Facebook Twitter
№ბს-979(კ-19) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 10 მარტს შ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №12 საოქმო გადაწყვეტილებისა და შ. ჯ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ამავე კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №52 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ...აში 69.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №52 განკარგულება - „მოქალაქე შ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განმარტა, რომ წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა) (კანონის მე-7 მუხლით, განსაზღვრული წყლის ობიექტთა შორის არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი არხების წყლები (7.4 მუხლის „ა“ ქ/პ ), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქმიანობის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წყალდაცვითი ზოლის მიწები საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაეცემათ საქართველოს მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და თვითმმართველი ერთეულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წ. №440 დადგენილებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ 3.1 მუხლით, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. 2.7 მუხლით, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. რეგლამენტის მე-3 მუხლით, წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია: ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა; ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით; გ) შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე, სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა; დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება; ე) სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი აქტის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად გამოცემის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია იმ მიწების კატეგორიების ნუსხა, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, მათ შორისაა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა. ასევე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არხები განეკუთვნება წყლის სახელმწიფო ფონდს. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად განსაზღვრულია ის მიწები, რომლებიც წყლის ობიექტებით, მათ შორის, არხებით არის დაკავებული; აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად.
კასატორის მითითებით, წყალდაცვითი ზოლის შესახებ სპეციალური რეგულაციაა დადგენილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დამტკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.ამავე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს არხების გასხვისების ზოლის სიგანეს, რაც აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, მოსარჩელე - შ. ჯ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწას, რაც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 1997 წლის 22 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის მუნიციპალიტეტის ...აში მდებარე, 1 615,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და 502,70 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა შ. ჯ-ე, მიწის საკადასტრო კოდი: ....
2014 წელს შ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა კომისიას ...აში მდებარე, 69,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მისი თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეების - რ. ჯ-ის და ე. მ-ის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად.
კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილებით შ. ჯ-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა შ. ჯ-ის უძრავი ქონების საზღვრების გარეთ, არ დგინდებოდა მფლობელობის ფაქტი და აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო გამავალი წყლის არხი, რომლის საკუთრებაში გადაცემა ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაინტერესებულმა პირმა გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თავის ნაწილში, ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ...აში 69.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის შ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, საქმე №3-71/15, შ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის ოქმი №14 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. ბათუმში, ...აში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შ. ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კომისიას ამომწურავად უნდა შეესწავლა სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, დანიშნულება, აზომვითი ნახაზის მონაცემები, აგრეთვე ის გარემოება, სარგებლობდა თუ არა მიწის ნაკვეთით მოსარჩელე, რისთვისაც იგი უფლებამოსილი იყო მოეპოვებინა შესაბამისი ინფორმაცია, მოწმის სახით დაეკითხა მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, ასევე, მოწმეები რ. ჯ-ე, ე. მ-ე, რომლებიც სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე ადასტურებდნენ შ. ჯ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად სარგებლობის ფაქტს. შესაბამისად, კომისიას მტკიცებულებების შეჯერებით, სარწმუნოდ უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოების გამოკვლევის შესაბამისად გაეკეთებინა დასკვნა, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მომიჯნავედ მდებარე 69,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. წყლის არხის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა წყლის არხამდე მისასვლელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ თანახმად, შ. ჯ-ის განცხადება კომისიის მხრიდან საჭიროებდა დამატებით შესწავლას, შეფასებას და გამოკვლევას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, კომისიამ 2017 წლის 13 იანვარს განიხილა შ. ჯ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2017 წლის 13 იანვრის №16 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 7 თებერვალს გამოსცა განკარგულება №52, რომლითაც უცვლელად დატოვა კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის საოქმო გადაწყვეტილება, შ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ქ. ბათუმში, ...აში მოსარჩელის - შ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 69.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ხელახლა უარის თქმა წარმოადგენს. აქვე განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რამდენად იყო დასაშვები შ. ჯ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მაშინ როდესაც მიწის ნაკვეთი კასატორის მითითებით არხის წყალდამცავ ზოლში არის მოქცეული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად კვლავ ბათილად ცნო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 02 თებერვლის №52 განკარგულება - „მოქალაქე შ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინებაზე, რომლის თანახმადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება".
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და მოსარჩელე შ. ჯ-ის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია ისინი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის ფარგლებში საკითხის სრულყოფილად განხილვისა და სწორად გადაწყვეტის მიზნით მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულის გარდა. მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი შეიცავს ჩამონათვალს საქართველოს რომელი წყლები განეკუთვნება წყლის სახელმწიფო ფონდს, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალ-საცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლი შეიცავს ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ.; მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწით სარგებლობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მიწის კანონმდებლობით.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი, პირობები და რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მათი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლის დადგენა ხორციელდება გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარიული და ჰიგიენური საკითხი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლი შეიცავს წყალდაცვითი ზოლის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. მე-2 ნაწილის თანახმად, წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დატკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე და გამოიკვლიოს ქ. ბათუმში, ...აში მოსარჩელის შ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უფლებასაღიარებელ - 69,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გადის თუ არა უშუალოდ სანიაღვრე არხი, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება თუ არა წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლს და მოსარჩელეს დაცული თუ აქვს თუ არა არხების გასხვისების ზოლის სიგანე, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით დატკიცებული „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილია მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისებისათვის არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრი (ორივე მხარეს).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის შედეგად მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პირთა მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში (სუსგ 04.07.2019წ. №ბს-576(კ-19)).
შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მეზობლებს კომისიამ კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობების დარღვევით უკანონოდ უღიარა საკუთრების უფლება, აღნიშნული ვერ გამოდგება კომპარატორად თანასწორობის პრინციპის დარღვევის დადგენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და






დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე



გ. გოგიაშვილი