საქმე №ბს-1155(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 ივლისს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისა და შპს „ჯ...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №34/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის (შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „...“-თვის 1721,89 ლარის დარიცხვის საფუძვლიანად მიჩნევის თაობაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხე შპს „ჯ...ისათვის“ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად, შპს „...”-ის მიმართ აღურიცხავი წყლის მომხარების ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...” (სასტუმრო), მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., არის არასაყოფაცხოვრებო სასმელი წყლის მომხმარებელი და შპს „ჯ...ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით ....
შპს „ჯ...ის“ თანამშრომლების მიერ 2016 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, ...-ში მდებარე შპს „...”-ის ობიექტში დაფიქსირდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით, აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით ხდებოდა სასმელი წყლის მოხმარება.
ზემოაღნიშნულ ფაქტზე კომპანიის თანამშრომელმა 2016 წლის 2 მარტს შეადგინა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №005096, რომლითაც შპს „...”-ს, აღრიცხვის სისტემის გვერდის ავლით წყლის არასანქცირებული მოხმარებისთვის, დაერიცხა 1721,89 ლარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №001267 მასზედ, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ოქმს თან ერთვოდა სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით შედგენილი ვიდეო მასალა.
შპს „...”-ის წარმომადგენლმა 2016 წლის 10 მარტს შპს „ჯ...ში“ წარდგინა განმარტება, რომლითაც დაადასტურა არასანქცირებული წყლის მოხმარების ფაქტი ერთი სველი წერტილიდან (ხელსაბანი, ტუალეტის ავზი), თუმცა სადავოდ გახადა უკანონო მოხმარებისათვის კომპანიის მიმართ დარიცხული თანხის გაანგარიშების მეთოდოლგია.
შპს „ჯ...ის“ უფლებამოსილმა პირმა განიხილა შპს „...”-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიჩნია, რომ შპს „...”-ის მხრიდან ჩადენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა წყალმომარაგების ქსელზე მილსადენის თვითნებურ მიერთებაში. კომპანიის 2016 წლის 10 მარტის №1175 დადგენილებით, შპს „...”-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
შპს „...”-მა 2016 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის აღურიცხავი წყლის მოხმარების №005096 აქტით დარიცხული თანხის და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2016 წლის 10 მარტის №1175 დადგენილების გაუქმება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „...”-ის მფლობელობაში არსებული სასტუმროს 9 (ცხრა) ოთახის მიერ მომხმარებელი სასმელი წყალი აღირიცხებოდა მრიცხველით, მხოლოდ ერთი ონკანი და სველი წერტილი მოიხმარდა უმრიცხველოდ სასმელ წყალს, რაც მათთვის ცნობილი არ იყო. ამასთან, სასმელი წყლის სისტემა შემოწმებული იყო კომპანიის მიერ. ამასთან, კომპანიის მხრიდან უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება გაანგარიშებული იყო არასწორად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №34/22 გადაწყვეტილებით შპს „...”-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; განუხილველი დარჩა მოთხოვნა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 10 მარტის №1175 დადგენილების გაუქმების შესახებ; საფუძვლიანად იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „...”-თვის 1721,89 ლარის დარიცხვა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებით“ და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო შპს „...”-ის მხრიდან სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისათვის დარიცხული თანხის გაანგარიშების მეთოდოლოგია. მოსარჩელის მოსაზრებით, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მისი ღირებულების დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა მილის გამტარუნარიანობის, არამედ მილზე განთავსებული დანადგარების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება, ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ წყლის არასანქცირებულად მოხმარების ფაქტი.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ არასაყოფაცხოვრებო სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში მომხმარებლისათვის სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებისათვის არსებითია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდისა და უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა. იმ შემთხვევაში თუკი შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღურიცხავი წყლის რაოდენობის დაანგარიშება ვერ მოხდებოდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანადგარების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დანადგარში მოიაზრება იმ სახის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასმელი წყლის მრავალმხრივად მიწოდების უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც სადავო წერტილიდან მხოლოდ ხელსაბანის და ტუალეტის ავზისათვის წყლის მიწოდება ხდებოდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მილის დიამეტრის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, შპს „...”-ის მიმართ კანონიერად განხორცილდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტიდან გამომდინარე აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომა ჩაატარა შპს „...“-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის მონაწილეობის გარეშე, რომელიც იმყოფებოდა სასამართლო სხდომის დარბაზის წინ და ელოდებოდა პროცესის დაწყებას. პროცესის დაწყებამდე სხდომის მდივანმა უთხრა, რომ როდესაც დაიწყებოდა სასამართლო პროცესი დაუძახებდნენ, თუმცა არ დაუძახეს და ხდომა ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ უკანონოდ მოხმარებული წყალი ემსახურებოდა მხოლოდ ერთ ონკანს და სველ წერტილს და არა სასტუმროში არსებულ 9 ოთახს.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ კანონი არ იძლევა „გამოყენებული დანადგარების“ დეფინიციას, სააპელაციო სასამართლომ კი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიუთითა, რომ საქმეში არსებული სადავო წერტილი არ შეიძლება იყოს მიჩნეული კანონით გათვალისწინებულ დანადგარად, მითუმეტეს იმ პირობებში როცა თავად კომისიამ სადავო გადაწყვეტილებაში 1721.89 ლარის დარიცხვა განახორციელა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისგან. კასატორის მითითებით, მიმწოდებლის მიერ მრიცხველის დაყენების შემდეგ მას არავითარი სარემონტო სამუშაოები არ შეუსრულებია. ამდენად, მას არ ჰქონდა ინფორმაცია მილის არსებობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის №34/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის (შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „...“-თვის 1721,89 ლარის დარიცხვის საფუძვლიანად მიჩნევის თაობაზე) კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „ჯ...მა“ გამოავლინა რა შპს ,,...”-ის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, კერძოდ, 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2016 წლის 2 მარტის №005096 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა და ას №0001267 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე 2016 წლის 10 მარტის დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში შპს ,,...”-მ სადავოდ გახადა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის აღურიცხავი წყლის მოხმარების №005096 აქტით დარიცხული თანხა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2016 წლის 10 მარტის №1175 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისს მიიღო N34/22 გადაწყვეტილებით შპს „...” -ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; განუხილველი დარჩა მოთხოვნა შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 10 მარტის №1175 დადგენილების გაუქმების შესახებ; საფუძვლიანად იქნა მიჩნეული შპს „ჯ...ის“ 2016 წლის 2 მარტის №005096 „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს „...”-თვის 1721,89 ლარის დარიცხვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მისი ღირებულების დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა მილის გამტარუნარიანობის, არამედ მილზე განთავსებული დანადგარების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მილზე განთავსებულ დანადგარში მოიაზრება იმ სახის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია და ხორციელდება სასმელი წყლის მრავალმხრივი მიწოდების უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც განსახილველ შემთხვევაში, სადავო წერტილიდან მხოლოდ ხელსაბანის და ტუალეტის ავზისათვის სასმელი წყლის მიწოდება თვითნებურად უკანონოდ ხდებოდა 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილით, შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მისი ღირებულების დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა მილზე განთავსებული დანადგარების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, არამედ 20 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, რომლითაც თვითნებურად ხდებოდა სადავო წერტილიდან ხელსაბანის და ტუალეტის ავზისათვის წყლის მიწოდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ შპს ,,...” -ის მიმართ კანონიერად განხორციელდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტიდან გამომდინარე აღურიცხავად მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომა ჩაატარა შპს „...“-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის მონაწილეობის გარეშე, რომელიც იმყოფებოდა სასამართლო სხდომის დარბაზის წინ და ელოდებოდა პროცესის დაწყებას (სხდომის მდივნის მითითებით). საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა მხარეთა (წარმომადგენლის) ინფორმირება სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ და სასამართლო სხდომის ჩატარება აპელანტი მხარის მონაწილეობის გარეშე მისი გამოუცხადებლობის გამო, ხოლო კონკრეტული მტკიცებულება მხარის წარმომადგენლისათვის სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვის ან რაიმე ფორმით მისი საპროცესო უფლების დარღვევის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც თავად კასატორის მიერ წარმოდგენილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. ჭ-ეს შპს „...“-ის საკასაციო საჩივარზე 09.09.2019წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ჭ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...“-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. ლ. ჭ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...“-ის საკასაციო საჩივარზე 09.09.2019წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი