საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-133(კ-20) 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. გ-ი
წარმომადგენელი - თ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - შ. ბ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 31 იანვარს ს. გ-მა სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ს. გ-მა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ნოემბრის N..., 2018 წლის 12 იანვრის №..., 2018 წლის 15 ივნისის N..., 2018 წლის 23 ივლისის N..., 2018 წლის 24 ივლისის N..., 2018 წლის 8 აგვისტოს N..., 2018 წლის 15 აგვისტოს N..., 2018 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება N..., N... განცხადებების დაკმაყოფილებისა და 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 18 ივნისს შპს ,,...ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, უძრავ ნივთზე (თეთრიწყაროს რაიონის ...ში, სოფელ ...აში (...ი) მდებარე 6722 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე) ს. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა 1997 წლის 7 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N215, რომლითაც ...ში მცხოვრებ ჯ. ბ-ს გადაეცა სოფელ ...აში (...ში) მდებარე, მის სარგებლობაში არსებული 6722 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. განცხადებას ასევე ერთოდა 2013 წლის 29 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნის უფლება მოპოვებული ჰქონდა ს. გ-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ამასთანავე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სააგენტომ მიუთითა, რომ ს. გ-ის სახელზე უკვე რეგისტრირებული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომლის პირველადი რეგისტრაციაც მოხდა 1997 წლის 13 აპრილის N229 მიღება-ჩაბარების აქტით. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ჯ. ბ-ს. ამდენად, ერთსა და იმავე დასახლებაში გაცემული ორი მიღება-ჩაბარების აქტი სარეგისტრაციოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული. მოსარჩელის მოსაზრებით, სხვა მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით სააგენტომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი N215 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ...ში, სოფელ ...აში მდებარე 6722 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტს უფლებრივი ნაკლი არ გააჩნდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები ს. გ-ის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს, იგი ვერ ირეგისტრირებს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ ს. გ-ის ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 6722 კვ.მ. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, ს. გ-მა სააგენტოში წარადგინა 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, სამკვიდრო მოწმობა და საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის N... წერილით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 სექტემბრის N21-02-1/136118 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში ინახებოდა 2002, 2004, 2005, 2006 წლების თეთრიწყაროს რაიონის ...ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სიები, თუმცა ჯ. ბ-ი და ლ. ც-ე აღნიშნულ სიებში არ ფიქსირდებოდნენ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 სექტემბრის N4967-13 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ გამგეობაში არ ინახებოდა ინფორმაცია ...ში მცხოვრები ჯ. ბ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 20 სექტემბრის N... წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს რაიონის ...ის 1992-2007 წლების საკომლო წიგნების, მიწის მიღება-ჩაბარების აქტების, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო) და საგადასახადო სიების შესახებ მონაცემები არქივში დაცული არ იყო.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N13-1/398 წერილით სააგენტოში გადაგზავნილ იქნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 ნოემბრის N278 განკარგულება, რომლითაც ს. გ-ს უარი ეთქვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 6722 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე. შესაბამისად, 2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ჯ. ბ-ის სახელზე 1997 წელს გაცემული იყო ორი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთაგან 1997 წლის 13 აპრილს გაცემული N229 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილებით აღნიშნულ პირზე უკვე რეგისტრირებულია 700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებზე თანდართულ, 1997 წლის 7 იანვარს გაცემულ N215 მიღება-ჩაბარების აქტს, აღნიშნული დოკუმენტის გარდა, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით არ დასტურდებოდა, რომ ჯ. ბ-ს ან მისი ოჯახის (კომლის) რომელიმე წევრს, სოფელ ...აში, დროის რომელიმე მონაკვეთში, მფლობელობაში გააჩნდა 6722 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ამ სახის დოკუმენტაციის არსებობა არსებითია, რამდენადაც მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გააჩნდა; აღნიშნული დოკუმენტი გაცემული იყო 1997 წლის 7 იანვარს. 1990 წლის 22 ნოემბრიდან ამოქმედებული „უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღედ აღდგენილ იქნა 7 იანვარი (შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 7 იანვარი (ძველი სტილით 25 დეკემბერი)). კანონი მოქმედებდა 1997 წლის 7 იანვრის მდგომარეობით. ამდენად, სასამართლოსთვის გაუგებარი იყო როგორ გასცა ოფიციალურად აღიარებულ დასვენების დღეს თეთრიწყაროს რაიონის ...ის მიწის რეფორმის კომისიამ N215 მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997 წლის 22 იანვარს კ. ბ-ის მიმართ გაცემული იყო N216 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელში მითითებული მიწის ნაკვეთიც N215 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეს უნდა წარმოადგენდეს. N216 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ნაკვეთს ესაზღვრება ტყე, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან - ბ-ი. რაც შეეხება N215 აქტს - მასში მოსაზღვრეებად მითითებულია: ჩრდილოეთით - ტყე, სამხრეთით - ბ-ი, აღმოსავლეთით - ტყე და დასავლეთით - წ-ი. ამდენად, მითითებულ აქტებში ასახული ინფორმაცია არ იყო ერთმანეთთან თანხვედრაში. გარდა ამისა, ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო მიღება-ჩაბარების აქტებზე საკრებულოს გამგებლის - მ-ის ხელმოწერა.
1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 1997 წლისთვის მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ერთსა და იმავე პირზე ერთზე მეტი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეორე მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე დგებოდა მიწის ნაკვეთის აქტი 5 ცალად, სადაც აღნიშნული იყო შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი სავარგულების მიხედვით. მონაცემების დატანა ხდებოდა მიწათსარგებლობის გეგმაზე. ამავე დებულების მე-13 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი. მიწის ნაკვეთების მისაღებად მოქალაქეებს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინათ: ა) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ბ) ცნობა საბაღე ან სააგარაკო ნაკვეთის მფლობელობის შესახებ; გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან ოჯახში შემავალი ყველა სრულწლოვანი წევრისა, რომ არ იღებენ სხვა მიწის ნაკვეთს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გაუგებარი იყო თუ როგორ მოხდა ერთი პირის მიმართ რამდენიმე თვის შუალედით ორი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა მაშინ, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში მესაკუთრეებზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კონკრეტული პირისათვის გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს. გარდა აღნიშნულისა, პალატის განმარტებით, აპელანტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია ჯ. ბ-ისადმი 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების თაობაზე (თარიღი, მიწის ნაკვეთის რაოდენობა, მიწის რეფორმამდე არსებული მდგომარეობა და ა.შ.). ამასთან, ვერც მარეგისტრირებელმა ორგანომ მოიძია მსგავსი სახის დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის, რომ თეთრწყაროს რაიონის ...ის მიწის რეფორმის კომისიის 1997 წლის 13 აპრილს N229 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჯ. ბ-ზე უკვე რეგისტრირებული იყო მისთვის გამოყოფილი 0.07 ჰა მიწის ნაკვეთი. ს. გ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული სხვა რაიმე საკუთრების ან/და მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამაც უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით. ამდენად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დავალების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო არ არის, რომ 1997 წლის 7 იანვარს თეთრიწყაროს რაიონის ...ის მიწის რეფორმის კომისიამ N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ...ში მცხოვრებ ჯ. ბ-ს გადასცა სოფელ ...აში (...ში) მდებარე, მის სარგებლობაში არსებული 6722 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია კომისიის წევრებისა და ჯ. ბ-ის მიერ, დამოწმებულია უფლებამოსილ პირთა მრგვალი ბეჭდებით. აქტის მიხედვით, ჩრდილოეთით მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ტყე, სამხრეთით - ბ-ის მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - ტყე, დასავლეთით - წ-ის მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი გაუქმებული ან ბათილად ცნობილი არ არის და ის წარმოადგენს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მოცემულ შემთხვევაში, ს. გ-ის მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი N... სარეგისტრაციო განცხადება თანდართული მიღება-ჩაბარების აქტით, სრულად აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო დოკუმენტს, შესაბამისად არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. გარდა ამისა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნას ექვემდებარებოდა მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული დოკუმენტაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ის კანონიერ ძალაშია და დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სხვა დაინტერესებულ პირს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის N... პასუხის მიხედვით, 2018 წლის პირველი მარტის N... განცხადებაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ტერიტორია თანხვედრაში იყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მონაცემებთან (ფიქსირდება ჩანაწერი - ..., ბ-ი ჯ.) და წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემს, რომლის სარეგისტრაციო მასალებიც დაცული არ არის; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსადმი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N... პასუხის მიხედვით, საჯარო რეესტრში დაცულია სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემი, რომლის მიხედვით, N6... სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აგეგმით/აზომვით ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღწერები (ფიქსირდება ჩანაწერები: ..., ... - ბ-ი ჯ., ბ-ი ა., ... - წ-ი შ.). აღნიშნული ჩანაწერების სარეგისტრაციო წარმოების მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის; სიტუაციური გეგმისა და 2018 წლის 2 მარტის სისტემური აღწერის მიხედვით, განცხადებაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ტერიტორიის მფლობელად მითითებულია ბ- ჯ. . სასამართლომ ასევე არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 11 ივნისის N... სარეგისტრაციო განცხადებას ზაკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, ერთოდა N... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებითაც ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო მოძიებული და შეფასებული ამ წარმოების მიმდინარეობისას, მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოს მოეპოვებოდა. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ასახულია N... განცხადებაზე დართულ დოკუმენტებში, რომლებითაც დასტურდება, რომ ჯ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციისა თუ სისტემური აღრიცხვის წესით აღრიცხული იყო თეთრიწყაროში, ...ში, ...აში მდებარე მიწის ნაკვეთი, მას მინიჭებული ჰქონდა საკადასტრო კოდი N... და საჯარო რეესტრს შედგენილი აქვს სიტუაციური გეგმა, სისტემური აღწერის რუკა, გაცემულია წერილობითი განმარტებები და სხვა.
კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სასამართლომ მიუთითეს, თითქოს 2018 წლის 11 ივნისის სარეგისტრაციო განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმასთან. 2017 წლის 30 აგვისტოს N... სარეგისტრაციო განცხადებაც წარდგენილი იყო იგივე მოთხოვნით, რაზეც მხარეს 2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ს. გ-ის 2018 წლის 20 ივნისის საჩივრის დაკმაყოფილებისა და 2018 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნების დაცულობა. ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა, რომ N... ადმინისტრაციულ საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, N... სარეგისტრაციო განცხადებისგან განსხვავებით, არ ფიქსირდებოდა ზედდება საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან, რაც ასევე გახდა რეგისტრაციაზე უარის საფუძველი. სააგენტომ სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა, ეხელმძღვანელა N... საჩივარზე თანდართული აზომვითი ნახაზით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 20 ივნისის N... ადმინისტრაციულ საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, N... სარეგისტრაციო განცხადებისგან განსხვავებით, არ ფიქსირდებოდა ზედდება საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან, ანუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აღნიშნული პერიოდისთვის არ იყო მოქცეული დაცული ტერიტორიების საზღვრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე N... სარეგისტრაციო განცხადებაზე არსებული ზედდება აღმოფხვრილი იქნა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის N... გადაწყვეტილებითაც.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტის რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნევა, გაურკვეველია, რომელი სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი დასაბუთების მიზნით გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ნორმები. სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, საჯარო რეესტრი კი ვალდებულია მის საფუძველზე მოახდინოს რეგისტრაცია, თუმცა პასუხგაუცემელი დარჩა, რატომ არ ჩათვალა სასამართლომ N215 მიღება-ჩაბარების აქტი მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. სასამართლოს სრულყოფილად რომ მოეხდინა მითითებული კანონის ნორმათა ციტირება, გაცხადდებოდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი, მიწის ნაკვეთის ფართობი, აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მიწის რეფორმის კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ N215 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის ნამდვილობაც დავის საგანს არ წარმოადგენდა. აღნიშნული აქტი ჩაითვალა რეგისტრაციისთვის უვარგისად ან/და ფაქტობრივად იურიდიული ძალის არ მქონედ/ბათილად საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული კანონსაწინააღმდეგო განმარტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ჯ. ბ-ზე 1997 წლის 13 აპრილს ასევე გაცემული იყო N229 მიღება-ჩაბარების აქტი 700 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. იმდროინდელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ერთი დ აიმავე პირზე ერთზე მეტი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეფორმის ფარგლებში პირზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კომლზე გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს (უძრავ ქონებას).
კასატორის განმარტებით, დანაწესი იმის შესახებ, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთ პირზე ორი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას, არ არსებობს. ასეც რომ იყოს, გაუგებარია, რა ნიშნით და რა საფუძვლით ჩათვალა საჯარო რეესტრმა და სასამართლომ დროის მიხედვით წინმსწრები N215 მიღება-ჩაბარების აქტი რეგისტრაციისათვის უვარგისად (N229 მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია უფრო მოგვიანებით - 1997 წლის 13 აპრილს). ამასთანავე გაუგებარია, რა შემხებლობა აქვს ...ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე გაცემულ N229 მიღება-ჩაბარების აქტს, ...ში, ...აში, ...ში მდებარე 6722 კვ.მ. (საძოვარზე) გაცემულ N215 მიღება- ჩაბარების აქტთან, მით უფრო, რომ რეფორმის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სარგებლობაში გადაეცემოდა 0.07 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ხოლო N229 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის მიერ დაკავებულ ტერიტორიას და ეზოს. სასამართლომ მოახდინა რა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მეორე მუხლის ციტირება („თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე ადგენენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, სადაც აღინიშნებოდა შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი სავარგულების მიხედვით. მონაცემები დაიტანებოდა მიწათსარგებლობის გეგმაზე”), დაასკვნა, რომ დებულების ციტირებული ნაწილიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში მესაკუთრეზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიწათსარგებლობის დოკუმენტი - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კონკრეტული პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს. კასატორის განმარტებით, დადგენილებაში მითითება იმის შესახებ, რომ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე უნდა გაიცეს მხოლოდ ერთი მიწათსარგებლობის დოკუმენტი, ასახული არ არის. ასეთი დათქმა არც ციტირებული ნაწილიდან ჩანს.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, გაუგებარია, მიწის რეფორმის უფლებამოსილი კომისიის მიერ გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე უფრო მაღალი იერარქიის რა დოკუმენტს მოიაზრებს სასამართლო მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებლად - მოწმის ჩვენებას თუ გადამხდელთა სიას. მიღება-ჩაბარების აქტი, თავად სასამართლოთა მიერ მითითებული კანონთა ნორმების მიხედვით, არის სწორედ უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რაც რეგისტრაციის საფუძველია. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს უნდა წარედგინა ინფორმაცია N215 მიღება-ჩაბარების აქტის ჯ. ბ-ისადმი გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების თაობაზე. მოსარჩელის იურიდიულ ინტერესში არ შედიოდა N215 მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობის შემოწმება ან/და სამართლებრივი დასაბუთება, მით უფრო, რომ ეს აქტი სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრს ან/და სხვა დაინტერესებულ პირს. ამასთანავე, მოსარჩელის პრეროგატივას არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის სამართლებრივი დასაბუთება. აღნიშნულის ვალდებულება აკისრია არა ფიზიკურ პირს, არამედ ამ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ N215 მიღება-ჩაბარების აქტს სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გააჩნია, საერთოდ სცილდება დავის საგანს და ფარგლებს. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისია მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონისა და იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს - სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია, გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად, შესაბამის მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ამდენად, სახეზეა მათი ბათილად ცნობის საფუძველი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად. სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ვინაიდან მოსარჩელე ს. გ-ს სრულიად უსაფუძვლოდ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში ვერ ატარებს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელიც მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზეა გადაცემული, ეს მიღება-ჩაბარების აქტი კი ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და კანონის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტად არის აღიარებული. შესაბამისად, ს. გ-ი იძულებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მოითხოვოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული მისთვის ზიანის მომტანი აქტების ბათილად ცნობა და მოითხოვოს ახალი აქტის გამოცემა მისი სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და გადაწყდა მხარეთა მონაწილეობით მისი არსებითად განხილვა.
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას კასატორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის პროცესუალური მოწინააღმდეგის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ახალი სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, ჯ. ბ-ის სახელზე 1997 წლის 7 იანვარს გაცემული N215 მიღება-ჩაბარების აქტი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა ვალიდურ დოკუმენტად, თუმცა მიწის ფართის იდენტურობის დასადგენად, იმის გამო, რომ მიწას არავინ ესაზღვრება და მომიჯნავე მეზობლების საშუალებით ვერ დგინდებოდა ადგილმდებარეობა, საკითხი გაგზავნილი იქნა შესაბამის გამგეობაში და პასუხის მიღებამდე, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, იდენტურობის დადასტურების გარეშე განეხილა მხარის მოთხოვნა. უშუალოდ რეესტრის მიერ ადგილზე გასვლა არ განხორციელებულა, რადგან მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფიზიკური პირი, ვისგანაც შეიძლება მარეგისტრირებელ ორგანოს მიეღო რაიმე სახის ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ და აზომვითი ნახაზით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთს, არ ესაზღვრება. რაც შეეხება იმ საკითხს თუ გასაჩივრებულ აქტში რატომ არ იქნა იდენტურობა სადავოდ გამხდარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვინაიდან განცხადების განხილვისას უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ვალიდურობა არ დგინდებოდა, მარეგისტრირებელი ორგანო არ შევიდა არსებით მსჯელობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონშესაბამისობა დადასტურდა, დადგა დღის წესრიგში სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების საფუძველზე, 1997 წლის 7 იანვარს გაცემულია N215 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ჯ. ბ-ს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში (...ა, ...ი) გამოეყო 6722 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებულია ბეჭდით, უფლებამოსილი პირების და ნაკვეთის მიმღები პირის ხელმოწერებით, შეიცავს მითითებას მისი 5 ეგზემპლარად შედგენის შესახებ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის ნახაზი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების მითითებით (ჩრდილოეთით - ტყე, სამხრეთით - ბ-ი, აღმოსავლეთით - ტყე, დასავლეთით - წ-ი).
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილების საფუძველზე, 1997 წლის 13 აპრილს გაცემულია N229 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ჯ. ბ-ს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 700 კვ.მ. ფართის სამოსახლო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 ივლისის N... გადაწყვეტილებით, 700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ჯ. ბ-ის საკუთრების უფლება.
2013 წლის 29 ივნისის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ 2011 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი ლ. ც-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ს. გ-ი. ს. გ-მა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს - ლ. ც-ეს გარდაცვალების მომენტისათვის და ასევე რომელიც მიღებული ჰქონდა გარდაცვლილი დედის - ჯ. ბ-ისაგან.
2017 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა ს. გ-მა და წარდგენილი დოკუმენტების - 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, სამკვიდრო მოწმობისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 6722 კვ.მ. უძრავ ნივთზე.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მისი მხრიდან არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტომ 2017 წლის 5 სექტემბრის N... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ჯ. ბ-ის და ლ. ც-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. დაინტერესებულ პირს დამატებით ეცნობა, რომ დაფიქსირდა ზედდება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ N... უძრავ ნივთთან.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 სექტემბრის N21-02-1/136118 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში ინახება 2002, 2004, 2005, 2006 წლების თეთრიწყაროს რაიონის ...ის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სიები, თუმცა ჯ. ბ-ი და ლ. ც-ე აღნიშნულ სიებში არ ფიქსირდებიან. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 სექტემბრის N4967-13 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ გამგეობაში არ ინახება ინფორმაცია ...ში მცხოვრები ჯ. ბ-ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 2017 წლის 20 სექტემბრის N... წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს რაიონის ...ის 1992-2007 წლების საკომლო წიგნების, მიწის მიღება-ჩაბარების აქტების, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო) და საგადასახადო სიების შესახებ მონაცემები არქივში დაცული არ არის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N13-1/398 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნა კომისიის 2017 წლის 13 ნოემბრის N278 განკარგულება, რომლითაც ს. გ-ს უარი ეთქვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე 6722 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, ს. გ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, თეთრიწყაროს რაიონის ...ში მდებარე 6722 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ნივთზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტომ მიუთითა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე და დაადგინა, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ამასთანავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა ს. გ-ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილებით. სააგენტომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ჯ. ბ-ს ...ში, ...აში (...ი) გადაეცა 6772 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, ს. გ-ზე რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომლის პირველადი რეგისტრაციაც განხორციელდა 1997 წლის 13 აპრილს გაცემული N229 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტით ჯ. ბ-ს გადაეცა 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააგენტომ მიუთითა, რომ ერთსა და იმავე პირზე ერთსა და იმავე დასახლებაში გაცემულ ორ მიღება-ჩაბარების აქტს სარეგისტრაციოდ ვერ გამოიყენებდა, შესაბამისად, კანონიერია მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედება დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. სააგენტომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე, მე-8, მე-9 მუხლებზე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებზე და ჩათვალა, რომ დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი, ამასთან, ვერც მარეგისტრირებელმა ორგანომ მოიძია მსგავსი სახის დოკუმენტაცია. სააგენტომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ პირზე გაცემულია ორი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ერთსა და იმავე პირზე ერთზე მეტი მიღება-ჩაბარების აქტის გაცემას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში, პირზე გაიცემოდა მხოლოდ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მოიცავდა კომლზე გადაცემულ ყველა მიწის ნაკვეთს.
2018 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... განცხადებით მიმართა ს. გ-ის წარმომადგენელმა თ. კ-ამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 6722 კვ.მ. უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (შედგენილი შპს „...ის“ მიერ 2018 წლის 8 ივნისს) და N... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე და განემარტა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში იგივე მოთხოვნით წარდგენილი იყო N... სარეგისტრაციო განცხადება. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არსებითად შეცვლიდა გარემოებებს.
2018 წლის 20 ივნისს ს. გ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა დამატებით წარადგინა შპს „...ის“ მიერ 2018 წლის 18 ივნისს შედგენილი კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის N... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. გ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება და შესაბამის სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება. სააგენტომ ჩათვალა, რომ 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება მიღებული იყო შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. სააგენტომ მიუთითა ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, მათ შორის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებზე. სააგენტოს განმარტებით, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N414800/17 სამსახურებრივი ბარათით და მასზე თანდართული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ არ ფიქსირდება ზედდება საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან. შესაბამისად, რეგისტრაციის სამსახურმა უნდა იხელმძღვანელოს საჩივარზე წარდგენილი ნახაზით და გადაუგზავნოს იგი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით ს. გ-ს ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი 1997 წლის 7 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N215 ვერ იქნებოდა მიჩნეული საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. მისი მამკვიდრებლის - ჯ. ბ-ის სახელზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო თეთრიწყაროს რაიონის ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი 1997 წლის 13 აპრილის N229 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ერთსა და იმავე პირზე იდენტურ დასახლებაში გაცემული ორი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა გამოყენებული სარეგისტრაციოდ. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის, ქვემო ქართლის არქივისა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ვერ იქნა მოძიებული დოკუმენტაცია ჯ. ბ-ის სახელზე რიცხული ქონებისა და გადასახადის აღრიცხვის შესახებ. სააგენტომ 2018 წლის 24 ივლისის წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საინფორმაციო სამსახურისაგან იმისათვის, რომ დოკუმენტაცია გადაგზავნილიყო კომისიაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 აგვისტოს N... და 2018 წლის 15 აგვისტოს N... გადაწყვეტილებებით ს. გ-ს 2018 წლის 11 ივნისის N... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტი. განცხადებაზე წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 31 ივლისის მიმართვით გადაეგზავნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 31 ივლისის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N..., 2018 წლის 8 აგვისტოს N... და 2018 წლის 15 აგვისტოს N... გადაწყვეტილებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება საჯარო რეესტრში წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ...ში მდებარე 6722 კვ.მ. უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ჩაითვლებოდა მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა დამტკიცდა „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით, დანართის შესაბამისად. დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტი მიჩნეულ იქნა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძვლად. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ" დებულების მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგებოდა ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად. აქტს ხელს აწერდნენ სოფლის გამგეობის და მეურნეობის/სასოფლო-სამეურნეო საწარმოს/ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლეოდათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას/გამგებელს/, მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, "საქქალაქაგროსერვისის" და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს. მითითებული დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 06 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესისა და მისი დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული მოტივების გათვალისწინებით, უპირველესად უნდა შეფასდეს ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის მიზნებისათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილი შინაარსი და დადგინდეს, გააჩნია თუ არა აღნიშნულ დოკუმენტს საკუთრების უფლების წარმომშობი ბუნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონზე, რომელიც უკვე ამოქმედებული იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს და წარმოადგენდა შესაბამისი აქტების გამოცემის ძირითად სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი) მიჩნეულია საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. ამავე კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი და მასზე დასმულია მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, მიუხედავად იმისა, მასში მითითებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის წელი.
საგულისხმოა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას დაშვებული ხარვეზები იმთავითვე არ გამორიცხავს უფლების დამდგენ დოკუმენტად მის აღიარებას. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილად მიიჩნევა ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ ნორმების შესაბამისად ცალსახაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მის მფლობელს უქმნის მართლზომიერ მოლოდინს იმისა, რომ მოახდენს მიღება-ჩაბარების აქტით მოპოვებული საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საჯარო რეესტრში წარადგინა 1997 წლის 7 იანვრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N215, რომლის საფუძველზეც მის მამკვიდრებელს - ...ში მცხოვრებ ჯ. ბ-ს გადაეცა სოფელ ...აში (...ში) მდებარე, მის სარგებლობაში არსებული 6722 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. როგორც ზემოთ აღინიშნა, N215 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ფართობი, დამოწმებულია ბეჭდით, უფლებამოსილი პირების და ნაკვეთის მიმღები პირის ხელმოწერებით, შეიცავს მითითებას მისი 5 ეგზემპლარად შედგენის შესახებ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის ნახაზი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების მითითებით (ჩრდილოეთით - ტყე, სამხრეთით - ბ-ი, აღმოსავლეთით - ტყე, დასავლეთით - წ-ი).
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილების ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად საკუთრების უფლების დამადასტურებლად წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის არასათანადოდ მიჩნევა და იმ გარემოებაზე მითითება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში მესაკუთრეზე დაიშვებოდა მხოლოდ ერთი მიწათსარგებლობის დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ სახის ნორმატიული ჩანაწერი არ არსებობს -1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დროს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის N148 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ამ სახის ჩანაწერს არ შეიცავს. შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული სამართლებრივი აქტის განვრცობითი განმარტება და ამით მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება, დაუშვებელია.
საგულისხმოა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48, 1992 წლის 6 თებერვლის N128 და 1992 წლის 10 მარტის N290 დადგენილებებით განისაზღვრა მოქალაქეთათვის მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი მიწის ზღვრული ნორმები ბარში და ზეგანზე: სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის - 1 ჰექტრამდე, ხოლო სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის - 0,75 ჰექტრამდე. მოცემულ შემთხვევაში, 1997 წლის 13 აპრილის N229 მიღება-ჩაბარების აქტით ჯ. ბ-ს გადაცემული ჰქონდა 700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 1997 წლის 7 იანვარს გაცემული N215 მიღება-ჩაბარების აქტით - 6722 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამდენად, ორივე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული, მოქალაქისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართი არ აღემატება შესაბამისი მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული, მოქალაქისათვის გადასაცემი ფართების მაქსიმალურ ოდენობას. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს დაბრკოლების არარსებობას მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლების აღრიცხვისათვის.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტს სანდოობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია, რამდენადაც იგი შედგენილია ოფიციალურად აღიარებულ დასვენების დღეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა არ ეფუძნება რაიმე სახის მტკიცებულებას, მხოლოდ მოსაზრება არასამუშაო დღეს მისი გამოცემის შესახებ არ ქმნის შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების დადგენის საკმარის საფუძველს. დადასტურებული არ არის 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბე, დოკუმენტი ძალაშია და შეიცავს მისი შედგენის დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ მონაცემებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. საგულისხმოა, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის უფლების არარსებობა სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე. საყურადღებოა, რომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ვალიდურობა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების დამაბრკოლებელ გარემოებას აღარ წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ადასტურებს მოსარჩელის სარეგისტრაციო განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ძირითადი ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ქონების რეგისტრაციის ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია არასათანადო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და სხვაგვარი დოკუმენტაციით შესაბამისი უფლების დადასტურების შეუძლებლობა. საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით, მათ შორის - თავად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დადასტურდა, რომ მითითებული გარემოება რეალურად არ წარმოადგენდა ხელშემშლელ ფაქტორს რეგისტრაციისათვის. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ნოემბრის N..., 2018 წლის 12 იანვრის №..., 2018 წლის 15 ივნისის N..., 2018 წლის 23 ივლისის N..., 2018 წლის 24 ივლისის N..., 2018 წლის 8 აგვისტოს N..., 2018 წლის 15 აგვისტოს N..., 2018 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, თეთრიწყაროს რაიონის ...ში, სოფელ ...აში (...ი) მდებარე 6722 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე მოპასუხისათვის ს. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება.
როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ემყარება უფლებადამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობას. ამასთანავე, მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაცია არ ემსახურება მარტოოდენ მის ფიქსაციას. „..რეგისტრაციის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, ამავდროულად, განაპირობებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას..“ (სუს 2021 წლის 18 მაისის Nბს-957(კ-19) გადაწყვეტილება). სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან, უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი აღიჭურვება მესაკუთრის ექსკლუზიური უფლებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილებისას გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მესაკუთრისა და მიწის მიახლოებით მდებარეობაზე ინფორმაციას მოიცავდა. იმ პერიოდისთვის არ არსებობდა საკადასტრო აზომვა, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენას ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების საფუძველზე, სისტემური რეგისტრაციის მიზნით, არაერთხელ განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაციის (საკადასტრო სამუშაოები, რეგისტრაცია, საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა) უზრუნველყოფა და შესაბამისი შედეგების ასახვა გრაფიკულ მონაცემებში (გეგმები, რუკები), საკვლევი ობიექტური სინამდვილის გადმოცემა რუკის მეშვეობით. საქართველოში 1998 წლიდან მოქმედებს „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” კანონი, რომლის მიზანია სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე. აღნიშნული კანონის 3.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნას, განახლებას და გამოცემას, ხოლო 5.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტი უდავოდ ადასტურებს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მამკვიდრებლის - ჯ. ბ-ის უფლების არსებობას. ამასთანავე, აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მათ შორის, შეიცავს მითითებას მიწის ნაკვეთის მესაკუთრისა და ფართობის შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტს ერთვის ნახაზი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეების მითითებით.
საგულისხმოა, რომ ჯ. ბ-ი ფიქსირდება საქმეზე წარმოდგენილ, საჯარო რეესტრის მიერ შედგენილ სიტუაციურ ნახაზებში, სისტემური წესით აღრიცხულ მონაცემებში: საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N... წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრში დაცულია სისტემური აღრიცხვის შედეგად მიღებული, უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული საკადასტრო მონაცემი, რომლის თანახმად, ... სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართულ საკადასტრო აგეგმით/აზომვით ნახაზზე მონიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულია სისტემური აღწერები (ფიქსირდება ჩანაწერები: ..., ... - ბ-ი ჯ., ბ-ი ა., ... - წ-ი შ.). საქმეს ასევე ერთვის ს. გ-ის წარმომადგენლისადმი სააგენტოს 2018 წლის 7 მარტის N... წერილი, რომლის მიხედვით, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ტერიტორია თანხვედრაშია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ, სისტემური აღწერების შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ ინტეგრირებულ გრაფიკულ მონაცემთა ბაზასთან (ფიქსირდება ჩანაწერი ...; ბ-ი ჯ.) და წარმოადგენს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემს, რომლის სარეგისტრაციო წარმოების მასალებიც დაცული არ არის. მითითებულ წერილს დანართის სახით ერთვის სიტუაციური ნახაზი, სისტემური აღწერების ფენის (ე.წ. ყვითელი ფენის) მითითებით. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მასალების დაუცველობა არ წარმოადგენს უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის სათანადო წესით დაუცველობის ნეგატიური შედეგი არ შეიძლება აისახოს დაინტერესებული პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე - საკუთრების უფლებაზე (იხ. სუსგ 07.12.2017წ. №ბს-900-896(კ-17)).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სამართლებრივ შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“.“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).
საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „..ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის. ამავე რედაქციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია წარმოებს საპილოტო პროექტით გათვალისწინებულ საქართველოს დასახლებაში სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და სისტემურად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტითა და საარქივო მასალებით უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, რაც იძლევა თეთრიწყაროს რაიონის ...ში, სოფელ ...აში (...ი) მდებარე 6722 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე ს. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის ინტერესში შემავალი უძრავი ნივთის გადაფარვა სხვა პირების სახელზე დარეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არ ექცევა სხვა უძრავი ნივთის ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საჯარო რეესტრში კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება ხორციელდება სარეგისტრაციო წარმოების გზით, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემთა სრულყოფილად აღრიცხვის პროცესს. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ.სუსგ 28.02.2013წ. ბს-367-363(კ-12)).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი სადავო აქტში - 2018 წლის 23 ივლისის N... გადაწყვეტილებაში, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2018 წლის 18 ივნისის საკადასტრო აზომვით ნახაზსა და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით (საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N414800/17 სამსახურებრივი ბარათი, მასზე თანდართული სიტუაციური ნახაზით) დაადასტურა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ზედდების არარსებობა საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებთან და აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა მიანიჭა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო საკითხის ხელახლა გადაწყვეტისათვის. მოსარჩელე სწორედ 2018 წლის 18 ივნისის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ითხოვს თეთრიწყაროს რაიონის ...ში, სოფელ ...აში (...ი) მდებარე 6722 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც N215 მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს მოსარჩელის მამკვიდრებლისათვის თეთრიწყაროს რაიონის ...ში, სოფელ ...აში (...ი) 6722 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის გამოყოფას, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასტურდება საჯარო რეესტრში უძრავ ნივთთან დაკავშირებული, სისტემური რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტაციის არსებობა (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს მითითებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო ნომრების, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, საზღვრების დადგენისათვის აუცილებელი სიტუაციური და გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებლების შემცველი „ყვითელი ფენის“ არსებობას), სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის უფლების დარღვევის ფაქტი - წლების განმავლობაში სარეგისტრაციო წარმოების უსაფუძვლო გაჭიანურებითა და უსწორო გადაწყვეტილებების მიღებით მოსარჩელეს არ მიეცა სახელმწიფოს მიერ 1997 წლის 7 იანვრის N215 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოპოვებული უფლების საკუთრებად ტრანსფორმირებისა და უძრავი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შესაძლებლობა, რა მოქმედებებიც აკნინებს საჯარო რეესტრის უმთავრეს დანიშნულებას, იყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, ს. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ნოემბრის N... გადაწყვეტილება;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 იანვრის №... გადაწყვეტილება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N... გადაწყვეტილება;
7. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის N... გადაწყვეტილება;
8. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება;
9. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 აგვისტოს N... გადაწყვეტილება;
10. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს N... გადაწყვეტილება;
11. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრის N... გადაწყვეტილება;
12. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. გ-ის N... და N... განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე, მამკვიდრებლის - ჯ. ბ-ის სახელზე გაცემული 1997 წლის 7 იანვრის N215 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 550 ლარის ოდენობით;
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა