საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-783(2კ-21) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჩ-მა 2020 წლის პირველ აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2020 წლის 28 თებერვლის MIA 1 20 00538143 წერილის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 17 მარტის MIA 5 20 00697051 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 იანვრის №82634 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც რ. ჩ-ს აუნაზღაურდებოდა იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ხელფასის ერთ-ერთი კომპონენტის სახელფასო დანამატი - ე.წ. სპეციალური დანამატი 2017 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე (33 თვე და 1 (ერთი) დღე), თვეში 550 ლარის ოდენობით, ასევე, 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში 350 ლარი, სულ 18 850 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივლისის საოქმო განჩინებით რ. ჩ-ის სარჩელზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 იანვრის №82634 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი მკიცებულებების გაცნობის შემდეგ, აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სპეციალური დანამატის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა მოპასუხისთვის - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ ხელფასზე დაწესებული სპეციალური დანამატის ანაზღაურების დავალება კანონით დადგენილი გადასახდელების გათვალისწინებით (2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე ხელფასის სპეციალური დანამატი განისაზღვრება 500 ლარით, ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე 320 ლარით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჩ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა რ. ჩ-ის სასარგებლოდ 2017 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ ხელფასზე დაწესებული სპეციალური დანამატის ანაზღაურება კანონით დადგენილი გადასახდელების გათვალისწინებით (2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე ხელფასის სპეციალური დანამატის ოდენობა განისაზღვრებოდა 500 ლარით, ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე 320 ლარით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმის გარემოებათა შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მოსარჩელე 2019 წლის 9 დეკემბერს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. ამავე პერიოდამდე მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდურიც თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს სახით, ხოლო რაც შეეხება სადავო საკითხს - სახელფასო დანამატის ანაზღაურებას, იგი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორების მოსაზრებით, მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 22 იანვრის №157427 ბრძანებით რ. ჩ-ისთვის დაწესებული დანამატი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით და ინიშნება კონკრეტულ პირზე ინდივიდუალურად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად, კონკრეტული პირის საქმიანობის შეფასებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახელფასო დანამატი არ წარმოადგენს სარგოს იმგვარ კომპონენტს, რომელიც მოხელეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უპირობოდ უნდა დაენიშნოს მსგავსად წოდების და ნამსახურები წლებისთვის გათვალისწინებული დანამატისა.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან რ. ჩ-ს შეუწყდა სახელფასო დანამატი. ამდენად, თანამდებობიდან გათავისუფლების დროს - 2017 წლის 7 მარტს იგი სპეციალურ დანამატს არ იღებდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებიდან - 2017 წლის 7 მარტიდან მის აღდგენამდე - 2019 წლის 9 დეკემბრამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ერთ-ერთი კომპონენტის - სპეციალური დანამატის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე უდავოდ დადასტურებულ გარემოებაზე, რომ თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №551460 და 2017 წლის 11 ივლისის №1654584 ბრძანებები თანამდებობიდან გათავისუფლებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; ასევე, მოპასუხე - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის თანამდებობაზე აღდგენამდე.
დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მოსარჩელე რ. ჩ-ი აღდგენილია თანამდებობაზე, მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოცემული გადაწყვეტილებით არ მოწესრიგებულა ხელფასზე სპეციალური დანამატის ანაზღაურების საკითხი, რის გამოც მოსარჩელემ ხელფასის სწორედ ამ კომპონენტის ანაზღაურება მოითხოვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს მოხელის უფლების დაცვას. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის კომპონენტები განსაზღვრულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვით, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო - ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო) ყოველთვიური დანამატი, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი, სხვა დანამატები და კომპენსაციები. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოხელისთვის განკუთვნილი ხელფასი გულისხმობს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე ყველა ზემოაღნიშნულ დანამატს, რომელსაც პირი მიიღებდა სამსახურში ყოფნისას, რომ არ არსებულიყო ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სახელფასო დანამატი არ წარმოადგენს სარგოს იმგვარ კომპონენტს, რომელიც მოხელეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უპირობოდ უნდა დაენიშნოს და განმარტავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასისა და ანაზღაურებაში შემავალი სხვა კომპონენტების ყოველთვიური ოდენობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სადავო შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იღებდა კონკრეტული ოდენობის ხელფასის სპეციალურ დანამატს, რაც, ასევე ეძლეოდათ იმ პირებსაც, რომლებიც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ამ თანამდებობაზე დაინიშნენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობრივი კომპეტენცია, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იძლეოდა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ხელფასზე სპეციალური დანამატის დაწესების შესაძლებლობას. ამდენად, ამ სახის დანამატს თანამდებობაზე მუშაობის პირობებში მოსარჩელეც აუცილებლად მიიღებდა. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იმ ოდენობის სახელფასო დანამატი, რაც მისი უკანონოდ გათავისუფლების პირობებში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე იქნა გაცემული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე ხელფასის სპეციალური დანამატის ოდენობა განისაზღვრებოდა 500 ლარით, ხოლო 2018 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე 320 ლარით.
ამრიგად, საკასაციო პალატის განმარტებით, მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობის პირობებში, მოხელის დაკავებულ/ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა უპირობოდ მარეაბილიტირებელი აქტია, რაც იწვევს მოხელის გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და ყველა იმ სიკეთის მიღებას, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოხელემ ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების შედეგად დროებით ვერ მიიღო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს აგრეთვე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2020 წლის 28 თებერვლის N12000538143 და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 17 იანვრის N5 20 00697051 წერილების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და ამასთან დაკავშირებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სახელფასო დანამატის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება სამართლებრივ საფუძველს აცლის ამ სახის მოთხოვნის დაკმაყოფილებისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებული წერილები ინფორმაციული ხასიათისაა უთითებენ მხოლოდ კანონით დადგენილი წესით დავის სასამართლოს მიერ გადაწყვეტის საჭიროებაზე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, ხოლო კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე