საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-73(კ-22) 28 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება; ე. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ე. თ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. თ-იმა. ე. თ-ის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნის მიზნით, კომპანია შპს "...ში" დარეგისტრირდა 2021 წლის 17 დეკემბერს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე თარიღის დამატებითი გადაწყვეტილება ე. თ-ის ჩაბარდა 2021 წლის 19 ნოემბერს (ს.ფ. 66). ამდენად, გადაწყვეტილებებზე საკასაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 21 დღიანი ვადა ე. თ-ის ამოეწურა 2021 წლის 10 დეკემბერს, 24:00 საათზე. ასევე დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი შედგენილია 2021 წლის 17 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის მიზნით, შპს "...ში" წარდგენილია 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირებულია 2021 წლის 20 დეკემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე თარიღის დამატებითი გადაწყვეტილება ე. თ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2021 წლის 17 დეკემბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ექვემდებარება სრულად დაბრუნებას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 390-ე, 396-397-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. თ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და 2021 წლის 5 ნოემბრის დამატებით გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. თ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2021 წლის 17 დეკემბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
გენადი მაკარიძე