Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-337(კ-21) 7 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ამ 2020 წლის 27 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და ამავე ცენტრის 2019 წლის 14 ნოემბრის №MES ... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის გ. გ-ას სახელზე ...ის უნივერსიტეტის მიერ 2008 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 ნოემბრის №MES ... გადაწყვეტილება; ამავე ცენტრს გ. გ-ას სახელზე ...ის უნივერსიტეტის მიერ 2008 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული, არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივარში დასმულ საკითხებზე, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. გ-ამ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავლა გააგრძელა უკრაინაში. 2019 წლის 22 ოქტომბრის უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შპს „...ის უნივერსიტეტის“ მიერ 2008 წლის 25 ოქტომბერს გ. გ-ას სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა, თავის მხრივ, მიმართა შპს „...ის უნივერსიტეტს“, რომელმაც წერილობით პასუხში აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გ. გ-ას სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. პასუხში აგრეთვე მითითებულ იქნა, რომ სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „...ის უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე უნივერსიტეტს ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და 2015 წლის 1 ივნისამდე ახორციელებდა საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...ის უნივერსიტეტის“ მიერ 1994 წლის 12 ივლისიდან 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია, ხოლო 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან აღნიშნული დაწესებულების მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის წერილს, რაც გულისხმობს, რომ ცენტრს არ გამოუცია აქტი გ. გ-ას კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. მან მხოლოდ კანომდებლობისა და აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე განახორციელა უკრაინის მხარის ინფორმირება და ამდენად, გაუგებარია, რატომ წარმოადგენს მარტერიალური კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების რეალიზება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დარღვევასა და კერძო ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ...ის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული ... №... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უარის თქმის კანონიერება. დადგენილია, რომ გ. გ-ა „...ას (შემდგომში ...ის) სახელობის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ფაკულტეტის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის პირველ კურსზე ჩაირიცხა 2004 წელს. „...ის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ფაკულტეტის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის საკვალიფიკაციო კომისიის 2008 წლის 19 ივნისის №11 გადაწყვეტილებით გ. გ-ას მიენიჭა ფინანსებისა და საბანკო საქმის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი ... №....
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით, სწავლა გააგრძელა უკრაინაში. 2019 წლის 22 ოქტომბერს უკრაინის განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ. გ-ას სახელზე გაცემული ბაკალავრის ... №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, უკრაინულ მხარეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში გ. გ-ას სწავლის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. წერილში ასევე მიეთითა, რომ სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №59/ს გადაწყვეტილებით შპს „...ის უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან აღნიშნული დაწესებულების მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდიანარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 14 ნოემბრის MES ... წერილობითი პასუხის საფუძველზე, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გ. გ-ას უარი ეთქვა უცხოური განათლების დოკუმენტის აღიარებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად, გარდა იმისა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის სასწავლო დაწესებულებაში სწავლების ფაქტი, უთითებს იმ გარემოებას, რომ კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ გაცემული სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი 2007-2008 სასწავლო წლიდან არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის (2008 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალა ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ დაწესებულების სტუდენტებზე გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გ. გ-ა შესაბამის უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2004 წელს და საგანმანათლებლო პროგრამების უმეტესი წილი გაიარა 2007-2008 სასწავლო წლამდე, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი სწავლის უმეტესი პერიოდი ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებულად არის მიჩნეული. ამდენად, შპს „...ის უნივერისტეტის“ მიერ 2005 წელს აკრედიტაციის მოუპოვებლობა არ უნდა გახდეს მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ „დიპლომი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება... მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე №516-516(კ-18). ამდენად, სადავო შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის პრინციპი, რადგან სტუდენტი ენდობოდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერებას, მისი სწავლის პერიოდში დაწესებულებას მოპოვებული ჰქონდა ლიცენზია და ითვლებოდა აკრედიტებულად, შესაბამისად, გ. გ-ას ჰქონდა გაცემული დიპლომის შედეგების შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი. ამრიგად, მოსარჩელეს გააჩნია გაცემული დიპლომის აღიარების კანონიერი ინტერესი ამავე დიპლომის საფუძველზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ასეთ პირობებში კი კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირის უფლებებს დამდგარი შედეგის შენარჩუნების მეშვეობით. ამასთან, არ დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 და 601 მუხლებით განსაზღვრული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფა არ დგინდება, მეორე მხრივ კი, აღნიშნულით დაცული იქნება გ. გ-ას კანონიერი უფლება და ინტერესი, ჰქონდეს დიპლომი და სრულად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. სწორედ ამიტომ, სადავო შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მოსარჩელის ინტერესს და აღიარებულ იქნეს მის მიერ მიღებული განათლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 2021 წლის 30 მარტს №02176 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე