ბს-590 (კ-20) 24 დეკემბერი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. განჩინება
დავის საგანი - გამოცდის შედეგის შეცვლა, გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. დ-მა 03.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს ვერ გადალახულად ჩაეთვალა საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცვლილების შეტანის დავალება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მე-9 გრაფაში მითითებულ მონაცემში, კერძოდ, გრაფა - „შედეგში“, ნაცვლად სიტყვა „ვერ გადალახა“ სიტყვა „გადალახას“ მითითება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თ. დ-ისათვის გადაცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 21.07.2018წ. მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ საერთო სასამართლოს მოსამართლეთა გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 21.07.2018წ. მან ჩააბარა აღნიშნული გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა, რომელშიც დააგოვა 78 ქულა, რის შედეგადაც გადავიდა გამოცდის მეორე ეტაპზე. წერითი გამოცდა ჩატარდა 28.07.2018წ., რომელიც შედგებოდა 5 ღია ტიპის კითხვისგან, თითოეულ კითხვაზე პასუხი ფასდებოდა 0-დან 5 ქულამდე. წერით გამოცდაზე მოსარჩელემ მიიღო 14 ქულა, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა მინიმალური ზღვარის, 15 ქულის გადასალახად. 31.07.2018წ. მოსარჩელე გამოცხადდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა ესარგებლა მიღებული შეფასების გასაჩივრების უფლებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეფასებას არ ახლდა არავითარი განმარტება და დასაბუთება, შესაბამისად, გასაჩივრების უფლება ატარებდა სრულიად ფორმალურ ხასიათს და არ გულისხმობდა რეალურად გამოსაცდელის უფლებების დაცვას. მოსარჩელის განმარტებით შემფასებლმა ქულის დაწერისას უნდა მოახდინოს დასაბუთებული შეფასება, რაც მნიშვნელოვანია შეფასების გასაჩივრების დროს არგუმენტირებული საჩივრის წარსადგენად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო 02.08.2018წ., ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე, შესაბამისად 14 ქულით ვერ გადალახა გამოცდის ბარიერი. მოსარჩელე თვლის, რომ მისი ნაშრომი შეფასდა გაურკვევლად, არასწორად და დაუსაბუთებლად. მოსარჩელის მოსაზრებით თითოეულ ტესტში დაკლებული აქვს თითო ქულა, მე-4 კითხვა ნაცვლად 5 ქულისა, შეფასებულია 3 ქულით, რის გამოც რეალურად ეკუთვნის 20 და არა 14 ქულა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 23.1 მუხლის თანახმად, საგამოცდო დავალებების შედგენის მეთოდოლოგიისა და მისი სირთულის დონის განსაზღვრის, დავალებების ბაზის მართვისა და ფორმირების, წერითი დავალებების შეფასების კრიტერიუმების დადგენის, საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა ცოდნის შემოწმებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია. ამავე წესის 28.1 მუხლის მიხედვით საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების, არამედ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისის შესაბამის გრაფაში ასახული მონაცემის ბათილად ცნობისაკენ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიუთითა, რომ "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის" 22.3 მუხლის მიხედვით, ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრისათვის წინასწარ მინიჭებული საინდენტიფიკაციო კოდით. თუ შეფასებები იდენტურია, შეფასების ნიშანი აისახება ელექტრონულ სისტემაში. თუ ნიშნებს შორის სხვაობა არ აღემატება ერთს, დავალების შეფასება ხორციელდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა შეთანხმებით, ხოლო თუ ნიშნებს შორის სხვაობა აღემატება ერთს, შეფასებისას გადამწყვეტია საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. აღნიშნული რეგულირება გამორიცხავს მიკერძოებული და მცდარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად, ნაშრომის შეფასების პროცესში დაბალია ცდომილების დაშვების ალბათობა. გარდა ამისა, "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის" 27.1 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით (27.3 მუხ.). თ. დ-მა მისი შეფასების გადასინჯვის მიზნით განცხადებით მიმართა საპრეტენზიო ჯგუფს, ხოლო საპრეტენზიო ჯგუფის მიერ არ დაკმაყოფილდა წარდგენილი პრეტენზია, რაც ასევე ადასტურებს საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასების სისწორეს. ამასთანავე, საგამოცდო კომისიის წევრები თითოეულ დავალებას ასწორებენ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით, სადაც განსაზღვრულია თითოეული ქულის მიხედვით შეფასების კრიტერიუმები. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასკ-ის 22-ე, 32.2 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ არ იკვეთება საგამოცდო კომისიის მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.2019წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: თავდაპირველად ბარდება ტესტური გამოცდა, ხოლო შემდეგ - წერითი გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტურ გამოცდას. ამასთან, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლი ადგენს, რომ გამოსაცდელი, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გადის შემდეგ ეტაპზე და მას უფლება აქვს ჩააბაროს წერითი გამოცდა, ხოლო მე-19 მუხლის შესაბამისად, წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 (თხუთმეტ) ქულას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 21.07.2018წ. მან გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78 ქულა, რის შემდგომაც იგი დაშვებულ იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერით გამოცდაზე. წერითი გამოცდა შედგა 28.07.2018წ., რომელზეც თ. დ-მა დააგროვა 14 ქულა. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 10 (ათი) ქულა. საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისგან და მისი შემადგენლობა ანონიმურია. ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდებით. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 31.07.2018წ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 ქულით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა თ. დ-ის შედეგი - „ვერ გადალახა“.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპლიკანტის მიერ შესრულებული წერითი დავალების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებდა თ. დ-ის, როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე აპლიკანტის მიმართ, წერითი გამოცდის ნაწილში, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებას/მისთვის დაწერილ ქულას. სასამართლოს მითითებით გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცდის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2019წ. Nბს-797-(კ-18) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).
საქალაქო სასამართლოს განმარტებით საგამოცდო კომისიის წევრების მიერ კონკრეტული აპლიკანტის მიერ შესრულებული წერითი დავალებების (კაზუსების) შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. ამასთან, კანონმდებლის მიერ საგამოცდო კომისიისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საგამოცდო კომისიის მიერ წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულის მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 22-ე მუხლით განსაზღვრულია წერითი გამოცდის შედეგად შესრულებული ნაშრომის გასწორების პროცედურა. ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრისათვის წინასწარ მინიჭებული საინდენტიფიკაციო კოდით. თუ შეფასებები იდენტურია, შეფასების ნიშანი აისახება ელექტრონულ სისტემაში. თუ ნიშნებს შორის სხვაობა არ აღემატება ერთს, დავალების შეფასება ხორციელდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრთა შეთანხმებით, ხოლო თუ ნიშნებს შორის სხვაობა აღემატება ერთს, შეფასებისას გადამწყვეტია საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია. წერითი გამოცდის შედეგების შემოწმებისას დაცულია გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ნაშრომის გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ წერითი გამოცდის შედეგები შეიტანება საგამოცდო უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდისათვის შემუშავებული შეფასების სქემა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება წარმოდგენილი სქემის არასანდოობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ წერითი ნაშრომის შეფასების სქემის შემუშავება საბჭოს მიერ ხდება წინასწარ, თუმცა მისი შემუშავების წესი და პროცედურები კანონმდებლობით გაწერილი არ არის. ამასთან, შეფასების სქემა საქმის მასალებში წარმოდგენილ იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სასამართლოს მიერ დავალებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ფარგლებში, იგი თან ერთვის შესაგებელს და დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სველი ბეჭდით, რაც უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის მოსაზრებას შეფასების სქემის არასანდოობასთან დაკავშირებით. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი, მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ უწყისში საბოლოო ქულის მითითებით და მისთვის უცნობი დარჩა როგორც საგამოცდო კომისიის, ისე საპრეტენზიო ჯგუფის წევრების დასაბუთებული შეფასებები. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ განსაზღვრავს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პროცედურულ წესებს, მათ შორის, საგამოცდო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასახვის ფორმას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალური წესი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებს „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესით“ დადგენილ ნორმებთან შედარებით უპირატესობა ვერ მიენიჭება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გამოცდაში მონაწილე პირთა საბოლოო ქულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემას და მით უფრო კომისიის წევრთა დასაბუთებული შეფასებების გადაწყვეტილებაში ასახვას „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ არ ითვალისწინებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. დ-ის მიერ შესრულებული წერითი ნაშრომის შეფასება საგამოცდო კომისიის, ხოლო შემდგომ საპრეტენზიო ჯგუფის მიერ განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, შეფასების წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, როგორც საპრეტენზიო ჯგუფის, ისე საგამოცდო კომისიის მიერ შედგენილ იქნა საგამოცდო შეფასების უწყისები, რომელშიც ასახული იქნა საპრეტენზიო განცხადების განხილვისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები. უწყისები დადასტურებული იქნა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. დ-ის მიერ. აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც არ ჩაეთვალა გადალახულად საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა, საბჭოსათვის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისის მე-9 გრაფაში მითითებულ მონაცემში, გრაფა შედეგში, ნაცვლად სიტყვა „ვერ გადალახა“, საბჭოსათვის სიტყვა „გადალახვის“ მითითების დავალება, აგრეთვე საბჭოსათვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადმოცემის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. განჩნებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.04.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას, ამასთან, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არის მოსამართლედ დანიშვნის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება გაგებული იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებად, ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სახე, ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაც რეგულირებულია სპეციალური კანონმდებლობით. ამდენად, სადავო შემთხვევის მიმართ უნდა გავრცელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობა და არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სააპელაციო პალატა „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა (საერთო და/ან სპეციალიზაციის მიხედვით), თარიღი, აგრეთვე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წერითი გამოცდა შედგა 28.07.2018წ., რომელზეც თ. დ-მა დააგროვა 14 ქულა, შესაბამისად გამოცდა ვერ ჩააბარა. თ. დ-მა მოცემული ქულა გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო ჯუფის მიერ თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 წულით და მოსამართლეობის საკვალიფიკავიო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა შედეგი - „ვერ გადალახა“. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცული იქნა პროცედურული ნორმები, ამასთანავე, პროცედურული ნორმები დაცული იყო წერითი დავალების თავდაპირველი შეფასების დროსაც, კერძოდ როგორც საპრეტენზიო ჯგუფის, ისე საგამოცდო კომისიის მიერ შედგენილ იქნა საგამოცდო შეფასების უწყისები, რომელშიც ასახულ იქნა საპრეტენზიო განაცხადის განხილვისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები, რაც დადასტურდა კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 22.4 მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ აუცილებელია წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის არსებობა, რათა როგორც საპრეტენზიო კომისიის, ისე საგამოცდო კომისიის წევრებმა ობიექტურად, ერთგვაროვნად, თანასწორობის პრინციპის დაცვით, მიუკერძოებლად გაასწორონ ნაშრომები და დაწერონ სათანადო ქულა. შეფასების სქემის არსებობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომისიის წევრებმა ნაშრომის გასწორებისას უნდა დაიცვან მისი მოთხოვნები და ქულების განსაზღვრისას გაითვალისწინონ სქემით დადგენილი შესაბამისი ქულის დაწერისთვის აუცილებელი პასუხის არსებობა. ამასთან, სქემის არსებობის პირობებში მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაბამისი ქულის დაწერა, არამედ გამოსაცდელისათვის გასაგები, განჭვრეტადი უნდა იყოს მითითებული ქულა ნაშრომის როგორ მოცემულობას, როგორ პასუხს შეესაბამება. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საპრეტენზიო კომისიის მიერ ნაშრომის გადამოწმებისას. იმისათვის, რომ გამოსაცდელს გაუჩნდეს განცხადების ნამდვილად შესწავლის, შეფასების გადამოწმების რწმენა, აუცილებელია, რომ საპრეტენზიო კომისიის შეფასება იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული, თუნდაც შეფასების სქემით შესაბამისი ქულისათვის დადგენილ მოთხოვნებზე მითითებით და არ იყოს დაწერილი მხოლოდ ქულა, ყოველგვარი განმარტების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კომისიის მიერ შეფასების დასაბუთებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოცემული ავტომატურად არ გულისხმობს შეფასების უკანონობას, დაწერილი ქულის არასარწმუნოდ მიჩნევის შესაძლებლობას.
სააპელაციო საამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (გამომცდელის სუბიექტური შთაბეჭდილება, გამომცდელის პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე და სხვ.). გამოცდის ჩატარება დაკავშირებულია შეფასების აუცილებლობასთან, გამომცდელის მიხედულობასთან, რომელიც წარმოადგენს ამ საქმიანობის, შეფასებითი კატეგორიების გამოყენების უცილობელ ელემენტს, შესაბამისად ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის საგნობრივ კომპეტენციას, ერთჯერად სიტუაციას, რომლის რეკონსტრუქცია და გადამოწმება მოსამართლის მიერ შეუძლებელია (გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოსაცდელის ცოდნის დონეს, სახელდობრ, გამოცდის ჩატარების მომენტისათვის და არა მის შემდეგ), შემფასებელი ახდენს შეფასებას საგამოცდო საკითხების სირთულეების გათვალისწინებით და საერთო შედეგების შეფასების საფუძველზე (შეფასება თავის თავში შეიცავს შედარების ელემენტს, შეფასება შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა აპლიკანტების მიერ მიღებულ შეფასებებთან, ამდენად, გასათვალისწინებელია გამოსაცდელების საშუალო დონე, საგამოცდო ნიშანი იმ ურთიერთობათა სისტემის ნაწილია, რომელიც გარკვეულწილად არის საგამოცდო პრაქტიკის, გამომცდელთა გამოცდილებისა და წარმოდგენების შედეგი), რაც საგამოცდო გადაწყვეტილებისათვის ქმნის შეფასების თავისუფალ სივრცეს (იხ. სუსგ 08.07.04წ. N94-11-კს-04; 20.10.10წ. Nბს-342-331(კ-10); 25.03.09წ. Nბს-1448-1406(კს-08); 20.07.11წ. Nბს-1805-1760(კ-10); 21.03.2019წ. Nბს-1312(კ-18)). გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლების დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა (იხ. სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18)).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება გამოცდის ჩატარების წესის, შეფასების პროცედურის დარღვევა, გამოსაცდელების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება, შეფასების მიკერძოებულობა ან ირაციონალურობა. სასამართლოს კონტროლი შეფასების სისწორეზე სწორედ მოცემულ კრიტერიუმთა ერთობლიობით განისაზღვრება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა და მხოლოდ შეფასების დაუსაბუთებლობა ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. განჩნება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. დ-ის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული საქმე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის განვითარების თვალსაზრისით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება სასამართლოს მართლმსაჯულების ფუნქციას, სასამართლო არ ახორციელებს საქმის სამართლიან განხილვას, უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არ მსჯელობს საქმის დეტალებზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კასატორის უფლება წერითი გამოცდის დასაბუთებული შეფასების მიღებასთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო არ უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტზე. ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია კანონით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაასაბუთოს მის მიერ შერჩეული და განხორციელებული ღონისძიებების უპირატესობა, რათა სასამართოლომ მისი შესწავლა და შეფასება შეძლოს. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობის მოქმედების არეალად არ უნდა გადაიქცეს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, სუსგ 02.10.2018წ. Nბს-1182-1176(2კ-17)). ქვედა ინსტანციის სასამართლოები არ იზიარებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილ პრაქტიკას. ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე ვერ შეფასდა სამართლიანად, საქმის განმიხლველმა მესამე ინსტანციის სასამართლომ უნდა იმსჯელოს დისკრეციული უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე. საქმის სასამართლოს მიერ განხილვისას მოქალაქეს აქვს მის მიერ დასმული საკითხის სამართლიანი განხილვის მოლოდინი. ქვედა ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ საკითხი სპეციფიკურია და დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვერ შევა საბჭოს ანონიმური გამსწორებლების დაუსაბუთებელი შეფასების შესწავლის სფეროში.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც პირვველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და 27-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი აკეთებს დასაბუთებულ შეფასებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია რატომ არ ჰქონდა მას დასაბუთებული შეფასების მიღების უფლება. კასატორის პროფესიული წინსვლის ბედი გადაწყვიტა ერთმა ქულამ, რომლის მინიჭებაზე უარი დაუსაბუთებლად ეთქვა. უსაფუძვლოა მართლმსაჯულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მოსამართლეს არ გააჩნია დისკრეციის შეფასების სპეციფიური ცოდნა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოება, კერძოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებაში შესული ცვლილება საერთოდ არ ახსენა, ვინაიდან მისი გამოკვეთა ცალსახად ადასტურებდა კასატორის მოთხოვნის კანონიერებას და სისწორეს, აღნიშნული ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ კასატორს ჰქონდა დასაბუთებული შეფასების მიღების უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ ნაშრომი შეფასდა კანონის დაცვით, თუმცა გაურკვეველია რას ეფუძნება სასამართლოს აღნიშნული შეფასება, ადმინისტრაციულ ორგანოს სააპელაციო სასამართლოსთვის შესაფასებლად არაფერი არ წარმოუდგენია, მათ შორის არ წამოუდგენია სააპელაციო შესაგებელი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი პრაქტიკა და მან უბრალოდ უარი თქვა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე. ერთადერთი სამართლიანი მსჯელობა, რომელიც სააპელაციო საამართლომ განავითარა და შემდეგ თავადვე გააქარწყლა, ეხებოდა ნაშრომის შეფასების დასაბუთებულობის ვალდებულებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მითითებით კომისიის მხრიდან შეფასების დაუსაბუთებლობა ავტომატურად არ გულისხმობს შეფასების უკანონობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ზედაპირულად, ფორმალურად, რაც ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს. სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოა, რომელმაც უნდა შეაფასოს დისკრეციის დროს მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და დასაბუთებულობა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ აღიარებს მოსარჩელის უფლებების დარღვევას და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად/თვითნებურად გამოყენებას.
კასატორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, საქმის განხილვაში მონაწილე მხარეს, მოსარჩელეს არ მისცა საქმეზე დართული მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, კერძოდ სასამართოლომ გამოითხოვა საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის ოქმები და თუნდაც გაუთქმელობის ხელწერილით კასატორს არ მიეცა მათი გაცნობის შესაძლებლობა. კასატორის საპროცესო უფლების უგულებელყოფის საკითხი შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. უკანონოდ მოპყრობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის გზით თავდაცვის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეისწავლოს მოთხოვნის კანონიერება და მასზე არ თქვას უარი დისკრეციის შეუფასებლობით ან გარემოებების შესაფასებლად სპეციალური ცოდნის აუცილებლობის საფუძვლით. კასატორი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მას აქვს უფლება იყოს დაცული კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. კასატორის მითითებით უზენაესმა სასამართლომ სადავო საკითხზე უნდა გააკეთოს ადეკვატური შეფასება და დააკმაყოფილოს სარჩელი, რაც მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. დ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. დ-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 21.07.2018წ. მან გაიარა გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა და ტესტირების შედეგად მიიღო 78 ქულა, რის შემდგომაც იგი დაშვებულ იქნა გამოცდის მეორე ეტაპზე - წერით გამოცდაზე. წერითი გამოცდა შედგა 28.07.2018წ., რომელზეც თ. დ-მა დააგროვა 14 ქულა. თ. დ-მა წერითი გამოცდის შედეგები გაასაჩივრა 31.07.2018წ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. შესაბამისად, მისი საბოლოო შედეგი განისაზღვრა 14 ქულით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისში მიეთითა თ. დ-ის შედეგი - „ვერ გადალახა“.
განსახილველ შემთხვევაში თ. დ-ის მიერ სადავოდაა გამხდარი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე - წერით გამოცდაზე მიღებული შეფასების კანონიერება, რომლის შედეგადაც მან ვერ გადალახა წერითი გამოცდის ზღვარი.
სადავო საკითხი უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, მისი შეფასება სცდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის უფლებამოსილებას, რამეთუ მასზე არ ვრცელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 354, 366 მუხლებით დადგენილი დანაწესი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დავაში მოპასუხედ მართებულადაა დასახელებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო პროცედურა ითვალისწინებს რიგ, კანონმდებლობით მოწესრიგებულ, ადმინისტრაციული მოქმედების (მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცდის ჩატარების გამოცხადება, გამომცდელების განცხადებების რეგისტრაცია და სხვ.) შესრულებას და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (გამოცდის ჩატარების თარიღის განსაზღვრა, საგამოცდო კომისიის შედეგების დამტკიცება). საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ("მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის" 28.1 მუხ.), რაც არ გამორიცხავს მოცემულ დავაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოპასუხედ დასახელებას, ვინაიდან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საგამოცდო კომისიას, საგამოცდო კომისია საქმიანობას ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან გამოცდის შედეგების დამტკიცებამდე ("საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 52-ე მუხ., საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის" 23.3 მუხ.). საგამოცდო კომისია და მისი შემადგენლობიდან დანიშნული საპრეტენზიო ჯგუფი იქმნება დროებით, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, სახეზეა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის საგნობრივი კომპეტენცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 28-ე მუხლის შესაბამისად, საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს საგამოცდო კომისია. ამასთანავე, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გასცემს შესაბამის სერტიფიკატს (28-ე მუხ., 26.2 მუხ. "ზ" ქვ.პ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილება (შეფასება) არის საგამოცდო პროცედურის სავალდებულო კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს თითოეული კომისიის წევრთა გადაწყვეტილებების ერთობლიობას. საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნების ელემენტებს. საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის შედეგების დამტკიცება ადასტურებს ან უარყოფს გამოსაცდელი პირის შესაბამისობას წაყენებული მოთხოვნებისადმი, ის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს გამოსაცდელი პირის მიმართ. საგამოცდო კომისიის დასკვნის საფუძველზე ხდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოწმობის გაცემა. გადაწყვეტილებას გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატის გაცემის შესახებ საფუძვლად უდევს საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილება. საგამოცდო კომისია წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილ დროებით ორგანოს, ადგილი აქვს უფლებამოსილების ერთგვარ გამიჯვნას-საგამოცდო კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს გამოცდის პროცესის სავალდებულო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მაგრამ არ არის უფლებამოსილი გასცეს სერტიფიკატი, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პროცედურის დამაგვირგვინებელ დოკუმენტს იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც გასცემს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, ამ დროს საბჭო შებოჭილია საგამოცდო კომისიის მიერ დამტკიცებული საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი, მაგრამ არ არის უფლებამოსილი გამოიტანოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის გამოცდის შეფასების თაობაზე. უფლებამოსილების ამგვარი გამიჯვნა არის შიდასტრუქტურული, გარე სამართალურთიერთობებში საგამოცდო კომისიისა და საბჭოს წარმომადგენლად გამოდის საბჭო, საბჭოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს საბჭოს და მის მიერ შექმნილ დროებით ორგანოს - საგამოცდო კომისიას, უკანასკნელი წყვეტს საქმიანობას საგამოცდო პროცესის დასრულების შემდგომ, "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის" 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საგამოცდო კომისია საქმიანობას ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან გამოცდის შედეგების დამტკიცებამდე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ამოცანა, რომლისთვისაც შექმნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება. შესაბამისად 52.1 მუხლის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი" განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით, საბჭო ამტკიცებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, ქმნის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას (მე-9 მუხ.). ამდენად, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება და წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სახეს, მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის განხორციელებაც მოწესრიგებულია სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 51-ე, 53-ე მუხლებით, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით, 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით" (V თავი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხედ მართებულად არის დასახელებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი“ განსაზღვრავს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ სპეციალურ პროცედურულ წესებს, მათ შორის საგამოცდო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასახვის ფორმას. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპზე - წერით გამოცდაზე მიღებული ქულის, შესაბამისად საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო ჯგუფის შეფასებების კანონიერება.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 23-ე მუხლის თანახმად საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შეფასების მიზნით იქმნება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია. ყოველ დავალებას ასწორებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, მოცემული დარგის ორი სპეციალისტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანონიმურად, წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით და აკეთებს შეფასებას (22.4 მუხ.). შეფასების სქემა არის საგამოცდო პროგრამის და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის და საპრეტენზიო ჯგუფისათვის შედგენილი დოკუმენტი, ნაშრომის შეფასება/გასწორება უნდა მოხდეს სქემით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოცდის შეფასების სქემა იძლევა მიხედულების ველის შეზღუდვის, ამ სფეროში ერთგვარი ინტერვენციის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას. წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა როგორც საპრეტენზიო კომისიის, ისე საგამოცდო კომისიის წევრებმა ობიექტურად, ერთგვაროვანი კრიტერიუმების საფუძველზე, თანასწორობის პრინციპის დაცვით, მიუკერძოებლად სათანადო ქულით შეაფასონ ნაშრომები. წერითი ნაშრომის შეფასების სქემის შემუშავება საბჭოს მიერ ხდება წინასწარ (წესის 22.4 მუხ.), შეფასების სქემის არასათანადოობასთან დაკავშირებით დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდისათვის შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით ნაშრომი 5 ქულით ფასდება იმ შემთხვევაში, როდესაც „მსჯელობა არის სრული და არგუმენტირებული, სწორი და ამომწურავი პასუხი აქვს გაცემული ყველა კითხვას“; 4 ქულით - „პასუხში ჩანს საკითხის გააზრებული ცოდნა, მთლიანობაში მსჯელობა სწორია, თუმცა არასრული“; 3 ქულით – „პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი ცოდნა, მსჯელობა არ არის სრული, აკლია დავალების პირობის ერთზე მეტი კომპონენტი“; 2 ქულით - „მოცემულია მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა, პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული“; 1 ქულით - "დავალების პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული", 0 ქულით - „პასუხი არაადეკვატურია, გამოსაცდელი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს“. აღსანიშნავია, რომ წერითი გამოცდის ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგის მიხედვით შედგენილ 5 ღია პასუხიან დავალებას, დავალების შესრულების დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა - სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე დავალების ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული მსჯელობით, ისე პრაქტიკული მაგალითებით. ამდენად, შეფასების სქემის არსებობის პირობებში, კომისიის წევრებმა ნაშრომის გასწორების დროს უნდა დაიცვან მასში მოცემული კრიტერიუმები და ქულების განსაზღვრისას გაითვალისწინონ სქემით დადგენილი შესაბამისი ქულის დაწერისთვის აუცილებელი პასუხის არსებობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სქემით გათვალისწინებული ნიშნით შეფასებაში გამომცდელი სარგებლობს თავისუფალი სივრცით. ასეთ პირობებში სახეზეა არა დისკრეცია, რამოდენიმე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, არამედ სქემით განსაზღვრული კრიტერიუმის ფარგლებში თავისუფალი შეფასების სივრცე. გამომცდელის მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში უფლებამოსილების გადაჭარბება ან არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია, გამომცდელის უფლებამოსილება შებოჭილია სქემაში მოცემული კრიტერიუმებით, სქემაში მოცემული ცნებებისათვის იმანენტურია სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. სასამართლო იცავს რა გამომცდელის თავისუფალ სივრცეს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტის აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი, უკიდეგანო შეფასების სივრცე, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნებს. განუსაზღვრელი ცნებების ("სრული მსჯელობა", "გააზრებული ცოდნა", "ზედაპირული პასუხი" და სხვ.) გამოყენების და განმარტების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს არა ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის უფლებამოსილება (სზაკ-ის მე-2 მუხ. "ლ" ქვ.პ.), არამედ განუსაზღვრელი ცნებების საფუძველზე შეფასების თავისუფლება. კონკურსანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო კონკურსანტის უნარ-ჩვევების, კომპეტენციის დადგენა ხდება განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნებების განმარტების საფუძველზე და არის შეფასების თავისუფლების ნაწილი, რომლის სასამართლო კონტროლი გარკვეულწილად შეზღუდულია, სასამართლო ასეთ შემთხვევაში ამოწმებს მხოლოდ იმ კრიტერიუმების დაცულობის ფარგლებს, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს შეფასების თავისუფლება. განუსაზღვრელი ცნებების განმარტების სასამართლო შემოწმებისათვის ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიყვანოს შესაბამისი დასაბუთება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა აქვს ნაშრომის არამხოლოდ შესაბამისი ქულით შეფასებას, არამედ აგრეთვე ქულის განჭვრეტადობას, იმას თუ რატომ შეესაბამება მოცემული ქულა ნაშრომს. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საპრეტენზიო ჯგუფის მიერ ნაშრომის გადამოწმებისას. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მიხედვით საკვალიფიკაციო (ტესტური და წერითი) გამოცდის შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო ჯგუფი. ტესტური და წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა, როგორც წესი, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 10 (ათი) ქულა. საპრეტენზიო ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან და მისი შემადგენლობა ანონიმურია. საპრეტენზიო ჯგუფის მიერ პრეტენზიის განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი. ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფი საპრეტენზიო განცხადებაზე აკეთებს შეფასებას, რაც დასტურდება ჯგუფის წევრების საიდენტიფიკაციო კოდებით. საპრეტენზიო განცხადებების გასწორებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ პრეტენზიების განხილვის შედეგები შეიტანება უწყისში და დასტურდება საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. შეფასების პროცედურის რეგულირებას მინიმუმამდე დაყავს მცდარი შედეგების ალბათობა, რაც არ გამორიცხავს საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. დ-მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და წერითი გამოცდის შედეგები 31.07.18წ. გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თ. დ-მა ჩამოაყალიბა პრეტენზიები თითოეულ კაზუსზე გაცემული პასუხის შეფასების მიმართ. საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო ჯგუფის მიერ თ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გამოსაცდელ პირს წერით გამოცდაში არ მოემატა არცერთი ქულა. საპრეტენზიო ჯგუფის წერილი არ იძლევა თ. დ-ის მიერ წერითი ნაშრომის შეფასების მიმართ წარდგენილ 31.07.2018წ. პრეტენზიებზე პასუხს, 02.08.2018წ. ელექტრონული ფოსტის ამონაწერით ირკვევა, რომ საჩივარი განხილულ იქნა, დამატებით მიენიჭა 0 ქულა, შედეგად ჯამურმა ქულამ შეადგინა 14, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი მინიმალური ბარიერის (15 ქულა) გადასალახად. შეტყობინება არ შეიცავს რაიმე პასუხს თ. დ-ის მიერ თითოეულ კაზუსთან დაკავშირებით წარდგენილ პრეტენზიებზე. თ. დ-ისათვის უცნობია მის პრეტენზიაში მოყვანილი მოსაზრებების უარყოფის არგუმენტაცია. წარდგენილ პრეტენზიაზე საპრეტენზიო ჯგუფის მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ პრეტენზია "0" ქულით შეფასდა არ პასუხობს დასაბუთებული უარის გაცემის მოთხოვნას, საბაბს უქმნის მოსარჩელის ეჭვს მისი პასუხების არაოფიციალური კრიტერიუმების, ლატენტური ფაქტორების გათვალისწინების შესაძლებლობის შესახებ. შეფასების გამოხატვას მხოლოდ ქულებში, ციფრებში ან პროცენტულ მაჩვენებელში შეუძლია არასწორი შთაბეჭდილება შექმნას პროცესის ობიექტურობასა და სანდოობაზე, თუ მათი გამოყენება დამატებითი ახსნა-განმარტების და შეფასების გარეშე მოხდება (ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) 24.10.2014წ. N17 დასკვნა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ლი ნაწ.). აქტის დასაბუთების კანონიერი ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს სამართლით შებოჭვით, მისი თვითკონტროლის ფარგლებში მოქცევით, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორ შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ამ კოდექსის მოქმედება, გარდა კოდექსის მე-3 თავისა და აგრეთვე ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციის განხორციელებისა, არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. ამდენად როდესაც საბჭოს საქმიანობის განხორციელებას აწესრიგებს სპეციალური კანონმდებლობა- გამოიყენება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად, ექსკლუზიურ მიმართულებას წარმოადგენს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება, რაც სპეციალური კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარდგენილი პრეტენზიების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთების საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ კანონმდებლობასა და კოდექსს შორის რეგულაციის სხვაობა არ არსებობს, რაც დადასტურდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტში შემდგომში შეტანილი ცვლილებით, მანამდე სპეციალური კანონმდებლობით ეს საკითხი არ წესრიგდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა მიზნად ისახავს გამოსაცდელის უფლებების დაცვას, მისი ნაშრომის არასათანადოდ შეფასების შემთხვევაში დარღვეული უფლების აღდგენას. იმისათვის, რომ გამოსაცდელს გაუჩნდეს რწმენა, რომ მისი განცხადება ნამდვილად იქნა შესწავლილი, განხილული და შეფასება გადამოწმებული, შეფასება უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული, დასაბუთებიდან უნდა ირკვეოდეს, თუ რა გარემოებებმა და შეხედულებებმა მოახდინეს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, გადაწყვეტილების შემოწმებისას თვალსაჩინო უნდა იყოს თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება შეფასება. სფეროს სპეციფიკის, მართლმსაჯულების ხარისხის და კანდიდატთა სამართლიანი შერჩევის, სასამართლო კორპუსის ფორმირების სამართლიანი პირობების უზრუნველყოფის მიზნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შესაძლებლად თვლის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მიმართ მკაცრი ტესტის გამოყენებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ. N1/152 გადაწყვეტილებაში 10.05.2019წ. შეტანილი ცვლილებით ტესტური და წერითი გამოცდის შედეგებზე პრეტენზიების განხილვისას საპრეტენზიო ჯგუფს საპრეტენზიო განცხადებაზე დასაბუთებული შეფასების გაკეთება დაევალა (27.8 მუხ.). ცვლილება ძალაში შევიდა აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღნიშნული დამატებით ადასტურებს კასატორის თ. დ-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას მის მიერ წარდგენილი პრეტენზიის უარყოფითი პასუხის დასაბუთების საჭიროების შესახებ.
აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების ფართო ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას, ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს. გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს საგამოცდო შეფასებაზე წარდგენილი პრეტენზიის მიმართ თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. სქემაში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უკეთუ გამოსაცდელ პირს ჩამოუყალიბდა ამოცანაზე წარდგენილი პასუხის არასათანადო შეფასების მოსაზრება, ასეთ შემთხვევაში მას შესაძლებლობა აქვს დასაბუთებული მოსაზრებებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს, რომლის პასუხი წარდგენილ პრეტენზიაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, ამდენად ის ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, დასაბუთება ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-13 მუხლის თანახმად, ეროვნული ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება. კონვენციის მე-13 მუხლით ნაკისრი ვალდებულების განხორციელების ფორმა და წესი სახელმწიფოს დისკრეციის სფეროს შეადგენს, თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის შიდასამართლებრივი დაცვის ეფექტურობა. უფლების დაცვის საშუალება უნდა იყოს ეფექტური არამხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის თვალსაზრისით. კონვენციის მე-13 მუხლის დანაწესი ეხება არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებს. პრეტენდენტის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საჩივრის განხილვის მექანიზმის ეფექტურ მოქმედებაზე. უფლებამოსილი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ხარვეზიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა, ვინაიდან გასაჩივრების უფლება არის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის საშუალება, რაც განაპირობებს გასაჩივრების უფლების მნიშვნელობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირის მიმართვაზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი, საჩივრის განხილვის გამართული პროცედურა ასეთი მექანიზმის არსებობის, ადმინისტრირების მაღალი ხარისხის დადასტურება უნდა იყოს. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში თავადაც უთითებს, რომ სქემის არსებობის პირობებში მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაბამისი ქულის დაწერა, არამედ გამოსაცდელი პირისათვის გასაგები უნდა იყოს ქულა როგორ პასუხს შეესაბამება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საპრეტენზიო ჯგუფის მიერ ნაშრომის გადამოწმებისას. სააპელაციო პალატის აზრით, კანონმდებლობით დადგენილი მიზნის მიღწევისათვის, განცხადების შესწავლის, განხილვის, შეფასების გადამოწმების რწმენის გაჩენისათვის აუცილებელია, რომ კომისიის შეფასება იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული, თუნდაც შეფასების სქემით შესაბამისი ქულისათვის დადგენილ მოთხოვნებზე მითითებით და არ იყოს დაწერილი მხოლოდ ქულა, ყოველგვარი განმარტების გარეშე. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ მთლიანად, ყველა ნაწილში უარყო სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ კომისიის მიერ შეფასების დაუსაბუთებლობა არ გულისხმობს შეფასების უკანონობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოცდა ქმნის ერთგვარ წინაღობას პროფესიის ხელმისაწვდომობის მიმართ, გამოცდა სასურველი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას უზღუდავს იმ პრეტენდენტებს, რომლებიც არ პასუხობენ მინიმალურ პროფესიულ მოთხოვნებს, ეს ფაქტორი გადამწყვეტია არამხოლოდ გამოცდის მოცულობის, არამედ მისი შედეგების შეფასების მიმართ. საერთო წესის თანახმად, სწორი პასუხები და მისაღები გადაწყვეტა არ უნდა შეფასდეს როგორც მცდარი და არ უნდა იწვევდეს გამოცდის ჩაუბარებლობას, თუმცა წერითი საგამოცდო დავალების თავისებურებებიდან გამომდინარე მისი სისწორე ან დავალების გადაწყვეტის მიმღებლობა ერთმნიშვნელოვნად ზოგჯერ შესაძლოა ვერ შეფასდეს და არ არის გამორიცხული მათი სხვადასხვა პოზიციებიდან შეფასება (მოცემულ შემთხვევაში წერითი გამოცდის ეტაპზე გამოსაცდელს უნდა გაეცა პასუხი ე.წ. ღია საკითხებზე, რომლებზედაც ზოგ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს), ასეთ შემთხვევაში იზრდება დამაჯერებელი არგუმენტებით თანმიმდევრულად დასაბუთებული და მისაღები პასუხის მნიშვნელობა, ამდენად გამომცდელს უნდა ჰქონდეს შეფასების, ხოლო გამოსაცდელს პასუხის თავისუფლების გარკვეული ველი. საგამოცდო ნაშრომის შეფასება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალსაფეხუროვან ორგანიზებულ პროცესს, რომლის შედეგია იმის დადგენა, თუ შეფასების რომელ კონკრეტულ კრიტერიუმს შეესაბამება საგამოცდო ნაშრომი. ამ თვალსაზრისით საგამოცდო ნაშრომის შეფასება წარმოადგენს სუბსუმციის ერთ-ერთ შემთხვევას. სუბსუმციის დროს დგინდება საქმის ფააქტობრივი გარემოების (ფაქტის-შეფასებისგან სრულიად დაცლილი სინამდვილის მოვლენის) შესაბამისობა ნორმის შემადგენლობასთან, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამართლებრივი შედეგი. შემფასებელს გააჩნია განსაკუთრებული საგნობრივი კომპეტენცია, ამასთანავე გამომცდელისაგან განსხვავებით, სასამართლო შეზღუდულია ერთეული შემთხვევით, სხვა გამოსაცდელი პირების პასუხების შედარებითი სტანდარტის გამოყენების შეუძლებლობით, რაც დამატებით განაპირობებს გამომცდელის შეფასების თავისუფლების ფართო ველს. შეფასების თავისუფალი სივრცის პირობებში სქემით მოცემული კრიტერიუმების არსებობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ახდენს არა სასამართლო, არამედ შემფასებელი. ამასთანავე, საგამოცდო ნაშრომის შეფასების თავისუფლება არ წარმოადგენს შეუზღუდავ სივრცეს, ფარგლების დაცულობა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ამასთანავე, ქმედითი კონტროლი არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ შეფასების მცდარობა თვალშისაცემი, სრულიად მიუღებელი იყოს. მეორეს მხრივ, საგამოცდო შეფასების მიმართ კონტროლი, რომელიც ემყარება სქემით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, არ აკისრებს სასამართლოს საგამოცდო უწყების როლის შესრულებას.
გამოცდის ჩატარება დაკავშირებულია შეფასების აუცილებლობასთან, გამომცდელის მიხედულებასთან, რომელიც წარმოადგენს ამ საქმიანობის, შეფასებითი კატეგორიების გამოყენების უცილობელ ელემენტს, შესაბამისად ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის შესაძლებლობის თავიდან აცილება. საგამოცდო კომისიისათვის შეფასების თავისუფალი სივრცის მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიის საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საგამოცდო კომისიის მიერ წერითი გამოცდის შეფასების შედეგად მიღებული ქულის მიზანშეწონილობის, რაციონალურობის შეფასებას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას ასეთი უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საფუძველსაა მოკლებული და გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას არ ასაბუთებს სააპელაციო პალატის მითითება სუს-ის 07.03.2019წ. საქმე Nბს-797(კ-18) გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან ხსენებულ საქმეში, მოცემული საქმისაგან განსხვავებით, სადავო აქტი შეიცავდა დამაჯერებელ დასაბუთებას, რაც გახდა ხსენებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიხედულების უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა. სასამართლო ახდენს არა გამომცდელის ჩანაცვლებას, არამედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ადგენს შეფასების თავისუფალი სივრცის საზღვრებს და ამოწმებს ამ საზღვრების დაცულობას. საზღვრების დადგენისას ყურადღება ექცევა იმას, რომ შეფასება ეფუძნებოდეს სწორ ფაქტობრივ გარემოებებსა (მაგ. გამომცდელმა შეცდომით გაიგო საგამოცდო ნაშრომის შინაარსი ან გამოცდაში რეალურად დასმულ ამოცანას ან საკითხს მიანიჭა არასწორი შინაარსი) და საკითხთან კავშირის მქონე მოსაზრებებს. შეფასების თავისუფალი სივრცის საზღვრების დაცულობის შემოწმება სასამართლოს მიერ შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი შეფასების დასაბუთების არსებობის პირობებში, რის გამოც შემფასებელს ეკისრება შეფასების დასაბუთების წარმოდგენის ვალდებულება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება გამომცდელის შეფასების თავისუფლების სფეროს მოწესრიგების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე. მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების თავისუფლების ნაწილი კოლეგიური და დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს ისეთ გადაწყვეტილებას ეხება, რომელიც გამომდინარეობს საექსპერტო ცოდნიდან, რამდენადაც საგამოცდო კომისია კომპლექტდება სპეციალური ცოდნის მქონე პირებით, რაც ასევე არ ექცევა სასამართლოს სრული კონტროლის ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის საგნობრივი კომპეტენცია, ექპერტებით დაკომპლექტებული კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება სასამართლოში ხდება კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ 07.03.2019წ. Nბს-797 (კ-18)). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ საჩივრის საფუძველზე განხორიელებული კონტროლი მოიცავს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ, აგრეთვე რაციონალურობის, მიზანშეწონილობის ასპექტებს, ამ თვალსაზრისით ადმინისტრაციული საჩივარი, სასამართლო კონტროლისაგან განსხვავებით, მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრის გადამოწმების შესაძლებლობას. პრეტენზიის განხილვის შედეგებში უნდა აისახებოდეს ორგანოს მიერ სადავო საკითხის ოპტიმალობის თვალსაზრისით შემოწმების ასპექტები. ასეთ შემთხვევაში მართალია დასაბუთების მიხედულების ფარგლები ფართეა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს წარდგენილ პრეტენზიაზე დასაბუთების საჭიროებას. მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლის მიზანს, დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობა ასეთი უფლებამოსილების დარღვევით განხორციელებად ფასდება და შესაძლოა გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იმისათვის, რომ გამოცდის პროცესზე კონტროლი აღწევდეს პროფესიის არჩევის თავისუფლების ეფექტური დაცვის უფლების ხარისხს, საჭიროა, რომ წერითი გამოცდის შეფასება, ყოველ შემთხვევაში შეფასებაზე წარდგენილი პრეტენზიის მიმართ პასუხი, იყოს დასაბუთებული (BVerwGE 09.12.1992, 6 C 3.92).
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის - თ. დ-ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს არ ჩაეთვალა გადალახულად საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა. ამასთანავე, მოსარჩელეს მიზნად აქვს არა აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ ხსენებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა, მისი გამოცდაჩაბარებულად გამოცხადება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანს წარმოადგენს წერითი გამოცდის შედეგების გადასინჯვა. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგის დამტკიცება შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნიშნებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცდაში მონაწილე პირთა საბოლოო ქულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. "მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის" 22.6 მუხლის თანახმად, ნაშრომის გასწორების და იდენტიფიკაციის შემდეგ წერითი გამოცდის შედეგები შეიტანება საგამოცდი უწყისში და დასტურდება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. ამასთანავე, საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდების შედეგების დამტკიცების შემდეგ, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (წესის 26.1 მუხ. "ზ" ქვ.პ.). საგამოცდო კომისია, წესის 26.1 მუხლის თანახმად, ამტკიცებს საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგს, წესი არ ითვალისწინებს საბჭოს მიერ შედეგების დამტკიცებას. გამოცდის შედეგები აისახება საგამოცდო შეფასების უწყისში, რომელშიც ასახულია საპრეტენზიო განცხადების განხილვისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები, უწყისები დადასტურებულია კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში, სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს დავალების შესახებ სარჩელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) მოიცავს აგრეთვე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნასაც (სასკ-ის 22-ე მუხ.). ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, სასკ-ის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, "სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას". საკითხი განსახილველ შემთხვევაში უკავშირდება გამომცდელი ორგანოს შეფასების თავისუფალ სივრცეს. გამომცდელის გადაწყვეტილების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში საგამოცდო ნაშრომის შეფასების, გამოცდების მიღების ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია, შეაფასოს გამომცდელი პირის ცოდნის დონე, აღნიშნულის გათვალისწინებით არ აქვს მნიშვნელობა შემოწმების სფეროს, კერძოდ იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავალებები ეხება იურიდიულ და არა რომელიმე სხვა საკითხთა წრეს. სამართლებრივი მოწესრიგება მართალია ავალდებულებს გამომცდელს კეთილსინდისიერად შეაფასოს გამოსაცდელი პირის ცოდნა, თუმცა ის ვერ დაავალდებულებდა გამომცდელს, რომ მივიდეს იგივე დასკვნამდე, რომლამდეც მივიდოდა მოგვიანებით სასამართლო. გამოცდის შეფასების კონტროლი არ აკისრებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას საგამოცდო უწყების როლს. სასამართლო კორექციაზე შესაძლოა საუბარი იყოს უკეთუ შეცდომას შეეძლო გავლენა მოეხდინა საგამოცდო შეფასებაზე, თუმცა ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შემოწმება უკავშირდება საბოლოოდ პროცედურული ხასიათის შეცდომას, რაც იწვევს გამოცდის შედეგის გაუქმებას, გამომცდელის მიერ ახალი შეფასების ჩატარებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე, "შპს "სიგმა რადიო-ტელევიზია" კვიპროსის წინააღმდეგ" (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Fazia Ali v. the United Kingdom) §77). შეფასების თავისუფლების უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს გამომცდელის უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით (იხ. სუსგ 21.03.2019წ. Nბს-1312(კ-18)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების უცილობელ პირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, უკეთუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია თ. დ-ის მიერ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, არ გამოუკვლევია მხარის არგუმენტები და არ მიუცია მათთვის დასაბუთებული შეფასება. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს ნაშრომზე ქულის მომატების საკითხი, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული შედეგების გადასინჯვა, ქულის მომატება, გამოცდის შედეგების დამტკიცება საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მართალია საპრეტენზიო ჯგუფის გადაწყვეტილება უკავშირდება ერთჯერად სიტუაციას, რომლის რეკონსტრუქცია და გადამოწმება მოსამართლის მიერ შეუძლებელია (გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოსაცდელის ცოდნის დონეს სახელდობრ გამოცდის ჩატარების მომენტისათვის და არა მის შემდეგ), თუმცა საქმეში დაცულია თ. დ-ის საგამოცდო ნაშრომი, ამოცანებზე გაცემული წერილობითი პასუხები, ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით თ. დ-ის მიერ წარდგენილი წერილობითი პრეტენზიები თითოეულ დავალებაზე გაცემული წერილობითი პასუხის შეფასების მიმართ, რაც იძლევა საპრეტენზიო განცხადების ხელახალი შეფასების შესაძლებლობას. მოპასუხეს უნდა დაევალოს პრეტენზიების განმხილველი ჯგუფის მეშვეობით ხელახლა შეაფასოს თ. დ-ის საპრეტენზიო განცხადება, თ. დ-ის წერითი გამოცდის შედეგების გადასინჯვისას წარდგენილ საპრეტენზიო განცხადებაზე მიღებულ უნდა იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საპრეტენზიო ჯგუფის შეფასება საბოლოო ჯამში აისახება საგამოცდო უწყისში, რომელსაც ამტკიცებს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს მოსარჩელის მიმართ საგამოცდო უწყისში ასახული შედეგი, წერითი გამოცდის შემმოწმებელ ადმინისტრაციას უნდა დაევალოს თ. დ-ის წერილობითი პასუხების ხელახალი დასაბუთებული შეფასება. რაც შეეხება გამოცდის შეფასების უწყისში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მოთხოვნას და მოსარჩელისათვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, აღნიშნული უკავშირდება პირველ მოთხოვნას, შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება. სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვასა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას.
თავის მხრივ დაუსაბუთებელია კასატორის თ. დ-ის მითითება სასამართლოს მიერ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, კერძოდ კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მისცა მას შესაძლებლობა გასცნობოდა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიების ოქმებს (უწყისებს). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცულია საგამოცდო კომისიის და საპრეტენზიო ჯგუფის უწყისები დეპერსონალიზებული სახით. საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი უწყისები ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს 19.03.2018წ.N1/152 გადაწყვეტილების მიხედვით საპრეტენზიო განაცხადის განხილვისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შეფასებები შეიტანება შესაბამის უწყისებში. უწყისები დასტურდება კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ანონიმურია როგორც საგამოცდო კომისიის, ისე საპრეტენზიო ჯგუფის შემადგენლობა (23.4, 27.6 მუხ.). ამდენად, გამოთხოვილი ხელმოწერილი უწყისების გაცნობაზე უარი დეტერმინირებულია კომისიის წევრთა ანონიმურობის, კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. აღსანიშნავია, რომ კასატორს ცალკე სასარჩელო წესით არ მოუთხოვია ინფორმაციისთვის მინიჭებული სტატუსის შეცვლა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის საგანს, სასკ-ის 201 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ასეთი ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება. საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი. საჯარო დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუკი მისი გაცემა კანონით არ არის შეზღუდული (სზაკ-ის 28.1 მუხ.), ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი უშვებს პერსონალურ მონაცემთა გაცემას, უკეთუ ეს კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.). პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელია მისი აგება იდენტიფიკაციის კრიტერიუმზე, რომლის თანახმად, პერსონალური მონაცემები იმთავითვე დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ან თუ პირი თავად არ ახდენს მონაცემის გახმაურებას, მონაცემი დაცვას ექვემდებარება, უკეთუ შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია (იხ. სუსგ 28.03.2018წ. Nბს-936-932(კ-17)).
საფუძველსაა მოკლებული ასევე კასატორის მითითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზით კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. შესაგებლის წარდგენით მოპასუხე აფიქსირებს და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ნორმატიულად გაწერილი ვალდებულება დეკლარაციული მნიშვნელობისაა, შესაგებლის წარუდგენლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის, მისი ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით, არ ქმნის მხარის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების, მისთვის ნეგატიური შედეგის დადგომის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და თ. დ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თ. დ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება. ამასთანავე, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება უშუალოდ არ უკავშირდება სამსახურებრივი ურთიერთობის დაწყებას, სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას და არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ეტაპი მოსამართლის კანდიდატების შერჩევის რთული და ხანგრძლივი პროცედურისა, კანიდატებისადმი წაყენებული მოთხოვნების სიმრავლის (საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, გასაუბრება, იუსტიციის უამღლესი სკოლის ინტენსიური სასწავლო კურსის გავლა, სტაჟირების გავლა, გამოცდების ჩაბარება, სკოლის კურსდამთავრებულის შეფასება - საკვალიფიკაციო სიაში შესაბამისი რიგითი ნომრის მითითება, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიზნით განცხადების წარდგენა და სხვ.) გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნება სოციალური კატეგორიის საქმეთა რიგს და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება სასკ-ის მე-9 მუხლის დანაწესი დავის სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2019წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო 28.07.2018წ. წერითი გამოცდის შეფასების უწყისში თ. დ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც თ. დ-ს არ ჩაეთვალა გადალახულად საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა. მოპასუხეს დაევალოს ხელახლა შეაფასოს თ. დ-ის საპრეტენზიო განცხადება და აღნიშნულ საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისროს თ. დ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა