Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1207(კ-20) 18 ნოემბერი, 2021 წელი

ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მესამე პირი - ნ. ე-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ხ-მა 2019 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვა: „მ. ხ-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისთვის მ. ხ-ის სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და 2018 წლის 31 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება ყოველთვიურად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. ე-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის N35 ბრძანებით მ. ხ-ის სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობაზე ...ის უფლებამოსილების ვადით დანიშვნის ფაქტი. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ...ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ...ის უფლებამოსილების ვადით განსაზღვრის შესახებ მ. ხ-ის ინფორმირებულობის მიუხედავად, მას ზემოაღნიშნული ბრძანება სადავოდ არ გაუხდია. დადგენილია აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №101 განკარგულების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 41 მუხლის საფუძველზე, სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ... რ. შ-ის დანიშვნისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 141 მუხლის საფუძველზე, მ. ხ-ის სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტები. პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული მ. ხ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის უფლებამოსილების კონკრეტული ვადით განსაზღვრა შეუსაბამობაში იყო ...ის ...ის თანამდებობაზე მისი დანიშვნის დროს მოქმედ კანონმდებლობასთან. სააპელაციო პალატამ მიუთითა მ. ხ-ის თანამდებობაზე დანიშვნის დროსა (2017 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით) და 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შემდგომ მოქმედი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის ორივე რედაქცია საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების ერთსა და იმავე წესს ითვალისწინებს. კანონის ახალი რედაქციის საფუძველზე არ იკვეთება სადავო ურთიერთობის არსებითად ახლებურად დარეგულირება. პალატამ მიუთითა აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის 104 მუხლზე და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კანონის ნორმები წინააღმდეგობაში არ მოდის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ნორმებთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 101, მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ხსენებულ ნორმათა დანაწესები არ ითვალისწინებს ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას განსაზღვრული ვადით და შესაბამისად, მათ გათავისუფლებას ამ ვადის გასვლის გამო. იმ პირობებში, როდესაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი არის საქართველოს კანონი, რომელიც მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და წარმოადგენს სპეციალურ კანონს („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონთან მიმართებით), იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და მეტი იურიდიული ძალის მქონეა, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სწორედ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის ნორმათა დანაწესები. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის გამოყენების შემთხვევაში, სახეზე იქნება პირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნები, რამეთუ გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი. კასატორი თვლის, რომ ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მეტი იურიდიული ძალის მქონე კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. კასატორი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ბმიდან გამომდინარე, „მ. ხ-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა იმთავითვე გულისხმობს კასატორის თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით დანიშვნის სადავოობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების მოსაზრებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანია „მ. ხ-ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №85 ბრძანების შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 141 მუხლის საფუძველზე, მ. ხ-ი გათავისუფლდა სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობიდან. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მოადგილეებს კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით – არაუმეტეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის 141 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ის პირები, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად დანიშნულნი არიან არაუმეტეს თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი თანამდებობის პირის დანიშვნამდე. მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ან ხელმძღვანელის/კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის ინიციატივით გაათავისუფლოს თანამდებობიდან ამ კანონის თანახმად უფლებამოსილების ვადით დანიშნული პირი.
საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ მ. ხ-ი სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ის თანამდებობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის №35 ბრძანების შესაბამისად, სწორედ, ...ის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა (რაც სადავოდ არ გამხდარა მოსარჩელის მიერ). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 31 აგვისტოს №101 განკარგულების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, შეიცვალა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...ის ...ი. ამდენად, სახეზეა მ. ხ-ის, როგორც ...ის ყოფილი ...ის, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი).
რაც შეეხება კასატორის მითითებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონთან მიმართებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის სპეციალურ კანონად მიჩნევისა და ამ კანონთა ერთმანეთთან შეუსაბამობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი სპეციალურია, თუ ის ვრცელდება ურთიერთობათა უფრო ვიწრო წრეზე, სპეციალური ნორმები უფრო ახლოს დგანან მოსაწესრიგებელ ურთიერთობებთან და უფრო ზუსტად ასახავენ ამ ურთიერობათა სპეციფიკას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი აწესრიგებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აწესრიგებს კონკრეტულად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონთან მიმართებით სპეციალურია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი. ხაზგასასმელია ისიც, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული ვადით დანიშვნის შესახებ ჩანაწერს არ ითვალისწინებს მხოლოდ სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, რა გარემოებაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ...თან დაკავშირებით სახეზე არ არის და ამ რეგულაციის მოსარჩელესთან მიმართებით გავრცელება, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის არსებობის პირობებში, უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა