საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1033(კ-20) 28 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ფ. ჰ. ჰ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 17 მაისს ა. ფ. ჰ. ჰ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის წერილით ეცნობა, რომ ერაყის რესპუბლიკიდან წარმოსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შესახებ და განესაზღვრა ვადა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №1000615832 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ფ. ჰ. ჰ-ის განცხადება და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №1000615832 გადაწყვეტილება ა. ფ. ჰ. ჰ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მარტის N1000615832/7 წერილით ა. ფ. ჰ. ჰ-ს კვლავ ეცნობა, რომ ერაყის რესპუბლიკიდან წარმოსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ცნობა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 სექტემბრიდან არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. ის არ იმყოფებოდა თავის ქვეყანაში, შესაბამისად, ვერ ჩაიდენდა იქ დანაშაულს. ამასთან, როდესაც მას კვლავ დაუდგინდა განცხადებაზე ხარვეზი, ხარვეზის აღმოფხვრის ვადაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიიტანა საქართველოში ნასამართლობის შესახებ ცნობა და განცხადებაში მიუთითა, რომ მას 2018 წელს უკვე მიტანილი ჰქონდა ერაყიდან ცნობა ნასამართლობის შესახებ. ვინაიდან, ერაყის კანონმდებლობით ცნობა ნასამართლობის თაობაზე გაიცემა მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ის ვერ შეძლებდა წარედგინა ახალი ცნობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №1000615832 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ა. ფ. ჰ. ჰ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №1000615832 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ფ. ჰ. ჰ-ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ფ. ჰ. ჰ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის N1000615832/7 წერილით ა. ფ. ჰ. ჰ-ს ეცნობა, რომ ერაყის რესპუბლიკიდან წარმოსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ცნობა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად ა. ფ. ჰ. ჰ-ს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 20 ივლისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №1000615832 გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის კონსულის - მ. ჰ. რ. რ-ის მიერ 2018 წლის 20 ივლისს გაცემულ იქნა ცნობა N220, რომლის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ფ. ჰ. ჰ-ი არის იგივე პიროვნება, რომელიც მითითებულია ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყში დანაშაულის ჩადენის და ნასამართლობის არქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1000615832 გადაწყვეტილება ა. ფ. ჰ. ჰ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ა. ფ. ჰ. ჰ-თან მიმართებაში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო აქტით კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე და დასაბუთებას, თუ რა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება ა. ფ. ჰ. ჰ-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ამასთან, არ ყოფილა შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებაზეც: იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1000615832 გადაწყვეტილება ა. ფ. ჰ. ჰ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ მის მიერ არ იყო გამოკვლეული საქმეზე დართული ცნობა მოსარჩელის ნასამართლობის არქონის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოეთხოვა და გამოეკვლია მითითებული მტკიცებულებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ა. ფ. ჰ. ჰ-ის წარმომადგენლის 2019 წლის 13 მარტის განცხადებით ეცნობა, რომ ცნობა ნასამართლობის შესახებ უკვე წარდგენილი იყო სააგენტოში.
ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტების კანონშესაბამისობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 18.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.1 მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა შეეფასებინა ცნობა №220, რომელიც მოსარჩელემ არა წარმოების ეტაპზე, არამედ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა. ამასთან, წარმოდგენილ ცნობაში მითითებული იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ფ. ჰ. ჰ-ი იყო იგივე პიროვნება, რომელიც ფიქსირდება ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერაყის დანაშაულის ჩადენისა და ნასამართლეობის არქონის საერთაშორისო №8451 სერთიფიკატში. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ცნობა იყო მხოლოდ ნათარგმნი და არა სათანადო წესით დამოწმებული ანუ ლეგალიზებული.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან განმცხადებელმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.7 მუხლის შესაბამისად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტომ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ერაყის რესპუბლიკა წელიწადში ერთხელ გასცემს ცნობას, კასატორის განმარტებით, მხარეს მინიმუმ შეეძლო არსებული დოკუმენტის ლეგალიზება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №1000615832 გადაწყვეტილების - ა. ფ. ჰ. ჰ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ა. ფ. ჰ. ჰ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელსაც აქვს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, უფლება აქვს, სხვა სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად სააგენტოს მიმართოს, თუ იგი შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული ,,წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ფ. ჰ. ჰ-ი (დაბადებული ... წლის ... ...) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე.
...ის 2018 წლის 26 ივნისის N2781 ცნობის თანახმად, ა. ფ. ჰ. ჰ-ი ჩარიცხულია ...ის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის I კურსის სტუდენტი. სწავლის ხანგრძლივობა 5 წელია. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2021 წლის ივლისი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 აგვისტოს №1000564641 გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 14 აგვისტომდე.
2018 წლის 27 სექტემბერს ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ფ. ჰ. ჰ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივლისის SSG 9 18 00113891 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ა. ფ. ჰ. ჰ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის N1000615832/7 წერილით ა. ფ. ჰ. ჰ-ს ეცნობა, რომ ერაყის რესპუბლიკიდან წარმოსადგენია შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ცნობა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად ა. ფ. ჰ. ჰ-ს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 20 ივლისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №1000615832 გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ ერაყის რესპუბლიკის კონსულის - მ. ჰ. რ. რ-ის მიერ 2018 წლის 20 ივლისს გაცემულ იქნა ცნობა N220, რომლის თანახმად, ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ფ. ჰ. ჰ-ი არის იგივე პიროვნება, რომელიც მითითებულია ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერაყში დანაშაულის ჩადენის და ნასამართლეობის არ ქონის შესახებ საერთაშორისო სერთიფიკატში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის N3/4650-18 გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1000615832 გადაწყვეტილება ა. ფ. ჰ. ჰ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ა. ფ. ჰ. ჰ-თან მიმართებაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 27 მარტს N01/78121 წერილით განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ა. ფ. ჰ. ჰ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 27 მარტის SSG 1 19 00056562 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ა. ფ. ჰ. ჰ-ზე ინფორმაცია არ გააჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მარტის N1000615832/7 წერილით ა. ფ. ჰ. ჰ-ს კვლავ ეცნობა, რომ ერაყის რესპუბლიკიდან წარმოსადგენი იყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული ცნობა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის წარსადგენად ა. ფ. ჰ. ჰ-ს განესაზღვრა ვადა 2019 წლის 29 მარტამდე.
2019 წლის 13 მარტს ა. ფ. ჰ. ჰ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ ნასამართლობის ცნობა ერაყიდან მის მიერ წარდგენილ იქნა სააგენტოში, სადაც მითითებული იყო, რომ ზემოაღნიშნული პიროვნება არ არის ნასამართლევი. განმეორებით აღნიშნული ცნობის წარდგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ერაყის კანონმდებლობით ნასამართლობის დამზადება ხდება წელიწადში ერთხელ, ასევე აღნიშნულ პიროვნებას არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია და ერაყში ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა დანაშაულს. განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა საქართველოში გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტს გაცემული N49/6/1/1/2-01759964 ნასამართლობის შესახებ ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე ა. ფ. ჰ. ჰ-ი, დაბადებული ... წელს, მცხოვრები ერაყის რესპუბლიკაში, არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 მაისის №1000615832 გადაწყვეტილებით ა. ფ. ჰ. ჰ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების დადგენის გარეშე, სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე ან დამატებით მტკიცებულებებზე, რაც საფუძვლად დაედო ა. ფ. ჰ. ჰ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ა. ფ. ჰ. ჰ-ის წარმომადგენლის 2019 წლის 13 მარტის განცხადებით კვლავ ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული ცნობა ნასამართლობის შესახებ უკვე წარდგენილი იყო სააგენტოში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ა. ფ. ჰ. ჰ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი - ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ და მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი იყო ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც დგინდება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არ არის ნასამართლევი, ხოლო რაც შეეხება ერაყის საკონსულოს საქართველოში, მის მიერ მოხდა მხოლოდ პირის იდენტიფიცირება, რაზეც გაიცა ცნობა N220. აღნიშნული კი, ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არ საჭიროებდა ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს ა. ფ. ჰ. ჰ-ის განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 30.06.2020წ. №13889 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი№300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.06.2020წ. №13889 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე