვრებელი სახლის, - ერთსართულიანი და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების, აშენებაზე, კასატორი აღნიშნავს, რომ 1985 წლიდან დღემდე ცხოვრობს დუშეთის რაიონის, სოფ. ...ში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში, საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად იგი წარმოადგენს კომლის ერთადერთ წევრს და მის სახელზე ირიცხება 1985წ. აგებული საცხოვრებელი სახლი, კასატორი მიუთითებს ასევე 22.06.2018წ. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციაზე ე. ფ-ის სახლთმფლობელობასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია შენობის სართულიანობა და ოთახების ფართი. სააპელაციო პალატას აღნიშნული მტკიცებულებებისათვის შეფასება არ მიუცია. 16.01.2013წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მემკვიდრემ - დ. ც-მა სამკვიდრო მიიღო სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით, რაც დამატებით ქმნიდა სადავო სახლის მაცხოვრებლის დადგენის, სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების პარამეტრების (1200 კვ.მ. ნაკვეთი, მასზე არსებული 143,66 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი) სადავო სახლთმფლობელობის პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის საჭიროებას. სასამართლომ დავა გადაწყვიტა სადავო სახლთმფლობელობაში მაცხოვრებელი პირის დადგენის გარეშე, ამ მიზნით არ გამოთხოვილა კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გზავნილები სადავო სახლთმფლობელობის მისამართზე ბარდებოდა ე. ფ-ს (ტ.1, ს.ფ. 56, 213, ტ.2, ს.ფ. 160). მართალია, კასატორის მიერ 22.06.2018წ. წარდგენილი ნახაზი არ შეიცავს მითითებას სახლთმფლობელობის ე. ფ-ისადმი კუთვნილების თაობაზე, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის გზით სასამართლოს შეეძლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და მისთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მიცემა. კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ც-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება მდებარეობს სხვა ადგილას, კერძოდ, დუშეთის რაიონში, სოფ. თ...ში დ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული არის 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საკადასტრო კოდის ნაკვეთის ნომერი, კასატორის მითითებით, არის 556. კასატორის ე. ფ-ის წარმომადგენლმა საკასაციო სასამართლოში 08.07.2021წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დუშეთის რაიონში მდებარე სოფლები თ...ი და ...ი ერთ დასახლებას შეადგენენ. ე. ფ-ის დას მ. გ-ს (დ. ც-ის დედას) მის მეზობლად, სამი სახლთმფლობელობის დაშორებით, ჰქონდა 1985 წ. აშენებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, რომელიც დღემდე არსებობს პირვანდელი მდგომარეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები და დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას უკავშირდება.
საფუძველს არის მოკლებული ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება დავის საგნის მიმართ ე. ფ-ის ინტერესის დაუდასტურებლობის შესახებ. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ გააკეთა საკომლო წიგნის ჩანაწერის შეფასების გარეშე, რომლის მიხედვით ე. ფ-ი არის კომლის ერთადერთი წევრი და მის სახელზე აღრიცხულია საცხოვრებელი სახლი. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" 2.1 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო აქტით მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევა და რეალური ზიანის მიყენება, თუმცა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას და შეფასებას ე. ფ-ის საკომლო წიგნის ამონაწერთან (ტ.1, ს.ფ.137-139, 152) მიმართებით, მისი მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევის ან ასეთად უარყოფის თაობაზე. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში 22.07.2021წ. გამართულ სხდომაზე მიუთითა კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაზე, რომლის მიხედვით გარდაცვლილი ნ. გ-ის მემკვიდრე არის ე. ფ-ი, სამკვიდრო ქონებას შეადგენს დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე ერთი ოთახისაგან შემდგარი საცხოვრებელი სახლი დამხმარე სათავსოთი, საცხოვრებელი ფართი არის 22 კვ.მ., ხოლო დამხმარე ფართი - 16კვ.მ.. სააპელაციო პალატამ არც ხსენებული გარემოება გამოიკვლია.
,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 41.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის 7.9 მუხლის თანახმად, თუ 1992−2007 წლების საარქივო ჩანაწერებით დგინდება მხოლოდ კომლის შემადგენლობა და მათში მიწაზე ქონებრივი მდგომარეობა მითითებული არ არის, ან საარქივო ჩანაწერებით კომლზე აღრიცხულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და მიწაზე შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება, კომლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ჯამში არაუმეტეს 0,75 ჰა-სა) საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის მიერ კომლის წევრთა მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურების შემთხვევაში. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცულია დუშეთის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დ. ც-ის დაკვეთით შპს ,,...ის“ მიერ 15.01.2015წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც ხელმოწერილია/დამოწმებულია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ, მეორე მხრივ დაცულია საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ე. ფ-ის კომლს 2001წ. მონაცემებით პირად საკუთრებაში ერიცხება 1985 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი (მიწის ნაკვეთის ჩანაწერის გარეშე). ამდენად, სააპელაციო პალატას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით შეეძლო მოეწვია სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი/სპეციალისტი, რომელიც სასამართლოს განმარტებას მისცემდა სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. დ. ც-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის, სადავო ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების დანიშვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები, დამატებით გამოიკვლიოს დ. ც-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა, დ. ც-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე, დაადგინოს სადავო სახლში მაცხოვრებელი პირები, ასევე, შეაფასოს ე. ფ-ის საკომლო წიგნიდან ამონაწერში მითითებული მონაცემები საცხოვრებელი სახლისა და მისი ადგილმდებარეობის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ქ. ცინცაძე