Facebook Twitter
საქმე #ბს-845(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2017 წლის 8 მაისს სს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 19 თებერვალს სს „...-მა“ მიიღო შემოსავლების სამსახურის შეტყობინება თანდართულ ადმინისტრაციულ აქტებთან ერთად, რომელთა თანახმად, შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა სს „...“ და დააკისრა ჯარიმა, იმპორტის გადასახდელები - ჯამურად 26 021 ლარი. დაკისრებულ ჯარიმას გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა და გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 მაისის ბრძანებით სს „...-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. ამავე საბჭოს 2015 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სს „...-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 მაისის #14723 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურს. აღნიშნული პერიოდის შემდგომ, მოსარჩელე იყო საქმის ხელახალი შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში. 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელემ წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ხელახალი განხილვის ამსახველი შედეგებით გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა, ხოლო ასეთი ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, ითხოვა მისთვის დაკისრებული ჯარიმის - 26 021 ლარის დაბრუნება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ წერილთან დაკავშირებით პასუხი გადამხდელს არ მიუღია, შემოსავლების სამსახური შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით, რომ ხელახლა განიხილეს საქმე და არ ჩათვალეს საჭიროდ თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლა ან ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 16 თებერვლის #EL033124 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #15/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #16/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #17/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #18/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #19/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #20/69221 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და სს „...-ისათვის“ აღნიშნული აქტების საფუძველზე გადახდილი ჯარიმის 26 021 ლარის ოდენობით დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 25 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო განცხადება და დამატებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის #21-10/146631 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 16 თებერვლის #EL033124 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #15/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #16/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #17/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #18/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #19/69221 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #20/69221 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის #21-10/146631 წერილი; სს „...-ს“ დაუბრუნდა აღნიშნული აქტების საფუძველზე გადახდილი ჯარიმა - 26 021 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძელზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებების მხოლოდ ფრაგმენტული შესწავლით შეუძლებელი იყო, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი გამხდარიყო დანაკლისის არსებობის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწყობმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სწორედ იმ ოდენობის დაცვა, რა ოდენობაც წარდგენილ მოთხოვნაშია მითითებული, მაგრამ როდესაც დეკლარაციაში მითითებულია ზოგადად საქონლის სახელი და არა მისი სახეობა, ცხადია, საწყობი არ არის ვალდებული და იგი ვერ უზრუნველყოფს სახეობების ოდენობების შესაბამისად კონტროლს. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მიერ დანაკლისის დადგენა უნდა მომხდარიყო საკუთარი დოკუმენტაციის ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა დამატებით ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისთვის იყო ზიანის მომტანი, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ წარდგენილი არ ჰქონდა, მის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა, რაც შესაძლებელია განხილული ყოფილიყო დანაკლისის დადასტურების არა ერთადერთ, მაგრამ ერთ-ერთ მტკიცებულებად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა საბაჟო საწყობის მიერ საქონლის უკანონოდ განკარგვა, რაც გამოიწვევდა დანაკლისს და გახდებოდა მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდესის 290-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და გადასახადების დარიცხვის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირი, ვალდებული იყო მის საბაჟო საწყობში განთავსებული საქონელი შეენახა უცვლელ მდგომარეობაში და არ დაეშვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგა, დაკარგვა ან განადგურება ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება საწყობის სასაქონლო ოპერაციის დასრულებამდე (საქონლის იმპორტის ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე). კასატორის მითითებით, ვინაიდან სს „...-მა“ ვერ უზრუნველყო მის მიერ კონტროლზე აყვანილი და აღრიცხული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის გამორიცხვა, მის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, რაც წარმოშობს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და ვალდებულებას უკანონოდ განკარგული საქონლის შესაბამისი იმპორტის გადასახდელების ოდენობით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტება სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის #21-10/146631 წერილთან მიმართებით არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლო არ მიუთითებს, თუ რომელი ფაქტები უნდა გამოკვლეულიყო და არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და რომელ ფაქტებს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა საკითხის გადაწყვეტისათვის. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწყობმა თავად უნდა უზრუნველყოს ზედმეტობისა და დანაკლისის არქონა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით აღნიშნული წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის #9 დადგენილებით დამტკიცებული „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების“ დანაწესებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სს „...-ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გარდა დაერიცხა იმპორტის გადასახდელებიც. აღნიშნული დარიცხვა მართლზომიერია, ვინაიდან იგი კანონშესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან.
ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას დანაკლისის აქტებთან მიმართებითაც და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში განხორციელდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ და საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის შედარება და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იქნა გამოვლენილი დანაკლისი. ამასთან, როგორც საქმეში არსებული დანაკლისის აქტებში, ასევე, საბაჟო დეკლარაციებში, იდენტიფიცირებულია ის საქონელი და მისი ოდენობა, რომელიც დანაკლისად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ არ იქნა განსაზღვრული საქონლის კონკრეტული სახეობები, რის გამოც გამოირიცხება საწყობის ვალდებულება უზრუნველყოს სახეობების მიხედვით კონტროლი, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაძლებელია ასეთი საქონლის კონკრეტულად იდენტიფიცირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 16 თებერვლის #EL033124 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #15/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #16/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #17/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #18/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #19/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის #20/69221 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის #21-10/146631 წერილის კანონიერება და სს „...-ისათვის“ აღნიშნული აქტების საფუძველზე გადახდილი ჯარიმის 26 021 ლარის ოდენობით დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის წერილზე, რომლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის #45948 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო აქტების გამოცემის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. დამატებითი შესწავლის შედეგად კი დადასტურდა, რომ 2014 წლის 12 აგვისტოს #36750 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწმებისას 53 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ და სს „...-ის“ საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელთან მიმართებით, გამოვლენილია დანაკლისი. სს „...“, როგორც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირი, ვალდებული იყო მის საბაჟო საწყობში განთავსებული საქონელი შეენახა უცვლელ მდგომარეობაში (გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით ან/და შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან/და საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ოპერაციებით) და არ დაეშვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება საწყობის სასაქონლო ოპერაციის დასრულებამდე (საქონლის იმპორტის ან სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე). ვინაიდან, სს „...-მა“ ვერ უზრუნველყო მის მიერ კონტროლზე აყვანილი და აღრიცხული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი (საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული) საქონლის უკანონო განკარგვის გამორიცხვა, მის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, რაც წარმოშობს პირის პასუხისგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (სანებართვო პირობების შეუსრულებლობა) და ვალდებულებას უკანონოდ განკარგული საქონლის შესაბამისი იმპორტის გადასახდელების ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე პირობების დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „...-ის“ სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სამსახურებრივი შემოწმებისას სამუშაო ჯგუფმა ფიზიკურად დაათვალიერა 15 კომპანიის 53 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციიდან დარჩენილი საქონლის ნაშთები, რა დროსაც 6 კომპანიას აღმოაჩნდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისი, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განკარგვით. მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ საწყობმა უნდა უზრუნველყოს ზედმეტობისა თუ დანაკლისის არქონა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის #9 დადგენილებით დამტკიცებული „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვისას ან დანაკლისის აღმოჩენისას (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) დანაკლისის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის წარდგენისას გადაიხადოს იმპორტის გადასახადი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა შესაბამისი იმპორტის გადასახადი იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ამ საქონლის მოქცევისას. მითითებული ნორმიდან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანო აქტის საფუძვლად მოიაზრებს დანაკლისის არსებობას, იგი უნდა ეფუძნებოდეს დადასტურების აქტს, რაც შედგენილ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული წესით. ამავე მუხლის მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საწყობში არსებული საქონლის უკანონოდ განკარგვის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სს „...-ის“ მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტისა და მისთვის გადასახადების დარიცხვის მართლზომიერად მიჩნევის დასადასტურებლად, აუცილებელია შესაბამისი დადასტურებული აქტის შედგენის საფუძველზე უკანონო განკარგვის დადგენა, რომელიც შედეგად იწვევს საქონლის დანაკლისს.
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საბაჟო საწყობის მიმართ დადასტურებული აქტის ნიმუში კანონმდებლობით დადგენილი არ არის, თუმცა მასში ასახვა უნდა ჰპოვოს ყველა იმ გარემოებამ და მტკიცებულებამ, რომელთა შესწავლის საფუძველზეც მოხდა შესაბამისი სამართლებრივი შეფასების გაკეთება. კერძოდ, #9/1 დანაკლისის აქტის თანახმად, საგადასახადო ორგანომ დანაკლისად მიიჩნია შპს „...-ის“ 1-ლიტრიანი არაყი „...“ 1200 ლიტრი, რომელიც, მათივე განმარტებით, არ აღმოჩნდა საბაჟო საწყობში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხოლოდ 2012 წლის 12 აპრილის #... საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში არის ასახული შპს „...-ის“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული არაყის ოდენობა ლიტრებში. საქმეში წარმოდგენილი შპს „...-ის“ არც ერთი იმპორტის და რეექსპორტის დეკლარაცია არ ითვალისწინებს გატანილი ალკოჰოლური სასმლის ოდენობას ლიტრებში.
#1/1 დანაკლისის აქტის თანახმად, საგადასახადო ორგანომ დანაკლისად მიიჩნია შპს „ს...ას“ 237 კგ თვითმჭრელი ხრახნი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტაცია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2010 წლის 24 მაისის #... საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ასახულია შპს „ს...ას“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული თვითმჭრელი ხრახნების სახეობები და ოდენობა დეტალურად, ასევე საქმეში წარმოდგენილი შპს „ს...ას“ ყველა იმპორტის და რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია საწყობიდან გატანილი თვითმჭრელი ხრახნების დასახელება და ოდენობა დეტალურად.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს #4/1 დანაკლისის აქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანომ დანაკლისად მიიჩნია შპს „ჯ...ის“ 1606.5 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საგადასახადო ორგანომ ვერც დანაკლისის აქტით, ვერც სამუშაო ჯგუფის #2 ანგარიშით და ვერც სასამართლო პროცესებზე ვერ დაასაბუთა დანაკლისის წარმოშობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ #2/1 დანაკლისის აქტის თანახმად, საგადასახადო ორგანომ დანაკლისად მიიჩნია შპს „H...ის“ 204 ცალი ცეცხლსაქრობი. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს #... საწყობის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ასახული შპს „H...ის“ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ცეცხლსაქრობები, შპს „H...ის“ მიერ რიგ შემთხვევაში იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული აქვს ცეცხლსაქრობების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით.
საგულისხმოა, ასევე, რომ #10 დათვალიერების აქტის თანახმად, შპს „ლ...ის“ საწერი კალმების დანაკლისს შეადგენს 576 ცალი საწერი კალამი. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა პალეტებზე განთავსებული ტვირთის გახსნა, შემდეგ გაიხსნა პალეტზე არსებული ყუთები და ამის შემდეგ გაიხსნა ყუთებში განთავსებული პატარა კოლოფები, რის შემდეგაც ცალობით მოხდა კალმების დათვლა (აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ). საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის პოზიციის გაზიარებას მასზედ, რომ გაუხსნელ ყუთებში კალმების დანაკლისის არსებობისათვის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს სს „...-ს“, რადგან საგადასახადო პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა - სს „...-ის“ ბრალი, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს #11 დათვალიერების აქტზე, რომლის თანახმად, შპს „სი...ის“ #... 23/08/2012 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი აღარ ინახებოდა საბაჟო საწყობ „...-ში“. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის არგუმენტები შპს „სი...ის“ 2012 წლის 5 ოქტომბრის #... ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ტრანზიტს დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობისა და სახეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძელზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის გარემოებების მხოლოდ ფრაგმენტული შესწავლით შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი გახდეს დანაკლისის არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საწყობმა უნდა უზრუნველყოს საქონლის სწორედ იმ ოდენობით დაცვა, რა ოდენობაც წარდგენილ მოთხოვნაშია მითითებული, მაგრამ როდესაც დეკლარაციაში მითითებულია ზოგადად საქონლის სახელი და არა მისი სახეობა, ცხადია, საწყობი არ არის ვალდებული და იგი ვერ უზრუნველყოფს სახეობების ოდენობების შესაბამისად კონტროლს. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მიერ დანაკლისის დადგენა უნდა მომხდარიყო საკუთარი დოკუმენტაციის ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარებით.
ამასთან, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით ყურადღების გამახვილებას იმ ფაქტზე, რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისთვის არის ზიანის მომტანი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ წარდგენილი არ აქვს, მის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქონლის დაკარგვა, საქონლის არაუფლებამოსილი ორგანოსათვის გაცემა, რაც შესაძლებელია განხილული ყოფილიყო დანაკლისის დადასტურების არა ერთადერთ, მაგრამ ერთ-ერთ მტკიცებულებად.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ საქონლის უკანონოდ განკარგვა, რაც გამოიწვევდა დანაკლისს და გახდებოდა მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდესის 290-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და თანხის დარიცხვის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა