Facebook Twitter
საქმე №ბს-371(გ-21) 2 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე,

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სს „...ის“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 24 მარტს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სს „...ის“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შესასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში ს/კ ... აღრიცხული უძრავი ნივთი წარმოადგენს სს „...ის“ საკუთრებას. ობიექტის ტერიტორიაზე შედის რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც მოსარჩელის ძირითად საშუალებათა ღირებულების შეფასების აქტში მოხსენებულია როგორც ...ი და მისი ექსპლუატაციაში შესვლის თარიღია 1946 წლის 01 ივლისი, ხოლო მისი საწყისი საბალანსო ღირებულება - 114 750 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან მიიღეს წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ლიანდაგის მესაკუთრის შესახებ, რათა მოეხდინათ ლიანდაგის დემონტაჟი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო არ ითხოვდა მესაკუთრის თანხმობას ან რაიმე სახის მოლაპარაკების წარმოებას ასი ათასობით ღირებულების ლიანდაგის დემონტაჟზე. ამასთან, წერილის თანახმად, ლიანდაგი იყო უმოქმედო, რაც მოსარჩელის მითითებით, არ შეესაბამება სიმართლეს. სს „...ი“ აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 დეკემბერის წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ რკინიგზის ლიანდაგი ირიცხებოდა სს „...ის“ ბალანსზე და ემსახურებოდა ...ის ტერიტორიაზე მოქმედ ათობით ფირმას, რომელთა ფუნქციონირება დამოკიდებული იყო პროდუქციის შემოტანაზე და ...ი მათთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ამასთან, რკინიგზის ლიანდაგის სიგრძე შეადგენდა 700 მეტრს და კერძო ფირმებთან იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებისას ყოველთვის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის უგულებელყოფით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მაინც მოახდინა ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელი ლიანდაგის დემონტაჟი მესაკუთრის თანხმობის გარეშე. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ უხეშად დაარღვია მისი საკუთრების უფლება და მიაყენა მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია). კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, თუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. კოლეგიის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კერძო-სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობიდან გამომდინარე დავა და მის შესრულებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ქმედება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელის მოთხოვნის და დავის საგნის არსიდან გამომდინარე, საქმის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის ქმედების კანონიერების საკითხი, რაც შეუძლებელია განხილულ იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე. კოლეგიის მითითებით, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხე, როგორც საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი ადგილობრივი მმართველობის ორგანო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსარჩელის მოთხოვნა - ქმედების განხორციელების, მოსარჩელის კუთვნილი ლიანდაგის აღდგენის დავალდებულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით (რესტიტუციის მოთხოვნა). კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 208-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, საქმე უნდა განიხილოს ადმინისტრაციული საქმეების განმხილველმა სასამართლომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს მოუწევს შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ასევე შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საკითხი და ა.შ. ამგვარი შეფასებები კი ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა სასამართლომ უნდა ჩამოაყალიბოს იმ საპროცესო წესების ფარგლებში, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის არის დამახასიათებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისათვის სს „...ის“ ტერიტორიაზე ...ის ქუჩის მხრიდან შესასვლელი ლიანდაგის დემონტირებული მონაკვეთის აღდგენის დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო და სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუმცა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ იძლევა დავის ავტომატურად ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის შესაძლებლობას, არამედ კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
განსახილველ შემთხვევაში, სს „...ის“ სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოსარჩელის თანხმობის გარეშე მოახდინა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ის მიმდებარედ განლაგებული რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟი. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - ტერიტორიაზე დემონტირებული ლიანდაგების კვლავ განთავსება. თავისმხრივ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ თ. ...ის ქუჩაზე გამავალი ლიანდაგი ხელს უშლიდა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და ქმნიდა საცობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განხორციელებული მოქმედების - ლიანდაგების დემონტაჟის და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მომავალში განსახორციელებელი მოქმედების - დემონტირებული ლიანდაგის აღდგენის სამართლებრივი ბუნების გარკვევას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიების საჯაროსამართლებრივად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოქმედება, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მმართველობითი ხასიათის ღონისძიება ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი, უშუალო მიზნების, ფუნქციებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 50-ე მუხლის თანახმად, მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-15 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაცია და განვითარება და ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზება. საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე ქსელების, კოლექტორების, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა, თბილისის გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სხვა. ამდენად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გზის საფარის მოწესრიგება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიზნების ფარგლებში განსახორციელებელი ერთ-ერთ ფუნქციაა.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ქონებაა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სადავო ლიანდაგების დემონტაჟი განხორციელდა მისი მმართველობითი საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი მოძრაობა და საცობის წარმოქმნისაგან თავის არიდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო მოქმედების/შესასრულებელი მოქმედების შეფასებისას, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით („ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებით“) მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების მართლზომიერება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს დავის სამოქალაქო წესით განხილვის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე



ნ. სხირტლაძე