ბს-539(კ-20) 13 იანვარი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 16.05.2019წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. მ-ის მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 5965 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 26.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. მ-ის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2016 წლიდან 2018 წლის 29 მარტამდე პერიოდის საფასურის, ჯამში - 3144 ლარის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის გადასახდელი - 700 ლარის, 2017 წლის გადასახდელი - 1222 ლარის და 2018 წლის გადასახდელი -1222 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა, შესაბამისად, პალატა მსჯელობს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისგან სარგებლის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას, ასეთივე ვალდებულება ეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისთვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით. პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06.07.2017წ. დასკვნით განისაზღვრა 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით N3 შენობა-ნაგებობის ყოველთვიური ქირის საბაზრო ღირებულება, თუმცა დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მიეთითა, რომ ვინაიდან ექსპერტიზისთვის უცნობია შესაფასებელი შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა გასული პერიოდისთვის, კეთდება დაშვება, რომ შენობა იგივე მდგომარეობაში იყო, რა მდგომარეობაშიც იქნა წარმოდგენილი შეფასებისთვის. თ. მ-ის შესაგებელში აღნიშნულია, რომ სოფ. გვიმბალაურში მდებარე მაღაზია, რომელსაც არ ჰქონდა სახურავი, კარ-ფანჯრები, ელექტროგაყვანილობა, ვიტრინები, ნაწილობრივ კედელი, წინა ხედი, შუშები, მისი სახსრებით იქნა აღდგენილი, რაც დაახლოებით 6000 ლარი დაუჯდა. მოპასუხის განმარტებით, ზემოაღნიშნული შენობის გარდა ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული სხვა შენობებიც არის განლაგებული, თუმცა მათ მდგომარეობა არასახარბიელოა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნით 2012-2015 წლების მიხედვით განსაზღვრული თანხები, რადგან ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობა თავისი ფიზიკური მდგომარეობით 2012-2015 წლებში შეესაბამებოდა სარგებლობისთვის გამოსაყენებელ ობიექტს, ექსპერტიზა მხოლოდ ვარაუდობს, რომ შენობა იყო ვარგისი, თ. მ-ი კი განმარტავს, რომ შენობა იყო დანგრეული და მან აღადგინა. სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება 2016 წლამდე შენობის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და თ. მ-ის მიერ ასეთი შენობით სარგებლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს 2012 წლიდან 2018 წლის 29 მარტამდე არამართლზომიერად იყენებდა თ. მ-ი სამეწარმეო მიზნით, რაც დასტურდება 11.05.2017წ. აქტით, ფოტომასალით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 16.04.2018წ. წერილით და თ. მ-ის 30.11.2017წ. განცხადებით. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია 2012 წლიდან უნებართვო სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე შენობის ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა. მოპასუხეს არაერთხელ ეთხოვა აღნიშნული თანხის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ. გასათვალისწინებელია, რომ თ. მ-ი არ უარყოფს სარჩელში მითითებულ გარემოებებს. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე გაურკვეველი დარჩა სასამართლოს პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. რაიონული სასამართლო უთითებდა სკ-ის 129-ე მუხლზე, თუმცა არ გაითვალისწინა ის, რომ სააგენტოსა და თ. მ-ის შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან უდავოდ დასტურდება 2012 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მარტამდე თ. მ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობა, მისი სამეწამეო დანიშნულებით გამოყენება, ამიტომ თ. მ-ის თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა 2016 წლიდან, არამედ სარგებლობის სრულ პერიოდზე. მოპასუხის ახსნა-განმარტების გარდა არ არსებობს რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შენობა-ნაგებობა 2016 წლამდე დანგრეული, ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი იყო. საიჯარო ქირის ოდენობის დამდგენი ალტერნატიული მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ თ. მ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2012 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე არამართლზომიერად სამეწარმეო მიზნით გამოყენება უტყუარად დასტურდება 11.05.2017წ. აქტით, ფოტომასალით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 16.04.2018წ. წერილით და თ. მ-ის 30.11.2017წ. განცხადებით, არ არის დასაბუთებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 11.05.2017წ. შედგენილი აქტის თანახმად, სააგენტოს წარმომადგენელმა დაადგინა, რომ თ. მ-ი სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული ნაგებობით, თუმცა მითითება არ ხდება სარგებლობის ხანგრძლივობაზე, აქტის მიხედვით, სარგებლობის პერიოდი დაუდგენელია, აქტზე თანდართული ფოტოები, მათზე მითითებული თარიღის გათვალისწინებით, გადაღებულია 11.05.2017წ.. ის, რომ აღნიშნული ფოტოებით ნაგებობით სარგებლობის ფაქტი დგინდება, არ ადასტურებს ნაგებობით სარგებლობის დაწყებას ფოტოების გადაღებიდან რამდენიმე წლით ადრე. რაც შეეხება შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს 16.04.2018წ. წერილს, მართალია წერილის მიხედვით თ. მ-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაგებობით სარგებლობს 2012 წლის ოქტომბრიდან, თუმცა გაურკვეველია მსგავსი შინაარსის წერილის გაცემის საფუძვლები. ამასთანავე, წერილი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას სარგებლობის დაწყების მომენტისათვის და შემდგომ პერიოდზე ნაგებობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქმეში დაცულია აგრეთვე თ. მ-ის 30.11.2017წ. წერილი, რომლის მიხედვით თ. მ-ი სააგენტოს 06.07.2017წ. წერილის საფუძველზე სააგენტოს მიმართავს თხოვნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდაზე შედგეს გრაფიკი. გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არ არის დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ თ. მ-ისათვის გაგზავნილი წერილი, რომლის თარიღიც იქნება 06.07.2017წ.. ამდენად, გაურკვეველია რა ოდენობის თანხის გადახდაზე ითხოვა გრაფიკის შედგენა თ. მ-იმა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის ივნისსა და ივლისში თ. მ-ისადმი შედგენილი 2 წერილი, სააგენტოს 05.06.2017წ. წერილში არ არის მითითებული კონკრეტული თანხა, რომელიც თ. მ-იმა ფართით უნებართვო სარგებლობისთვის უნდა აანაზღაუროს, ასეთ თანხაზე მითითება ჩნდება 28.07.2017წ. წერილში. ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ თ. მ-იმა მზადყოფნა გამოთქვა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სრული თანხის ანაზღაურებაზე, არ არის დასაბუთებული.
მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ არ დგინდება სარგებლობაში მყოფი შენობის მდგომარეობა 2012 - 2015 წლებში. სსიპ ლ. სამხარაულის სასხელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.06.2017წ. დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზისათვის უცნობია შესაფასებელი შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა გასული პერიოდისათვის, რის გამო კეთდება დაშვება, რომ ის იგივე მდგომარეობაში იყო რა მდგომარეობაშიც შეფასებისას. ექსპერტის აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ ვარაუდია და არ ემყარება რაიმე დადასტურებად ფაქტებს. ამის საპირისპიროდ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ შენობა იყო გაუმართავი, შეკეთებას საჭიროებდა სახურავი, ჭერი, ელექტროგაყვანილობა, ვიტრინები, ნაწილობრივ კედელი და წინა ხედი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც თავის მოთხოვნას ამყარებს (სსკ-ის 102.1 მუხ.), სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ექსპერტის მიერ თანხის გაანაგარიშებას, თუმცა ექსპერტის დასკვნაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ქირის გაანგარიშება მოხდა შენობის მდგომარეობის შესახებ ვარაუდის, დაშვების საფუძველზე. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შენობა 2012-2015 წლებშიც იმავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც 2017 წლის ივნისში და ვარგისი იყო გამოყენებისათვის, სააგენტოს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი