საქმე #ბს-81(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 21 სექტემბერს შპს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 11 ივლისის #02-318/მ ბრძანების შესაბამისად, შპს „...აში“ განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შერჩევითი რევიზია. 2018 წლის 13 ივლისს შედგენილი #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.2.1 პუნქტის თანახმად, 01.07.2013წ.-დან 01.01.2017წ.-მდე პერიოდში მოსარჩელის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ქიმიოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის მიზნობრივი ჯგუფის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში გატარებული პროგრამული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ, როგორც წესი, „პაციენტის გასინჯვის ფურცელი“ არ იყო ნაწარმოები „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (IV-200-5/ა) შესაბამისად, რაც წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. მითითებული მუხლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას ამ შემთხვევებისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით. აღნიშნულ შემთხვევებზე ანაზღაურებულია 149 108.66 ლარი. ფინანსური ჯარიმა კი შეადგენს 14 910.87 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, იმავე რევიზიის აქტის 1.3 პუნქტის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ყველა შემთხვევაში „პაციენტის გასინჯვის ფურცელი“ არ არის ნაწარმოები „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ხოლო, რიგ შემთხვევებში, არასრულყოფილადაა შევსებული ბრძანებით გათვალისწინებული ფორმები, რაც წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. მითითებული მუხლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ გამოივევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას ამ შემთხვევებისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით. აღნიშნულ შემთხვევებზე ანაზღაურებულია 239 013 ლარი. ფინანსური ჯარიმა კი შეადგენს 4 780.26 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, რევიზიის აქტის აღნიშნული ნაწილები გასაჩივრებულ იქნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, თუმცა 2018 წლის 21 აგვისტოს #02/46110 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „...ის“ დირექტორის, დ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს #02/46110 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.2.1 პუნქტის შესაბამისად შპს „...ისთვის“ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 14 910.87 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმისა და 1.3. პუნქტის შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 4 780.26 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის დაკისრების ნაწილში რევიზიის აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 7 აგვისტოს #კ/რ-1150-111 რევიზიის აქტის (2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის ცვლილების შესახებ) 1.2.1 პუნქტის შესაბამისად შპს „...ისთვის“ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 14 910.87 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის და 1.3 პუნქტის შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 4 780.26 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის დაკისრების ნაწილში რევიზიის აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში არ აღემატება 24 საათს, აღნიშნული წარმოადგენს ამბულატორიულ მომსახურებას, ხოლო თუ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება დღე-ღამის განმავლობაში და მკურნალობას იტარებს ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული მიიჩნევა სტაციონარულ მომსახურებად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ამბულატორიული მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა აწარმოოს „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, განმარტოს დადგენილი ფორმების ცალკეული პუნქტი და შემოიღოს დამატებები, თუმცა მნიშვნელოვანია, აღნიშნული განხორციელდეს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დამტკიცებული წესის შეუცვლელად. მიმწოდებლისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, გამოიყენოს მისთვის საჭირო ფორმები, აგრეთვე, მოახდინოს მათი მოდიფიცირება მათში არსებული ძირითადი ინფორმაციის აუცილებელი წესით შენარჩუნებითა და გათვალისწინებით, ეხება სწორედ ამავე ბრძანებით დადგენილ ფორმებს და ამბულატორიული მომსახურების გაწევისას მიმწოდებელს არ ათავისუფლებს აღნიშნული ფორმების გამოყენების ვალდებულებისაგან.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სამართლებრივად უსაფუძვლოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შერჩევითი შემოწმებისას გამოვლენილი შემთხვევების შედეგები გაავრცელა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამის პროგრამებში დაფიქსირებულ ყველა პაციენტის გასინჯვის ფურცელზე და მოსარჩელეს აღნიშნულის საფუძველზე შეუფარდა სანქცია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება და განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მიხედვით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის განსაზღვრა ხდებოდა სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში სრულად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 449 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ „სამედიცინო დოკუმენტაციის წესის დარღვევა“, რომლის არსებობასაც მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანო ედავება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მსგავსი ტიპის სამართალდარღვევის დადგენა წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის არსებობა დადასტურებული უნდა იქნას არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, არამედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში არ მოიპოვება ამგვარი გადაწყვეტილება, რომელიც შპს „...ის“ მიერ ხსენებული სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე კლინიკას სამედიცინო დოკუმენტაცია დარღვევით არ უწარმოებია, კერძოდ, ყველა სადავო შემთხვევაში, პაციენტის გასინჯვის ფურცელი შინაარსობრივად შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით განსაზღვრული დანართის მოთხოვნებს. კასატორი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებას არ მოეთხოვება დანართით გათვალისწინებული გრაფების თანმიმდევრობის სრული დაცვა და მას შეუძლია მათი მოდიფიცირება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ პაციენტის გასინჯვის ფურცლის ფორმას აკლდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა „კონსულტაციის სახე“ და „პაციენტის ასაკი“, მაშინ, როდესაც შპს „...ის“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარდგენილი ყველა პაციენტის გასინჯვის ფურცელი შეიცავდა აღნიშნულ მონაცემებს.
ამასთან, კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს მოსარჩელის პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ რეგულირების სააგენტომ შერჩევითი შემოწმებისას გამოვლენილი შემთხვევების შედეგები გაავრცელა და მოსარჩელეს სანქცია შეუფარდა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამის პროგრამებში დაფიქსირებულ ყველა პაციენტის გასინჯვის ფურცელზე, თითოეული მათგანის შესწავლის გარეშე, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიეთითა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ის“ დირექტორის, დ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს #02/46110 გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.2.1 პუნქტის შესაბამისად შპს „...ისთვის“ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 14 910.87 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმისა და 1.3. პუნქტის შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 4 780.26 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის დაკისრების ნაწილში რევიზიის აქტის კანონიერება და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 7 აგვისტოს #კ/რ-1150-111 რევიზიის აქტის (2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის ცვლილების შესახებ) 1.2.1 პუნქტის შესაბამისად შპს „...ისთვის“ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 14 910.87 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის და 1.3 პუნქტის შესაბამისად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 4 780.26 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის დაკისრების ნაწილში რევიზიის აქტის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) მე-19 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევას) მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რეგულირების სააგენტო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების რევიზიის ფარგლებში ახორციელებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე, რევიზიისას სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო რევიზიის აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს აკისრებს ფინანსურ ჯარიმას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 449 მუხლზე, ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზიის ფარგლებში გამოვლენილი სამედიცინო დოკუმენტაციის წესის დარღვევა წარმოადგენს მიმწოდებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (ფინანსური ჯარიმა) საფუძველს და დამატებითი წინაპირობების არსებობას პროგრამა არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის #კრ-1048-96 რევიზიის აქტის 1.2.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, როგორც წესი, „პაციენტის გასინჯვის ფურცელი“ არ არის ნაწარმოები „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #01-41/ნ; 15.08.2011 ბრძანებით დამტკიცებული ფორმის (#IV-200-5/ა) შესაბამისად. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პაციენტისთვის გაწეული მომსახურება წარმოადგენდა სტაციონარულ და არა ამბულატორიულ მომსახურებას და არ არსებობდა „პაციენტის გასინჯვის ფურცლის“ „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად წარმოების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი პირისათვის. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათს აწარმოებს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი/დაწესებულება (მომსახურების მიმწოდებელი), რომელიც სამედიცინო საქმიანობას ეწევა ამბულატორიულად (მათ შორის დღის სტაციონარის პირობებში). პაციენტის დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის #108/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი საერთოა ყველა არსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომელიც ეწევა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურეობას. მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი არის სამედიცინო დოკუმენტი იმ პაციენტის (გარდა ჩვილი ბავშვების, ორსულების, მშობიარეებისა და მელოგინეებისა), რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება დღე-ღამის განმავლობაში და მკურნალობას იტარებს ექიმი-სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი პაციენტის გასინჯვის ფურცლებით ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას და შესაბამისად, სტაციონარული მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.2.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაწეული მომსახურება წარმოადგენდა სტაციონარულ მომსახურებას, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მართებულად არ იქნა გაზიარებული.
რაც შეეხება 2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.3 პუნქტის კანონიერებას, მითითებულ პუნქტში აღინიშნა, რომ ყველა შემთხვევაში, „პაციენტის გასინჯვის ფურცელი“ არ იყო ნაწარმოები „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით (#IV-200-5ა). ამასთან, რიგ შემთხვევაში არასრულყოფილად იყო შევსებული ბრძანებით გათვალისწინებული ფორმები (#IV-200-2/ა; #IV-200-3/ა; #IV-200-4/ა).
ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ამბულატორიული მომსახურების გაწევისას „პაციენტის გასინჯვის ფურცელი“ არ არის ნაწარმოები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს #01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით (#IV-200-5ა). თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია ასახული იყო „პაციენტის გასინჯვის ფურცელში“, ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, მის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამბულატორიული მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა აწარმოოს „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ შესაბამისად. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განმარტოს დადგენილი ფორმების ცალკეული პუნქტი და შემოიღოს დამატებები, თუმცა მნიშვნელოვანია აღნიშნული განხორციელდეს სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების დამტკიცებული წესის შეუცვლელად. ამასთან, მიმწოდებლისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, გამოიყენოს მისთვის საჭირო ფორმები, აგრეთვე, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, მათში არსებული ძირითადი ინფორმაციის აუცილებელი წესით შენარჩუნებითა და გათვალისწინებით, ეხება სწორედ ამავე ბრძანებით დადგენილ ფორმებს და ამბულატორიული მომსახურების გაწევისას მიმწოდებელს არ ათავისუფლებს აღნიშნული ფორმების გამოყენების ვალდებულებისაგან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „...ის“ მიერ ამბულატორიული მომსახურების გაწევისას სამედიცინო დოკუმენტაცია არ იყო ნაწარმოები „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ფორმებით, 2018 წლის 13 ივლისის #კ/რ-1048-96 რევიზიის აქტის 1.3. პუნქტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევის გამო 4 780.26 ლარის ოდენობით ფინანსური ჯარიმის დაკისრების ნაწილში კანონშესაბამისი იყო.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შერჩევითი შემოწმებისას გამოვლენილი შემთხვევების შედეგების შესამოწმებელ პერიოდში პროგრამებში დაფიქსირებულ ყველა პაციენტის გასინჯვის ფურცელზე გავრცელების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-19 მუხლის მიხედვით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის ოდენობის განსაზღვრა ხდება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში სრულად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 21.01.2021წ. #1611174924 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ხოლო 14.04.2021წ. #1618392802 საგადასახადო დავალებით - 684.55 ლარის ოდენობით, სულ - 984.55 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 689.19 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 მაისის განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.01.2021წ. #1611174924 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 14.04.2021წ. #1618392802 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 684.55 ლარის, სულ - 984.55 ლარის 70 პროცენტი - 689.19 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა