Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-727(კ-21) 8 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ე-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებირივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ე-ემ 2016 წლის 21 27 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 27 აპრილის №MOD 4 16 00387933 ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მ. ე-ისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებული ცნობისა და დოკუმენტების გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ე-ის სარჩელი. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინიტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2016 წლის 27 აპრილის #MOD 4 16 00387933 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმის გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივ შემოწმება-შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ე-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, კერძოდ მ. ე-ისთვის ქ. თბილისში, ...ის ქ.N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებული ცნობისა და დოკუმენტების გაცემის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართვლოს თავდაცვის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2021 წლის 29 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ე-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გახმობა მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს თვადაცვის სამინისტრომ 2021 წლის 7 ოქტომბერს წარმოადგინა წერილი, რომლითაც დაეთანხმა მ. ე-ის მიერ სარჩელის გახმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მ. ე-ის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, საკასაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა მ. ე-ის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს. ამასთან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეიძლება დაუბრუნდეს მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და საკასაციო სასამართლოში მ. ე-ე წარმოადგენს პროცესუალურ მოწინააღმდეგეს, მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ე-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. მერაბ ენუქუძის სარჩელი, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


მ. ვაჩაძე


ბ. სტურუა