Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-913(2კ-20) 11 თებერვალი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მესამე პირი) - შპს „ა...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო

მესამე პირი - შპს „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიმართ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2017 წლის 6 ოქტომბრის №04/273 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე ამავე ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „ა...“ და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „ა...მ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს „ა...მ“. კასატორებმა, იმავე საფუძვლებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რაზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მოპოვებული აქვს შპს „ა...ს“ 5 წლის ვადით 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) საფუძველზე, შემდეგ ხელშეკრულება გაუგრძელდა 5 წლით 2016 წლის 31 ოქტომბრამდე, ხოლო ბათუმის მერიის მიერ 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით, 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილების მე-8 მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 2016 წლის 31 ოქტომბერს შპს „ა...ს“ გარე რეკლამის ნებართვის მოქმედების ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 წლით, ანუ 2021 წლის 21 ნოემბრამდე. სწორედ მერიის აღნიშნული ქმედება გახადა სადავოდ შპს „...მ“ და საჩივრით მიმართა კონკურენციის სააგენტოს. ამ უკანასკნელმა დაადგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი და ბათუმის მერიას დაავალა დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ კონკურენციის სააგენტოს ინფორმირება.
კასატორის მოსაზრებით, მერიის ქმედება გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან - კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან, რის გამოც, მისი ქმედება მიიჩნევა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ქმედებად, რაც გამოიხატება მოქმედი ნებართვის ვადის 5 წლით გაგრძელებაში და რომლის უფლებაც ადმინისტრაციულ ორგანოს პირდაპირ ჰქონდა მინიჭებული კანონით. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი უკანონოა და ექვემდებარება ბათილად ცნობას. კასატორმა აგრეთვე მიუთითა კანონის უკუძალის გამოყენების შესაძლებლობაზე და ამ მხრივაც უაკნონოდ მიიჩნია გასაჩივრებული განჩინება.
შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი კანონმდებლობასთან მიმართებით. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ამ მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკრძალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუ აღნიშნული არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესიდან და აღნიშნული ვერ ჩაითვლება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად.
კასატორი - შპს „ა...“ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინერბს გარე რეკლამის ნებართვის განუსაზღვრელი ვადით გაცემის შესაძლებლობას და ასეთი გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, მერიის მიერ ნებართვის ვადის გაგრძელება, რომელიც გარკვეული ვადით არის შეზღუდული, არ წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიზნებისათვის აკრძალულ ქმედებას, ვინაიდან აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი - შპს „ა...“ ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრისა და ამავე წლის 27 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ კონკურენიის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლითაც განიმარტა, რომ მოსარჩელის ქმედება - გამოხატული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაში, არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, მოსარჩელის ქმედებით ეკონომიკურ აგენტს შეექმნა თუ არა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა, რაც კანონით დაუშვებელია. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებზე (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელთა თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, რომელთა თანახმადაც, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი წარმოქმნის სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ერთი მხრივ, უზრუნველყოს ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც გამორიცხავს კონკურენციის შეზღუდვას და შესაბამისად, მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ჩაერიოს ადეკვატური ზომების გამოყენებით იქ, სადაც ადგილი აქვს ასეთი კონკურენციის შეზღუდვას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის შეფასებაზე, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არამარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს“ გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ). ამრიგად, თავისუფალი კონკურენციის, როგორც თავისუფალი მეწარმეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებასთან ერთად და მათგან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაცვის პრინციპებსა და ნორმებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება: ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა.
„კონკურენციის შესახებ“ კანონის დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო არის სსიპ კონკურენციის სააგენტო („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-4 მუხ.). ამავე კანონის რომლის 172 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ფუნქციაა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მიმართებით უფლებამოსილია ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში წარუდგინოს მას დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაცია ამ ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოსთხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი დასვას შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე. კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს დებულებით, რომლითაც იგი ახდენს კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგსა და ანალიზს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, განხილვას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას (საქართველოს მთავრობის 14.04.2014წ. №288 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ კონკურენციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები). აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო აწარმოებს საქმის მოკვლევას, რომლის ფარგლებშიც იღებს ეკონომიკური აგენტებისა და დაინტერესებული პირებისგან ინფორმაციას, ადგილზე ახდენს აგენტების შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში აწყობს შეხვედრებს, ახდენს ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას, იწვევს ექსპერტებს, გამოითხოვს ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის საგადასახადო ორგანოებიდან (დებულების 3.2 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემდგომში გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონზე შპს „ა...“ გამოვლინდა გამარჯვებულად, რის საფუძველზეც 2011 წლის 21 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ა...ს“ შორის გაფორმდა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება). 2011 წლის 29 ნოემბერს შპს „ა...ს“ სახელზე გაიცა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა №.... ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 21 ნოემბრიდან - 2016 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდი.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილებით ცვლილება შევიდა „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი).“ აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, შპს „ა...ს“ სახელზე გაცემული ნებართვის ვადა კვლავ გაგრძელდა 5 წლის ვადით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დასტურდება, რომ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანებით, შპს „...ს“ საჩივრის საფუძველზე, დაიწყო მოკვლევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე და ამავე ბრძანებით სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი. თავის მხრივ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 ოქტომბრის №04/273 ბრძანებით დამტკიცდა მოკვლევის ჯგუფის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილება - „...ს“ საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის, მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 ივლისის №04/182 ბრძანების შესაბამისად განხორციელებული საქმის მოკვლევის თაობაზე“; დადასტურდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გამოსწორების მიზნით გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის კონკურენციის სააგენტოში წარდგენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის „ე“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისთვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული ნორმის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით, ხოლო შპს „ა...ზე“ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადა იწურებოდა 2016 წლის 21 ნოემბერს და სანებართვო პირობები ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, ბაზარზე მოქმედ სუბიექტებს გააჩნდათ ახალი აუქციონის ჩატარების ლეგიტიმური მოლოდინი. ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ნორმის არასწორი განმარტების შედეგად, 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით შპს „ა...ს“ შეუქმნა მონოპოლიური მდგომარეობა, რაც წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევას.
საკასაციო სასამართლო, დასახელებულ საკანონმდებლო ნორმების განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემეობების შეფასების საფუძველზე თვლის, რომ სადავო აქტი კანონშესაბამისია, ვინაიდან სააგენტომ მართებულად მიიჩნია, რომ „მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება - 2011 წლის 21 ნოემბერს შპს „ა...ზე“ გაცემული ნებართვის გაგრძელება წარმოადგენდა არაკანონიერ ქმდებას და არ ექცეოდა კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში. ამასთანვე, საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა საპირისპირო.
რაც შეეხება კასატორების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „ა...თან“ 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კანონიერების საკითხს იხილავდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რის გამოც საქართველოს კონკურენციის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება მერიის მიერ აღნიშნული ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით, არარელევანტურია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადასტურებულ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „...ს“ 2017 წლის 18 ივლისის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე დავის საგანს წარმოდგენდა ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2016 წლის 8 სექტემბრის №15 დადგენილების კანონშესაბამისობა და აღნიშნულის შედეგად 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამდენად, კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილი იყო შპს „...ს“ 2017 წლის 22 მაისის საჩივრის საფუძველზე გამოევლინა და განეხილა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ა...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინება;
3. შპს „ა...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 16 ნოემბერს №5169609178 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე