Facebook Twitter
საქმე №ბს-1067(კ-19) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები - ი. ნ-ა, ხ. ჯ-ა, ნ. კ-ი, ს. ჯ-ა, ი. ტ-ე, თ. მ-ე, ა. კ-ე, მ. მ-ე, თ. კ-ა, შპს „...“, შპს „ლ...“, კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

დავის საგანი - ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 11 ივლისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
სარჩელის თანახმად, შპს „...ი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომლის ძირითადი საქმიანობა არის უზრუნველყოფილი ან/და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე. შპს „...სა“ და ა. ნ-ს და ი. ნ-ას (სოლიდარული თავდები) შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სესხისა და თავდებობის შესახებ. მსესხებლისა და თავდები პირების მიერ არ იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული, რის გამოც კრედიტორმა - შპს „...მა“ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლების გაცემა აღნიშნული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლისა და თავდები პირის მიმართ. ნორატიუსის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლები, რაც შპს „...ის“ მიერ წარდგენილ იქნა აღსასრულებლად კერძო აღმასრულებელთან, რომელთა საფუძველზეც დაწყებულ იქნა სააღსრულებო წარმოებები. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სხვა ქონებებთან ერთად ყადაღა დაედო მოვალეების - ა. ნ-ს 60% წილს შპს „ი...ში“ და ასევე ი. ნ-ას 30% წილს შპს „ი...ში“. აქვე აღინიშნა, რომ ი. ნ-ას 30%-იანი წილი შპს „ი...ში“ გააჩნდა შპს „...ის“ წინაშე ვალდებულების წარმოშობამდე.
სარჩელის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების ეტაპზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მოვალე - ა. ნ-, ხოლო სამკვიდრო მოწმობის თანახმად ა. ნ-ს მემკვიდრეებს წარმოადგენენ: ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა, რომელთაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მიიღეს თანაბარ წილში ¼-¼ ნაწილში. მემკვიდრეებმა თანაბარ წილად მემკვიდრეობით მიიღეს ა. ნ-ს 60%-იანი კუთვნილი წილი შპს „ი...ში“, მათ შორის ი. ნ-ამ მემკვიდრეობით მიიღო 15% წილი და საკუთრებაში გაუხდა შპს „...ს“ 45%, საიდანაც 30% ეკუთვნოდა სამკვიდროს მიღებამდე, ხოლო მემკვიდრეობით მიიღო დამატებით 15%.
სარჩელის მიხედვით, შპს „...ის“ მიერ აღნიშნული სააღსრულებო საქმეების წარმოების ფარგლებში შეფასებულ იქნა მოვალე ი. ნ-ას 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე მომსახურების მიზნით კერძო აღმასრულებლის მიერ გადაგზავნილ იქნა ოთხი სააღსრულებო საქმე (აქედან ორი საქმე შეჩერებული იქნა სასამართლოს მიერ), სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს „...ი“, ხოლო მოვალეს ი. ნ-ა. აღნიშნული საქმეების ფარგლებში აუქციონი უნდა გამართულიყო შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას 30%-იანი წილის რეალიზაციაზე. ამავე დროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 13 სააღსრულებო საქმე, სადაც ერთ-ერთ მოვალეს ასევე წარმოადგენს ი. ნ-ა, როგორც მისი გარდაცვლილი მამის - ა. ნ-ს მემკვიდრე, რომელმაც კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღო მამის ¼ დანაშთი სამკვიდრო. ასეთ ვითარებაში სააღსრულებო ბიურო აუქციონს შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას 30%-იანი წილის რეალიზაციის თაობაზე ატარებს შპს „...ის“ გარდა ყველა სხვა კრედიტორის სასარგებლოდაც და აპირებს ამოღებული თანხა გაანაწილოს თითოეული კრედიტორის მოთხოვნების პროპორციულად, ეს მაშინ, როდესაც შპს „...ი“ წარმოადგენს მოვალე ი. ნ-ას პირად მოვალეს, ხოლო სხვა კრედიტორების წინაშე ი. ნ-ა არის მოვალე როგორც გარდაცვლილი მამის - ა. ნ-ს მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო 15% წილი ამავე კომპანიაში და დამატებით კიდევ სხვა ქონება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...მა“ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რათა შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე მოეხდინა დროულად და მხოლოდ შპს „...ის“ სასარგებლოდ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის №26740 წერილით ეცნობათ, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო ახორციელებს აუქციონს შპს „...ის“ გარდა ყველა სააღსრულებო საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს ი. ნ-ას მიმართ, როგორც გარდაცვლილი მამის სამართალმემკვიდრის მიმართ და 30%-იანი წილის რეალიზაციიდან ამოღებული თანხის განაწილებას აპირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 822 და 823 მუხლების შესაბამისად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ამგვარი მოქმედება უკანონოა და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლს, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, აღნიშნული ნორმის თანახმად, მემკვიდრეებმა მამკვიდრებლის ვალდებულებებზე პასუხი უნდა აგონ მიღებული აქტივის ფარგლებში და არა მანამდე არსებული ქონებით, თბილისის სააღსრულებო ბიურო კი მოქმედებს პირიქით, ი. ნ-ას 30%-იანი წილის (რომელიც მას საკუთრებაში გააჩნდა მემკვიდრეობის მიღებამდე) რეალიზაციიდან ამოღებულ თანხებს პროპორციულად უნაწილებს როგორც მოსარჩელე შპს „...ს“ (ი. ნ-ას პირად მოვალეს), ასევე სხვა კრედიტორებს, რომლებიც წარმოადგენენ ი. ნ-ას მამის (მამკვიდრებლის) კრედიტორებს.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის ქმედება ეწინააღმდეგება კანონს, რითაც ილახება შპს „...ის“ ინტერესები, მას უმცირდება ქონების რეალიზაციიდან მისაღები თანხის ოდენობა და დგება რისკის ქვეშ, რომ სრულად არ იქნეს მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება მოითხოვა, კერძოდ, №A16043406 და №A16043206 სააღსრულებო საქმეებზე შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს „...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, რომლებიც წარმოდგენილი არიან შემდეგ სააღსრულებო საქმეებში: №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182, №A16134645.
ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა დავის დასრულებამდე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აკრძალვოდა შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომლებიც წარმოდგენილი არიან შემდეგ სააღსრულებო საქმეებში: №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182, №A16134645.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი. ნ-ა, ხ. ჯ-ა, ნ. კ-ი, ს. ჯ-ა, ი. ტ-ე, თ. მ-ე, ა. კ-ე, მ. მ-ე, თ. კ-ა, შპს „...“, შპს „ლ...“ და კერძო აღმასრულებელი ე. ღ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 10 მაისს შპს „...მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული №160483914, №160483839, №160483964 და №160483777 სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს „...ი“, ხოლო მოვალეებს - ა. ნ- და ი. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლები გაცემული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, 2015 წლის 1 დეკემბერს, 2015 წლის 19 დეკემბერსა და 2016 წლის 29 თებერვალს შპს „...სა“ და ა. ნ-სა და ი. ნ-ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, შპს „...მა“ ა. ნ-ს ასესხა 30 000 აშშ დოლარი, 15 000 აშშ დოლარი, 20 000 აშშ დოლარი და 40 000 აშშ დოლარი. ამასთან, ოთხივე შემთხვევაში თავდებს წარმოადგენდა ი. ნ-ა.
კერძო აღმასრულებელსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული სააღსრულებო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლების მიხედვით გაერთიანებული A16043406, A16043397, A16043393 და A16043206 სააღსრულებო წარმოებების საფუძველზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, განახორციელა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, 2016 წლის 10 მაისს მოვალეებს ა. ნ-სა და ი. ნ-ას მიეცათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია. ამასთან, დადგენილი იყო, რომ ხსენებული ოთხი სააღსრულებო ფურცლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა 2016 წლის 10 მაისის №160483964 და №160483777 სააღსრულებო ფურცლების მოქმედება, შესაბამისად, შეჩერებული იქნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებები.
2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ა. ნ-ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო 1 500 000 ლარად, აქედან ი. ხ-ის წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ლ. ნ-ას წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ი. ნ-ას წილი შეფასებული იქნა 375 000 ლარად და ლ. ნ-ას წილი ასევე შეფასებული იყო 375 000 ლარად.
2016 წლის 29 დეკემბერს თ. კ-ამ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს გაცემული №161476614 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ. კ-ა, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის და შესწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების - ი. ხ-ის, ლ. ნ-ას, ი. ნ-ასა და ლ. ნ-ას მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A16134645 სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2017 წლის 10 იანვარს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 6 იანვარს გაცემული №170011572 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა მ. მ-ე, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A17004284 სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2017 წლის 11 იანვარს ა. კ-ემ განცხადებებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 10 იანვარს გაცემული №170022176, №170022492, №170022234, №170022376 და №170022289 სააღსრულებო ფურცლების იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს ხუთივე შემთხვევაში წარმოადგენდა ა. კ-ე, ხოლო მოვალეებს - ა. ნ-, ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლებისა და მათში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა. ნ-ს უფლებამონაცვლეების - ი. ხ-ის, ლ. ნ-ას, ი. ნ-ას და ლ. ნ-ას მიერ მამკვიდრებლისგან - ა. ნ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში, უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A17003694, A17003698, A17003699, A17003697 და A17003696 სააღსრულებო წარმოებები და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი. ნ-ას სახელზე რიცხულ შპს „...ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2017 წლის 12 იანვარს თ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გაცემული №170027870 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა თ. მ-ე, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A17004467 სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მიეცათ წინადადება მოვალეებს - ი. ხ-ს, ლ. ნ-ას, ი. ნ-ას და ლ. ნ-ას ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი. ნ-ას სახელზე რიცხულ შპს „...ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2017 წლის 13 იანვარს ი. ტ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 1 მარტს გაცემული №160193608 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ი. ტ-ე, ხოლო მოვალეს - ა. ნ-. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მამკვიდრებლისგან ა. ნ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A17008079 სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2017 წლის 23 იანვარს შპს „ლ...“-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 20 იანვარს გაცემული №170055583 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა შპს „ლ...“, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A17009182 სააღსრულებო წარმოება და განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი. ნ-ას სახელზე რიცხულ შპს „...ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
2017 წლის 30 იანვარს ს. ჯ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 8 ნოემბერს გაცემული №161284736 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ს. ჯ-ა, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი ჩასწორების აქტის თანახმად, აღსრულება უნდა განხორციელებულიყო მოვალის უფლებამონაცვლეების მიერ, მხოლოდ მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო A17012268 სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2017 წლის 1 თებერვალს ნ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 1 თებერვალს გაცემული №170099983 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ნ. კ-ი, ხოლო მოვალეებს - ა. ნ-, ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და მასში შეტანილი შესწორების აქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა. ნ-ს უფლებამონაცვლეების - ი. ხ-ის, ლ. ნ-ას, ი. ნ-ას და ლ. ნ-ას მიერ მამკვიდრებლისგან - ა. ნ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A17014065 სააღსრულებო წარმოება და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
2017 წლის 27 თებერვალს ხ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 25 თებერვალს გაცემული №170192201 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ხ. ჯ-ა, ხოლო მოვალეებს - ი. ხ-ი, ლ. ნ-ა, ი. ნ-ა და ლ. ნ-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მოვალის ა. ნ-ს უფლებამონაცვლეების - ი. ხ-ის, ლ. ნ-ას, ი. ნ-ას და ლ. ნ-ას მიერ მამკვიდრებლისგან - ა. ნ-სგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო A17023772 სააღსრულებო წარმოება და არაერთხელ მისცა წინადადება მოვალეებს - ი. ხ-ს, ლ. ნ-ას, ი. ნ-ას და ლ. ნ-ას ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ასევე განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, ი. ნ-ას სახელზე რიცხულ შპს „...ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის წერილით შპს „...ს“ ეცნობა, რომ გარდა იმ საქმეებისა, სადაც შპს „...ი“ წარმოადგენდა კრედიტორ მხარეს, ი. ნ-ა №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებში ასევე წარმოდგენილი იყო მოვალედ, როგორც ა. ნ-ს მემკვიდრე. ამასთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული ყველა სააღსრულებო საქმე წარმოადგენდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და აღმასრულებელი უზრუნველყოფდა აუქციონის ჩატარებას ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე, გარდა შეჩერებული სააღსრულებო საქმეებისა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო); ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით; მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე; ხოლო მე-147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული ოთხი სხვადასხვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომელთაგან ორი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებული იქნა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,...სა“ და ა. ნ-სა და ი. ნ-ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. ამდენად, მოვალეს ოთხივე შემთხვევაში ა. ნ-სთან ერთად წარმოადგენდა ი. ნ-ა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ნ- ერთპიროვნულად წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და მოვალეს მთელი რიგი კრედიტორების - ნ. კ-ის, ს. ჯ-ას, ი. ტ-ის, თ. მ-ის, მ. მ-ის, თ. კ-ას, შპს ,,ლ...“-ის, ხ. ჯ-ასა და ა. კ-ის მიმართ, თუმცა მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. ამდენად, აღნიშნული კრედიტორების მიმართ მამკვიდრებლისგან მიღებული აქტივის ფარგლებში ერთ-ერთ მოვალეს წარმოადგენდა ი. ნ-ა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამასთან, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...ისა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნები სააღსრულებო საქმეებზე მიეკუთვნებოდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის კატეგორიას და თითოეულის დაკმაყოფილების მიზნით, რიგ შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა, რიგ შემთხვევებში თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ, მოვალეებს მიეცათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება, მოვალის ქონებასა და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია, მათ შორის, დაყადებული იქნა მოვალე ი. ნ-ას 45%-იანი წილი შპს „ი...ში“, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაცია განხორციელდება იმგვარად, რომ №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მოვალე ი. ნ-ას იმ ქონებიდან, რომელიც მემკვიდრეობის მიღებამდე ჰქონდა საკუთრებაში და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის საფუძველზე მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდულია, კერძოდ, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, თუმცა საბოლოოდ ა. ნ-ს კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნება მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი. №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ცხადყოფდა, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავდა ი. ნ-ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით განპირობებულ სააღსრულებო საქმეებზე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგითობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო შპს ,,...ისა“ და სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დაწყებული სააღსრულებო წარმოების გაერთიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და აღნიშნული ვერ გახდება მოცემული დავის საგანი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონებაზე ერთდროულად მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღის დადება და აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარება ყველა იმ კრედიტორთა სასარგებლოდ, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ფულადი მოთხოვნა მოვალის მიმართ, მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მხოლოდ აქტივის ფარგლებში, საფუძვლიანია და მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლომ მოპასუხის მიერ მოვალე ი. ნ-ას სახელზე რიცხულ წილზე განხორციელებული ყადაღის რეგისტრაცია დასაბუთებულად მიიჩნია, ამასთან, საბოლოოდ №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე კრედიტორებისთვის გასაცემი პასივი ვერ იქნებოდა მემკვიდრეობით მიღებულ აქტივზე მეტი, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, შპს ,,ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საკითხებთან, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორის მითითებით, მათი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ შპს „...ის“ მოვალეს - ი. ნ-ას მემკვიდრეობის მიღებამდე გააჩნდა საკუთრებაში 30%-იანი წილი შპს „ი...ში“. ამასთან ერთად, ი. ნ-ას მიმართ შპს „...ი“ აღსრულებას ითხოვდა როგორც პირადი მოვალის მიმართ, ხოლო სხვა სააღსრულებო საქმეებში, სადაც კრედიტორები არიან საქმეში ჩართული მესამე პირები, ი. ნ-ა წარმოდგენილი იყო როგორც მამის - ა. ნ-ს მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი, მათ შორის, 15%-იანი წილი შპს „ი...ში“. ამდენად, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განსახორციელებელ ქმედებას, რომლის თანახმადაც, ის აპირებს ი. ნ-ას ქონებაზე - 30%-იან წილზე შპს „ი...ში“ იძულებითი აუქციონი ჩაატაროს, როგორც შპს „...ის“ სასარგებლოდ, ასევე ი. ნ-ას, როგორც ა. ნ-ს მემკვიდრის კრედიტორების სასარგებლოდ და ამოღებული თანხა გაანაწილოს ყველა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ მოთხოვნების პროპორციულად მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, რასაც კასატორის მოსაზრებით, ადასტურებდა სარჩელზე თანდართული თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2017 წლის 4 აპრილის წერილი.
კასატორის მოსაზრებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ განსახორციელებელი ქმედება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველ ნაწილს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მემკვიდრემ მამკვიდრებლის კრედიტორები უნდა დააკმაყოფილოს მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. „მიღებული აქტივი“ კი ნიშნავს კონკრეტულ აქტივს, ნატურას, მაგ: მიღებული ქონება, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში (როგორც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში) და ა.შ.
ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო საკითხთან მიმართებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით გატარებულია ორი წინააღმდეგობრივი აზრი, ერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, ხოლო მეორე შემთხვევაში აღნიშნავს, რომ სააღსრულებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ცხადყოფს, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავს ი. ნ-ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას. საბოლოოდ, სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით კი შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გარდა აღნიშნულისა, კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლზე, რომელიც კასატორის მითითებით, განსაზღვრავს მრავალჯერადი ყადაღის დადების და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააღსრულებო ბიურო მომავალში დაარღვევს აღნიშული ნორმით დადგენილ წესს, იმ შემთხვევაში, თუ განახორციელებს იმ ქმედებას, რომლისგან თავის შეკავებაც არის მოთხოვნილი მოპასუხის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. №28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,...ის“ სასარჩელო მოთხოვნის მიზანია თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება, კერძოდ, მოპასუხემ შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს ,,...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე. კასატორის მითითებით, მათი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ შპს „...ის“ მოვალეს - ი. ნ-ას მემკვიდრეობის მიღებამდე გააჩნდა საკუთრებაში 30%-იანი წილი შპს „ი...ში“. ამასთან ერთად, ი. ნ-ას მიმართ შპს „...ი“ აღსრულებას ითხოვდა როგორც პირადი მოვალის მიმართ, ხოლო სხვა სააღსრულებო საქმეებში, სადაც კრედიტორები არიან საქმეში ჩართული მესამე პირები, ი. ნ-ა წარმოდგენილი იყო როგორც მამის - ა. ნ-ს მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი, მათ შორის, 15%-იანი წილი შპს „ი...ში“. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიერ მითითებულ სააღსრულებო საქმეებზე განხორციელდა ყადაღის რეგისტრაცია მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებულ შპს ,,...ს“ 45%-იან წილზე, საიდანაც 15% მოვალეს მიღებული ჰქონდა მამკვიდრებლისგან, ხოლო 30% წილს ფლობდა სამკვიდროს გახსნამდე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი, რომელიც მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე; ხოლო მე-147 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,...მა“ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნოტარიუსის მიერ გაცემული ოთხი სხვადასხვა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომელთაგან ორი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შეჩერებულ იქნა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,...სა“ და ა. ნ-სა და ი. ნ-ას შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. ამდენად, მოვალეს ოთხივე შემთხვევაში ა. ნ-სთან ერთად წარმოადგენდა ი. ნ-ა. ასევე დადგენილია, რომ ა. ნ- ერთპიროვნულად წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და მოვალეს მთელი რიგი კრედიტორების - საქმეში მესამე პირებად ჩაბმული: ნ. კ-ის, ს. ჯ-ას, ი. ტ-ის, თ. მ-ის, მ. მ-ის, თ. კ-ას, შპს „ლ...“-ის, ხ. ჯ-ასა და ა. კ-ის მიმართ, თუმცა მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. ამდენად, აღნიშნული კრედიტორების მიმართ მამკვიდრებლისგან მიღებული აქტივის ფარგლებში ერთ-ერთ მოვალეს წარმოადგენდა ი. ნ-ა.
წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სადავოდ არის ქცეული მამკვიდრებლის ქონებრივი ვალდებულებების გამო მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლები. სარჩელის მიხედვით, მოპასუხის ქმედებით ილახება შპს „...ის“ ინტერესები, მას უმცირდება ქონების რეალიზაციიდან მისაღები თანხის ოდენობა და დგება რისკის ქვეშ, რომ სრულად არ იქნეს მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, შპს „...ი“ შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაციას აუქციონზე შპს ,,...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ (№A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე) სწორედ იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ საფრთხე არ შეექმნას ი. ნ-ას მიმართ წარდგენილი მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტისას შეფასება უნდა მიეცეს მამკვიდრებლის ქონებრივი ვალდებულებების გამო მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლებს, სამკვიდროს მიღების შემთხვევაში მემკვიდრეების რა ქონების ფარგლებში უნდა მოხდეს აღსრულება, რასაც ასევე დაუკავშირდება შესაბიმისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მოცულობის განსაზღვრაც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებულ შემთხვევებში სააღსრულებო წარმოებები დაწყებულია ა. ნ-ს ვალდებულებების აღსრულების მიზნით, რომლის გარდაცვალების შემდეგაც სამკვიდრო ქონება მიიღო ოთხმა მემკვიდრემ, მათ შორის, ი. ნ-ამ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს სამემკვიდრეო ურთიერთობა, რა პირობებშიც, უფლებამონაცვლეობის მოცულობის დადგენის თვალსაზრისით, განმსაზღვრელია სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს მემკვიდრეობით-სამართლებრივ ურთიერთობებს. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მითითებული მუხლის საფუძველზე სამკვიდროში შედის და სამკვიდრო აქტივს წარმოადგენს, როგორც მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებები, ასევე ქონებრივი მოვალეობები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა და სიცოცხლეში არ შეუსრულებია. სწორედ აღნიშნული ნორმის დანაწესი ქმნის მამკვიდრებლის ქონებრივი ვალდებულებების მის მემკვიდრეებზე გადაკისრების საფუძველს. რაც შეეხება სამკვიდრო პასივის გასტუმრების საკითხსა და მემკვიდრეების პასუხისმგებლობის ფარგლებს, განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული ნორმა ადგენს ორმხრივ სამართლებრივ ბალანსს, კანონმდებელი იცავს როგორც კრედიტორის ინტერესებს, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლისაგან მიიღოს შესრულება, ასევე უფლებამონაცვლე პასუხს აგებს მამკვიდრებლის ვალდებულებისათვის, თუმცა მიღებული სამკვიდროსა და მისი წილის გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მემკვიდრის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას, ასევე, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას.
დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდრო ქონება მოიცავს მამკვიდრებლის არა მხოლოდ უფლებებს, არამედ მოვალეობებსაც, მემკვიდრე სამკვიდროს მიღებისას, მიღებული აქტივის ფარგლებში და პროპორციულად, პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალდებულებებზეც. ამასთანავე, აღნიშნული ვალდებულებები შემოსაზღვრულია სწორედ მიღებული სამკვიდრო ქონების, ქონებრივი უფლებების ფარგლებით და არ უკავშირდება მემკვიდრის სხვა ქონებას. შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს მოვალის უფლებამონაცვლეობას, რომელიც გამოწვეულია მოვალის გარდაცვალებითა და მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებით, უფლებამონაცვლეს შეიძლება დაევალოს ვალდებულებათა მხოლოდ იმ მოცულობის შესრულება, რომელიც ტოლია ან ნაკლებია მემკვიდრეობით მიღებულ ქონებრივ უფლებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მემკვიდრის ქონებრივი უფლებები გაუმართლებლად დაირღვევა და მას უსაფუძვლოდ დაეკისრება პასუხისმგებლობა სხვისი ქმედებისა და ვალდებულებისთვის. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულების მიზნით, უნდა წარიმართოს სწორედ სამკვიდრო ქონების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ა. ნ-ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე თანხა და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივები, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის. მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო 1 500 000 ლარად, აქედან ი. ხ-ის წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ლ. ნ-ას წილი შეფასებული იყო 375 000 ლარად, ი. ნ-ას წილი შეფასებული იქნა 375 000 ლარად და ლ. ნ-ას წილი ასევე შეფასებული იყო 375 000 ლარად. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ, შვილებმა და დედამ თანაბარწილად - ¼-¼ ნაწილში მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის მიხედვით, თითოეულის პასუხისმგებლობა სამკვიდრო პასივის ¼-ით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულზე ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის სიტყვები - „მიღებული აქტივის ფარგლებში“, რაც კრედიტორთა და მემკვიდრეთა ინტერესების დაბალანსებით განსაზღვრავს აღსასრულებელი ქონების მოცულობას.
ამდენად, სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობს მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულების მიზნით, უნდა წარიმართოს სწორედ სამკვიდრო ქონების ფარგლებში, რაც უპირველესად გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრე მიღებული აქტივის პროპორციულად არის პასუხისმგებელი მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე და არ აგებს პასუხს მამკვიდრებლის იმ პასივებზე, რომელიც სცილდება მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რა ფორმით არის მიღებული სამკვიდრო, რამდენად იდენტიფიცირებადია მემკვიდრეობით მიღებული ქონება, ვინაიდან, მემკვიდრეთა მიერ მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულებისას, გარდა იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად დააკმაყოფილონ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, აღსანიშნავია სამკვიდროს მიღების შემთხვევაში მემკვიდრეების რომელი ქონებიდან არის შესაძლებელი აღსრულების განხორციელება, უკავშირდება ეს კონკრეტულად მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას თუ მიღებული აქტივის ფარგლებში შესაძლებელია აღსრულება განხორციელდეს მემკვიდრის სხვა ქონებიდან, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლი იყენებს ტერმინს - „მიღებული აქტივის ფარგლებში“ და არა - „მიღებული აქტივით“. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სამკვიდრო ქონება გამოიხატება იდენტიფიცირებული ქონებით, რომელიც აღსრულების მომენტისთვის არსებობს და ეკუთვნის მემკვიდრეს, აღსრულება უნდა წარიმართოს სწორედ ამ ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებით და არა ამ ქონების ღირებულების ფარგლებში ნებისმიერი ქონების დაყადაღებისა და აუქციონზე გატანის გზით. სააღსრულებო მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს მემკვიდრის საკუთრების უფლების არსებითად, გაუმართლებლად და უსაფუძვლოდ შელახვა, ამასთანავე, არ უნდა დაირღვეს პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებიც, ვინაიდან იძულებითი აღსრულების მიზანია კრედიტორის ნამდვილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის და არა სხვა, ვალდებულებასთან კავშირში არმყოფი პირის ქონების ხარჯზე. შესაბამისად, აღსრულების პროცესი უნდა წარიმართოს უპირველესად უშუალოდ მემკვიდრეობით მიღებული ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებითა და ამონაგები თანხის კანონით დადგენილი წესით განაწილების მეშვეობით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სამკვიდრო მემკვიდრეს გადაეცა ფულადი თანხის სახით ან აღსრულების განხორციელების დროისათვის მემკვიდრის მიერ გასხვისებულ იქნა მემკვიდრეობით მიღებული ქონება, მაშინ აღსრულება შესაძლებელია წარიმართოს მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში მემკვიდრის ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მეშვეობით, რაც დააბალანსებს კრედიტორისა და მემკვიდრის ინტერესებს, უზრუნველყოფილი იქნება მემკვიდრის უფლება მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულების მიზნით უპირველესად აღსასრულებლად მიექცეს უშუალოდ მემკვიდრეობით მიღებული ქონება და არ მოხდეს მემკვიდრის უფლებების გაუმართლებელი შელახვა, მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება, ხოლო კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ქონების გასხვისება.
ამასთან, ის თუ რა ფორმით არის მიღებული სამკვიდრო, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, ქონების რა ფარგლებში განხორციელდება ყადაღის დადება და შემდგომ აუქციონის გზით რეალიზაცია.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს „ი...ში“ არსებული წილის რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს შპს-ს საწესდებო კაპიტალისა და მისი ქონების გამიჯვნაზე და მიუთითებს, რომ საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად, რომელიც არის მიმოქცევადი უფლება; ხოლო საზოგადოების ქონებას წარმოადგენს საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა. შპს დამოუკიდებლად აგებს პასუხს მთელი თავისი ქონებით კრედიტორების წინაშე და პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ ამ ქონებით, ხოლო შპს-ს პარტნიორები პასუხს არ აგებენ საზოგადოების ვალდებულებებზე. ამასთან, შპს-ს წილის გასხვისების ერთ-ერთ ფორმას მემკვიდრეობით გადაცემა წარმოადგენს, რაც წესრიგდება სამემკვიდრეო სამართლით, რა დროსაც პარტნიორის გარდაცვალებისას მისი წილი შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეებზე.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სამკვიდროს გახსნამდე ი. ნ-ას საკუთრებაში იყო შპს „...ს“ 30%-იანი წილი, მემკვიდრეობით კი ი. ნ-ამ დამატებით მიიღო შპს „...ს“ წილი. შესაბამისად, იდენტიფიცირებადია როგორც შპს ,,ი...ში“ სამკვიდროს გახსნამდე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული წილი, ასევე - შპს ,,ი...ში“ მემკვიდრეობით მიღებული წილი. ამასთან, მემკვიდრეთა განცხადებით სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო 1 500 000 ლარად, მათ შორის, ი. ნ-ას წილი შეფასებული იქნა 375 000 ლარად, თუმცა არ დასტურდება მემკვიდრეობით ფულადი თანხის მიღების ფაქტი; საქმის მასალების მიხედვით, მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო, რომელიც შედგებოდა სამეწარმეო რეესტრში წილებისა და უძრავი ქონებისგან. ასეთ შემთხვევაში, აღსრულების პროცესი უნდა წარიმართოს უპირველესად უშუალოდ მემკვიდრეობით მიღებული ქონების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებითა და ამონაგები თანხის კანონით დადგენილი წესით განაწილების მეშვეობით. იდენტიფიცირებული სამკვიდრო აქტივი გამორიცხავს როგორც მემკვიდრის მთლიანი (მათ შორის სამკვიდროს გახსნამდე საკუთრებაში არსებული) ქონების დაყადაღებას, ასევე სააღსრულებო ბიუროს შესაძლებლობას აუქციონზე უპირველესად სარეალიზაციოდ გაიტანოს სამკვიდროს გახსნამდე მემკვიდრის საკუთრებაში არსებული ქონება. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს მამკვიდრებლის ვალდებულებების აღსრულებას მემკვიდრეების მთელი ქონებით; თითოეული მემკვიდრის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორია თითოეული მათგანის წილის პროპორცია სამკვიდროს ღირებულებასთან და თითოეული პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში.
ამასთან, ის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484.1 მუხლის საფუძველზე მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდულია და მემკვიდრეები მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესებს აკმაყოფილებენ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, დაადასტურეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა აღინიშნა, რომ მიღებული აქტივის ფარგლებში პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს აღმასრულებლის შესაძლებლობას, მოიძიოს მოვალის მთლიანი ქონება და დაადოს ყადაღა, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყო თითოეული მემკვიდრის მიერ შპს „ი...ში“ მემკვიდრეობით მიღებული წილი. მემკვიდრეთა მთლიან ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება ეწინააღმდეგება თავად სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182 და №A16134645 სააღსრულებო საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლები მათში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ცხადყოფდა, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული უნდა იქნეს მხოლოდ მამკვიდრებლისგან მიღებული ქონება კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რაც გამორიცხავდა ი. ნ-ას სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების დასაბუთების წინააღმდეგობრივ ხასიათთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, შეუსაბამობას გადაწყვეტილების დასაბუთებასა და საქმეზე დამდგარ შედეგს შორის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სარჩელი.
მოსარჩელის მითითებას სააღსრულებო ბიუროს მიერ შპს „ი...ში“ ი. ნ-ას მთლიანი წილიდან მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ ამყარებს თავად თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის წერილი, რომლითაც შპს „...ის“ წარმომადგენელს განემარტა, რომ მემკვიდრეთა ვალდებულება, დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორების ინტერესები მიღებული აქტივის ფარგლებში, გულისხმობს მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილებას მემკვიდრეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ღირებულების ფარგლებში. მართალია, სააღსრულებო ბიურო მიუთითებს კრედიტორთა დაკმაყოფილებაზე მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ღირებულების ფარგლებში, თუმცა აქვე აღნიშნავს მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილების შესაძლებლობას მემკვიდრეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან, რაც ბუნებრივია, ამყარებს კასატორის მითითებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებულ სააღსრულებო საქმეებზე განხორციელებულია ყადაღის რეგისტრაცია მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებულ შპს ,,...ს“ მთლიან წილზე. ამასთან, აღნიშნული წერილის შინაარსიდან სავარაუდოა, რომ სააღსრულებო ბიურო მიუთითებს მემკვიდრეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან კრედიტორთა დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე, თუმცა არც მითითებული წერილიდან და არც საქმის განხილვისას დადასტურებულა ი. ნ-ას მიერ ა. ნ-სგან უშუალოდ მემკვიდრეობით მიღებული აქტივით კრედიტორთა დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებები და ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილების აუცილებლობა, რაც მაგალითისთვის გამოიხატებოდა ი. ნ-ას მიერ მემკვიდრეობით მიღებული აქტივის გასხვისებაში. არ დადგენილა, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების რომელიმე ნაწილი გაასხვისა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ სწორედ სამკვიდრო მასაში არსებული ქონების გასხვისების შემთხვევაში შეიძლებოდა დაეშვა სააღსრულებო ბიუროს მემკვიდრის პირადი ქონებით პასუხისმგებლობა მამკვიდრებლის ვალდებულებების წინაშე. შპს „ი...ში“ ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის კავშირი სამკვიდრო მასასთან არ დასტურდება, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებულ 30%-იან წილზე მამკვიდრებლის ქონებრივი ვალდებულებების გავრცელების შესაძლებლობას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის მიხედვით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა. საქმეზე განვითარებულ ქმედებათა ჯაჭვი - ი. ნ-ას საკუთრებაში არსებულ შპს „...ს“ მთლიან წილზე ყადაღის დადება და შემდგომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 4 აპრილის წერილი ქმნის მოლოდინს სააღსრულებო წარმოების იმგვარი განხორციელებისა, რაც საფრთხეს შეუქმნის შპს „...ის“ მიერ ი. ნ-ას მიმართ წარდგენილი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, №A16043406 და №A16043206 სააღსრულებო საქმეებზე შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს „...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, რომლებიც წარმოდგენილი არიან შემდეგ სააღსრულებო საქმეებში: №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182, №A16134645.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს „...ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და



გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება, კერძოდ, №A16043406 და №A16043206 სააღსრულებო საქმეებზე შპს „ი...ში“ მოვალე ი. ნ-ას საკუთრებაში არსებული 30% წილის რეალიზაცია აუქციონზე არ განახორციელოს შპს „...ის“ გარდა სხვა კრედიტორების სასარგებლოდ, რომლებიც წარმოდგენილი არიან შემდეგ სააღსრულებო საქმეებში: №A17023772, №A17014065, №A17012268, №A17008079, №A17004467, №A17003694, №A17003698, №A17003699, №A17003697, №A17003696, №A17004284, №A17009182, №A16134645;
5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს შპს „...ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე