საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-120(კ-21) 29 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. კ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. კ-ამ 2019 წლის 26 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და „თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №04/33877 წერილობითი მიმართვისა და „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2019 წლის 23 აგვისტოს №04/45017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №04/33877 წერილობითი მიმართვა და „ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს №04/45017 გადაწყვეტილება; მოპასუხეს თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. სააგენტომ შეისწავლა, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად მოკვლეული ინფორმაცია და მიაჩნია, რომ თ. კ-ას კანონიერად ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან მონიტორნიგის შედეგად დადასტურდა, რომ თ. კ-ას ეზოში დგას 2 მცირე ზომის დამხმარე სახლი (ერთი ერთსართულიანი საცხოვრებელი კაპიტალური სახლი, რომელსაც აღენიშნება ერთი ბზარი და ასევე, ეზოში დგას მეორე სახლი, რომელიც არის მცირე ზომის და (რომელშიც ცხოვრობს თ. კ-ას ოჯახი), რომლითაც სარგებლობს ოჯახი. ორსართულიანი სახლისგან კი, რომელიც მეწყერის შედეგად დაინგრა, დარჩენილია მხოლოდ საძირკველი.
კასატორი ასევე მიუთითებს, ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, თ. კ-ას ოჯახს, დღეის მდგომარეობით აქვს 10.5 ქულა, რაც ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლის მიღების საკითხის განხილვისათვის არასაკმარისია. ამრიგად, თ. კ-ამ ამ ეტაპზე ვერ მოაგროვა საჭირო ქულათა ის რაოდენობა, რაც კომისიას (სააგენტოს) შეუქმნიდა სამართლებრივ საფუძველს, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საცხოვრებლის შეძენასთან დაკავშირებით, რადგან თ. კ-ას საკითხის განხილვის დროს ამგვარ საჭირო ქულათა რაოდენობა 16.5 იყო. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, სააგენტოს გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლეებზე ვრცელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება. „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტი ადგენს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ეკომიგრანტი და მისი ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად შედიან მეუღლე, დედამთილი და ორი შვილი. 2014 წელს სამინისტრომ გადაამოწმა მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახი და მიანიჭა 16.5 ქულა, ხოლო 2018 წლის დეკემბერში კვლავ შემოწმებისას დააკლო 6 ქულა მათივე ეზოში არსებული კაპიტალური, ერთსართულიანი სახლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. ამდენად, გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობა გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. კ-ას ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 16.5 ქულის მქონე ეკომიგრანტი ოჯახები უზრუნველყოფილ იქნენ შესაბამისი საცხოვრებლებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ დასკვნებს და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში სტიქიური მოვლენების ადგილზე არსებულ შენობაში ოჯახის ცხოვრება, რაც განპირობებულია იმავე ადგილზე, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ოჯახის ძირითადი საცხოვრებელი სახლის მაგიერ დროებით საცხოვრებელი შენობის მოწყობით, არ ჩაითვლება ალტერნატიულ საცხოვრებლად, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 ივლისის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე თ. კ-ას მეუღლის - ბაჩუკი ერემაძის ორსართულიანი კაპიტალური სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულია და ფერდობზე განვითარებული საშიში გეოლოგიური პროცესების გამო მდგრადი უბანი აქ პრაქტიკულად არ არის, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსახლისათვის უსაფრთხო მიწის ნაკვეთი გამოყოფა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სარგებლობს სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ადგილზე, მათივე ეზოში არსებული საცხოვრებელი ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამრიგად, თ. კ-ას ეკომიგრანტ ოჯახს უკანონოდ დააკლდა ქულა და რადგან 16.5 ქულის მქონე სხვა ეკომიგრანტები უკვე უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით, მოსარჩელეს, ასევე, უკანონოდ ეთქვა უარი განსახლებაზე, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე