საქმე #ბს-324(კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 30 ივნისს ა. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი 2006 წელს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და 2008 წლის 10 სექტემბრამდე მსახურობდა სამხედრო პოლიციის ...ის რეგიონული სამმართველოს პატრულის თანამდებობაზე. 2008 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - პოლკოვნიკ მ. გ-ის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, მივლინებულ იქნა გორის მიმართულებით და 2008 წლის 12 აგვისტომდე ვაზიანიდან გორის მიმართულებით გადაჰყავდა სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები, ახორციელებდა ჯავშანტექნიკის, მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხო გადაადგილებას, სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების გორიდან თბილისში გადმოყვანას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში, რისთვისაც უნდა მინიჭებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილის (ომის ვეტერანის) სტატუსი, თუმცა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის აქტით, ვეტერანთა სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის #176-16 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო აქტი არ არის დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის #176-16 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის #3199/02-03-14/04-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მოსარჩელე ა. ჭ-ისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის #3199/02-03-14/04-01 გადაწყვეტილებით ა. ჭ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინებისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 2017 წლის 19 მაისს გამართულ კომისიაზე ვერ დადასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. ჭ-ის მხრიდან წარმოდგენილი იყო მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მთლიანობის დასაცავად 2008 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 7 აგვისტოს #140 ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის რეგიონალური სამმართველოს პატრული, ლეიტენანტი თ. ე-ე, შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილ იქნა კონფლიქტის ზონაში (ძირითადი დისლოკაციის ადგილი ქ. გორი: ...ი), 2008 წლის 7 აგვისტოს შემდგომ განკარგულებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ იყო ა. ჭ-ის მიმართ გამოცემული ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ბრძანება. შესაბამისად, არც სასამართლოში და არც ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვის დროს მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი დადასტურდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. კასატორის მითითებით, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყოფდა დაბა ვაზიანიდან ქალაქ გორის მიმართულებით სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ჯავშან-ტექნიკის, სამედიცინო მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებას, ახორციელებდა სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების ქალაქ გორიდან თბილისში გადაყვანას. გორის რაიონიდან დაზიანებული ტექნიკის და საბრძოლო მასალების დაცვას, გამოსული პირადი შემადგენლობის, ჯავშანტექნიკის, ავტოკოლონების დისლოკაციის ადგილზე დროულად მიყვანას, ამიტომ ეს მოქმედებები მიჩნეულ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობად.
კასატორის აღნიშვნით, მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ მოსარჩელე მივლინებული იყო და სამსახურებრივ მოვალეობებს ახორციელებდა საომარ მოქმედებებში, მაგრამ უთითებს სამივლინებო დოკუმენტაციის არარსებობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობა და სამივლინებო დოკუმენტების შეუდგენლობა არ უნდა გახდეს მოსარჩელის ინტერესების შელახვის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე უნდა გადაეტანა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2008 წელს მის მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობად, იმიტომ, რომ იმ პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არ ყოფილან მივლინებული საომარი მოქმედებების ზონაში. ა. ჭ-ი საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ იგი სხვა რეგიონში - საბრძოლო მოქმედებების არეალში მივლინებულ იქნა მეთაურის ზეპირი განკარგულების საფუძველზე, რადგანაც იმჟამად შექმნილი საგანგებო სიტუაცია არ იძლეოდა წერილობითი აქტების გამოცემის შესაძლებლობას, ამდენად კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს, სასამართლოს დასვნას იმის შესახებ, რომ საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში სამხედრო მოსამსახურის მივლინება მის რჩეულ რეჟიმში სამსახურია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნ-ი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნ-ი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 მაისის #176-16 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის #3199/02-03-14/04-01 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის მოსარჩელე ა. ჭ-ისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს #509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დანართი #1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილეზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის #871 ბრძანებით დამტკიცებული „„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს კერძოდ, მითითებული მუხლის „ვ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, მაძიებელმა უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც 2008 წელს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში მივლინებული იყვნენ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად) ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი და იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 7 ივნისის #3199/02-03-14/04-01 გადაწყვეტილებით ა. ჭ-ს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შესახებ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 2017 წლის 19 მაისს გამართულ კომისიაზე ვერ დადასტურდა მის მიერ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ ა. ჭ-ის ადმინისტრაციულ ორგანოში ვეტერანის მოწმობის მისაღებად წარდგენილ იქნა საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, ...ის რეგიონალური სამმართველოს პატრულის განყოფილების უმცროსი პატრული, სერჟანტი - ა. ჭ-ი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკ მ. გ-ის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მთლიანობის დასაცავად 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით შიდა ქართლის რეგიონში. კერძოდ, 2008 წლის 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით სერჟანტი - ა. ჭ-ი ასრულებდა შემდეგ დავალებებს: უზრუნველყოფდა დ. ვაზიანიდან ქ. გორის მიმართულებით სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტების, ჯავშან-ტექნიკის, სამედიცინო მედიკამენტების და საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ გადაადგილებას; ახორციელებდა სამხედრო ტყვეებისა და დაჭრილების ქ. გორიდან თბილისის მიმართულებით გადმოყვანას; გორის რაიონიდან დაზიანებული ტექნიკის და საბრძოლო მასალების დაცვას, გამოსული პირადი შემადგენლობის, ჯავშან ტექნიკის, ავტო-კოლონების დისლოკაციის ადგილზე დროულად მიყვანას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 7 აგვისტოს #140 ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის რეგიონალური სამმართველოს პატრული, ლეიტენანტი თ. ე-ე, შესაძლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილ იქნა კონფლიქტის ზონაში (ძირითადი დისლოკაციის ადგილი ქ. გორი: ...ი), 2008 წლის 7 აგვისტოს შემდგომ განკარგულებამდე. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 9 აგვისტოს #144 ბრძანებით კონფლიქტურ ზონაში როტაციის (ჩანაცვლების) შედეგად, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეების კონფლიქტური ზონიდან ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები ჩაითვალნენ მათი დანაყოფების ყოველდღიური დისლოკაციის ადგილებზე კონფლიქტური ზონიდან დაბრუნებულად, 2008 წლის 9 აგვისტოდან, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის რეგიონალური სამმართველოს პატრული, ლეიტენანტი - თ. ე-ე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბრძოლო მოკვლევაში მითითებული მოქმედებების განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ან ოპერაციებში მონაწილეობად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ა. ჭ-ის მიმართ გამოცემული ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ბრძანება. შესაბამისად, არც სასამართლოში და არც ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვის დროს მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი დადასტურდებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის #871 ბრძანების მე-6 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტის დასადასტურებლად, საჭირო იყო კასატორის მხრიდან აღნიშნულის დამადასტურებელი ბრძანების წარმოდგენა. მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა ვერ გახდება კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 აგვისტოს განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა