№ბს-356(კ-20) 13 ოქტომბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ს. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ფ-ე
წარმომადგენელი - რ. ფ-ე
მესამე პირი (სასკ 16.2) - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველო
წარმომადგენელი - მ. კ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 აგვისტოს ლ. ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ (მესამე პირი (სასკ 16.2) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველო).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის №04-15-10/2495 მიმართვისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს №04/52015 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 20 ივლისიდან განვლილი პერიოდის მიუღებელი თანხის (3960 ლარის) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 960 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ლ. ფ-ის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 20 ივლისიდან (მას შემდეგ რაც ის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა), რის თაობაზეც მიმართა სამსახურს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის წლების (სტაჟის) არასწორად დათვლის გამო დავა აწარმოა სასამართლოში, რაც ასევე შეატყობინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს 2017 წლის 21 მარტის №3985 განცხადებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასა და ადმინისტრირებაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ვინაიდან, ლ. ფ-ის მიმართ უკანონოდ განხორციელდა მისი კომპენსაციის მიღების უფლებით გამოხატული საკუთრების უფლების ხელყოფა, მას უნდა ანაზღაურებოდა მიუღებელი გასაცემელი იმ პერიოდიდან, რა დროიდანაც მიიღებდა კომპანსაციას სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ. ფ-ისთვის ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. ფ-ისთვის ფულადი კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტაცია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 16 იანვრის №11700118404 მომართვით. ლ. ფ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში შესაბამისი ორგანოს მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო თვიდან - 2017 წლის თებერვლიდან. ის გარემოება, რომ განმცხადებელს 2015 წლის 20 ივლისიდან სახელმწიფო კომპენსაცია არ დაენიშნა, არ იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრალეულობით გამოწვეული და ამდენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა განმცხადებლისათვის 2015 წლის 20 ივლისიდან გასაცემი კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 20 ივლისის №1581925 ბრძანების თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (ბათუმი) ... ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი (...ი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ...ი ლ. შ.-ს ძე ფ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის, ლ. ფ-მ მიმართა სამსახურს საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა ორგანოებში წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების თხოვნით, რის თაობაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების სამმართველოდან 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 წერილით ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, მისი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობა 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენდა 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში სამხედრო სამსახური მოიცავდა - 1995-1998 წლების პერიოდს. განმცხადებელს განემარტა, რომ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების XIV თავის 42-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავდა სსრკ ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე, ამიტომ რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო ჯარებში სამსახურის პერიოდი არ ჩაითვალა სამხედრო ნამსახურობის წლებში (სტაჟში).
ლ. ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 წერილის ბათილად ცნობა და მის მიერ სამხედრო სამსახურში, კონტრაქტის საფუძველზე, ნამსახურობის წლების 1995 წლიდან - 1998 წლამდე პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ. ფ-ისთვის 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ლ. ფ-მ 2017 წლის 21 მარტს №3985 განცხადებით მიმართა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 თებერვლის (საქმე №3/6669) გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა, სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის დანიშვნა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მას სოციალური გასაცემელი ეკუთვნოდა 2015 წლის 20 ივლისიდან და მოითხოვა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გაეცა მასზე ამ პერიოდიდან მიუღებელი თანხა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის №04-15-01/2495 წერილით ლ. ფ-ს 2017 წლის 21 მარტის №3985 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დოკუმენტაცია მისთვის ფულადი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს გადმოეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 16 იანვრის №11700118404 მომართვით. აღნიშნული ცნობილი იყო ასევე მისთვის. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომართვისა და მისი განცხადების საფუძველზე, ლ. ფ-ს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2017 წლის 01 თებერვლიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს განმცხადებლისთვის 2015 წლის 20 ივლისიდან - 2017 წლის 01 თებერვლამდე (კომპენსაციის დანიშვნამდე) პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის №04-15-01/2495 გადაწყვეტილება ლ. ფ-ის მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს №04/52015 გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, დავის საგანს და სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს ლ. ფ-ისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება და ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების დადგენა.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის (მიუღებელი კომპენსაციის) ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაფასებელი იყო/არის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისთვის კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის (დანართი №2) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.
ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ფ-ს, მისი განცხადების პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის კადრების სამმართველოდან 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 წერილით ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით მისი შსს ორგანოებში წელთა ნამსახურობა 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენდა 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს, ამდენად იგი არ იყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან მას არ ჰქონდა 20 წლიანი წელთა ნამსახურობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. ფ-ისათვის შესაბამისი პერიოდის ნამსახურობაში ჩათვლა განხორციელდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სასაზღვრო პოლიციას დაევალა ლ. ფ-ისთვის 1995 წლის 03 მარტიდან - 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად (ნამსახურობის პერიოდის ჩათვლის შედეგად), ლ. ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 16 იანვრის №11700118404 მიმართვის საფუძველზე გადაეგზავნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან შესაბამისი წარდგინებისა და ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების მიღების გარეშე, 2015 წლის ივლისის თვიდან ლ. ფ-ისათვის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, ლ. ფ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2017 წლის თებერვლიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის - რ. ფ-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იყო კომპენსაციის დანიშვნა და შესაბამისად თანხის ანაზღაურება სწორედ 2015 წლის ივლისიდან განეხორციელებინა (სასამართლო სხდომის ოქმი - 29.09.21წ.). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ 2017 წლის იანვრის მიმართვის საფუძველზე 2017 წლის თებერვლიდან წარმოეშვა, ხოლო კომპენსაციის წინა თარიღიდან დანიშვნის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ლ. ფ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2017 წლის 21 მარტამდე არ მიუმართავს. ამდენად, ლ. ფ-ისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატა სახელმწიფო კომპენსაციის დროულად არ დანიშვნასა და შესაბამისად, კომპენსაციის მიუღებლობაში, არ იყო გამოწვეული კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მოქმედებით, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, კომპენსაციის დანიშვნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით 2017 წლის თებერვლიდან განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც წარმოიშვა თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი საქმიანობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას ან სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის №ბს-740-736(კ-17) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ლ. ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2017 წლის თებერვლიდან დანიშვნა, გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 2015 წლის 03 აგვისტოს №1687125 აქტით (მოცემულ საქმეზე მესამე პირი - 16.2), ლ. ფ-ეს ნაცვლად 20 წლიანი წელთა ნამსახურობისა, ნამსახურობა განესაზღვრა - 17 წლით, 11 თვითა და 12 დღით. ზემოაღნიშნული აქტი კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი და სწორედ სასამართლოს დავალების შედეგად სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელდა ლ. ფ-ისათვის ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საერთოდ არ არის შეფასებული მოპასუხის სათანადოობა. სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომ საერთოდ არ შეუფასებია ის გარემოება, თუ რაში გამოიხატა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, უნდა შეაფასოს მოცემულ საქმეზე მოპასუხის სათანადოობის საკითხი და დაეხმაროს მოსარჩელეს სარჩელის სწორად ფორმულირებაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, კანონი სასამართლოს ავალებს, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირის სათანადოობის გარკვევას, ანუ იმის განსაზღვრას, თუ სამართლებრივად რამდენად სწორადაა შერჩეული სარჩელზე პასუხისმგებელი პირი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია) აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, რამდენადაც საქმეზე სათანადო მოპასუხის დადგენა სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დაცვით უნდა განსაზღვროს სათანადო მოპასუხე და სარჩელის სამართლებრივი შედეგები სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოპასუხის დაუზუსტებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე