№ბს-453(კ-20) 10 თებერვალი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 სექტემბერს გ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ, თანდართული დანართის 429958003 3.IV; 3.VI; 3.VIII; 2.V დავალების შეფასების ნაწილში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. ს-ას დავალების სისწორის დადგენისა და აბიტურიენტისათვის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული დავალების შეფასების შეცვლის, კერძოდ დანართის 429958003 3.IV დავალებაში 2 ქულის; 429958003 3.VI დავალებაში - 1 ქულის; 429958003 3.VIII დავალებაში - 1 ქულის და 429958003 2.V დავალებაში - 1 ქულის და საბოლოო ჯამში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ქულათა რაოდენობის 21 ქულით განსაზღვრის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაზე”, აღნიშნა, რომ აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებდა გ. ს-ას მიმართ კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. პალატის მოსაზრებით, განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენდა კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნებოდა შეფასებული სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების შემოწმება უნდა განეხორციელებინა კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
პალატამ განმარტა, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავდა კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნებოდა ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობდა და არ ფასდებოდა კანონთან მიმართებაში. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საგამოცდო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა. პალატის მოსაზრებით, კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვებოდა მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ დავალება სრულყოფილად ვერ შეასრულა. აბიტურიენტმა დავალება საერთოდ ვერ გაიგო. ნაშრომში მოსარჩელე მსჯელობდა ისეთ საკითხებზე, რასაც კავშირი არ ჰქონდა დოჩანაშვილის მოცემულ ნაწარმოებთან. მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას ჩანდა, რომ მან ვერ გაიგო ტექსტის მიზანდასახულობა, რის გამოც დასკვნა არასათანადოდ გააკეთა. აქედან გამომდინარე, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, მის ნაშრომში უფრო მაღლი შეფასების დაწერა ვერ მოხერხდა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმი ყველაზე მკაცრი კრიტერიუმი იყო, რადგან ორიგინალური და დამოუკიდებელი აზროვნების გამოხატვას მოითხოვდა. გ. ს-ას მიერ ტექსტი მთლიანობაში არასწორად იყო გაგებული. 3.IV დავალებაში პირველი მითითების მიხედვით, მსჯელობა არადამაჯერებელი იყო, ტექსტური მასალით გამყარების გარეშე, მას მითითებული ჰქონდა ზოგადი ფრაზები, იმ დროს, როდესაც ის ინსტრუქციით გაფრთხილებული იყო, რომ ერთი-ორი წინადადება დავალების შესრულებისას საკმარისი არ იყო. 3.VIII დავალებაში მას ლექსიკა არაადეკვატურად ჰქონდა გამოყენებული. მას შეეძლო მარტივი სიტყვებით გადმოეცა ის, რის დაწერაც სურდა. საერთო ჯამში სპეციალისტის განმარტებით, გ. ს-ას ნაშრომში მაღალი ქულის დაწერის რესურსი არ იყო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება, თანდართული დანართის 429958003 3.IV; 3.VI; 3.VIII; 2.V დავალების შეფასების ნაწილში კანონიერი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია ორი ძირითადი საკითხი - რამდენად სწორად შეფასდა გ. ს-ას მიერ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი და რამდენად დასაბუთებული იყო კომისიის გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, პირველი ინტანციის სასამართლომ საქმეში ჩართო ისეთი სპეციალისტი, რომელიც მხარეს წარმოადგენდა და იყო სუბიექტური. ამდენად, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.
კასატორის მითითებით, ნებისმიერ შეფასება არის სუბიექტური და გარდა დადგენილი კრიტერიუმებისა ის შეიძლება მოიცავდეს სუბიექტურ აზრსაც. სპეციალისტის განმარტებით, გ. ს-ას ნაწერი არ იძლეოდა უფრო მაღალი შეფასების დაწერის საშუალებას, თუმცა მან კონკრეტულად არ დაასაბუთა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, იგი ვერ ჩაერეოდა სპეციალისტის მსჯელობაში და შესაბამისად, სრულად გაიზიარა იგი. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ პირობებში აზრს კარგავს სასამართლო განხილვა.
კასატორის მითითებით, სადავო აქტი არ არის დასაბუთებული. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შემფასებლებს საშუალება ჰქონდათ აბიტურიენტისათვის დაეწერათ მინიმალური ქულა და საბოლოო ჯამში გ. ს-ას მიეღო 21 ქულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ს-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ს-ამ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში მიიღო 16 ქულა. ამდენად, მან ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა - 17,50-ზე მეტი. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა სამი დავალება - ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. მოსარჩელის განმარტებით, დავალების შემდეგ კრიტერიუმებში - 3.IV; 3.VI; 3.VIII; 2.V მისი შეფასება შეადგენდა 0 ქულას, თუმცა გამსწორებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხსენებულ კრიტერიუმებში მინიმალური - 1 ქულა დაეწერათ.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აბიტურიენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესრულებული დავალებების შეფასება საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არსებითად ვერ შეაფასებს გ. ს-ას მიმართ, კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლოს დასკვნით, განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა თუ არა გამოცდის ჩატარება და აბიტურიენტის შეფასება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით (შეფასების სქემების მიხედვით), ხოლო საგამოცდო კომისიის წევრების მიერ საბოლოო შედეგების მიღების პროცესში გაკეთებული შეფასებების ერთობლიობა და ამ შეფასებების შესაბამისი ქულის დადგენა წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება. გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა“ (სუსგ 7.03.2019წ. №ბს-797(კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ უთითებს რაიმე დარღვევას კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურულ მხარესთან, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებასთან ან თანასწორობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, არამედ, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის მიერ შესრულებული ნაშრომის კონკრეტულ კრიტერიუმში მიღებული ქულის ოდენობა წარმოადგენს. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ საქმე შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, სადაც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. ამდენად, დავალებას არ აქვს ერთი სწორი პასუხი და იგი ფასდებოდა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის შეფასების სქემა, რომლის თანახმად, არგუმენტირებული ესე - დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 24-ს და ის ფასდებოდა 9 კრიტერიუმით, მათ შორის, V კრიტერიუმით - დამოუკიდებელი აზროვნება. ამ კრიტერიუმში ნაშრომი ფადებოდა 0 ქულით თუ ,,ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი“. მხატვრული ტექსტის ანალიზში დავალების მაქსიმალური ქულა შეადგენდა 30-ს და ის ფასდებოდა 10 კრიტერიუმით, მათ შორის, IV - მოსაზრებების არგუმენტირება და ადეკვატური ციტირება, VI - დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება; VIII - ლექსიკა და სტილი. კერძოდ, IV კრიტერიუმში ნაშრომი ფასდებოდა 0 ქულით თუ ,,ორი მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული; ან მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლოდანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული; ანდა ერთი მითითების მიხედვითმსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტურიმასალით,ხოლო დანარჩენი მითითებები საერთოდ არ არის შესრულებული“. VI კრიტერიუმის მიხედვით, ნაშრომი ფასდებოდა 0 ქულით თუ - „ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, აგრეთვე არ გამოვლინდა აბიტურიენტის ზოგადი განათლება“. VIII კრიტერიუმის მიხედვით კი ნაშრომი ფასდებოდა 0 ქულით თუ - „თხზულება სტილისტურად გაუმართავია (ზოგიერთი მონაკვეთის აზრის გაგება ჭირს)“. ამდენად, ნათელია, რომ დეტალურად იყო განსაზღვრული ნაშრომის შეფასებისა და შესაბამისი ქულის დაწერის პირობები და საფუძვლები. ზემოხსენებული შეფასების სქემის მიხედვით, ცნობილია, თუ რა შემთხვევაში მიიღებდა აბიტურიენტი 0 ქულას კონკრეტულ კრიტერიუმში. შესაბამისად, კასატორის მოსაზრება კომისიის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, შესაბამისი სქემით დეტალურად არის განსაზღვრული თითოეული ნაშრომის შემოწმების პრინციპი და კრიტერიუმი, ხოლო მოსარჩელის/კასატორის პოზიცია მხოლოდ მის განმარტებებსა და სუბიექტურ შეფასებას ემყარება, არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას ან კონკრეტულ მითითებას ქულის შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა. ჯ-ის მიერ (პ/ნ ...) გ. ს-ას საკასაციო საჩივარზე 26.08.2020წ. №9755194316 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. ა. ჯ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ს-ას საკასაციო საჩივარზე 26.08.2020წ. №9755194316 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი