საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-353(კ-21) 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 17 სექტემბერს ი. უ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს N13274 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ...ის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე ი. უ-ის აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტისათვის ი. უ-ის სასარგებლოდ, მისი სამსახურში არყოფნის დღიდან - 2015 წლის 10 აგვისტოდან, სამსახურში აღდგენის შესახებ საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი ხელფასის განაცდურის ანაზღაურება ყოველი თვისათვის 2 500 ლარის ოდენობით, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის - წოდებრივი სარგოს, ნამსახურებისათვის გათვალისწინებული დანამატის, კომპენსაციის და კანონით გათვალისწინებული სხვა კუთვნილი დანამატების გათვალისწინებით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების დაკისრება 2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, თითოეული წლისათვის 2000 ლარის ოდენობით; სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ი. უ-ისათვის მორიგი, პოლკოვნიკის სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. უ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. უ-მა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემობებზე და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, თითქოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნა, რამაც გამოიწვია მისი არსებობის შეწყვეტა. კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივ აქტში მხოლოდ ტერმინის „ლიკვიდაციის“ გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ სუბიექტი ნამდვილად ლიკვიდირებულია ყველა იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც კეთილსინდისიერი გაგებით მოყვება ლიკვიდაციის შედეგს. უნდა შემოწმდეს - სუბიექტმა შეწყვიტა ვალდებულება თუ ვალდებულებებისაგან თავის ასარიდებლად იქნა გამოყენებული ტერმინი „ლიკვიდაცია“. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „ლიკვიდაცია“ უმეტესწილად გამოყენებულია „რეორგანიზაციის“ შინაარსობრივი დატვირთვით. სამართლებრივ აქტებში უფლებამონაცვლეობის თაობაზე შესაბამისი დანაწესის არსებობა-არარსებობა ვერ შეცვლის თავისი არსით რეორგანიზაციის ფაქტს, თუ სახელმწიფო უწყებამ, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით, შეინარჩუნა საჯარო ფუნქცია. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეინარჩუნა ის საჯარო ფუნქცია, რასაც ახორციელებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. რეალურად მოხდა დეპარტამენტის გარდაქმნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. ამდენად, ლიკვიდაციის მოტივით მისი სამსახურიდან გათავისუფლება უსაფუძვლოა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2015 წლის პირველი ივლისიდან აღარ არსებობს სტრუქტურული ერთეული კონოლოგიური მომსახურების ფუნქციებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეული სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებობდა 2006 წლიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე.
კასატორის განმარტებით, ...ის განყოფილების ვაკანტური თანამდებობები პენიტენციურ სამსახურში ზუსტად იგივე რაოდენობით გადავიდა, რამდენიც არსებობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამასთან, ზუსტად იგივე თანამშრომლები გადაინიშნენ განყოფილებაში, რომლებიც ანალოგიურ პოზიციებზე მუშაობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამდენად, მოსარჩელის გათავისუფლებას არ გააჩნდა გონივრული გამართლება მხოლოდ ლიკვიდაციის საფუძვლით. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქნა მიღებული და არა მოსარჩელის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ არსებობდა სამსახურის შეთავაზება მისი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაზე, ხოლო სასამართლომ ჩათვალა, რომ შეთავაზება იმ პოზიციაზე უნდა განხორციელებულიყო, რომელიც შეესაბამებოდა მოსარჩელის პიროვნებას და გამოცდილებას. ამდენად, მოპასუხეს საკუთარი დისკრეციით სწორად უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი პოზიცია უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდეგ გაიზარდა საშტატო ერთეულები. ამდენად, ვინაიდან რეალურად ადგილი არ ჰქონია საშტატო ერთეულების შემცირებას, სამუშაო ძალის კლებას, არ არსებობდა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.
კასატორის მოსაზრებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული ...ის განყოფილება და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებული ...ის განყოფილება ერთი და იგივე საჯარო ფუნქციის მატარებელი სტრუქტურული ერთეულებია. საგულისხმოა, რომ საქმეზე სადავო არ არის მოსარჩელის უფლებამოსილებების შინაარსი, მისი ფუნქცია-მოვალეობები და დაკისრებული სამუშაოს სპეციფიკა. შესაბამისი შინაარსის მატარებელი სხვა თანამდებობის არსებობის კვლევა არც სასამართლოს მოუხდენია და არც მოპასუხეს გაუბათილებია რაიმე მტკიცებულებით.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს როგორც საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე სამართლებრივი დასაბუთების არარსებობის გამო, ამასთანავე, თანმდევი შედეგით უნდა გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილში.
კასატორი შუამდგომლობს მოწინააღმდეგე მხარისათვის კასატორის სასარგებლოდ, სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის - 9 400 ლარის ოდენობით.
კასატორი ასევე შუამდგომლობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით დაეკისროს მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომოსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურება - 70 ლარის ოდენობით, ასევე საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 20 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად, მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 70 ლარის, საკასაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 40 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 0.10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 60 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის, ასევე კასატორის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება - 100 ლარის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით, საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. უ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული 2019 წლის 19 აგვისტოს N13274 ბრძანების კანონიერების შეფასებას. კასატორის ძირითადი არგუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ბრძანებით არასწორად იქნა მიჩნეული ლიკვიდირებულად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. რეალურად ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას - დეპარტამენტის გარდაქმნას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. ...ი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეული სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებობდა 2006 წლიდან 2019 წლის 22 თებერვლამდე. ამდენად, ლიკვიდაციის მოტივით მისი სამსახურიდან გათავისუფლება იყო უსაფუძვლო.
საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჩაითვალა მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. ამასთანავე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმის წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოეცა სადავო 2019 წლის 19 აგვისტოს N13274 ბრძანება, რომლითაც საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, ...ი ი. უ-ი 2015 წლის პირველი ივლისიდან დათხოვნილად ჩაითვალა სამსახურიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში მოქმედი 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნიდა მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვები იყო რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდაცია წარმოადგენდა მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობას, რის შედეგადაც, ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, გათავისუფლებულ მოხელეს კომპენსაციის სახით მიეცემოდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, რეალურად ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეორგანიზაციას და არა ლიკვიდაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაციაში იგულისხმება დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს მთლიანად დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. რაც შეეხება „ლიკვიდაციას“, აღნიშნული მოიაზრებს იმგვარ სტრუქტურულ ცვლილებას, როდესაც დაწესებულება, როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას, მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კოდექსის 1251 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის პირველ ივლისს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ამასთანავე უდავოა, რომ დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად, არ ყოფილა გათვალისწინებული სხვა სამსახურში გადაყვანა მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის იდენტურ საშტატო ერთეულზე. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით 2015 წლის პირველი ივლისიდან გათვალისწინებულ იქნა პენიტენციური სამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა. ამდენად, ი. უ-ის სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობის არსებობას უდავოდ ადასტურებს 2015 წლის პირველი ივლისიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შესაბამისად, აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების) ლიკვიდაციის ფაქტი. მართებულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 აგვისტოს N13274 ბრძანებით გაკეთებული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო, აღარ არსებობდა ი. უ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა, წარმოიშვა აღნიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი.
საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ საქმეზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის ახლებურად ჩამოყალიბება - პენიტენციურ სამსახურში აღარ არსებობს სტრუქტურული ერთეული და თანამდებობა, რომელიც რაიმე ფორმით/ფუნქციით განახორციელებს ...ას (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულება“, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის N457 ბრძანება).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც შეეხება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შეუძლებლობის საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118-ე მუხლის მე-3, მე-4 პუნქტები). თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერად არის მიჩნეული მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მისი თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ხელფასში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომელიც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, თითოეული წლისათვის 2000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქმეს არ ერთვოდა სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დამსაქმებლის ინიციატივით შვებულების უფლების შეზღუდვის ფაქტს. შვებულება დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს, ხოლო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია უფლების მფლობელის მხრიდან ნების გამოვლენაზე და მის განხორციელებაზე. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა ი. უ-ისათვის მორიგი, პოლკოვნიკის სპეციალური სახელმწიფო წოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რამდენადაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი სპეციალური წოდების სამსახურის ვადაში ჩათვლა უკავშირდება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდს.
რაც შეეხება მოთხოვნას სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომელიც შეეხება სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით მოწინააღმდეგე მხარისათვის მინდობილობების, დავალების ხელშეკრულების, იურიდიული მომოსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის ანაზღაურებას; საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას აპელანტებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას; მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებას; საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად, მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის, საკასაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურებას; დოკუმენტების აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის, კასატორის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურებას; სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურებას; საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა