ბს-902(კ-20) 25 ნოემბერი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ნ-ემ 05.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 09.10.2019წ. №184910 ბრძანების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის 09.10.2019წ. დასკვნის ბათილად ცნობა, ზ. ნ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...ის ...ი სამმართველოს ...ოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. საქალაქო სასამართლოში 19.12.2019წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა „დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 09.10.2019წ. №184910 ბრძანების ბათილად ცნობა, ზ. ნ-ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...ის ...ი სამმართველოს ...ოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება, ასევე 2019 წლის ოქტომბრის თვიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2019წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ნ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2020წ. განჩინებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზ. ნ-ე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობდა 2015 წლიდან, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...ის (დეპარტამენტი) ...ი სამმართველოს (რეგიონალური), ...ოს (დასავლეთი) ...ის თანამდებობაზე მსახურობდა 2019 წლიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 01.08.2015წ. №5 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის“ მე-3 თავის 3.4. პუნქტის თანახმად, მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები მოსამსახურემ უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა). ამავე კოდექსის მე-8 თავის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილია, რომ 19.07.2019წ. მოსარჩელე ზ. ნ-ის მიმართ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის - პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი მისი მეუღლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო. აღნიშნული შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელე ზ. ნ-ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ამასთან, მოსარჩელე ზ. ნ-ეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივსაშტატო იარაღით) სარგებლობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და გამოკითხული იქნა მოსარჩელე. მისი განმარტებით მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რის შედეგადაც ორივემ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები, ამის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი მის მიმართ და დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 09.10.2019წ. დამტკიცდა დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, სადაც აღინიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკმა - ზ. ნ-ემ არ გაითვალისწინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ზ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება სამსახურიდან დათხოვნის სახით. მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 09.10.2019წ. გამოსცა ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...ის (დეპარტამენტი) ...ი სამმართველოს (რეგიონალური), ...ოს (დასავლეთი) ...ის თანამდებობიდან მოსარჩელე ზ. ნ-ის დათხოვნის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა მოსარჩელის მიერ ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებობდა ობიექტური საფუძველი იმის მიჩნევისათვის, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი და მან თავისი ქმედებით შელახა სამსახურის ავტორიტეტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია. ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ. ამდენად, ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელმა ქმედებამ, შესაძლოა, ნეგატიური განცდა გააჩინოს მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ კონკრეტული დავის შემოწმებისას ვერ მოხდება შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასება. სადავო საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებითია სწორედ ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე. გასათვალისწინებელია, რომ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ნ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერი არის პრევენციული და დროებითი ხასიათის ღონისძიება. ზ. ნ-ის მიმართ მოპასუხემ დაარღვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლით დადგენილი ყველა პრინციპი და მოსარჩელეს მოუსპო შრომის უფლების განხორციელების ყველა შესაძლებლობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ გაამახვილეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მეორე შემაკავებელი ორდერით კასატორი ზ. ნ-ე ცნობილი იყო მსხვერპლად, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე - მოძალადედ. ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება. აღსანიშნავია, რომ ხ. გ-ის განმარტებით ადრე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, ასევე კასატორს არ გამოუყენებია ცეცხლსასროლი იარაღი მის საწინააღმდეგოდ. შემაკავებელი ორდერი არის დროებითი ღონისძიება, რომელსაც უფლებამოსილი პირი გამოსცემს პრევენციის მიზნით. შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას, ამასთან, შემაკავებელი ორდერის გასაჩივრება მხარის მიერ არის უფლება და არა ვალდებულება. მას შეუძლია არ გაასაჩივროს აქტი, მაგრამ ეს მის დამნაშავეობას არ ამტკიცებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ზ. ნ-ე სარგებლობს მოწმის სტატუსით. კასატორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციის) მე-40 მუხლზე და აღნიშნა, რომ მტკიცება იმის შესახებ, რომ კასატორი მოძალადეა, წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის 09.10.2019წ. დასკვნა გამოცემულია საქმის მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და დაეფუძნა არასაკმარის მტკიცებულებებს, არ მომხდარა მოსარჩელის გამოკითხვა, ასევე მოსარჩელის ქმედების პროპორციული, სამართლიანი და თანაზომიერი შეფასება, უკანონოდ იქნა გამოყენებული უკიდურესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. კასატორი არ ეთანხმება შემაკავებელი ორდერის საფუძველზე მის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე მისი მითითებით სადავოა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კონფლიქტის დღეს კასატორს მისი მეუღლე დახვდა სადარბაზოსთან, რომელიც იყო აგრესიული და შეეცადა წაერთვა ტაბელური იარაღი. ამ დროს ზ. ნ-ემ გაუწია წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა თავიდან მოშორებაში, რა დროსაც ორივე პირმა მიიღო ნაკაწრები. სხვა სახის დაზიანება არ მიუღიათ. სახელმწიფო სამსახურის უფროსმა დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა არასწორად. აღნიშნულ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებამ დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლებები და შეზღუდა მისი ინტერესები. ზ. ნ-ეს არ დაურღვევია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 პუნქტის მოთხოვნა, არ დაურღვევია ზნეობრივი და ეთიკური ნორმები და არ ჩაუდენია სამსახურისათვის ავტორიტეტის შემლახავი შეუფერებელი ქმედება. კასატორმა მიუთითა ევროპის სოციალური ქარციის 24-ე მუხლზე და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ას-549-517-2010, 19.10.2010წ.), რომლის თანახმად ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებისა და თავისუფალ განვითარებასთან. მოსარჩელე მუშაობის პერიოდში არ ყოფილა სახდელდადებული, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი რეპუტაცია, მატერიალური და მორალური მდგომარეობა. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე №415-395-2015წ.), რომლის მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ „ულტიმა რაციოს“ პრინციპის დაცვას, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი დაკარგული აქვს. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დარღვევის დადგენის შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მსუბუქი სახდელის ფორმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ არ გააცნო მას. სასამართლომ არ გამოიყენა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები (კანონის მიზნები). მითითებული კანონის მიზანი არ იქნა გააზრებული, არ მომხდარა მსხვერპლის დაცვა, რეაბილიტაცია, არასწორად განიმარტა ამავე კანონის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვით ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო ვალდებული იყო მიეთითებინა ზ. ნ-ის მიერ კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 19.07.2019წ. მოსარჩელის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი იმის გამო, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, არ გამოიყენა „პოლიციის შესახებ“ კანონის 17.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს, ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. ამდენად, ორდერის გაცემას დროებითი ღონისძიების სახე აქვს, რაც არ უნდა იწვევდეს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. საქმის მასალებში დაცული 19.07.2019წ. საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის - პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მიხედვით ორდერი გაიცა ზ. ნ-ის მიმართ იმის გამო, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს (ს.ფ 63). შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელე ზ. ნ-ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ამასთან, მოსარჩელე ზ. ნ-ეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. ამავე ორდერით განიმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი მოძალადემ შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ასკ-ის 2114 მუხლით განსაზღვრულია შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის 10.38 მუხლის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. უდავოა, რომ მოსარჩელეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, კასატორის მითითება შემაკავებელი ორდერის დროებით ხასიათზე, ხ. გ-ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერზე ან გასაჩივრების უფლებაზე (და არა ვალდებულებაზე), არ აქარწყლებს ზ. ნ-ის მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მითითებულ გარემოებებს. კასატორის აღნიშნული მსჯელობა ამ გარემოებების უარსაყოფად არ ქმნის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, ასევე მოკლებულია საფუძველს ზ. ნ-ის მითითება იმის შესახებ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ადასტურებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის მიყენებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია გამოიცეს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში ზ. ნ-ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის კანონიერება არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხ. გ-ის მიმართ კონკრეტული კონსტიტუციური უფლებისა თუ თავისუფლების დარღვევაზე მიუთითებლობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის 09.10.2019წ. დასკვნა გამოიცა მოსარჩელის გამოკითხვის გარეშე. საქმის მასალებში დაცულია ახსნა-განმარტება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში 08.10.2019წ. ჩამოერთვა ზ. ნ-ეს (ს.ფ. 76-77). აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში ზ. ნ-ე განმარტავს, რომ მას და მის მეუღლეს აქვთ კონფლიქტი, 19.09.2019წ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, ორივემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, მომხდარის შესახებ შედგა შემაკავებელი ორდერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ასევე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. ამდენად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, მის მიერ არ დარღვეულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის ნორმები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 01.08.2015წ. №5 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის ზოგადი და ძირითადი დებულებების“ პირველი თავის 1.1 და 1.2 პუნქტების თანახმად მოსამსახურე ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, მოსამსახურე, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას, მე-3 თავის 3.4 მუხლის თანახმად მოსამსახურე უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება, ზემოთ აღნიშნული სტანდარტები მოსამსახურემ უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა), მე-8 თავის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 01.08.2015წ. №6 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ 2.2 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური გადაცდომის სახეები. ამ მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად დისციპლინურ გადაცდომის სახეებია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამსახურის ავტორიტეტს. ამავე წესის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დისციპლინური სახდელის სახეა სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 01.08.2015წ. №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის“ 29.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. საქმეში დაცული მასალებით 19.07.2019წ. მოსარჩელის მიმართ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის - პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი იმის გამო, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს. ამასთან, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით, მოსარჩელეს აეკრძალა, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, აგრეთვე იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ამასთან, ზ. ნ-ეს შეეზღუდა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. ამდენად, შემაკავებელი ორდერის შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და არ არის გაუქმებული, კასატორის მითითება მის მიერ ეთიკის კოდექსის ნორმების დაურღვევლობის შესახებ, დაუსაბუთებელია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 09.10.2019წ. ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...ის (დეპარტამენტი) ...ი სამმართველოს (რეგიონალური) ...ოს (დასავლეთი) ...ი, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ზ. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. შრომის თავისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, არამედ აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული. საკასაციო პალატა ჩადენილი გადაცდომის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, ზ. ნ-ის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მას თავად უნდა დაეცვა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებსა და ზნეობრივ ნორმებს არღვევს. განსახილველ შემთხვევაში ზ. ნ-ემ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 01.08.2015წ. №6 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის“ 2.2 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოსა ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ცხადია, რომ ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს (სუსგ 17.01.2019წ. საქმე №809-805(3კ-17)). საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შემაკავებელი ორდერი, მისი დროებითი ხასიათის გამო, არ უნდა იწვევდეს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას. შემაკავებელი ორდერის ოქმის (ს.ფ. 64-69) შინაარსიდან გამომდინარე ადრე ფიზიკური ძალადობის შესახებ არ გაცხადებულა სამართალდამცავ ორგანოში. აღნიშნული ფაქტი არ აქარწყლებს იმ გარემოებას, რომ ზ. ნ-ის მიერ 19.07.2019წ. ჩადენილი ქმედება არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (მ/შ) მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამსახურიდან გათავისუფლების სახით გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამობის შესახებ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედება ლახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ავტორიტეტს. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოსაზრება ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის შეუფერებელმა ქმედებამ, შესაძლოა, ნეგატიური განცდა გააჩინოს მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ფაქტის სასამართლო აქტით დადასტურების არ არსებობა, ნასამართლობის არქონა არ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დადგენის შესაძლებლობას დისციპლინური წარმოების ფარგლებში. ის, რომ პირი ნასამართლევად არ ითვლება მანამ, სანამ მის მიმართ კანონიერ ძალაში არ შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რასაც მოსარჩელის მიმართ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს , არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. უდანაშაულობის პრეზუმფცია ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს შეიცავს. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებულ იქნა არა დანაშაულის, არამედ დისციპლინური სამართალდაღვევის ჩადენის გამო, დისციპლინურ სამართალდარღვევაზე რეაგირება არ უკავშირდება განაჩენის არსებობას. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ უდანაშაულობის პრინციპის დარღვევის მოსაზრებები არ არის რელევანტური და არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური ძალადობის ცნება სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული, ვინაიდან ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება, ხოლო ხ. გ-ის მიმართ ადრე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მოცემული კონვენციის მიზნებისთვის „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური თუ ფსიქილოგიური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. ამ კონვენციის მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით (კონვენციის 53.1 მუხ.). ამდენად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი მექნიზმების გარდა, ასევე გამოიყენება ადმინისტრაციულსამართლებრივი საშუალებები, რაც უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შემაკავებელი ორდერის გამოცემას. შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირები ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარების საშუალებით ახორციელებენ განმეორებითი ძალადობის რისკების სიმძიმის შეფასებას და სათანადო საფუძვლების არსებობისას გამოსცემენ შემაკავებელ ორდერს. განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული კითხვების საშუალებით. როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა საშუალო ან დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც („შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ შს მინისტრის 13.07.2018წ. №81 ბრძანება). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. ნ-ის მიმართ 19.07.2019წ. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 1 თვის ვადით, რაც გულისხმობს იმას, რომ სახეზე იყო განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემის დისკრეცია სრულად მინდობილი არ არის პოლიციის უფლებამოსილ წარმომადგენელზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, იგი მკაცრად შემოსაზღვრულია არაერთი რეგულირებით, კერძოდ, პირველ რიგში, სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლებით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში პოლიციის წარმომადგენელს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი ვალდებულება ეკისრება, ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის მისი სავალდებულო წესით გამოცემის წინაპირობები, პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება, რაც ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასების საშუალებას მისცემს და სწორედ აღნიშნული რისკის სიმძიმის განსაზღვრის შემდგომ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით პოლიციის წარმომადგენლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკაცრად შემოსაზღვრულია (საკონსტიტუციო სასამართლოს 30.04.2020წ. განჩინება, საქმე N1/2/1257,1280). მართალია, ოჯახში ძალადობა, როგორც წესი დროში გახანგრძლივებულია და გააჩნია ზრდის ტენდენცია, თუმცა ოჯახში ძალადობას ასევე წარმოადგენს ერთჯერადი ძალადობრივი აქტი, შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ უნდა იქნეს გაზიარებული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ნ-ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი