ბს-177(კ-19) 28 ოქტომბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ს-ამ 06.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 02.06.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2017წ. განჩინებით რ. ს-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ 01.08.2017წ. განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 16.09.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ი-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.09.2016წ. სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მიღებული №... გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.06.2017წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მოპასუხე მხარეს დაევალა მოსარჩელე რ. ს-ას მიერ 13.08.2016წ. წარდგენილი განცხადების №... განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილებით, გარდაბანში, სოფ. ...ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა რ. ს-ას საკუთრების უფლება. ამ უძრავ ნივთზე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 01.07.2008წ. №... გადაწყვეტილებით, ნაყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რეესტრის №..., თარიღი 27.06.2008წ.) დარეგისტრირდა ა. ი-ის საკუთრების უფლება. 04.09.2013წ. რ. ს-ას წარმომადგენლმა №... განცხადებით მოითხოვა №... (26.06.2008) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რის თაობაზეც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.2013წ. №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/128-15) რ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.2013წ. №... გადაწყვეტილება, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება კანონით დადგენილ ვადაში, კანონით დადგენილი წესით რ. ს-ას წარმომადგენლის 04.09.2013წ. №... განცხადების არსებითად განხილვა და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ. ს-ას სარჩელი გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი წარმოება და საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიიღო №... პირობითი განცხადება რეგისტრაციის გაუქმების ტრანზაქციით. 18.08.2016წ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო რეგისტრაციის შესახებ 26.06.2008წ. ͏... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რის შემდეგაც რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობებოდა დამატებით. 07.09.2016წ. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის მიერ რეგისტრაციის სამსახურისათვის წარდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, რომლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების (№..., გაცემული 27.06.2008წ.) მეორე, მესამე და მეოთხე გვერდებზე ხელმოწერა შესრულებულია რ. ს-ას მიერ. 16.09.2016წ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოების ფარგლებში მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა №... (26.06.2008) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობა, ხოლო ამ გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მხარეებს შორის გამოვლენილ ნებას ასახავდა, შესაბამისად, წარსადგენი იყო მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. დაინტერესებულმა პირმა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ 30 დღიან ვადაში არ აღმოფხვრა წარმოების შეჩერების საფუძველი, რის გამოც მიღებულ იქნა წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (22.11.2016) გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი ადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლებს. მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 16.09.2016წ. მიღებული №... გადაწყვეტილება მართებულია, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა 26.06.2008წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო ამ გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს 01.07.2008წ. №... გადაწყვეტილებით აღრიცხულ იქნა ა. ი-ის საკუთრებად. ამდენად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარსადგენი იყო უძრავი ქონების ა. ი-ზე რეგისტრაციის საფუძვლად არსებული, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს არ წარუდგინა მოთხოვნილი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც თავდაპირველი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილობის დამდგენი სხვა რაიმე მტკიცებულება. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის მიერ 07.09.2016წ. რეგისტრაციის სამსახურისათვის წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნით არ დასტურდება რ. ს-ას და ა. ი-ს შორის 27.06.2008წ. გაფორმებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების სიყალბე. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (№..., გაცემული 27.06.2008წ.) მეორე, მესამე და მეოთხე გვერდზე ხელმოწერა შესრულებულია რ. ს-ას მიერ. თავად ხელშეკრულების შინაარსით დასტურდება, რომ მხარეებმა მოიწონეს ხელშეკრულების პირობები, მკაფიოდ განაცხადეს მხარეთა ნებასთან მისი შესაბამისობის შესახებ და ნოტარიუსის
თანდასწრებით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შემოწმების ვალდებულება, ვინაიდან „ნოტარიატის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის შუამდგომლობით. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულება შედგენილი და დამოწმებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით, არ არსებობდა მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც 22.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, 22.05.2017წ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რ. ს-ას წარმომადგენელმა, ა. ი-მა და მისმა წარმომადგენელმა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდგომ მიღებული იქნა 02.07.2017წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებული ჰქონდა საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით რ. ს-ას წარმომადგენლის 04.09.2013წ. №... განცხადების არსებითად განხილვა და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც შესრულებული იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, შესაბამისად, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. №3ბ/128-15 გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. გარდა ამისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განხილვაშია რ. ს-ას სარჩელი მოპასუხე ა. ი-ის მიმართ, 27.06.2008წ. №... ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. ს-ას მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული ფაქტი წინააღმდეგობაშია განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობას, უსაფუძვლობას და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ს-ას მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასინჯვასთან დაკავშირებით, უზრუნველყო დაინტერესებული პირების მოწვევა და მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობის ან ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით. აღნიშნული დაევალა საჯარო რეესტრს სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრს წარედგინა 20.04.2016წ.. ოთხი თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არ მიუღია, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსთავის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში განმცხადებელმა წარადგინა შსს სპეციალური კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ რ. ს-ას სახელით განცხადებას აწერდა სხვა პირი, ასევე აზომვით ნახაზზე ასახული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა რ. ს-ას. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემდეგომ საჯარო რეესტრმა მიიღო სადავო 16.09.2016წ. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიზნით. საჯარო რეესტრს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მის მიერ გამოცემულ კანონიერ ძალაში შესული აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. აქტის ბათილად ცნობას არეგულირებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საჯარო რეესტრმა ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა, შემდეგ კი შეწყვიტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ეს კანონი არეგულირებს რეგისტრაციის წესს და საერთოდ არ შეიცავს აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მარეგულირებელ ნორმებს. საჯარო რეესტრმა მოითხოვა კანონით გაუთვალისწინებელი დოკუმენტი, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლები, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა დაარღვია სზაკ-ის 81-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას მოსარჩელის პოზიციის/მოსაზრებების უარყოფასთან დაკავშირებით, იგი წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილებებთან. სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნაცვლად „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი გამოიყენა და არასწორად განმარტა იგი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრმა მართებულად მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, თუმცა ამავე დროს სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრს არ გააჩნია ვალდებულება შეამოწმოს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.2013წ. №... გადაწყვეტილება და სარეგისტარციო სამსახურს დაევალა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით რ. ს-ას წარმომადგენლის 04.09.2013წ. №... განცხადების არსებითად განხილვა და განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ. ს-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 04.09.2013წ. №... განცხადება 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს. განმცხადებელი მოითხოვდა ადმინისტრაციულ ორგანოს გაეუქმებინა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს და არც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით საკითხის განმხილველ ზემდგომ ორგანოს. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ რ. ს-ას განცხადება მიიჩნია ადმინისტრაციულ საჩივრად, იგი ვალდებული იყო განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თავისი ინიციატივით გადასიჯვასთან დაკავშირებით, უზრუნველყო დაინტერესებული პირების მოწვევა პროცედურაში და შესაბამისი დასაბუთებით მიეღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობის ან ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რ. ს-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, რასთან დაკავშირებითაც მიღებულია სადავო 19.06.2016წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. გასაჩივრებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ დაინტერსებული პირის მიერ მოთხოვნილია რეგისტრაციის შესახებ 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო აღნიშნული უძრავი ნივთი გასხვისებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულის გამო მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარმოსადგენია ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით დადგენილია რეგისტრაციის გაუქმების, კერძოდ, რეგისტრაციის ძალადაკარგულად, ბათილად და არარად გამოცხადების წესი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-61 მუხ.). ამდენად, კასატორის მითითება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა უფლებამოსილება სარეგისტრაციო ადმინისტრაციული წარმოებისას ეხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით და გადაწყვეტილებები უნდა მიეღო მხოლოდ სზაკ-ით დადგენილი წესით, მოკლებულია დასაბუთებას და მითითებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით არ უნდა იქნეს გაზიარებული. წარმოების სპეციალური წესების არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს წარმოების სპეციალური მოწესრიგების ნორმები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში განმცხადებლმა წარადგინა შსს სპეციალური კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ რ. ს-ას სახელით განცხადებას აწერდა სხვა პირი, ასევე აზომვით ნახაზზე ასახული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა რ. ს-ას, რაც გამორიცხავდა სადავო საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 16.09.2016წ. გადაწყვეტილების მიღებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 26.06.2008წ. გადაწყვეტილებით გარდაბანში, სოფ. ...ში მდებარე 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი და უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შედეგად დაირღვა. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, რეგისტრაციის შესახებ 26.06.2008წ. გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოითხოვს რ. ს-ა, თავისი ბუნებით წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და ის გამოცემულია მოსარჩელის რ. ს-ას სასარგებლოდ. ამდენად, კასატორი არ მიუთითებს იმ პირდაპირ და უშუალო ზიანზე, რაც 26.06.2008წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ან უკანონოდ შეზღუდა მისი უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 01.07.2008წ. გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 501 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რ. ს-ასა და ა. ი-ს შორის დადებული 27.06.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა ა. ი-ის საკუთრების უფლება. სანოტარო წესით დადასტურებული 27.06.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების მხარეებმა წაიკითხეს ხელშეკრულება, მოიწონეს და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ხელშეკრულების შინაარსი სრულად შეესაბამება მათ ნებას (ტ.1, ს.ფ.133-136). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (№..., გაცემული 27.06.2008წ.) მეორე, მესამე და მეოთხე გვერდებზე ხელმოწერა შესრულებულია რ. ს-ას მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ნაწილში კასატორს შედავება/პრეტენზია არ წარმოუდგენია. მითითებული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება რ. ს-ას და ა. ი-ს შორის 27.06.2008წ. გაფორმებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების სიყალბე. ამდენად, კასატორის მიერ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება 27.06.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ფაქტი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რ. ს-ას წარმომადგენელმა, ა. ი-მა და მისმა წარმომადგენელმა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდგომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო 02.07.2017წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ს-ას სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რ. ს-ას არ გაუსაჩივრებია საკასაციო წესით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გარდა ამისა, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განხილვაშია რ. ს-ას სარჩელი მოპასუხე ა. ი-ის მიმართ, 27.06.2008წ. №... ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რ. ს-ას მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული ფაქტი წინააღმდეგობაშია განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან, ვინაიდან სამოქალაქო წესით მოსარჩელე მოითხოვს უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობას, ხოლო განსახილველ დავაში სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე უძრავ ნივთზე რ. ს-ა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითენს სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი