საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-478(კ-20) 22 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის გაჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 10 სექტემბერს ქ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 26 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში შევიდა „მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი, საქართველოს სახელმწიფო ნაომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე - ქ. ა-ი. აღნიშნულმა პიროვნებამ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან პასპორტის ჩვენების შემდგომ, გადაკვეთა საზღვარი ისე, რომ მებაჟეს მასთან კომუნიკაცია არ დაუმყარებია, რამდენიმე მეტრის გავლის შემდგომ, კვლავ გააჩერებინეს მანქანა და შეამოწმეს ავტომანქანა. დათვალიერებისას, ავტომანქანის სალონის ჭერში მებაჟე ოფიცერმა აღმოაჩინა ნაღდი ფული, 7 700 000 რუსული რუბლი (300 122,9 ეკვივალენტი ლარში), რის გამოც ქ. ა-ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ა-ი არ ფლობს ქართულ ენას. იგი მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობს და მას არ ჰქონდა საშუალება ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით. მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბებას, რის გამოც ზემოხსენებული სამართალდარღვევის ოქმი სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით ქ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა დაკისრებული სანქციის გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №EL074930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №21895 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც მოსარჩელეს შეეფარდება თანაზომიერი სანქცია, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახური და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №EL074930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №21895 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქ. ა-ს შეეფარდება სანქცია, ჯარიმა, არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №EL074930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №21895 ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. ა-ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდება სანქცია, ჯარიმა, არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სამართალდამრღვევი ცდილობდა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის მალულად გადმოტანას საქართველოში. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მოთხოვნები. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები და გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ა-ის მიმართ შეადგინა №EL074930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში, დაახლოებით 05:20 სთ-ზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა ,,მერსედესის“ მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი, საქართველოს სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე - ქ. ა-ი. ავტომანქანის დათვალიერებისას სალონში, წინა სავარძლების თავზე არსებულ ჭერში, შალითის ქვეშ აღმოჩნდა ნაღდი ფული ათასიანი და ხუთასიანი კუპიურებით, საერთო ჯამში 7 700 000 რუსული რუბლი, 300122.9 ლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ა-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 289-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას. ამასთან, ამავე მუხლში არსებული შენიშვნით განმარტებულია, რომ ამ მუხლის მე-12–131 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად ითვლება, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე მეტია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით. საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ნ“, „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, საქონლის წარდგენა არის შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება კი - საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს. ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ზემოაღნიშნულ მუხლების ანალიზს შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა, ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადად სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი სადავო არაა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სამართალდამრღვევისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრებისას სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის გამოსაყენებელ პასუხისმგებლობის ზომებს ალტერნატიულად ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქმის სპეციფიკურობისა და ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, სამართალდამრღვევის მიმართ შეარჩიოს შესაფერისი და ადეკვატური ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება სანქციის შემფარდებელ ორგანოს ავალდებულებს, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არარსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, დამრღვევის პიროვნება, სამართალდარღვევის პირველად ჩადენის ფაქტი და სხვა ფაქტორები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სანქციის სახით ქ. ა-ისათვის არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით დაჯარიმება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და არადეკლარირებული ნაღი ფულის ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თანხა, რომელიც მას გადაჰქონდა, არ იყო მისი საკუთრება. ამასთან, სადავო არაა ასევე ის გარემოებაც, რომ ქ. ა-ს საქართველოს საბაჟო საზღვარი 664-ჯერ აქვს გადაკვეთილი და მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მოხდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ ადასტურებს სასამართლო ხარჯების განაწილების უსწორობას. სსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მართლზომიერია სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე