ბს-1137(კ-20) 22 ივლისი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-მა 27.12.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ვ. გ-ისათვის 26.06.2007წ. სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 21.12.2018წ. MOD 6 18 01289724 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ვ. გ-თან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების - ვ. გ-ისათვის არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2019წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვ. გ-სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 26.06.2007წ. გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, 26.06.2011წ. მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება მფლობელობაში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას საკუთრების უფლებით გადაეცემოდა 26.06.2012წ., კონტრაქტის ვადის ამოწურვისთანავე, შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვებოდა 26.06.2012წ.. სასამართლომ სსკ-ის 128.1, 129.1 და 130-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით განახორციელა უფლების დარღვევის დღიდან (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.09.2011წ. №2628 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების და კადრების განყოფილებაში გადაყვანის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.03.2012წ. №488 ბრძანება მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე) 6 წლის გასვლის შემდეგ (27.12.2018წ.). ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. გ-ის მიერ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და არ წარმოშობს დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2019წ. გადაწყვეტილება, ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 21.12.2018წ. MOD 6 18 01289724 წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ვ. გ-ისთვის სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ვ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 26.06.2007წ. დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელე ვ. გ-ისათვის არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელე ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სსკ-ით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები. სასარჩელო ხანდაზულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე. პალატამ სსკ-ის 138-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაში წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. კერძოდ, აღნიშნულ საშუალებათაგან ერთ-ერთია სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა. მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. პალატამ ყურადღება გაამახვილა ვ. გ-ის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში წარდგენილ განცხადებებზე (10.09.2014წ. №587276 პატაკი, 20.05.2016წ. №455808 განცხადება, 05.07.2016წ. №608432 და 07.11.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრები, 20.11.2018წ. წერილი) და აღნიშნა, რომ ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოსარჩელის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ შეფასებულა საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები (განცხადებები), რომელთა გამოკვლევა ქმნიდა სასამართლოს მიერ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის საფუძველს. პალატამ აღნიშნა, რომ მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა ვ. გ-ის მიერ სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერად, განსაზღვრული პირობების შესაბამისად გავლის შემთხვევაში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. მასთან დადებული ხუთწლიანი კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით შეწყდა, აღნიშნულმა ქმედებამ მხარეებს შორის სახელშეკრულებო რისკების არასამართლიანი გადანაწილება გამოიწვია. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (5.1.9 მუხ.) შესრულება ორ ეტაპად არის დაყოფილი, პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ამ ვალდებულებათაგან არცერთი, არ უზრუნველყო ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ - ბინის საკუთრებაში გადაცემა. ამდენად, სახეზეა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალმხრივად, რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება, გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტის შედეგზე, რადგან უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო განპირობებული ვ. გ-ის მიერ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობით. შესაბამისად მას, როგორც კრედიტორს უნდა მიეღო მხარეთა მიერ შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგი სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, რაც არ წარმოადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პირობას. პალატამ აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვ. გ-ისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ ნიშნავს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების გაუქმებას. სააპელაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვეტით სრულდება ხელშეკრულება, მაგრამ არა ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის დასრულებას იწვევს ჯეროვანი შესრულება, შეთანხმებული შედეგის დადგომა. სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, ვინაიდან კონტრაქტორი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან არა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანებით, რომელიც საერთოდ არ ყოფილა კონტრაქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი პირობა. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა ვ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.04.2009წ. №330 და 05.05.2010წ. ბრძანებებზე, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სათანადო შესრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ არაერთი განცხადების წარდგენის მოტივი მოთხოვნის არსებობის დადასტურება იყო, თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება. სამინისტროს მოსაზრებით, განცხადებების საფუძველზე, ვ. გ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა არა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, არამედ ბინით დასაკმაყოფილებელთა სიაში აღდგენა. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის არსებული კონტრაქტის საფუძველზე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა კონტრაქტის ვადის სრულად დასრულება. შესაბამისად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღარ არსებობდა საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მისი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება - კადრების განკარგულებაში გაყვანისა და დათხოვნის ბრძანებები, რითაც, ფაქტობრივად, დაეთანხმა სამინისტროს ქმედებას, მეტიც, მოსარჩელე მოგვიანებით კვლავ იქნა გაწვეული სამხედრო სამსახურში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ვ. გ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საფუძველს არის მოკლებული ხანდაზმულობის ვადის გაცდენის მოტივით მოსარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 26.06.2007წ. დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, 5 წლის ვადით. კონტრაქტის 5.1.9 პუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სამხედრო მოსამსახურის არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება. ბინა ვ. გ-ს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდა ამ კონტრაქტის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (ს.ფ.18-25). საქმეში დაცულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.09.2011წ. №2628 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების და კადრების განყოფილებაში გადაყვანის თაობაზე (ს.ფ.13), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.03.2012წ. №488 ბრძანება მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (კონტრაქტის ვადის დასრულებამდე) დათხოვნის თაობაზე (ს.ფ.14). საქმეში დადგენილად არის ცნობილი, რომ ვ. გ-მა არაერთი განცხადებით (10.09.2014წ. №587276 პატაკი, 20.05.2016წ. №455808 განცხადება, 05.07.2016წ. №608432 და 07.11.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრები, 20.11.2018წ. წერილი) მიმართა თავდაცვის სამინისტროს ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. გ-ს შორის დადებული 26.06.2007წ. ხელშეკრულება სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის 65.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) და კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა გამოვლენილი ნების შედეგად 26.06.2007წ. დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ხელშემკვრელი მხარეთათვის არის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმომშობი. ვალდებულება თავისი შინაარსით ორ ძირითად ელემენტს აერთიანებს: ერთი მხრივ, ვალდებულების ძალით კრედიტორს აქვს უფლება კონტრაჰენტისგან მოითხოვოს შესრულება (სკ-ის 316-ე მუხ.), ხოლო მეორე მხრივ, მოვალე ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს კეთლსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხ.). ვალდებულების დანიშნულება არ ამოიწურება მხარეთათვის გარკვეული უფლებების მინიჭებითა და ვალდებულებების დაკისრებით, ვალდებულების რეალიზაცია სამართლებრივი დაცვით არის გარანტირებული. კრედიტორს უფლება აქვს არა მხოლოდ მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, არამედ უფლებამოსილია ამ შესრულების უზრუნველსაყოფად მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს იძულებითი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე ვ. გ-მა იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1 მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინით, რომელიც მოსამსახურეს საკუთებაში გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (კონტრაქტის 5.1.9 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს (სუსგ 20.11.2014წ. Nბს-662-637(კ-13)). ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედების ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შესრულებას ნიშნავს, ხოლო ხელშეკრულების დარღვევა შესრულების, როგორც შედეგის არარსებობას მოიაზრებს. ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულების ტვირთი მთლიანად მოვალეს ეკისრება, თუმცა ეს არ გამორიცხავს კრედიტორის მხრიდან გარკვეული ქმედების განხორციელების აუცილებლობას, რაც წინ უნდა უსწრებდეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა ვ. გ-ის მიერ სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერად, განსაზღვრული პირობების შესაბამისად გავლის შემთხვევაში. საქმეში დაცულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.04.2009წ. №330 და 05.05.2010წ. №312 ბრძანებები ვ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვების თაობაზე (ს.ფ.16-17), რაც ადასტურებს კასატორის მიერ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის პირობების პირნათლად შესრულებას. ამ მოვალეობის შესრულება კონტრაქტის თანახმად იწვევს სამინისტროს საპასუხო ვალდებულების შესრულებას. მოვალის - თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება შეესაბამება კრედიტორის - ვ. გ-ის მოთხოვნას, რომელსაც სკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი აქვს. თუ მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მოთხოვნა ექვემდებარება სასამართლო წესით დაკმაყოფილებას.
მხარეთა შორის დადებული 26.06.2007წ. კონტრაქტის 5.1.9 პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშემკვრელმა მხარემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში (იხ. სუს. 20.11.2014წ. №ბს-662-637(კ-13) გადაწყვეტილება). უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხსენებული ვალდებულების არცერთი სეგმენტი, ვ. გ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველეყო ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ბინის საკუთრებაში გადაცემა. ამდენად, არც ერთი ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რაც ადასტურებს, რომ სახეზეა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, შეუსრულებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებას არ უარყოფს სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს შორის სამართლებრივი მდგომარეობის სხვაობა. ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, კრედიტორის მოთხოვნის საპასუხოდ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შედეგებს, ასეთ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის საპასუხოდ მოვალემ უნდა შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუს 20.11.2014წ. №ბს-662-637(კ-13) გადაწყვეტილება). მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ. გ-ს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო არ გააჩნია სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გავლენას ვერ ახდენს დავის გადაწყვეტის შედეგზე, რადგან უდავოა, რომ ვ. გ-მა პირნათალად შეასრულა მასზე კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისად მან, როგორც კრედიტორმა უნდა მიიღოს მხარეთა მიერ შეთანხმებული, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვ. გ-ისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ ნიშნავს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების გაუქმებას. კანონი არ იცნობს ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ამავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა კონტრაქტის ვადის დასრულებამდე ვ. გ-ისათვის 1 წლით ადრე ბინის სარგებლობაში გადაცემის, ხოლო დასრულების შემდეგ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულება არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამის პირს (კრედიტორს). ხელშეკრულების ვადის გასვლით სრულდება ხელშეკრულება, მაგრამ არა ვალდებლებითი ურთიერთობა, რომლის დასრულებას იწვევს ჯეროვანი შესრულება, შეთანხმებული შედეგის დადგომა და სხვ.. სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებისაგან (იხ. სუს 20.11.2014წ. №ბს-662-637(კ-13) გადაწყვეტილება). ვ. გ-ის მიერ ვალდებულების სათანადო შესრულება დავას არ იწვევს. ვ. გ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი შეწყდა და ვ. გ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა სამსახურებრივი გადაადგილებისას), რაც არ ყოფილა ვ. გ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით (26.06.2007წ.) გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი პირობა. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.09.2016წ. №1/4/614,616 გადაწყვეტილებით კონტრაქტის (26.06.2007წ.) შეწყვეტის საფუძვლად მითითებული „საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე