#ბს-1284(კ-19) 10 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჯ-ი; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 24 თებერვალს რ. ჯ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელემ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 იანვრის №18 ბრძანებულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ჯ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 იანვრის №18 ბრძანებულება და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, რ. ჯ-ის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-4, მე-9, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია, ეროვნული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდა მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას, კანონში მითითებული კონკრეტული საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, თუმცა ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ ემყარებოდა ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი გადაეწყვიტა გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, იმისათვის, რომ მოქალაქეობის უსაფუძვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, პირს უკანონოდ არ შეზღუდვოდა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით აღიარებული პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური, აგრეთვე პირადი უფლებები და თავისუფლებები.
სააპელაციო პალატის მითითებით, რ. ჯ-ის მიმართ გამოცემულ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული იყო მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებით, ხოლო აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძვლად მითითებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის №... დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რ. ჯ-ს მიღებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა (პასპორტი №...). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საქმეში წარდგენილი იყო რ. ჯ-ის (დაბადებული ... წლის ... ... პ/ნ ...) რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ასლი (№...), თუმცა საქმის ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარდგენილი ზემოაღნიშნული პასპორტის ასლის დედანი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადსტურებდა რ. ჯ-ის რუსეთის მოქალაქეობის ფაქტს. პალატამ აღნიშნა, რომ უნდა შესწავლილიყო რ. ჯ-ის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები, როგორც საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, ასევე საქართველოდან სხვა ქვეყნების მეშვეობით რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ასევე რუსეთის ფედერაციაში არსებული სავიზო რეჟიმის გათვალისწინებით, უნდა დადგენილიყო რუსეთში გატარებულ პერიოდში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რ. ჯ-ის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები და მხოლოდ ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება ჩაითვლებოდა სათანადო ადმინისტრაციულ წარმოებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილ იქნა დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ რ. ჯ-ს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც. აღნიშნული გარემოება, ზემოხსენებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, წარმოადგენს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სააგენტოში არ იყო წარდგენილი რუსეთის ფედერაციის პასპორტის დედანი, თუმცა სასამართლომ არ მიუთითა რომელი სამართლებრივი აქტი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უცხო ქვეყნის პასპორტის დედნის წარდგენას, პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დასადასტურებლად. კასატორი მიუთითებს “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ამდენად, კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ვერ ექნებოდა რ. ჯ-ის პასპორტის დედანი. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებით დავალებული აქვს რ. ჯ-ის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტების გამოკვლევა. კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას ატარებს სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მოკლებულია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესაძლებლობას. ამასთან, ხსენებულ გარემოებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტასთან, ვინაიდან საზღვრის კვეთა ან/და სავიზო რეჟიმის დარღვევა არ წარმოადგენს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის ფაქტის დამადასტურებელ გარემოებას. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის განხილვის დროისათვის მოსარჩელე ფლობს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის №... დასკვნის თანახმად, რ. ჯ-ი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ამასთან, მას მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა (პასპორტი №...). ამდენად, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია რ. ჯ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 იანვრის №18 ბრძანებულების თანახმად, რ. ჯ-ს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. წინამდებარე დავის საგანს სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 იანვრის №18 ბრძანებულების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოქალაქეობის მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დეტალურ და სრულყოფილ გამოკვლევას, ვინაიდან მოქალაქეობის შეწყვეტა უკავშირდება არაერთი პოლიტიკური თუ სოციალური უფლების შეზღუდვას.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში რ. ჯ-ისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ რ. ჯ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ფლობის უტყუარად დასადგენად, მნიშვნელოვანია გაირკვეს მის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის კვეთისა და რუსეთის ფედერაციასთან სხვა რეალური შემხებლობის ფაქტები.
ამასთან, კასატორის მიერ მითითებულ - მოსარჩელის მიერ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფლობის ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ხსენებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების დამატებით შეფასების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო საკითხის ხელახლა განხილვა სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი პროცედურითა და წესით უნდა განხორციელდეს, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობასაც გულისხმობს.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობას (გარკვეული პირობების არსებობისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე