საქმე №ბს-268(კ-21) 23 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 14 მარტს თ. კ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 18 აპრილს ... აკადემიის სპეციალიზირებული გადაწყვეტილებით თ. კ-ეის სახელზე გაიცა მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა თ. კ-ეის უცხოეთში მიღებული განათლება; ხოლო უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოპასუხემ 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილება, რასაც მოსარჩელე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის MES ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს თ. კ-ეემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და უკრაინაში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა.
„უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ“ 2018 წლის 20 დეკემბრის MES 0 18 01637492 გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიჩნია, რომ თ. კ-ეისათვის უკრაინაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამებოდა საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოთი გათვალისწინებულ მედიცინის დოქტორის კვალიფიკაციას. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის საპირისპირო გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 20 დეკემბერს MES 5 18 01637497 წერილით მიმართა უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრს და თ. კ-ეის საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის 8 თებერვლის MES ... კორესპონდენციით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ..., 18.04.2018 თ. კ-ეის სახელზე არის ყალბი, ისევე როგორც აპოსტილი დოკუმენტზე. ევროპის ქვეყნების მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია თ. კ-ეის სახელზე გაცემული ... დიპლომის თაობაზე არ იძებნება.
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და არსებული დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა.
საქმის გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია სრულყოფილად საქმის გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ გაურკვეველ წერილს, რაც გახდა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმის გარემოებები, ამასთან ირკვევა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, დაუკავშირდა უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც 2018 წლის 8 თებერვლის №MES ... კორესპონდენციით ცენტრს აცნობა, რომ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ..., 18.04.2018 თ. კ-ეის სახელზე არის ყალბი და არ დაადასტურა მასზე არსებული აპოსტილის ნამდვილობა. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ცენტრმა დამატებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმა ინფორმაცია თ. კ-ეის სახელზე გაცემული ... დიპლომის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არ მოიძებნა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გამორიცხავდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას და საფუძველს აცლიდა თ. კ-ეის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, არ არის გამოკვლეული იღებდა თუ არა თ. კ-ეე განათლებას უკრაინაში. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთ ბუნდოვან წერილს, რომელშიც არ არის ნახსენები, რომ თ. კ-ეე არ იღებდა განათლებას უკრაინაში. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრნულ ბაზაში ინფორმაცია თ. კ-ეის სახელზე გაცემული დიპლომის თაობაზე არ იძებნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს - თ. კ-ეეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვეევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 თებერვლის MES ... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ და არსებული დოკუმენტაცია შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას; მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი; ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
ამდენად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარებისას ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, დაუკავშირდა უკრაინის აკადემიური მობილობის სახელმწიფო საინფორმაციო ცენტრს, რომელმაც 2018 წლის 8 თებერვლის №MES ... კორესპონდენციით ცენტრს აცნობა, რომ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი ..., 18.04.2018 თ. კ-ეის სახელზე არის ყალბი და არ დაადასტურა მასზე არსებული აპოსტილის ნამდვილობა. ასევე დადგენილია, რომ ცენტრმა დამატებით აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმა ინფორმაცია თ. კ-ეის სახელზე გაცემული ... დიპლომის თაობაზე, თუმცა ინფორმაცია არ მოიძებნა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას პირისადმი საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის ფაქტის არსებობა წარმოადგენს, ხოლო საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის სახელზე უკრაინაში მიღებული განათლების შედეგად მის სახელზე ... დიპლომის გაცემის და აღნიშნული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ფაქტი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა თ. კ-ეესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არსებობდა თ. კ-ეის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ 2018 წლის 20 დეკემბრის №1637492 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი სადავოდ ხდის და არ ეთანხმება საქმეზე დადგენილ გარემოებებს, თუმცა წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გამორიცხავდა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - თ. კ-ეეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - თ. კ-ეეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. თ. კ-ეეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა